Wednesday, May 30, 2007

თავი მეოთხე §3.

§3. აღმოსავლეთ საქართველოს კულტურა
აღმოსავლეთ საქართველოში საგანგებო არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოკვლეულია ჩვენთვის საინტერესო გაცილებით უფრო მეტი ძეგლი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ესენია სამაროვნები და აგრეთვე სამოსახლო და საკულტო კომპლექსები. საკმაოდ უხვადაა დაგროვილი შემთხვევით ნაპოვნი მასალებიც – განძები და სამარხთა ინვენტარის ნარჩენები. ერთიცა და მეორეც დიდ სამსახურს გვიწევს აქაური კულტურის არსებითი მხარეების შესწავლაში[1].

სამოსახლოები და სამლოცველოები. თუმცა, კოლხეთის დაბლობისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ საქართველოში ჭაობები სულ არაა, მაგრამ სამოსახლოები მაინც ბორცვებთანაა დაკავშირებული. ამგვარი ადგილების შერჩევისას (როგორც კოლხეთშიც) მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის ინტერესი გაუთვალისწინებია. ბორცვები ანუ გორაები უხვადაა თითქმის ყველა რაიონში. ისინი არსებითად ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგრამ ადამიანის ხელით შესწორებული და თავის დროის კვალობაზე საიმედო ციხე-სიმაგრეებად ქცეული. ბევრი ასეთი ბუნებრივი ბორცვი იმთავითვე განმარტოებით ყოფილა დაცემულ ვაკეზე ანდა რომელიმე ფლატის პირას აზიდული, მაგრამ, სადაც ასეთი არ იყო, ის ხელოვნურად შეუქმნიათ ხევისა და მდინარის კალაპოტების შესაყართან გაჩენილი კონცხის გადაყელვით, ღრმა და ფართო თხრილით, რაც თავდაცვის გასაადვილებლად კეთდებოდა; ირგვლივი თხრილები აქვს შემორტყმული ცალკე აზიდულ ბორცვებსაც. სამოსახლოებთან დაკავშირებული ყველა ბორცვი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე მათი გამოყენების პირველ პერიოდში, ვინაიდან სხვადასხვა დროის ნაგვისა და შენობათა ნანგრევების ხარჯზე მათ ზედაპირზე გაჩენილა მეტ–ნაკლებად სქელი კულტურული ფენა. ზოგიერთ გორაზე დამოწმებულია გვიანდელი ბრინჯაოს უწინარესი დროის კულტურის ნაშთებიც, რომლებსაც სტრატიგრაფიულ ჭრილში ქვედა დონეები უკავიათ. აღმოსავლეთ საქართველოს გორაები კოლხეთის დაბლობის ბორცვებისაგან იმით განსხვავდება, რომ ესენი თითქმის მთლად ხელოვნური მიწაყრილებია, მაშინ, როცა პირველი, როგორც ითქვა, საფუძველში ბუნებრივ წარმონაქმნებად ჩაითვლება. ადამიანის დასახლება ასეთ ბორცვებზე ან მათ ახლო მიუთითებს საქართველოს ორივე ნაწილში ერთნაირი სოციალურ–პოლიტიკური ვითარების არსებობას, სახელდობრ, სატომთაშორისო ურთიერთობის გამწვავებას, რაც იმის მიხედვითაც ჩანს, რომ სწორედ ამ დროს, შიშიანობის გამო, დაუფლავთ ლითონის უამრავი განძი; ამასთანავე, სათანადო კულტურული ფენის მოგვიანო შრეში შენახულა მოსახლეობის ტრაგიკული დასასრულის მაუწყებელი ნიშნები – გადამწვარი შენობების, ნახშირისა და ნაცრის სახით; ეგებ ამასვე მიუთითებს ჩვენს ენაში შემონახული ტერმინი “ნაცარგორა”, სახელწოდება, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია არაერთი ბორცვი.

აქაური ბორცვებიდან შედარებით სრულად გამოკვლეულია შიდა ქართლის სამი გორა – ცხინვალის ნაცარგორა[2], ხოვლეგორა კასპის რაიონში[3] და ყათლანისხევის გორა უფლისციხის ნაქალაქართან გორის რაიონში[4]. სადაზვერვო თხრილია გავლებული ნაცარგორას მიმდგომ ველზე და ხოვლეგორას ძირში. ზედაპირული მასალაა შეკრებილი ხაშურის რაიონის ბევრ გორაზე და მათ მიმდგომ ვაკეებზე. ასეთივე მასალებია გამოგზავნილი ალაზნისპირა ბორცვებიდან და სხვ.

გორას დანიშნულების გასარკვევად მოკლედ დავახასიათებთ ცხინვალის ბორცვს და, საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე გავეცნობით დანარჩენი ორი გორას გათხრის ზოგიერთ შედეგსაც.

გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ძეგლებს ცხინვალის ნაცარგორაზე უკავია ზედა კულტურული ფენა (ნაცარგორა III). ეს ძეგლებია სასიმაგრო თხრილები, ქვის ზღუდეთა ფრაგმენტები, საწყობ-ბეღლებისა და სამლოცველო სენაკების ნანგრევები სხვადასხვანაირ ზედაშეშეწირულებათა ნაშთებითურთ, რომლებშიც, სხვათა შორის, საწარმოო სამეურნეო ხასიათის მასალებიც შედის. მიუხედავად ამისა და ზოგიერთი სენაკის სიდიდისა (ცალკეულ შემთხვევებში 25-30მ2), ისინი საცხოვრებელ სახლებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ეს იმიტომ, რომ ასეთ სენაკებში მნიშვნელოვანი სივრცე უკავია საკულტო დანიშნულების ნაგებობებს, რომლებიც თითქმის აღარ ტოვებს საცხოვრებლად ვარგის ფართობს. მუდმივ საცხოვრებელთა ნანგრევები ანუ ნასოფლარი შენიშნულია საცდელ–სადაზვერვო თხრილში გორას ძირთან ვრცელ მინდორზე, რომლის გამოკვლევა, სამწუხაროდ, არ მოხერხდა. ასეთივე მინდორზეა გათხრილი ხოვლეგორას ნასოფლარი. ნაცარგორას მსგავსად, ხოვლეგორასა და ყათლანისხევის გორაზედაც დამოწმებულია სასიმაგრო ძეგლები და სამლოცველო სენაკები. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ გორა იმ დროს გამოყენებული იყო არა მუდმივ საცხოვრებლად, არამედ როგორც დედაციხე, სადაც კულტმსახურებაც წარმოებდა და მოსახლეობაც აფარებდა თავს შიშიანობის შემთხვევაში. ნაცარგორაზე და ყათლანისხევის გორაზე აღმოჩენილი საწყობ–ბეღლები, შეიძლება, როგორც დ. ხახუტაიშვილი ფიქრობს, განკუთვნილი ყოფილიყო სატაძრო ქონების დასაცავად[5], თუმცა გამორიცხული არაა, რომ დედაციხეზე შეენახათ გვაროვნული თემის საზოგადო საკუთრებაც.

სამივე გორასი და ხოვლეგორას ნასოფლარის გათხრამ მნიშვნელოვანი მასალები მოგვცა საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობის მშენებლობის წესის გასარკვევად. აღსანიშნავია, რომ ხოვლეს ნასოფლარზე აღმოჩენილი ზოგიერთი შენობა ერთი და იმავე დროს განკუთვნილი იყო პირუტყვის სადგომად და ადამიანების საცხოვრებლად, ასეთ სადგომს ახლო წარსულამდე ხშირად შევხვდებოდით ქართლშიაც და სვანეთშიაც. პირუტყვის სადგომი ბოსლების იატაკი მოფილაქნებულია და წუნწუხის სადინარის ზღვე გასდევს. საცხოვრებელ სახლებში რთული აღნაგობის თიხის ღუმელები დგას. შენობები ამოყვანილია ქვის საძირკველზე და ზოგჯერ ხის კედლებიანია. შენობებში ნაპოვნია უამრავი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის კერამიკა, კევრის მოსაჭედი ქვები და სხვა ინვენტარი.

ნაცარგორას საკულტო სენაკების საძირკველიც რიყის ქვებისაა. თიხით შელესილი კედლები ჰორიზონტალურად დაწყობილი ხის ძელებისაა. ყათლანისხევის სამლოცველოებში ჰორიზონტული წყობის ნაცვლად გვხვდება თიხის ბათქაშით შელესილი სვეტისებური კედლები. სამივე გორაზე შენობების იატაკი მოტკეპნილი თიხისაა. სახურავი ეყრდნობოდა ხის სვეტებს. საფიქრებელია, რომ დღის სინათლე სენაკებში ჩადიოდა ღია სარკმელიდან. სარკმელი შეიძლება მოთავსებული ყოფილიყო აგრეთვე ჭერშიც, რომელსაც სხვა დანიშნულებაც ექნებოდა, კერძოდ, კვამლის ასასვლელად და საჰაეროდ გამოიყენებოდა. სამლოცველო სენაკების კუთხეებში ქვებით, კერამიკული ნატეხებითა და მოზელილი თიხით ამოყვანილი სამსხვერპლო, საკურთხეველი და ღუმელი. ნაცარგორას ერთ–ერთი სამლოცველო სამსხვერპლოს ბაგისებური მოყვანილობა აქვს. მასზე აღუმართავთ გამომწვარი თიხის ცულის პატარა მოდელი, რომელიც თავის დროზე ორპირიანი უნდა ყოფილიყო. ჩანს, რომ ამ ადგილას კლავდნენ სამსხვერპლო ცხოველს, რომლის სისხლი ბაგისებურ სათავსოში ჩადიოდა. საკურთხეველს, როგორც წესი, ზურგიანი სკამის მოყვანილობა აქვს. ერთ–ერთი მათგანის ზურგზე გამოყვანილია ხარის თავის და რთულმკლავებიანი სვასტიკის ჰორელიეფური გამოსახულება. ეს მოტივი ხშირად არის ამოკვეთილი დასავლურქართულ ბრინჯაოს ცულებზეც. საკურთხევლის ძირის ზედაპირზე ანდა მის წინ გამოძერწილია ნალისებური მოყვანილობის თიხის მცირე კერა, რომლის ერთი მხარე ზოგჯერ გაფორმებულია ხარის რქების მსგავსად. კერა განკუთვნილი იყო წმინდა ცეცხლის ასაგიზგიზებლად. იქვე ახლოს გამოყვანილია საკმევლისა და სურნელოვანი ზეთის პატრუქისათვის განკუთვნილი ფოსოები და გადმოღვრილი ზეთის სადინარი ღარი. საკურთხევლებთანვე მდგარა თიხის ნაძერწი ხარებისა და ვერძების დიდი ქანდაკებები. ნაცარგორას ერთ–ერთი სამლოცველო სენაკშიაც ღუმელის წინ და “მარცვლეულის კამერაშიც”, რომელიც ყათლანისხევის ზოგიერთი ძეგლის მსგავსია, სატაძრო ბეღელი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია გამომცხვარი პურის კვერის რამდენიმე მინაბაძი თიხის მოზრდილი დისკოების სახით. ხშირად გვხვდება კერამიკული ნატეხებისაგან გამოჭრილი სულ პატარა დისკოებიც, აგრეთვე ცხოველთა და ანთროპომორფულ არსებათა ქანდაკებები და სხვა მასალა, რომელშიაც შედის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ინვენტარი, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქტები. ასეთია მაგალითად, ნაირ–ნაირი თიხის ჭურჭელი, მათი გასაპრიალებელი ქვის დანები, ბაზალტის ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლები, ხორბლისა და ფეტვის მარცვლეული, ღორისა და რქოსანი პირუტყვის ძვლები, ძვლისგანვე ნაკეთები საფეიქრო სახვეწელა, ყავარჯნის თავი, ლახტისთავი, სადგისები, რამდენიმე სამკაული, ქვის ლახტები, ლითონის საგნები, მათი ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვ.

ზოგადისტორიულ–არქეოლოგიური და ქართული ეთნოგრაფიული მასალების ფონზე განხილული ყველა ეს მონაპოვარი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ქართლის მოსახლეობის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე. ირკვევა, რომ დაწინაურებული მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მატარებელი საზოგადოების რელიგიურ შეხედულებებში სათანადო პანთეონს საპატიო ადგილი დაუმკვიდრებია. ხარისა და ვერძის ქანდაკებანი და ჰორელიეფები ნაყოფიერების, გამრავლებისა და ძლიერების სიმბოლოების ნიშნად კეთდებოდა. ე. წ. სვასტიკა ანუ მალტის ჯვარი ასტრალური კულტის მანიშნებელია და განხილული უნდა იქნეს მიწათმოქმედებაზე დაყრდნობილი საზოგადოების მფარველი მზის სიმბოლოდ. გამომცხვარი პურის თიხის იმიტაციები ძალიან მოგვაგონებს სეზონური სამუშაოების დაწყებისას და დღესასწაულზე ნამცხვარ განატეხებს, რომლებსაც კერის წინაც მიირთმევდნენ და ბეღელშიც ინახავდნენ.

გორაებზე აღმოჩენილი მასალების გარკვეული ნაწილი ალბათ მფარველი ღვთაებებისადმი შეწირული ზედაშეა, რომელიც ასეთ შემთხვევაში სატაძრო მეურნეობის საკუთრებად იქცეოდა; მაგრამ ზოგი რამ ალბათ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო მოსახლეობის კუთვნილებაც, რომელიც დაცული იქნებოდა საიმედოდ გამაგრებულ ბორცვზე. ასეთი უნდა იყოს, მაგალითად, მეტალურგიულ სახელოსნოსთან დაკავშირებული ნაცარგორას ყალიბები და საქშენი, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ხელოსნობის მფარველი ღმერთისათვის იყოს განკუთვნილი.

ალ. კალანდაძისა და კ. ფიცხელაურის განათხარი მასალები კახეთში სოფ მელაანში და კ. ფიცხელაურისა მისგან ცოტა მოშორებით, მელიღელეში, უეჭველად მოწმობს, რომ ტაძრებისათვის დიდი რაოდენობით შეუწირავთ ლითონის ნაწარმიცა და კერამიკაც. შიდა ქართლის გორებისაგან განსხვავებით აქაური წარმართული ტაძრები განლაგებულია ვაკე ადგილებზე. მელიღელის ტაძრის შავი მიწის იატაკზე ამოკვეთილი ვიწრო თხრილები შევსებულია სუფთა ნაცრით და ისინი სხვადასხვანაირ მითოლოგიურ და რელიგიურ სცენებს გამოსახავს. შეწირულებათა შორის არის უამრავი კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის სხვადასხვანაირი საჭურველი. იქვეა აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული რამდენიმე ანთროპომორფული ქანდაკება, რომელთაგან ერთი შეიძლება ნაყოფიერების ღმერთი იყოს, ხოლო მეორეს რქებიანი ნიღაბი აქვს და, ჩანს, მესაქონლეობის ღვთაებას განასახიერებს. მელაანში ნაპოვნი დიდძალი მახვილები, სატევრები, შუბისა და ისრისწვერები კ. ფიცხელაურს საბუთს აძლევს ეს ძეგლი ომის ღვთაების ტაძრად მიიჩნიოს.

სამაროვნები. აღმოსავლეთ საქართველოში გაცილებით უფრო ბევრი ძველი სასაფლაოა გათხრილი, ვიდრე დასავლეთში. სამთავრო, ნარეკვავი, ფლავისმანი, დვანი შიდა ქართლში, დმანისი, მადნიჭალა ქვემო ქართლში, ბეშთაშენი, წინწყარო, ღუნიაყალა, სანთა თრიალეთში, გულგულა, თეთრიწყლები და სხვ. კახეთის ტერიტორიაზე, აი არასრული სია აქ გათხრილი ამ ტიპის ძეგლებისა, რომელთაგან თავისი მნიშვნელობით სამთავროს სამაროვანს პირველი ადგილი უკავია.

სამთავროს სამაროვანი[6] მდებარეობს მცხეთის ჩრდილო გარეუბანში, ვრცელ მინდორზე, მთავარი გზის გასწვრივ. ის პირველად 1871–1885 წლებში გათხარეს (ფრ. ბაიერნი); შეწყვეტილი სამუშაო განაახლა ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სამთავროს ორმა რაზმმა ალ. კალანდაძისა და მ. ივაშჩენკოს უფროსობით. ამ ძეგლს ახლაც დროგამოშვებით თხრის მცხეთის ექპედიცია. (ალ. კალანდაძე), რომელმაც მეცნიერება ფასდაუდებელი არქეოლოგიური მასალებით გაამდიდრა. სხვადასხვა ტიპის სამარხები ამ სამაროვანზე ვერტიკალური ჭრილის სხვადასხვა დონეზე მდებარეობს და მიუთითებს, რომ სასაფლაო მოქმედებდა მეტად ხანგრძლივად, ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან დაწყებული. გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამარხები სწორკუთხედ ორმოებს წარმოადგენს და ყორღანების მსგავსად ქვის ფიცრებით, ანდა ალბათ ხის ძელებითა და ზედ დაყრილი ქვითაა დახურული. საკუთრივ რკინის ხანაში ქვის ფიცრებისაგან შეკრული საფლავებიც მრავლად გვხვდება და, როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცებისათვის არის განკუთვნილი. გვამები დაკრძალულია ოდნავ მოხრილ-მოკეცილ მდგომარეობაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთ–ერთ გვერდზე – ქალები მარცხენაზე, მამაკაცები კი მარჯვენაზე. მართალია, თავით აღმოსავლეთისაკენ დამხრობილი გვამების რაოდენობა სჭარბობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის ბევრი სხვა რაიონის მსგავსად აქაც მიცვალებული მიქცეულია სულ სხვადასხვა მხრისაკენ. სამარხებში აღმოჩენილია უამრავი მასალა, შინაურ და გარეულ ცხოველთა ძვლები, საუცხოო კერამიკა, ბრინჯაოს, რკინის, ქვისა და ძვლის ნივთები, ე. ი. ყველაფერი, რაც გადარჩენილა “საიქიო” საგზლისა და “საიმქვეყნო” უხვი საჩუქრებისაგან.

სამთავროს ამ სამარხების ფრიად ახლო, პარალელურ ძეგლებს ვხედავთ ალგეთის ნაპირზე, მადნიჭალის სამაროვანზე, რომელიც გათხარეს ისტორიის ინსტიტუტის მუშაკებმა (ნ. თუშიშვილი, კ. კვიჟინაძე და სხვ.). აქაც ორმოსამარხები და ქვის სამარხებია დადასტურებული, ოღონდ ისინი მოქცეულია უფრო კარგად გამოხატული ყორღანული ყრილების ქვეშ, ვიდრე ეს სამთავროშია.

ქვის სამარხებით და ორმოსამარხებითაა წარმოდგენილი აგრეთვე კიდევ ორი სხვა სამაროვანი ქვემო ქართლსა და თრიალეთში. ერთი მათგანი დმანისის რაიონში ყოფილ “შუშის ქარხანასთანაა”[7], მეორე კი ბეშთაშენში[8]. დმანისის სამარხებში, როგორც გ. ნიორაძე წერდა, ზოგიერთი მიცვალებული მჯდომარე მდგომარეობაში დაუკრძალავთ[9], მაგრამ გვხვდება ჩვეულებრივ კიდურებმოკეცილ მდგომარეობაში დაკრძალულ გვამთა ნაშთებიც. დამოწმებულია მიცვალებულისათვის ძაღლისა და ცხენის ჩატანების ფაქტიც[10].

თრიალეთის სხვა სამაროვნებზე აღმოჩენილია უმთავრესად ქვის სამარხები და მათი ნანგრევები ადამიანის ძვლების ისეთნაირი განლაგებით, რომლებმაც შეიძლება გვავარაუდებინოს როგორც მოხრილ–მოკეცილ მდგომარეობაში დაკრძალული გვამები, ისე მეორადი ანდა დანაწევრებული დაკრძალვა. კ. ფიცხელაურს მიაჩნია, რომ კახეთში თეთრიწყლების სამაროვანზე მიცვალებულთა გვამები დაკრძალული უნდა იყოს მჯდომარე მდგომარეობაში. ასეთივე სურათი ჩანს ზემო ავჭალის სამარეშიც.

ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნულ ხანაში სამარხთა ძირითად ტიპებს წარმოადგენს ყორღანული ყრილის ქვეშ მდებარე ორმოსამარხები და ქვის ფიცრების სამარხები. მიცვალებულები დაკრძალულია მოხრილ–მოკეცილად ერთ–ერთ გვერდზე ანდა მჯდომარე მდგომარეობაში; გამორიცხული არ არის მეორედ დამარხვის ანდა დანაწევრებული დაკრძალვის წესის არსებობა (თრიალეთი). სამარხის იგივე ტიპები და დაკრძალვის ეს წესები გავრცელებული იყო იმ დროს მთელი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და, როგორც ვნახეთ, ნაწილობრივ დასავლეთ საქართველოს კულტურის გავრცელების რაიონშიც. საყურადღებო ისაა, რომ დამარხვის სხვადასხვა წესი ხშირად გვხვდება ერთი და იმავე სამაროვანზე ან ვიწროდ შემოფარგლულ ტერიტორიაზე. ეს მდგომარეობა ალბათ იმას მიუთითებს, რომ არც დაკრძალვის წესს და არც სამარხეული ნაგებობის ტიპს ეთნიკური კუთვნილების განსაზღვრისათვის ყოველთვის არა აქვს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია.

მეურნეობა.დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლების მსგავსად, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ძირითად საარსებო წყაროსაც მიწათმოქმედება და მესაქონლეობა წარმოადგენდა.

მიწათმოქმედებაზე მსჯელობისათვის საჭირო მასალები, მართალია, შედარებით იშვიათადაა სამარხებში, მაგრამ ამ დანაკლისს მნიშვნელოვნად ავსებს განძები, სამოსახლოები და საკულტო ადგილები, სადაც უხვადაა თავმოყრილი სულ სხვადასხვა დანიშნულების საგნები. ვერსად, ვერც სამარხებში და ვერც სხვაგან, ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს თუნდაც პრიმიტიულ კვალს ან სახვნელს, ურომლისოდაც, საეჭვოა, შესაძლებელი ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს მძიმე მიწის დამუშავება პურეული მცენარეების დასათესად. მაგრამ, როგორც დასავლეთ საქართველოს კულტურის განხილვის დროს აღვნიშნეთ, სახვნელი იარაღის არსებობა ამიერკავკასიაში ივარაუდება. მიწის გასაპოხიერებელ–გასაფხვიერებელ იარაღად შიდა ქართლში, მესხეთ–ჯავახეთსა და თრიალეთში უხმარიათ დასავლეთ საქართველოს კულტურაში კარგად ცნობილი ტიპის ბრინჯაოსა და რკინის თოხი[11], მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, ამ იარაღმა შეაღწია თუ არა კახეთის მიწა–წყალზე. ცხინვალის განძშია ბრინჯაოს, გვერდზე პირმოტეხილი ცულ–ნამგალა[12], ე. ი. ისეთივე სამიწათმოქმედო იარაღი (ცულსაკაფი)[13], როგორც ლეჩხუმის ცნობილ განძში შედის. ძალიან ხშირად გვხვდება მოსავლის ასაღები იარაღები, უპირველეს ყოვლისა, ნამგლის კაჟის ჩასართები[14] და აგრეთვე ბრინჯაოს ნამგლები[15], რომლებიც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოსას. აღებული მოსავლის გასალეწად უხმარიათ ისეთივე კოხებით მოჭედილი კევრი, როგორსაც დღესაც კი შეხვდებით ჩვენში. კევრის ნაშთები აღმოჩენილია ხოვლეს ნასოფლარზე. საყურადღებოა, რომ სახელმოხვეჭილი მიწის მუშაკები სამთავროშიც და ამიერკავკასიის ზოგიერთ სხვა სამაროვანზეც კევრზე არიან დაკრძალული[16]. გალეწილი მარცვლეული, სახელდობრ ხორბალი, ქერი და ფეტვი (თუ ღომი) დიდი რაოდენობით იყო შენახული ცხინვალის ნაცარგორას ერთ–ერთ ბეღელში (კამერაში) და აგრეთვე სხვა სამლოცველოებში. მარცვლეულის დასაფქვავად უხმარიათ ბაზალტისაგან დამზადებული უამრავი ხელსაფქვავი, რომლებიც ამ დროსაც არსებითად ისეთივე მოყვანილობისა ყოფილა, როგორიც ლითონის ხანის დასაწყისში; როგორც ჩანს, ეს პრიმიტიული იარაღი გვაროვნული საზოგადოების მოკრძალებულ მოთხოვნილებებს დიდხანს აკმაყოფილებდა. საკმაოდ რთული აღნაგობის პურის საცხობი ღუმელებია აღმოჩენილი ხოვლეგორასა და ზოგიერთ სხვა ნასოფლარზე. ნაცარგორას სამლოცველო სენაკსა და ბეღელში ნაპოვნი გამომცხვარი პურის თიხის იმიტაციებს ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ პურს ჩვენს სოფლებში.

განვითარებული უნდა ყოფილიყო აგრეთვე მევენახეობაც. ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ ნაცარგორას ზოგიერთ ნაგებობას ვაზის ლერწისაგან დაწნული და თიხით შელესილი კარი ან კედელი ჰქონია; ბათქაშის ნატეხებზე კარგად გაირჩევა ვაზის ლერწისა და მისთვის დამახასიათებელი კვირტების ანაბეჭდი. შეიძლებოდა საამისოდ მოეტანათ გარეული ვაზიც, მაგრამ, რადგან იმ დროს საღვინე ჭურჭელიც ბლომად ჩნდება და ა. აფაქიძემაც ბაკურციხეში საგანგებო სასხლავი დანები დაამოწმა, ამიტომ შეცდომას არ დავუშვებთ, თუ მევენახეობას მაშინდელი მიწათმოქმედების ერთ-ერთ განუყოფელ დარგად წარმოვიდგენთ.

აღნიშნულ ხანაში მეცხოველეობის განვითარების დონის განსაზღვრისათვის ძალიან ბევრი მასალაა შენახული. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა პირუტყვის აურაცხელი ქანდაკება, რომლებიც გამოძერწილია თიხით ან ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. ზოგიერთი მათგანი მეტად სქემატური ან სტილიზებულია და საშუალებას არ იძლევა გამოვიცნოთ რისი გამოსახვა სურდა მხატვარს, მაგრამ სხვები ხშირად რეალისტური ხელოვნების ნაყოფია და მათში ადვილად ამოვიცნობთ მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაურ საქონელს. კიდევ უფრო დიდ სამსახურს გვიწევს სამსხვერპლო ადგილებსა და სამარხებში უხვად დარჩენილი ცხოველების ძვლები. მაგალითად, ნაცარგორას სამლოცველოებთან შენახულა რქოსანი საქონლისა და ღორის უთვალავი ძვალი. ასეთივე მასალაა აღმოჩენილი სამაროვნებზე და სხვა სამოსახლო–საკულტო ადგილებზეც. ნიშანდობლივია, რომ მელაანის და მელიღელის წარმართულ ტაძრებში სხვა შეწირულებთან ერთად ვპოულობთ ცხოველების ძვლებსაც. ეს მასალა ცხადად მოწმობს საქონლის სულადობის დიდ სიმრავლეს, ამასთან, გვაროვნული საზოგადოების საჭმელ პროდუქტებში ხორცისა და წველის მნიშვნელობას. ხოვლეში აღმოჩენილი ბოსელი, რომელიც ყურადღებას იპყრობს საუცხოოდ გამართული დეტალებით, მესაქონლეობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს; გამდლისწყაროს განძში აღმოჩენილი ბრინჯაოს ფარეხის გამოსახულება მწყემსურ მესაქონლეობას მოწმობს.

მეტალურგია. მესაქონლეობისა და, უფრო მეტად, მიწათმოქმედების აღმავლობა ბევრად იყო დამოკიდებული მეტალურგიაზე, რომლის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არაერთი აღმოჩენა. ჯერ ერთი, აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი ლითონის ნივთთა ტიპები ყურადღებას იქცევს ჩამოსხმის რთული ტექნიკითა და ბევრ შემთხვევაში ფორმათა დახვეწილობით; მეორეც, ამ მხარეში ბევრგანაა აღმოჩენილი ლითონის ადგილობრივი წარმოების ნაშთები. აქედან ერთობ მნიშვნელოვანია მადნის საწური მძლავრი წარმოების ნანგრევები წითელწყაროს რაიონში, ქვემო ქედთან, რომელიც კ. ფიცხელაურმა გამოიკვლია. ქვემო ქართლში ბოლნისის რაიონის სოფ. განთიადთან დიდ სამაროვანზე 1965წ. შემთხვევით წააწყდნენ მელითონე ხელოსნის საფლავს, რომელშიაც ცულების, ეჩოებისა და სატეხების სასხმელი ქვის ყალიბები იყო[17]. წაღვერთან ვ. გოროდცოვს 1911წ. აღმოუჩენია ლითონსასხმელი სახელოსნოს ნანგრევები ძეგლისათვის დამახასიათებელი წიდებით, საბერვლის საქშენი თიხის მილებით და სხვა მასალით[18]. ბორჯომ–ახალციხის რაიონებიდანვეა ცნობილი დასავლეთ საქართველოს კულტურისთვის ტიპიური ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბები[19]. ცხინვალის ნაცარგორაზე 1946 და 1947 წლებში აღმოჩენილია აღმოსავლურამიერკავკასიური (აღმოსავლურქართული) ტიპის ცულების, სატევრებისა და სატეხების ჩამოსასხმელი ქვიშაქვის ყალიბები; ამასთან, როგორც განთიადის მონაპოვრის შემთხვევაში ერთდროულად სხვადასხვა იარაღის დასაყალიბებლად, ნაცარგორას ზოგიერთი ქვიშაქვის ფილაზე ამოკვეთილია ორი ფორმა. სამხრეთ ოსეთშივე ზემო ლისას ტერიტორიაზე შემთხვევით ნაპოვნია ტალკის ქვის ნატეხი, რომელზედაც ამოკვეთილია ირმის რქისებური გამოსახულება. ო. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს ყობანური ტიპის სწორკუთხედი ბალთის მოდელის ნატეხი[20].

ეს ფაქტები მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული მეტალურგიული წარმოება. ამასთან, სათანადო საწარმოები და სახელოსნოები ზოგჯერ სამთამადნო საბადოებიდან საკმაოდ მოშორებით მუშაობდა. ასეთებად ჩაითვლება, მაგალითად, ქვემო ქედი და ცხინვალის ნაცარგორა. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს სატრანსპორტო საშუალებათა განვითარების დონე ისეთ სიმაღლეზე იყო, რომ დიდი დაბრკოლება არ ხვდებოდა არა მარტო ლითონის ზოდების, არამედ სათანადო მადნის გადაზიდვას დიდ მანძილზე.

საჭიროა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით არსად არის მიკვლეული გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანით დათარიღებული სამთამადნო წარმოების ნაშთები წოლხვრელების ანუ მღვიმეების სახით. ეს გარემოება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ამ მხრივ სათანადო ძიება მეტად მოისუსტებს. ერთობ საფიქრებელია, რომ მცირე კავკასიონის მადნეულით ფრიად მდიდარ კალთებს, რომლებზედაც დამოწმებულია დაუთარიღებელი გამონამუშევრები, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მეტალურგიის განვითარებაში გაცილებით უფრო დიდი როლი უნდა შეესრულებინა, ვიდრე რაჭას, აფხაზეთსა და სვანეთს.

ხელოსნობა. საქართველოს ორთავ ნაწილში ასეთ მაღალგანვითარებულ მეტალურგიულ წარმოებას ხელოსნობის არაჩვეულებრივი დაწინაურება მოჰყვა. აღმავლობის მწვერვალს მიაღწია ბრინჯაოს მკეთებლობამ და მეთუნეობამ. მათ მხარდამხარ მიჰყვებოდა ხელოსნობის სხვა დარგებიც. საუკუნეთა სიგრძეზე ამზადებდნენ ხელოსნები ერთხელვე მარჯვედ მიგნებული სახეობის ნივთებს, მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება თვალი გავადევნოთ ფორმების თანდათანობითი დახვეწა–გაუმჯობესებისაკენ მისწრაფების ამსახველ კვალს. ეს კვალი ახლა გაცილებით უფრო ადვილად შეიმჩნევა აღმოსავლეთ საქართველოს მასალებზე, ვინაიდან სამთავროსა და თრიალეთის მონაპოვართა საფუძველზე უკვე შექმნილია აქაურ ძეგლთა პერიოდიზაციის საიმედო სქემა[21], მაშინ, როცა დასავლეთ საქართველოს მიმართ ასეთი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა.

გვიანდელი ბრინჯაოს მთელი გრძელი პერიოდი არსებითი ცვლილებების გარეშე გაიარა აღმოსავლეთამიერკავკასიური (ანუ, როგორც ზოგჯერ უწოდებენ, აღმოსავლურქართული) ტიპის ცულმა, რომელზედაც უცვლელად დარჩა ნაკლული მთვარის მოყვანილობის გორდა, ორფრთიანი პირი და ჩაზნექილი შუა ნაწილიდან შვეულად აღმართული ყელი ოვალური სატარე ნახვრეტითა და დაბალი ყუით. იცვლებოდა მხოლოდ აქეთ-იქით აშვერილი ქიმების მოყვანილობა და ზომა, რაც ცულის საერთო განვითარებაზე შესამჩნევ გავლენას არ ახდენდა. ამ ცულს, ჩვეულებრივ, “საომარ ცულს” ანდა “ჩუგლუგს” უწოდებენ, მაგრამ ის აგრეთვე გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამეურნეო საჭიროებისათვის, ვინაიდან იმ პერიოდის აღმოსავლეთ ამიერკავკასიას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის დასავლეთ რაიონებს, სადაც დასავლურქართული ცულიც ადვილად აღწევდა, სხვა ტიპის სამუშაო ცული არ გააჩნდა. აღნიშნული იარაღ–საჭურველი ძვ. წ. VIII საუკუნის გასულამდე შემორჩა, რის შემდეგაც კავკასიაში მთლიანად გაბატონდა რკინის ცული. რადგან იგი მოყვანილობის მიხედვით ხშირად მოგვაგონებს დასავლეთ საქართველოს ცულებს, ამიტომ მართებულად ფიქრობდნენ, რომ ისინი ერთიმეორის მინაბაძს წარმოადგენს. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარის მსგავსად მხოლოდ ამ ფაქტის მიხედვით ვერ დავასკვნით საქართველოში რკინის წარმოების წარმოშობის მეტისმეტად მაღალ თარიღს, ვინაიდან მიბაძვის აქტი შეიძლება მომხდარიყო ძვ. წ. VII–VI საუკუნეებში, რა დრომდესაც მასიურად კეთდებოდა ბრინჯაოს ცულები. მართლაც, მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მიწა–წყალზე ჯერ არავის უპოვია ამაზე უფრო ადრინდელი რკინის ცული.

გარკვვეული ცვლილება განიცადა შუბისა და ისრის წვერმა. ადრინდელი პერიოდის ბრინჯაოს შუბისწვერი მასრაგახსნილი და წვრილწვეტიანია. ცვლილებები იგრძნობა პირის გაფართოებისა და წვეტის მომრგვალების მიმართულებით. ეპოქის დასასრულს მასრაც შეიკვრება. ამავე დროს ხმარებაში შედის რკინის შუბისწვერი, რომელიც ზოგჯერ კონუსურ მუჯირას მოგვაგონებს. უძველესი ისრისწვერი სამთავროს სამარხებში ნესტრის მოყვანილობისაა. ქვემო ქართლში და მთელ სამხრეთ კავკასიის მიწა–წყალზე, მტკვრის ხელმარჯვნივ ხმარებაში იყო გრძელყუნწიანი და ორი ხიწვით აღჭურვილი ისრისწვერი, რომელმაც სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისწვერთა შემოსვლამდე იბატონა. განვითარების საყურადღებო გზა გაუვლია სატევარს და მახვილს. უძველეს ორმოსამარხებში ჩაუწყვიათ ბრინჯაოს მოკლე, ფოთლისებური სატევრები, რომელთაც ალბათ ხის ან ძვლის ტარი ჰქონდა დაგებული. რკინის ხანის დამდეგიდან, რაც დაახლოებით ძვ. წ. XII ს. ახლო დროში უნდა მომხდარიყო, სატევრის პირს და ზოგჯერ ტარსაც ჩამოსხმის გზით ერთ ყალიბში ამზადებდნენ. კეთდებოდა აგრეთვე ბიმეტალური სატევრები რკინის პირითა და ბრინჯაოს სახოვანი ანდა სადა ტარით. დაახლოებით ამავე პერიოდის მოვლენაა ბრინჯაოს საჩეხი მახვილები, რომელთაგან ზოგს მომრგვალებული, ზოგსაც თითქოს სწორად წაკვეთილი წვერი შეიძლება ჰქონდეს. საჭიროა აღინიშნოს, რომ მთლიანად სხმული სატევრებიდან ყველაზე უძველესის პირის ფორმა ძალიან ჰგავს ფოთლისებური სატევრების პირებს, ტარქუდი სწორი ძელაკისებური, ხოლო ტარი და ვადა ხშირად ჩამოსხმის დროს ორნამენტითაა შემკობილი. სისხლსადენი ღარები და საჭრეთლით დატანილი სახეები პირის ფუძესთან ახლო ან რელიეფური ორნამენტი ტარზე ხშირად ამკობს შედარებით მოგვიანო სატევრებს და მახვილებსაც, რომლებიც აგრეთვე გამოირჩევიან სხივანა ვარსკვლავის მინაბაძი ჭვირული ტარქუდით[22]. ამ ტიპის ბოლოკვეთილი მახვილები ბრინჯაოს საჭურვლის უკანასკნელი აკორდია აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე, უმთავრესად მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, არაგვიდან ალაზნამდე. მათ პარალელურად ძვ. წ. X–VII საუკუნეებში მზადდებოდა რკინის სატევრები, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან დაწყებული მთელ კავკასიაში გაბატონდა რკინის მოკლე მახვილები, რომლებსაც აკინაკებს უწოდებენ.

აქ დაწვრილებით არ განვიხილავთ ხელოსანთა სხვა ლითონის პროდუქციას, როგორიცაა ბრინჯაოს ორთითები, ყავარჯნისთავები, ლახტისთავები, პირსაფარეშო საგნები, სამკაული, ადამიანთა და სხვადასხვა ცხოველთა ქანდაკებები თუ გრაფიკული სურათები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით სარტყლებზე გამოსახულ რთულ სცენებში. დავკმაყოფილდებით იმის აღნიშვნით, რომ ამ საგნებისა და ხელოვნების ნაწარმოების (მაგალითად, სარტყლები) მხატვრული სტილი ზოგჯერ ახლო ენათესავება დასავლეთ საქართველოს კულტურაში დამოწმებულ სათანადო ძეგლებს, მაგრამ უფრო ხშირად დიდი თავისებურებით ხასიათდება. ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს კულტურის ნაშთები დასავლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩრდილო მხარეების ძეგლებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე დასავლეთ საქართველოს იმავდროულ ნაშთებს. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ძეგლების შექმნაში მონაწილეობდა არაერთი ეთნიკური ელემენტი.

No comments: