Wednesday, May 30, 2007

თავი მეოთხე §1.

გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული
რკინის ხანა საქართველოში


§1. ახალი მოვლენები ეკონომიურ და სოციალურ ცხოვრებაში



წინამდებარე ტომის წინა თავებში გაცნობილი არქეოლოგიური ძეგლები, რომლებსაც მკვლევართა უმეტესობა ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანას მიაკუთვნებს, მოწმობს, რომ ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე და II ათსწლეულის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობის კულტურამ და მეურნეობამ თავისი დროის კვალობაზე ძლიერ მაღალ დონეს მიაღწია. სადღეისოდ გამოვლენილი მასალების მიხედვით ისიც შეინიშნება, რომ განვითარების დონე ყველა რაიონში ერთნაირი არ ყოფილა. განსაკუთრებით დაწინაურებულა მთიანი მხარეები – თრიალეთი, შემდეგ ყვირილას ზემო წელი, რაჭა, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს ზოგიერთი მხარე და შიდა ქართლის ჩრდილო ზოლი, მაშინ, როცა სხვა რაიონებს ან ვერ ვიცნობთ სათანადოდ, ან კიდევ არაფერი მოწმობს მათი მოსახლეობის თვალსაჩინო მიღწევებზე.

უფრო გვიან, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე და I ათასწლეულის პირველ ნახევარში, რომელსაც ჩვეულებრივ გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას უწოდებენ, საქართველო და თითქმის მთელი კავკასია განვითარების ტემპებისა და დონის მხრივ ერთ მთლიან ერთეულად ყალიბდება, თუმცა ყოველ მხარეს ან ხეობას, სხვა მხარესთან საერთო კულტურის ელემენტებთან ერთად, თავისი დამახასიათებელი მოვლენებიც აქვს. ამ დროის უმთავრეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს დასახლება საცხოვრებლად ვარგის მთელ ფართობზე როგორც სამიწათმოქმედო ბარში, ისე მთაში. მართლაც, არქეოლოგიური გათხრები თუ შემთხვევითი ნაპოვნები მიუთითებს საქართველო-კავკასიის მჭიდრო დასახლებას საკვლევ ეპოქაში. ხშირი ნამოსახლარები, ვრცელი სამაროვნები ან სხვა რიგის ძეგლები მაუწყებელია მოსახლეობის რიცხვის სწრაფი ზრდისა, რაც შეიძლება მეურნეობაში მომხდარი ძვრებისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესების შედეგი იყოს. მართალია ამ დროს აღარა ჩანს ფუფუნების ისეთი ბრწყინვალე საგნები, როგორიც თრიალეთის გორასამარხების გათხრამ მოგვცა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხშირად გვხვდება ფრიად გაუმჯობესებული სამეურნეო და საბრძოლო იარაღ–საჭურველი, რომელიც ერთ–ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ეპოქის შეფასება-დახასიათებისათვის.

როცა საკვლევი პერიოდის კულტურის დაწინაურებაზე გვაქვს საუბარი, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მისი საფუძვლები უმთავრესად ჩაყრილია წინამავალ ეპოქებში. მართლაც, მოვლენათა მთელი რიგი, რომლებიც ფართოდ განვითარდა გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის კულტურებში, ჩაისახა საქართველო–კავკასიის მოსახლეობის წინა თაობებში და მოგვევლინა ახალ თაობათა პროგრესის საფუძვლად. რაკი ასეთი მოვლენები სრული სახით მხოლოდ ძვ. წ. II ათსწლეულის მეორე ნახევრის შემდეგ განვითარდა, ამიტომ მათ განვიხილავთ განსაზღვრული მნიშვნელობით როგორც სიახლეებს, რომლებიც შენიშნულია დასამუშავებელ ნედლეულში, ტექნიკაში, მეურნეობასა და სოციალურ ცხოვრებაში.

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის პირველი მონაკვეთი საქართველო–კავკასიის მოსახლეობაში კალიანი ბრინჯაოს სხმულების საყოველთაო გავრცელებით აღინიშნა. იმ აზრით, რომ კლასიკური ბრინჯაო კალანარევ სპილენძის შენადნობს წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ბრინჯაოს ხანა სწორედ ძვ. წ. II ათსწლეულის შუა ხანების შემდეგ დადგა[1]. ამ შენადნობს ადამიანის ცხოვრებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კულტურის უფრო ადრინდელ საფეხურზე კავკასიის მოსახლეობა უმთავრესად იყენებდა დარიშხნიან შენადნობებეს, რომლებიც ზოგიერთი თვისებით უტოლდება ანდა კიდევაც სჯობნის კალიანი სპილენძის სხმულს. მაგრამ ამ ახალი შენადნობის დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ დნობის პროცესში არ გამოიყოფა სიცოცხლისათვის სახიფათო, მომწამვლელი აირები, რომლებიც ასე დამახასიათებელია დარიშხნიანი ბრინჯაოს მეტალურგიული პროცესისათვის. რადგან ეს თვისება ძლიერ ხიფათს აშორებდა მელითონე ტომებს, ამიტომ ის დამაჯერებელი რეკომენდაცია იყო ყოფა–ცხოვრებაში კალიანი ბრინჯაოს მტკიცედ და ფართოდ დასანერგად. კალაშერეული სპილენძის მადანი ანდა მისი შენადნობი, შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნება და გამდნარ მდგომარეობაში მეტად ხელსაყრელი დენადობა აქვს, კარგად ავსებს ყალიბს, სხმულს ახასიათებს ჩაჯდომის დაბალი კოეფიციენტი, ჯეროვანი სიმტკიცე და სავსებით ვარგისია როგორც იარაღ–საჭურვლის, ისე სამკაულისა და რთული ქანდაკების ჩამოსხმისათვის[2]. ასეთი თვისებები დარიშხნიან შენადნობსაც არ აკლია, თუმცა მომწამვლელმა აირებმა მას სახელი გაუტეხა, მიუხედავად იმისა, რომ კალიან ბრინჯაოსთან შედარებით ერთი უპირატესობა მაინც აქვს: უფრო მოქნილი და ადვილსაჭედი ლითონია, მაშინ, როცა ჭარბი კალა მეტისმეტად ამყიფებს შენადნობს და შეუძლებელსა ხდის მის დამუშავებას კვერვა–ჭედვით.

ბევრი მკვლევარი ფიქრობდა, რომ კავკასია მდიდარია კალის საბადოებით. ე. ტეილორს, მაგალითად, მიაჩნდა, რომ საქართველო ეკუთვნოდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც პირველად იქნა გამოგონებული სპილენძთან კალის მიდნობის ხელოვნება[3]. ასეთივე მოსაზრებისა იყვნენ: ფურნე, ფ. რუჟმონი და ფ. ლენორმანი[4]. ა. იესენის აზრით, შავი ზღვის აუზის ბერძნული კოლონიზაციის უწინარეს ეპოქაში თითქოს “კავკასია სარგებლობდა კალის თავისი შინაგანი რესურსებით...”[5]. მაგრამ კავკასიის მთების გეოლოგიური აღნაგობის მასალები არ იძლევა იმის საბუთს, რომ აქ კალის სამრეწველო მარაგის ოდინდელი არსებობა ვივარაუდოთ[6]. საეჭვოა, რომ პოლიმეტალურ საბადოებში დამოწმებული კალის მადნის მცირე მინარევი, რომელიც იშვიათად სჭარბობს 0,1%-ს[7], საკმარისი ყოფილიყო ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის და, მით უმეტეს საექსპორტოდ. ეს მდგომარეობა საფუძვლად დაედო კავკასიის არქეოლოგიისა და ძველი ლითონების მკვლევარების მოსაზრებებს, რომლებიც უარყოფს ჩვენში ადგილობრივი კალის მოპოვებას და მოხმარებას[8]. რადგან სადღეისოდ კავკასიაში გამოვლენილი არ არის არც ქვიშრობის და არც ძარღვისეული კალის სამრეწველო საბადონი, ამიტომ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ მკვლევარებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ნედლეულს ბრინჯაოს ხანის აქაური საწარმოები ღებულობდნენ მეზობელი ირანიდან, მცირე აზიიდან ანდა ხმელთაშუა ზღვის აუზის კიდევ უფრო შორეული რაიონებიდან[9]. ეს გარემოება სულაც არ ნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ხმარებაში არ ყოფილიყო ადგილობრივი კალა, თუნდაც პალეომეტალური პერიოდის ისე ადრეულ მონაკვეთზე, როგორიცაა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი[10]; მაგრამ ვინაიდან ქიმიური ანალიზის შედეგები არ მოწმობს იმ დროში კალიანი შენადნობების სიხშირეს, სულერთია, ადგილობრივი თუ შემოტანილი ნედლეულით დამზადებულს, ამიტომ პერიოდი ენეოლითის ბოლოდან, ვიდრე გვიანდელი ბრინჯაოს ხანის დამდეგამდე, განხილული უნდა იქნას პრაქტიკულად უკალო ბრინჯაოს პერიოდად. ჯერჯერობით არ არსებობს დამაჯერებელი პასუხი იმ კითხვაზე, თუ ასე დაგვიანებით რატომ დაიწყო კალის შემოტანა საქართველო–კავკასიის ტერიტორიაზე მაშინ, როცა ამ ლითონით სარგებლობა ძლიერ ადრე დაიწყეს მოწინავე ცივილიზაციის მატარებელმა ტომებმა. მითითება იმაზე, რომ აქ უხვად მოიპოვებოდა კალის შემცველი დარიშხანი და ანთიმონი, ახსნისათვის საკმაო არ იქნება, ვინაიდან ამ უკანასკნელთ რომ არსებითი უპირატესობა ჰქონდეთ კალასთან შედარებით, მაშინ მასიური ხმარებიდან არ გამოვიდოდნენ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში.

საკუთრივ გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში, განსაკუთრებით კი მის უადრეს ეტაპზე კიდევ არის დარიშხნიანი, ანთიმონიანი, მცირეკალიანი ანდა თითქმის წმინდა სპილენძის იარაღ–საჭურველი და სამკაული, რაც უეჭველად მიუთითებს წყვეტილებს და სიძნელეებს კალით მომარაგაბაში[11], თუმცა ჩანს, რომ უმეტესად მაინც კალიან შენადნობებს იყენებდნენ. გულდასმითი ლაბორატორიული გამოკვლევით არაერთხელ დადასტურებული ეს ფაქტი სავსებით ნათლად მიუთითებს იმ დიდ უპირატესობას, რომელიც აქაურ მეტალურგებს მიუნიჭებიათ კალიანი შენადნობისათვის. არსებული მასალების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს ლითონი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გამხდარა ეპოქის ბოლო საფეხურზე, როცა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ძალიან გავრცელდა ე. წ. ბოლოკვეთილი მახვილები.

მეორე და, ჩვენი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული სამეთუნეო მორგვის ძლიერ ფართოდ გავრცელება. ამ ტექნიკური სიახლის გამოჩენა ქართულ–კავკასიურ სამყაროში ისეთსავე პირობებში მოხდა, როგორშიაც კალიანი შენადნობები მოგვევლინა. მისი გამოგონების პრიორიტეტი კავკასიის ხალხებს არ ეკუთვნით. აღმოსავლეთის ცივილიზაციის კერები მას უკვე ძვ. წ. IV–III ათასწლეულების მიჯნაზე იცნობდა და ფართოდ იყენებდა მარტივი თუ მოხატული კერამიკის დასამზადებლად. იმავე პერიოდის საქართველოში სამეთუნეო მორგვის არსებობაზე ჯერჯერობით მხოლოდ პრობლემატური მსჯელობა შეიძლება; გადაჭრილი დასკვნისათვის საჭირო იქნება არქეოლოგიურ მასალაზე უფრო გულმოდგინე დაკვირვება, ვიდრე აქამდე ჩატარებულა. იმ შორეულ ეპოქაში მორგვის არსებობის მაუწყებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამიოდე მონაცემი: ა) მტკვარ–არაქსის კულტურის ფენაში თეთრიწყაროს ნასოფლარზე 1957წ. აღმოჩენილი ბაზალტისაგან დამზადებული დიდი დისკოსებური საგნის ნახევარი, რომლის შუაში და ცალ ნაპირზე შემორჩენილია ღერძისა და სახელურის ჩასამაგრებელი თითო ფოსო. ეს საგანი ძალიან ჰგავს თეფე–ჰავრას ქალკოლითურ ფენაში აღმოჩენილი ჭურჭლის დასამზადებელ მორგვს, და შესაძლოა, ისეთივე დანიშნულებისა იყოს. ბ) როგორც თეთრიწყაროს ზემოხსენებული ნასოფლარის, ისე მისი დროის ზოგიერთი სხვა სამოსახლოს თიხის ჭურჭლის ნატეხებზე ცალკეულ შემთხვევებში ვარდისფერი სარჩულის აცლის შემდეგ შეინიშნება მორგვზე შემუშავებული კერამიკისათვის დამახასიათებელი თითქოს მწყობრი ირგვლივი ზოლები. გ) მტკვარ–არაქსის კულტურის კერამიკული ნაწარმი ხშირად ისეთი თხელკედლიანი და თანაც სიმეტრიულია, რომ ძნელია არ აღიძრას მორგვზე გამოყვანის ეჭვი.

ეს, თითქოსდა, მტკიცე საბუთები მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად აღძრულ საკითხზე დადებითი პასუხის გასაცემად: თხელკეციანი და სიმეტრიული ჭურჭელი შეიძლება ასეთივე დამაჯერებლობით მიეწეროს ფრიად კვალიფიციურ მეთუნეთა ხელით შრომას; რადგანაც ზოლები კეცის სარჩულის ქვეშ შენიშნულია მხოლოდ ცალკეულ ნატეხებზე და არც ერთხელ დადასტურებული არ ყოფილა, რომ ისინი სრულ წრეებსა ჰკრავდნენ, ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ არა მორგვით მუშაობის კვალად, არამედ ჭურჭლის შიდა ზედაპირის მოსასწორებლად სველ თიხაზე შემოსმული ბალახის ან ტყავის ნაჭრისაგან დარჩენილ ზოლებად. ბოლოს, შედარებით უფრო სარწმუნო საგანი – თეთრიწყაროს ბაზალტის დისკოს ნატეხიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენთვის უცნობი რაიმე სხვა საქმისათვის, თუმცა ძნელია სავსებით უარვყოთ უშუალო კავშირი კერამიკულ წარმოებასთან. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მის ნაპირზე არსებული ფოსო თუ მართლაც განკუთვნილი იყო სახელურის ჩასარჭობად, მაშინ ის უნდა მივიჩნიოთ ხელით სატრიალებელ მორგვად, რომელიც თუმცა მოასწავებს ერთგვარ პროგრესს უმორგვო კერამიკულ წარმოებასთან შედარებით, მაგრამ სულაც ვერ შეედრება ფეხით სატრიალებელ მორგვს, რომელიც ძალიან ზრდის შრომის ნაყოფიერებას.

კერამიკული მორგვის გამოყენების უტყუარი ნიშანი, ისევე როგორც კალიანი ბრინჯაო, პირველად თრიალეთის მდიდრულ გორასამარხებიდან მომდინარე მასალებში ჩნდება. ამ პრიმიტიული მანქანის ცოდნას ბ. კუფტინიც თრიალეთის კულტურის მატარებელთ მიაწერდა[12], მაგრამ იქაური თიხის ჭურჭლეულის დახასიათების კონკრეტულ შემთხვევაში დამადასტურებელ საბუთს არ მიუთითებდა. სინამდვილეში ასეთი საბუთები ბლომადაა შერჩენილი მოუხატავი კერამიკის ნატეხებზე მორგვის კვალის სახით. არაპირდაპირ საბუთად ჩაითვლება თრიალეთში ლითონის ჭურჭლეულის დასამზადებელი ჩარხის არსებობა, რომელიც დადასტურებულია საგანგებო გამოკვლევით[13].

ამგვარად, თრიალეთის მასალები ეჭვს არ ტოვებს, რომ იმ დროს სამეურნეო მორგვი უკვე არსებობდა. მაგრამ, ვინაიდან იმდროინდელ საქართველოს და კავკასიის სხვა რაიონების თიხის ჭურჭელს არ ემჩნევა მორგვის კვალი, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მანქანას მხოლოდ ახლად დაუწყია ფეხის მოკიდება.

სულ სხვა სურათია ცოტა უფრო გვიან, დაახლოებით ძვ.წ. XV–XIVსაუკუნეებიდან დაწყებული. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ბარის ნაწილში იმ ხანაში უკვე იშვიათად ვხვდებით ხელით ნაძერწ თიხის ჭურჭელს. ეს ტექნიკური გაუმჯობესება სულ მალე მთაშიც აღწევს.

აქედან ცხადია, რომ კერამიკული წარმოება უმეტესად “სამანქანო” საფუძველზე გადავიდა და დიდად აამაღლა შრომის ნაყოფიერება, რადგან სხვა საქმისათვის უამრავი მუშახელი გაათავისუფლა. ამდენად, შეცდომად არ ჩაითვლება თუ ვიტყვით, რომ სამეთუნეო მორგვი ჩვენში პრაქტიკულად გვიანდელი ხანის დიდი მონაპოვარია.

ამ დროის კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს მოშინაურებული ცხენის, როგორც გადასაყვან–საზიდარი ცხოველის, გამოჩენა კავკასიურ სამყაროში. ამ სიახლეს მეტად დაგვიანებით გაეცნენ აქაური მცხოვრებლები. ძველი აღმოსავლეთი ცხენით სარგებლობდა ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგიდან, ხოლო შუა და ჩრდილო ევროპაში მოშინაურებულ ცხენს გვიანდელი ნეოლითის ზონარორნამენტიანი კერამიკის კულტურის მატარებელ ტომებს მიაწერენ[14].აღმოსავლეთ ევროპაში ის კატაკომბების პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში) გამოჩნდება. დაახლოებით იმავე დროისაა ერთი სამარხი ქ. კისლოვოდსკთან, რომელშიც ცხენის ძვლებიც იყო[15]. მართალია, ცხენის მსგავსი გამოსახულება აღბეჭდილია ძვ. წ. III ათასწლეულის მაიკოპის ვერცხლის თასზე, მაგრამ მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ მხატვარს გამოუყვანია არა შინაური ცხენი, არამედ ველის კანჯარი[16]. ამ დასკვნის მართებულობას ისიც მოწმობს, რომ ეს ცხოველი ვერცხლის თასზე გამოსახულია გარეულ ცხოველთა შორის ბუნებრივ სტიქიაში და მის კავშირს ადამიანის სამეურნეო ცხოვრებასთან არაფერი გვაუწყებს.

რაც შეეხება მოშინაურებულ ცხენს ამიერკავკასიაში, მიუხედავად ს. სარდარიანის მტკიცებისა[17], თითქოს სომხეთის ნეოლითელებს უკვე ჰყავდათ ეს ცხოველი, მისი უძველესი ოსტეოლოგიური ნაშთები აღმოჩენილია ნახჭევნის ასს რესპუბლიკის სოფ. შახტახტის ერთ სამარხში[18], რომლის თარიღს მიახლოებით განსაზღვრავს თანხმლები ინვენტარი – კერამიკა და ოქროგადაკრული სპილენის ერთი ბალთა. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთადერთ მოხატულ ქოთანს, რომელიც ა. ალეკპეროვმა ვანის (ურარტუს) სამეფოს კულტურის დროს მიაკუთვნა; ბ. კუფტინი ფიქრობდა, რომ სამარხისათვის დადგენილი ეს თარიღი დაბალია. მისი აზრით, იქ აღმოჩენილი ბალთა თუმცა თრიალეთურ მასალებზე უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ ვანის ეპოქასთან შედარებით უხნესია[19]. საკუთრივ თრიალეთში გორასამარხების წარმოშობის პერიოდში ცხენის გამოყენების კვალი არ ჩანს. რაც შეეხება შახტახტის ზემოხსენებულ სამარხს, ის კიდევაც რომ იყოს თრიალეთურ გორასამარხთა თანატოლი, მისი მიხედვით კავკასიაში ცხენის გავრცელების დროის დადგენა არ იქნებოდა მართებული. ეს იმიტომ, რომ შახტახტის ცხენი კავკასიისათვის კიდევ უფრო ერთეული და განცალკევებული მოვლენაა, ვიდრე თრიალეთის გორასამარხებში კალიანი ბრინჯაოს ან მორგვზე ამოყვანილი კერამიკის გამოჩენა. ასეთი მასალებით კი ვრცელი ტერიტორიების სამეურნეო და კულტურული ვითარების დახასიათება, შეუძლებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ ნახჭევნის ავტონ. რესპუბლიკა ტერიტორიულად მჭიდროდ ეკვრის მახლობელ აღმოსავლეთს, სადაც ცხენი ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეურნეობასა და მხედრობაში. ამიტომ მოულოდნელი არ უნდა იყოს კავკასიის სამხრეთ მხარეებში მისი უფრო ადრე შემოღწევა, ვიდრე, საქართველოში და კიდევ უფრო ჩრდილოეთით. არქეოლოგიური მასალები გარკვეულად მოწმობს, რომ ცხენი ამიერკავკასიაში მხოლოდ გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის მოვლენაა. სწორედ ამ დროიდან იწყებს გამოჩენას ცხენის აკაზმულობის ნაწილები, ლაგმები, საყბეურები და სათასმე ბალთები, აგრეთვე ამ ცხოველის ძვლები და ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ქანდაკება. ამ რიგის ყველაზე უძველეს მონაპოვრად დღესდღეობით შეიძლება ჩაითვალოს სევანის ტბის ნაპირზე გათხრილი გორასამარხებიდან მომდინარე მასალები, რომლებიც სწორედ გვიანდელი ბრინჯაოს ხანისაა. საქართველოში აღმოჩენილი სათანადო მასალები ადრინდელი რკინის ხანის უწინარესი არაა[20].

ცხენმა დიდი როლი შეასრულა საზოგადოების შემდგომ განვითარებაში, რადგან, ერთი მხრივ, თითქოს შეამოკლა მანძილი სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლებულ ტომთა შორის, უკეთ რომ ვთქვათ, წინამავალ პერიოდთან შედარებით ახლა უფრო გაცხოველდა ურთიერთობა შორეულ მხარეთა შორის, ფართო ასპარეზი წარმოიშვა კულტურულ მოღვაწეთა გაცვლა-გაზიარებისათვის, რამაც ხელი შეუწყო საერთო პროგრესს და ტომთა გაერთიანებას. ცხენის მნიშვნელობა იმდროინდელი ვაჭრობის განვითარებაში უეჭველად თვალსაჩინო იყო, მაგრამ მას არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მხედრობაში. ამიერიდან წარმოიშვა საომარი იარაღის სულ ახალი ტიპი – საჩეხ–საკვეთი მახვილები, რომლებიც მარჯვე მოსახმარი იყო ამხედრებული მეომრისათვის[21]. ცხენოსანთა თავდასხმები ხელს უწყობდა ცალკეული ტომების გამდიდრებას ტყვედ ჩაგდებული საქონლითა და სხვა ქონებით. მოხვეჭილი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი თანდათანობით მიითვისეს თავდასხმათა ორგანიზატორებმა, რომელთა ავტორიტეტი ამის გამო სწრაფად იზრდებოდა. კიდევ უფრო გაფართოვდა პირველყოფილ-თემურ წყობილებაში ადრევე გაჩენილი ბზარი და დაჩქარდა მოსახლეობის ქონებრივი და სოციალური დანაწილების პროცესი. ამის არქეოლოგიურ საბუთს წარმოადგენს მცხეთასთან სამთავროს სამაროვანზე მიკვლეული მდიდრული სამარხები, რომელთა ინვენტარში ნაპოვნია მეტად ეფექტური მახვილები, ასეთივე სურათია აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზეც. მეორე მხრივ, ცხენი დიდ როლს ასრულებდა აგრეთვე მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების დაწინაურებაში. მან გააადვილა საიალაღო მესაქონლეობა და, შესაძლოა, ვითარცა გამწევმა ძალამ მიწათმოქმედებასაც თავისი კვალი დაამჩნია. ყოველ შემთხვევაში, კავკასიაში აღმოჩენილია მასალები, რომლებზეც გამოსახულია არა მარტო საომარ ეტლში შებმული, არამედ უღელდადგმული ცხენებიც.

განსახილველ პერიოდთან კიდევ ერთი უდიდესი სიახლეა დაკავშირებული. სწორედ იმ სამარხებში, რომლებშიაც პოულობენ ბრინჯაოს ეფექტურ სატევრებსა და მახვილებს, ჯერ აქა–იქ, ხოლო შემდეგ უფრო ხშირად თავს იჩენს ხოლმე რკინის ესა თუ ის ნაკეთობა. ეს მოვლენა მიუთითებს რკინის ხანის დასაწყისზე, თუმცა პირველ ხანებში ბრინჯაოს იარაღ–საჭურველი კვლავ განაგრძობს არსებობას. რკინის გამოჩენა მოასწავებს ბრინჯაოს ხანის დასასრულის სიახლოვეს. ამ ორი ლითონის შეჯიბრება სულ ცოტა, 2-3 საუკუნე გაგრძელდა, რის შედეგად გამარჯვებული გამოვიდა რკინა. რკინის პირველი იარაღი უფრო რბილი ჩანს, ვიდრე კარგი ბრინჯაოს სხმულები, ამიტომ მისი გზის გაკაფვა დამოკიდებული იყო დამუშავების ტექნოლოგიის მკვეთრ გაუმჯობესებაზე, რაც ერთი ხელის დაკვრით არ მომხდარა. მართალია, ქართველ ტომებს ბრინჯაოს წარმოების დიდი ტრადიცია ჰქონდათ, მაგრამ რკინის საიდუმლოების ათვისებისათვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ჰქონია.

ბრინჯაოს საგნების ხარისხი დამოკიდებულია ორი ან მეტი ლითონის გარკვეული პროპორციით ერთმანეთთან შედნობაზე, რკინის ტექნოლოგია კი სულ სხვა პრინციპზეა აგებული. მაღალხარისხოვანი რკინა ან ფოლადი რომ მივიღოთ, საჭიროა მისი დანახშირბადება არა მარტო მადნის დაწურვის დროს, არამედ ლუგვი რკინის დამუშავებისას ხის ნახშირზე მრავალგზისი გავარვარებით, გავარვარებული ნაჭრიდან კი წიდის ნაშთების გამოდევნა ხშირი კვერვით და, ბოლოს წრთობა. ამ პროცესთა უმეტესი ნაწილი სავსებით უცნობი იყო რკინის პირველ მეტალურგთა და დამმუშავებელთათვის. ამიტომ, სანამ ახალი ლითონის ყველა საიდუმლოება იქნებოდა შეცნობილი, ბრინჯაოს წარმოება კვლავ თავის ძველ უფლებებში იყო.

ის საკითხი, თუ როდის დადგა ჩვენს ქვეყანაში რკინის ხანა, ჯერ კიდევ სადისკუსიოა. გამორიცხული არ არის შესაძლებლობა, რომ ქვემო ქართლში არსებობდა მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი რკინის წარმოების კერა, რასაც ადასტურებს აქ აღმოჩენილი უამრავი ძველი სამთო გამონამუშევარი და საწური ქურების ნანგრევები. ერთ ქურასთან ნაპოვნი შავპრიალა კერამიკის ნატეხების მიხედვით ი. გძელიშვილი ვარაუდობს, რომ ეს საწარმო ძვ. წ. XIV საუკუნეში მოქმედებდა. ნაწრთობი რკინის შემუშავების ძლიერ მაღალ თარიღს – ძვ. წ. XV–XIV საუკუნეებს – გვთავაზობს რ. აბრამიშვილი, ყოველ შემთხვევაში, თრიალეთისათვის, რომელიც ახლო იყო რკინის საბადოების რაიონთან[22]. ჩვენი აზრით, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე რკინის წარმოშობის საკითხს საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიდა ბ. კუფტინი, რომელიც ფიქრობდა, რომ ამ კულტურამ აქ ფეხი მოიკიდა სამხრეთით მდებარე საწარმოო ცენტრების გავლენით დაახლოებით ძვ. წ. XII საუკუნის ახლო დროში[23]. მართლაც, კავკასიის სამარხებში რკინის უძველეს საგნებს ახლავს სხვა მასალის ინვენტარი, რომელიც არ შეიძლება უფრო ადრინდელ დროს მივაკუთნოთ. ასეთებია, ბრინჯაოს ფურცლის სარტყლები, სატევრები და მახვილები, რომელთა პირი და ტარი ერთადაა ჩამოსხმული, გვიანდელი მიკენური ტიპის მშვილდისრები საკინძები (ფიბულები) და სხვ. მისთ.

ასე თუ ისე, ძვ. წ. XII-XI საუკუნეების სამარხებში უკვე გვხვდება რკინის იარაღი და საჭურველი, პირველ რიგში, დანა და სატევარი. ზოგჯერ ასეთ ნივთებს პირი რკინისა აქვთ, ტარი - ბრინჯაოსი; ეს კი ნიშნავს იმ დროს ორივე ლითონის თანაარსებობას, რაც დამახასიათებელია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაშინ ლითონის სამკაული უმეტესად ბრინჯაოსაგან მზადდებოდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, უკვე ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი მეოთხედის ბოლოს, ყოველგვარი იარაღი და საჭურველი მხოლოდ რკინისაა, მათ შორის ცულიც და თოხიც. ამასთან, რკინის ნამზადთა ხარისხმა მანამდე არნახულ დონეს მიაღწია სიმაგრით, სისალით და პირისმკვეთელობით. ზედმეტია სიტყვის გაგრძელება ასეთ ნამზადთა მნიშვნელობაზე მეურნეობისა და სოციალური ცხოვრების განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ რკინის იარაღმა საქართველოში არაჩვეულებრივად წინ წასწია შრომის ნაყოფიერება, გაზარდა მოსავლიანობა, ძირითადად დაამთავრა გვაროვნული საზოგადოების შლის პროცესი და ქართველი ტომები სახელმწიფოებრივი ცხოვრების გზაზე გაიყვანა.

ამგვარად, ზემოთ მოკლედ არის მიმოხილული ზოგიერთი სიახლენი, რომელიც დამახასიათებლად მიგვაჩნია გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის საქართველოსა და თითქმის მთელი კავკასიისათვის. დანარჩენი მოვლენები, რომლებიც ამ ეპოქას განასხვავებს წინამავალი დროისაგან, არსებითად დახასიათებული სიახლეებისაგან გამომდინარეობს. უმთავრესი მაინც ეს ოთხი მოვლენა იყო, რომელმაც ეპოქალური როლი შეასრულა ადგილობრივ მკვიდრთა ცხოვრებაში და დააჩქარა ისტორიული პროცესი.

თიხის ჭურჭლის დასამზადებელმა მორგვმა უამრავი მუშა ხელი გაათავისუფლა კერამიკულ წარმოებისგან და სხვა სასარგებლო საქმიანობაში ჩააბა ის; კალიანი შენადნობის წარმოებაზე გადასვლამ უზრუნველყო მეტალურგთა უსაფრთხოება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ნამზადის ხარისხი. პირველად ამ ლითონმა, შემდეგ კი რკინამ მისცა ქართველ–კავკასიელ ტომებს მაღალხარისხოვანი იარაღი და საჭურველი, რასაც მიწათმოქმედების დაწინაურება და საარსებო საშუალებათა არაჩვეულებრივი სიმრავლე მოჰყვა; მოშინაურებული ცხენის გამოყენებამ დიდი როლი შეასრულა მესაქონლეობის განვითარებასა და სატომთაშორისო ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანის საქმეში; ყველა ეს სიახლე საფუძვლად დაედო მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მისი რიცხვის სწრაფ ზრდას; იმავე სიახლეებმა მოამწიფა პირობები საზოგადოების შესაყვანად სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ქართველ–კავკასიელი ტომებისათვის გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანა კალიანი შენადნობის, რკინის, სამეთუნეო მორგვისა და ცხენის მასობრივად მოხმარების პერიოდი იყო; სოციალური ცხოვრების მხრივ, ეს პირველყოფილ-თემურ წყობილებაზე მძლავრი შეტევის და სახელმწიფოებრივ გაერთიანებათა წარმოქმნის გასაღებს წარმოადგენდა.



* * *



პერიოდი, რომელშიაც ზემოხსენებული სიახლენი განვითარდა რომ დავამრგვალოთ, რვაასიოდე წელს მოიცავს. ის შეიძლებოდა დამდგარიყო ძვ. წ. XV ან XIV საუკუნეებში დამთავრებულიყო ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს. აქედან 2-3 საუკუნე წმინდა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაზე უნდა მოდიოდეს, ხუთი საუკუნის განმავლობაში ბრინჯაო და რკინა თანაარსებობდა, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან დადგა არსებითად წმინდა რკინის ხანა, როცა ბრინჯაოს იარაღ–საჭურველი იშვიათად კეთდებოდა და ისიც სპილენძის მადნებით ძლიერ მდიდარ მხარეებში. ამ პერიოდიზაციას აბსოლუტური სიზუსტის პრეტენზია არა აქვს; ის მიახლოებითია. ახლა უნდა ითქვას, რომ განხილული სიახლეებიდან პირველ პერიოდზე მოდის კალიანი ბრინჯაოს და სამეთუნეო მორგვის ფართოდ გავრცელება, მეორეზე – რკინის შემოსვლა და საცხენოსნო საქმის დაწინაურება. ძვრებმა მეურნეობასა და სოციალურ ცხოვრებაში უფრო ნათლად იჩინა თავი მესამე პერიოდისათვის, როცა საწარმოო ძალების განვითარებამ ეპოქის შესაბამის მწვერვალს მიაღწია.

გრძელ ისტორიულ პერიოდში მომხდარი ცვლილებანი მეტ–ნაკლებად კარგადაა ასახული მრავალფენიან ნამოსახლარებზე და ხანგრძლივმოქმედ სამაროვნებზე (მაგალითად, ნაცარგორა, ცხინვალთან და ხოვლეგორა კასპის რაიონში ან სამთავროსა და ბრილის სამაროვნები მცხეთასთან და ღებთან). ნამოსახლართა ქვედა ფენა, ჩვეულებრივ, უფრო ადრინდელი ცხოვრების ამსახველ ნაშთებს ინახავს, ხოლო მომდევნო ზედა ფენებში ჩნდება შედარებით გვიანდელი თაობების მოქმედების კვალი. ასეთსავე კანონზომიერებას აქვს ადგილი აღნიშნული ტიპის სამაროვნებზედაც, თუ რაიმე მიზეზების გამო ახალი სამარხები ჩაჭრილი არ არის ძველ სამარხთა დონემდე ან კიდევ უფრო დაბლა. განსხვავების ხარისხს მრავალფენიანი ძეგლის ზედა და ქვედა შრეების არქეოლოგიურ ნაშთებს შორის აპირობებს ერთად ან ცალკე აღებული სამი ისეთი ფაქტორი, როგორიცაა: ეთნოსი, დრო და ტექნიკა. ერთ–ერთი მათგანის შეცვლა გარდუვლად გამოიწვევს სათანადო ცვლილებას არქეოლოგიურ კულტურაში, რომელიც იდეოლოგიური მოვლენების, საგანთა ფორმებისა და ტექნიკის ერთგვარობას წარმოადგენს. ლითონის ხანის ყოველი არქეოლოგიური კულტურა გარკვეული ეთნო-პოლიტიკური კოლექტივის საისტორიო მოამბეა, ოღონდ არა წიგნში, არამედ ნივთიერი წარმოების სხვა პროდუქტებზე აღბეჭდილი. ნივთთა კომპლექსები გვაცნობს ადამიანთა ასეთი ქოლექტივის საშინაო და საგარეო ცხოვრებასაც. ჩვეულებრივ, ეთნო–პოლიტიკური კოლექტივის ძირითად ბირთვს ქმნის მონათესავე ტომთა გაერთიანება, რომელშიც შეიძლება აგრეთვე მონაწილეობდეს წარმოშობით თუნდაც უცხო, მაგრამ მეზობლობა–თანაცხოვრებით, ე. ი. ისტორიული ბედით მჭიდროდ დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე ეთნიკური ელემენტიც. ყოველი ასეთი კოლექტივის კულტურის რაგვარობა ანუ ხასიათი გამოჩნდება ვერტიკალურ არქეოლოგიურ ჭრილში, ხოლო მისი ტერიტორიული გავრცელების საზღვრებს დიდ სივრცეზე გაყვანილი ჰორიზონტული ჭრილი დაგვანახებს.

კავკასიის არქეოლოგიურ მონაპოვრებს თუ ორივე სახის ჭრილში განვიხილავთ, შუა ბრინჯაოს ხანის მომდევნო დონეზე დავინახავთ წინამორბედისაგან საკმაოდ განსხვავებულ გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ოთხ ან, როგორც ზოგიერთ მკვლევარს სურს დაამტკიცოს, ხუთ უმთავრეს კულტურას[24]. თითქმის უეჭველია, რომ ყოველი მათგანი შეესატყვისება სათანადო ეთნო–პოლიტიკურ გაერთიანებას. უმთავრეს კულტურებში შეიძლება შეინიშნოს ამა თუ იმ ნიშნით ერთმანეთისაგან გასარჩევი უფრო წვრილი რამდენიმე ლოკალური კულტურა. ისინი შეიძლება მიეწეროს მსხვილ გაერთიანებაში შემავალ ცალკე ეთნიკურ ერთეულებს, რომლებიც საკუთარ ტრადიციებს მიჰყვებოდნენ; მაგრამ ამასთანავე უნდა გავითავალისწინოთ, რომ ლოკალური კულტურა შეიძლება წარმოიშვას თვით მონათესავე ეთნიკურ წრეშიაც, თუ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი ცხოვრობს განსხვავებულ გეოკლიმატურ პირობებში.

ჩვენ არ შევუდგებით კავკასიის ლოკალური კულტურების (დასავლეთ საქართველოს და მასთან მეტად ახლო მდგომი ყობანის, ყუბანისპირეთის, კაიაკენტ–ხოროჩაის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის კულტურების) დახასიათებას, დავკმაყოფილდებით მხოლოდ უმთავრესი კულტურების გავრცელების საზღვრების მოხაზვით. ოთხი უმთავრესი კულტურიდან ერთს ძირითადად უკავია დასავლეთი ამიერკავკასია და ჩრდილო კავკასიის მთიანეთი მდ. თერგის დასავლეთით, მეორეს – ყუბანის აუზი, მესამეს – ჩრდილო–აღმოსავლეთი კავკასია და მეოთხეს – ცენტრალური და აღმოსავლეთი ამიერკავკასია. ამგვარად, კავკასიის ოთხი უმთავრესი კულტურიდან საქართველო ორ კულტურის გავრცელების ზონაში ექცევა. ორივე ეს კულტურა მოიცავს გაცილებით უფრო ვრცელ მიწა–წყალს, ვიდრე დღევანდელი საქართველო არის. ამასთან, დასავლეთ საქართველო შედის ჩრდილო კავკასიის მთიანეთისათვის დამახასიათებელი კულტურის წრეში, მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველო ამ მხრივ სომხეთსა და აზერბაიჯანთანაა დაკავშირებული.

No comments: