Monday, May 28, 2007

თავი პირველი §1.

§1. ქვედა პალეოლითი
სულ სხვა საკითხია ბუნებრივი გარემოს ვითარება ძველი ქვის ხანაში, ანუ, როგორც გეოლოგები უწოდებენ, ძველ მეოთხეულში. იმისათვის, რათა სწორად იქნეს გაგებული შორეულ წინაპართა ისტორიული განვითარების გზა, საჭიროა გათვალისწინდეს ის წინამძღვრები, რომელთაც აღნიშნული გარემოს ცვალებადი ხასიათი და მიმართულება განაპირობებს.

დღეისათვის საყოველთაოდ მიღებულია დედამიწის ისტორიის დაყოფა ოთხ ერად. ესენია, არქეული, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ანუ ნეოზოური. არქეული ერა მილიარდ–ნახევარ წელს გრძელდებოდა. სიცოცხლის ჩასახვას დედამიწაზე მეცნიერება ამ ერის მხოლოდ მეორე ნახევრიდან ანგარიშობს და ამისდა შესაბამისად ამ ხანას პროტეროზოურ (ადრეული სიცოცხლის) ერას უწოდებს. პირველად ჩნდება წყალმცენარეები, შემდეგ – უმარტივესი, ერთუჯრედიანი არსებანი, ღრუნაწლავიანები, მოლუსკები, მრგვალპირიანები (ჭიები) და სხვ. პალეოზოური ანუ ძველი სიცოცხლის (პირველეული) ერა შეიცავს კემბრიულ, სილურულ, დევონურ, კარბონულ და პერმულ პერიოდებს. იგი გრძელდებოდა 335 მილიონ წელს და აღინიშნა თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავალთა და ხმელეთის სპოროვანი მცენარეების გამოჩენით. მეზოზოური ანუ შუა სიცოცხლის (მეორეული) ერა შეიცავს ტრიასულ, იურულ და ცარცულ პერიოდებს, გრძელდებოდა 125 მილიონ წელს და გამოირჩევა ვეებერთელა ქვეწარმავლების ბატონობით. პირველად ჩნდებიან ფრინველები და მაწოვრები, მათ შორის ჩანთოსნების წინაპრები. ნეოზოური (ახალი სიცოცხლის) ერა იყოფა მესამეულ და მეოთხეულ პერიოდებად.

მესამეული პერიოდი თავის მხრივ იყოფა ხუთ ეპოქად: პალეოცენი, ეოცენი, ოლიგოცენი, მიოცენი და პლიოცენი. ამთგან პირველ სამ ეპოქას ერთად აღებულს უწოდებენ პალეოგენს, ხოლო უკანასკნელ ორს – ნეოგენს და პერიოდის ხანგრძლივობას 59–60 მილიონი წლით განსაზღვრავენ.

მეოთხეული პერიოდი იყოფა პლეისტოცენად და ჰოლოცენად. პლეისტოცენი ანუ ძველი მეოთხეული შეიცავს ქვედა, შუა და ზედა პლეისტოცენს, ითვლის 1 მილიონ წელს. ყველა გეოლოგიური ეპოქისაგან იგი გამოირჩევა იმით, რომ ამ დროს წარმოიშვა ადამიანი, ჩამოყალიბდა ადამიანთა საზოგადოება. მასზე მოდის მთელი ძველი ქვის ხანა ანუ პალეოლითი.

ჰოლოცენმა ანუ თანამედროვე გეოლოგიურმა ეპოქამ პლეისტოცენი ამ ათი ათასი წლის წინ შეცვალა. იმის გამო, რომ მეოთხეული პერიოდის მთავარ შინაარსს ადამიანი და მისი საზოგადოება შეადგენს, სახელწოდება “მეოთხეული” თითქოს მოძველდა, რის სანაცვლოდ სპეციალისტები ხშირად ანთროპოზოურს, ანთროპოგენურ ხანას ან მარტივად ანთროპოგენს გვთავაზობენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მომენტი (ადამიანის წარმოშობა) გეოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე მეოთხეულისათვის დამახასიათებელი დიდი გაყინვარებანი.

როგორც ვხედავთ, სამივე ერის ხანგრძლივობა 520 მილიონ წელიწადს უდრის. ამდენსავე წელიწადს კი არქეული ერის მხოლოდ პროტეროზოული ნაწილი ითვლის. ხოლო არქეული ერის უძველესი ნაწილი, როდესაც დედამიწის ზურგზე არავითარი სიცოცხლე არ არსებობდა, გეოლოგების გამოანგარიშებით, თუ მეტს არა, 1 მილიარდ წელიწადს მაინც გრძელდებოდა. ასე რომ, “მარტო გეოლოგიური დრო 2000 მილიონ წელიწადს აღემატება. თუ მიწის მთელ ასაკს ავიღებთ 3000–5000 მილიონი წელიწადი მაინც უნდა ვივარაუდოთ”. რა დიდი დროა 5 მილიარდი წელიწადი იმისთან შედარებით, რაც ადამიანი გამოჩნდა ბუნებაში (ნახევარი ან სულ დიდი ორი მილიონი წლის წინათ) და თავისი ასაკის ასეთი სიმცირის მიუხედავად, რაოდენ დიდია მისი გონებრივი ძალების მიღწევა არაორგანული და ორგანული ბუნების დაუფლების გზაზე!

ვინაიდან მესამეულ პერიოდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანთა საარსებო ფიზიკურ–გეოგრაფიული პირობების წარმოქმნისათვის, მასზე რამდენადმე დაწვრილებით შევჩერდეთ.

მესამეულის მანძილზე ხდება უაღრესად დიდი დიაპაზონის ტექტონიკური მოძრაობანი დედამიწის ქერქის განვითარების ისტორიაში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოროგენეტური (მთების წარმომშობი) პროცესი, რომელიც თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ განვითარების უმაღლეს წერტილს მესამეულში მიაღწია. მთათა აზევების ეს გრანდიოზული პროცესი, რომელმაც ნეოგენის დასაწყისიდან ალპურ ოროგენეზში იჩინა თავი, ერთიანად მოედო ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეთა შორის გადაჭიმულ ევრაზიის თვალუწვდენ მატერიკებს (გიბრალტარიდან ინდოჩინეთამდე) და წარმოქმნა ვეებერთელა მთიანი მასივების ჯაჭვი: ალპები-კარპატები–ყირიმის მთები - კავკასიის მთაგრეხილი– პამირისა და ჰიმალაის მასივები.

აღნიშნული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა დღეისათვის ცნობილი უმთავრესი გეომორფოლოგიური ერთეულები: მთები, ბორცვები, ველ-მინდვრები; ღრმად ჩაიჭრა, განვითარდა და გართულდა ჰიდროგრაფიული ქსელი; ჩამოყალიბდა გეოგრაფიული ზონები: ნოტიო, ცხელი ჰავა თბილზომიერით შეიცვალა. ერთი სიტყვით, პლიოცენის გასულისათვის დედამიწის იერსახე თანამედროვეს მიუახლოვდა.

მაგრამ მესამეული პერიოდი კიდევ უფრო საინტერესოა ცოცხალი ბუნების განვითარების თვალსაზრისით. თანამედროვე პალეობიოლოგიურ მეცნიერებათა სწრაფმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო სრულყოფილად შემოწმებულიყო ორგანული სამყაროს ევოლუციის კანონზომიერებანი სწორედ მესამეული გეოლოგიური პერიოდის ისტორიის მაგალითზე. ამჟამად აღიარებულია, რომ ხმელეთის “მცენარეთა ევოლუციის მთავარი ეტაპები რამდენადმე უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე ხერხემლიანთა ევოლუციის შესაბამისი მთავარი ეტაპები.” ეს ბუნებრივიცაა ვინაიდან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, “ხმელეთის ხერხემლიანთა ევოლუცია საგრძნობლად არის დამოკიდებული მცენარეთა ევოლუციაზე, რადგან ბოლოს და ბოლოს მათთვის მცენარეები მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენენ”

სწორედ მესამეულ პერიოდს უკავშირდება უმაღლეს მაწოვართა ანუ პლაცენტიანთა (მომყოლის მქონეთა) ქვეკლასის ბატონობა ორგანულ სამყაროში. ამ ქვეკლასს ეკუთვნიან როგორც ოლიგოცენიდან ცნობილი ნამარხი მაიმუნები, ასევე ადამიანის მსგავსი იმ მაიმუნების ოჯახიც, რომელთაგან მხოლოდ ზოგი ცხოვრობს ხეზე, უმრავლესობა კი მიწაზეა ჩამოსული. ამათი უძველესი ნაშთები უკვე მიოცენურ ნალექებშია დადასტურებული.

გარკვეული კანონზომიერებანი შეიძლება შეინიშნოს მესამეული პერიოდის მცენარეული საფარის განვითარების ისტორიაშიც. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ფლორის თანამედროვე მდგომარეობა კანონზომიერი შედეგია მისი ადგილობრივი ისტორიული განვითარებისა ოლიგოცენ–მიოცენიდან მაინც. მიუხედავად ღრმათვისობრივი სხვაობისა, რაც თანამედროვე და მესამეულ მცენარეულობას შორის არსებობს, მთელი ევროპის დღევანდელი ფლორა ინარჩუნებს გარკვეულ მემკვიდრეობით დამოკიდებულებას მესამეული პერიოდის ფლორისაგან.

საბჭოთა კავშირის ისევე როგორც მთელი ევროპის მცენარეულობის განვითარების პროცესი მიოცენიდან მოკიდებული მიმდინაოეობდა დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონალურ-რეგიონალური სისტემის მინაცვლეობისდა შესაბამისად. აღნიშნული სისტემების მონაცვლეობა კი როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში უმთავრესად დამოკიდებული იყო ხმელეთისა და ზღვის ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც თავის მხრივ ჰავის ზონალობის მეტ–ნაკლებ გადანაცვლებას იწვევდა. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, მეოთხეულში მესამეულის გასულის ფლორის კატასტროფული გაქრობის შესახებ არსებული ვარაუდი სრულიად არ დასტურდება უკიდურესი ჩრდილოეთის მიმართაც კი. მით უმეტეს უადგილოა ეს საბჭოთა ქვეყნის სამხრეთი რაიონებისათვის, სადაც საკმაოდ ბევრი თერმოფილური (სითბოს მოყვარული) ავტოხთონური ელემენტები გვხვდება.

მცენარეთა ფორმების ევოლუციის საერთო მიმართულება ძველი მესამეულიდან ახალი მესამეულისაკენ კი ისეთია, რომ ფლორა თანდათან კარგავს მეზოფილურს, მაგრამ იძენს ქსეროფილურ ხასიათს. ჩვენც სრული უფლება გვაქვს, რომ სპეციალისტების მიერ ევრაზიის ზომიერი სარტყელისათვის გაკვლეული ეს კანონზომიერება კავკასიაზედაც გავავრცელოთ.

რამდენადაც მცენარეული საფარის ევოლუცია, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, უპირველესი პირობა იყო ცხოველთა სამყაროს არსებობისა და განვითარებისათვის, ცხადია, პალეობიოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობენ ჰავის ცვლილებას, რასაც ცხოველთა ევოლუციისათვის ხელსაყრელ პირობათა შექმნა მოსდევს. ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით მაწოვართა, განვითარებისათვის ამ პერიოდში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კლიმატურ ცვლილებებს (არიდიზაციას, აცივებას), რომელთაც ხელი შეუწყვეს ბალახოვანი მცენარეულობის განვითარებას. ამ გარემოებამ, ბევრ სხვა პირობასთან ერთად, დიდი როლი შეასრულა სავანური, ნახევრად უდაბური, ტყიან–ველიანი და სტეპური ლადშაფტის პირობებში ჰიპარიონული ფაუნის, ცხენისნაირთა, წყვილჩლიქოსანთა, კერძოდ, მცოხნელთა სწრაფ განვითარებაში. ეს კი თავის მხრივ ერთი არსებითი პირობა იყო უმაღლესი პრიმატების, ჰომინიდებისა და საბოლოოდ ადამიანებისათვის ხელსაყრელ ფიზიკურ–გეოგრაფიულ პირობათა ჯაჭვში.

ანალოგიური სურათი ისახება სამხრეთ საქართველოსთვისაც აქაური ქვედაპლეისტოცენური დროის ძუძუმწოვართა ფაუნის განხილვის დროს.

ერთი სიტყვით, ყველა საფუძველი არსებობს ვამტკიცოთ, რომ მესამეულის გასულისათვის ჩვენი ქვეყნის მიწა–წყალი, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილი, უკვე გამეჩხერებული ტყის საფარითა და სავანური ტიპის ლანდშაფტით, წარმოადგენდა ხელსაყრელ რაიონს, სადაც უმაღლესი პრიმატების გაადამიანების პროცესი უკვე საკმაოდ შორს იყო წასული. ამის საბუთია ანთროპოიდული არსების ქვედა ყბის ფრაგმენტის პოვნა დავით გარეჯის უდაბნოს ზედასარმატულ ნალექებში. ეს უაღრესად საინტერესო პალეონტოლოგიური აღმოჩენა სპეციალურ ლიტერატურაში ჯეროვნად იყო შეფასებული, რაც გაზიარებული და ფართოდ აღიარებულია არქეოლოგების მიერაც. მაგრამ თვით ადამიანის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, რომელიც მილიონი წლები გრძელდებოდა.

ადამიანის მსგავს მაიმუნთა (დრიოპითეკის, რამაპითეკის, ავსტრალოპითეკისნაირთა) ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და ადამიანებად გადაქცევის პროცესში არსებითი როლი შეასრულა მიწაზე ცხოვრებამ, ორ ფეხზე ამართულმა სიარულმა, საკვებად ხორცეულის ფართო გამოყენებამ, მეტყველებისა და შრომის ჩასახვა-განვითარებამ. შრომა ალბათ დაიწყო ხელს მოყოლილი საგნების (ხის, კეტის, ქვისა და სხვ.) მოხმარებით, მათი პირველადი დამუშავებით. რაკი ამ არსებამ შეძლო “კაჟი დანად გადაექცია” (ენგელსი), ამით იგი უკვე შეუდგა გამიზნულ შრომას. შრომა კი ადამიანის მთელი სიცოცხლის ძირითადი პირობაა და მასთან იმდენად, რომ ჩვენ გარკვეული აზრით უნდა ვთქვათ: შრომამ შეჰქმნა ადამიანი” ამ მომენტიდან დაიდო საზღვარი ადამიანის მსგავს მაიმუნთა ჯოგსა და უძველეს ადამიანთა პრიმიტიულ საზოგადოებას შორის. ამ მარტივი საზოგადოების გაჩენიდან დღემდე გასულ დროს მეცნიერება 500 000–1 000 000 წლით განსაზღვრავს.

საზოგადოებრივი განვითარების უძველეს საფეხურში, პირველყოფილ თემურ ფორმაციაში, გამოყოფენ: წინაგვაროვნულ საზოგადოებას და გვაროვნულ საზოგადოებას ანუ გვაროვნულ თემს. წინაგვაროვნული საზოგადოება, მიუხედავად მისი სოციალური ბუნების სიმარტივისა, წარმოების, განაწილებისა და მოხმარების კოლექტიურ პირინციპზე იყო დაფუძნებული. სწორედ წარმოება იყო ის ახალი თვისობრივი მოვლენა, რითაც ადამიანები არსებითად განსხვავდებიან ცხოველთაგან. “... ცხოველები უკეთეს შემთხვევაში აგროვებენ, მაშინ როდესაც ადამიანები აწარმოებენ”. მაგრამ წარმოებისათვის საჭირო იყო საწარმოო საშუალებანი, რომელთა შორის პირველი ადგილი, ცხადია, შრომის იარაღებს ეჭირათ. პირველყოფილი ადამიანი იარაღებს ქვის, ხისა და ძვლისაგან ამზადებდა. პირველ ხანებში ადამიანი ბუნებაში მზამზარეულად შეხვედრილ ჯოხს ხმარობდა, მაგრამ მალე საჭირო გახდა მისი მოჭრა და წამახვილება, რასაც ადამიანმა მიაღწია ბუნებრივად წამახვილებული ქვის გამოყენებით. ამგვარად, ქვა თავადაც იყო იარაღი და სხვა იარაღის წარმოების საშუალების როლშიც გამოდიოდა. ქვის ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო საზოგადოების განვითარების ამ უძველეს და უზარმაზარ პერიოდს მეცნიერებმა ქვის ხანა უწოდეს. იგი ორად იყოფა – ძველი ქვის (პალეოლითის ) ხანად და ახალი ქვის (ნეოლითის) ხანად. ძველი ქვის ხანას, თავის მხრივ, ყოფენ ქვედა ანუ ადრეულ პალეოლითად და ზედა ანუ გვიან პალეოლითად.

საფრანგეთში ძველი ქვის ხანის განვითარების მიხედვით პალეოლითს უფრო წვრილ საფეხურებადაც ყოფენ: შელი, აშელი, მუსტიე, ორინიაკი, სოლუტრე, მადლენი, აზილ – ტარდენუა. პირველ სამ ეპოქას ქვედა პალეოლითს მიაკუთვნებენ, დანარჩენ ოთხს – კი გვიან პალეოლითს. ზოგი მეცნიერი შელის ეპოქას წინ უმძღვარებს “ეოლითების” (ქვის განთიადის) ეპოქას. უმრავლესობა ამ ხანას წინაშელურს უწოდებს.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი იყო ადამიანის განვითარების ისტორიაში და რამდენიმე ასი ათას წელსაც ითვლის. იგი ძირითადად დასრულდა 40 000 წლის წინ. ამის შემდეგ იწყება გვიანი პალეოლითი, რომელიც ამ 10 000 წლის წინ ნეოლითმა შეცვალა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შეცვლილ იქნა ენეოლითით (ქვა–სპილენძის ხანით), რომელიც ჩვენში ძვ. წ. V–IV ათასწლეულებში არსებობდა.

ქვედა პალეოლითში ცხოვრობდნენ ცხოველთა სამეფოდან საბოლოოდ გამოყოფილი ჰომინიდები ანუ უძველესი და ძველი ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდათ ზოგიერთი ცხოველური ნიშანი. მათგან პირველ რიგში უნდა დასახელდეს Homo habilis – “მარჯვე”, “მოხერხებული” ადამიანი. მისი პირველი ნაშთები ათიოდე წლის წინ იყო აღმოჩენილი ოლდუვაის ხეობაში (ტანგანიკა, აღმოს. აფრიკა). შემდეგ მოდის პითეკანთროპი (ამართულად მოსიარულე მაიმუნ-ადამიანი), რომლის ნაშთები პირველად 1891 წ. კუნძულ იავაზე აღმოაჩინეს; სინანთროპი (ჩინელი ადამიანი), რამდენადმე განვითარებული ტიპი, აღმოჩნდა ჯოუ–კოუ–დიანში (პეკინთან ახლოს) 1927წ.; ჰაიდელბერგელი ადამიანი, აღმოჩენილი 1907წ. გერმანიაში; აფრიკანთროპი, ატლანთროპი, ათიოდე წლის წინ აღმოჩენილი აფრიკაში, ტუნისში და ნეანდერტალელი, რომლის ძვლები გერმანიაში 1856წ. აღმოჩნდა. ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელი ცხოვრობდა ქვედა პალეოლითის მეორე ნახევარში და აგრეთვე გვიან პალეოლითზე გარდამავალ ხანაში. თვით გვიან პალეოლითში ჩნდება დღევანდელი ადამიანის ფიზიკური ტიპი ე. წ. კრომანიონელი ადამიანი, სხვაგვარად, “ნამარხი გონიერი ადამიანი”, რომელიც მალე მთელ აფრევრაზიას მოედო და დასაბამი მისცა დღემდე არსებულ ყველა რასას.

წინაშელურ, შელურ და ადრეშელურ ხანაში გავრცელებულ ჰომინიდებს (იავისა და ოლდუვაის პითეკანთროპებს, სინანთროპებს, ატლანთროპებს, ჰაიდელ ბერგელსა და სხვ.), არქანთროპებს ე.ი. უძველეს ადამიანებსაც უწოდებენ, გვიან აშელსა და მუსტიეს ხანაში მცხოვრებ ნეანდერტალელსა და მისთ. პალეანთროპებს ანუ ძველ ადამიანებს, ხოლო გვიან პალეოლითში გამოჩენილ “გონიერ ნამარხ ადამიანებს” ნეოანთროპების, ანუ ახალი ადამიანების სახელითაც მოიხსენიებენ.

ქვედაპალეოლითელი ადამიანის ცხოვრება ჯერ კიდევ ბევრად იყო დამოკიდებული გარემო პირობებზე. ამ პირობათა შორის, პირველყოვლისა, უნდა დასახელდეს პოლარული ყინვარები, მათი პერიოდული მოძრაობანი და ამით გამოწვეული ცვლილებები ბუნებასა და ადამიანთა ცხოვრებაში. სპეციალისტები აღნიშნავენ ყინვარების გლობალურ ხასიათსა და მათ ფართო გავრცელებას ძველ მეოთხეულში. ამ ნიშნის მიხედვით, ძველ მეოთხეულს ყინვარეულ პერიოდსაც უწოდებენ.

ყინვარეული მოვლენების განვითარება შეინიშნებოდა კავკასიონის მთიანეთშიც, მაგრამ აქაური გაყინვარება ძლიერი არ ყოფილა, რის გამოც მისი გავლენა გარემოზე შესაბამისად სუსტი იყო. თავის დროზე სრპეციალისტების მიერ ალპებში შესწავლილი იყო ოთხი ყინვარეული და სამი ყინვარეულთშორისი პერიოდი. ესაა: გიუნცი, მინდელი, რისი და ვიურმი, შესაბამისად, გიუნც-მინდელის, მინდელ–რისის, და რისვიურმის ყინვარეულთშორისი პერიოდები. ამათგან საბჭოთა კავშირში გიუნცის კვალი არ არის დადასტურებული, სხვათა კვალი საკმაოდ ბევრია, იგი დასტურდება ჩვენი ქვეყნის მთიანეთშიც, თუმცა მცირე.

საქართველოს შავი ზღვისპირა ზოლში მინდელის დროს უკვე ჩამოყალიბებული იყო 100–110მ სიმაღლის ტერასები, რომლებზედაც ბლომად ვხვდებით ქვედაპალეოლითურ იარაღებს. ცხოველთაგან აღსანიშნავია: სამხრეთის სპილო, ბრტყელშუბლა სპილო, ეტრუსკული მარტორქა, გარეული ცხენი, ბიზონი, ელასმოთერიუმი, მღვიმის დათვი, ანტილოპა და სხვ. მინდელის შემდეგ ისე ათბილებულა, რომ ჰავა ქვეტროპიკულს უახლოვდებოდა. მალე ისევ აცივებულა.

რისის ყინვარეული ხანა ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი ყოფილა. კავკასიონზედაც მძაფრად გაუყინავს. ამ დროის ცხოველებია: მამონტი (ჩვენში მისი აღმოჩენის მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს), ბეწვიანი მარტორქა, დიდრქიანი ირემი. ბევრია მღვიმის დათვი, აფთარი, ლომვეფხვა. რისისა და რის-ვიურმის ეპოქაში ყალიბდება 60–80 და 32–40მ სიმაღლის ტერასები, სადაც პალეოლითური მონაპოვარი კიდევ უფრო მეტია.

ვიურმის გაყინვარება უკანასკნელი და თანაც ყველაზე სუსტი იყო. ამ დროის კავკასიონის ყინვარეულ ცენტრად იალბუზსა თვლიან. ჩამოყალიბებულია 25–30 მ სიმაღლის ტერასები, სადაც მოიპოვება უმთავრესად გვიან პალეოლითური იარაღები, მაგრამ არის ჩამორეცხილი უფრო ადრეულიც. განაგრძობენ არსებობას მამონტი, დიდრქიანი ირემი, მღვიმის ცხოველები და სხვ.

ასეთი ცვალებადი კლიმატური პირობებისდა შესაბამისად ადამიანი ხან უმთავრესად ღია ცისქვეშეთით კმაყოფილდებოდა, ხან კი კარსტულ მღვიმეებსა და ხეებს აფარებდა თავს. ქვედაპალეოლითური ხანის ადამიანის ნასადგომევთა თუ მეტ-ნაკლებად დროებით ნაბინართა საერთო რაოდენობამ ჩვენს რესპუბლიკაში დღეისათვის უკვე 137–ს მიაღწია. ამათგან 42 აშელს, ხოლო 95 მუსტიეს განეკუთვნება. ამგვარად, გამოდის, რომ საბჭოთა კავშირში ამ ხანის ნაბინართა 64%-ზე მეტი მარტო საქართველოს მიწა–წყალზეა მიკვლეული.

უძველეს ადამიანთა ეს ნაბინარები ნაწილდება მკაფიოდ გამოყოფილი შემდეგი რაიონების მიხედვით: I. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი; II. რიონ–ყვირილას აუზი; III. შიდა ქართლი; IV. მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაბალმთიანეთი, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში; V. ჯავახეთის ზეგანი და VI. იორ–ალაზნის აუზი. აღნიშნულ რაიონებში მიკვლეული ნაბინარები, კულტურული ნაშთების განლაგების ხასიათის მიხედვით, იყოფა ორ ჯგუფად: ა) კულტურული ფენების შემცველი ნასადგომევნი, ბ) აუშლელ კულტურულ ფენას მოკლებული ნაბინარნი. პირველი ჯგუფის ნასადგომევნი მოკვლეულია უმთავრესად I, II და IV რაიონების მღვიმეებში (კუდარო, წონა, ჯრუჭულა, წოფი და სხვ.) და გვაძლევენ კარგად დოკუმენტირებულ მასალას, მეორე ჯგუფისანი კი გავრცელებულია უმთავრესად მაღალ, მდინარეულ და ზღვიურ ტერასებზე (შავიზღვისპირეთი), მდინარეთა წყალგამყოფ მთაგრეხილებზე (შიდა ქართლი, კახეთი) ანდა მაღალ პლატოებზე (ჯავახეთის ზეგანი). უკანასკნელი წლების ძიების შედეგად შესაძლებელი გახდა კულტურული ფენის შემცველი ნაბინარი მეორე ჯგუფის ძეგლებშიც გამოგვეყო (მაგალითად, უძრავი მუსტიეური ფენა გურჯაანის რაიონის სოფ ზიარში).

ზღვისპირა აშელური სადგომებიდან უნდა აღინიშნოს ნაბინარები სოფ. კოლხიდაში, გუდაუთაში, სოხუმში, იაშთხვაზე, ბირცხში, გალში, ჭუბურხინჯში, ლესელიძეში, ხეივანსა და სხვ. ამ მხარეში მოპოვებული კაჟის ინვენტარი ძირითადად წარმოადგენს უხეშ, მასიურ, ფართო და ხშირად უსწორო მოყვანილობის ანატკცებს, რომლებიც ჩამოტეხილია უმთავრესად დისკოსებრი გულგულებიდან (ნუკლეუსებიდან). ზოგიერთი შემდგომი დამუშავებით უქცევიათ წვეტანებად და სახოკ იარაღებად. ზოგან (იაშთხვაზე, გალში, ხეივანში, ჭუბურხინჯში) ნაპოვნია ეპოქისათვის მეტად დამახასიათებელი, თითქმის უნივერსალური იარაღები, ხელცულები.

უნდა ითქვას, ამ დროს ჯერ კიდევ არ იციან იარაღის მეორადი რეტუშით დამუშავება და უმეტესად კაჭრის ორმხრივ გათვლას, გაჩორკნას მიმართავენ. ამ დროს ხელცულები ორმხრივ დამუშავებულია. ქვის იარაღის დამუშავების ეს წესი, რასაც ბიფასურ ტექნიკასაც ეძახიან, ქვედა პალეოლითში საყოველთაოდ გავრცელებულია.

აშელურ ნაბინართა შორის სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით იაშთხვა გამოირჩევა. იგი სოხუმიდან ჩრდილოეთით 3კმ მანძილზეა. მოთავსებულია 80–100მ სიმაღლის (მინდელის) ტერასაზე. აქ ქვის ხანის თითქმის ყველა დროის ნაშთებია. მათ შორის უძველესია აშელური იარაღები, რომლებიც დელევიონურ თიხნარშიც არის და ზედაპირზეც ბლომად მოიძებნება. აქაური კაჟის ინვენტარში გამოირჩევა მასიური ანატკეცები; დიდი და ტლანქი დისკოსებური ნუკლეუსები; მასიური, გვერდელა სახოკები; უხეში წვეტანები; ორმხრივ დამუშავებული ხელცულები; ტლანქი, მჭრელი იარაღები და სხვ. იარაღთა უმრავლესობა მთლიანი კაჭრისგან არის გამოთლილი ან მსხვილ ანატკეცზეა გაფორმებული.

იაშთხვას ნამოსახლარზე ხანგრძლივი ცხოვრების კვალი ჩანს. აქ ადამიანთა მრავალრიცხოვან კოლექტივებს ადრეულ აშელსა (შესაძლოა, შელშიც) და მუსტიეში უცხოვრიათ და ისინი არც შემდეგ ხანებში მიუტოვებიათ. ამას მოწმობს ქვის დამუშავებაში შენიშნული ტრადიციები, რაც გამოიხატება აშელური ტექნიკის შემდგომი განვითარებით, ერთი მხრივ, ლევალუაური, ხოლო, მეორე მხრივ, ტეიაკური ტექნიკის მიმართულებით.

აშელური იარაღები ფართოდ არის გავრცელებული რიონ–ყვირილას აუზშიც. ამ პერიოდისაა, კერძოდ, სოფ. კაცხში, პერევისასა და სკინდორში (ჭიათურის რ–ნი) შეგროვილი მასალები, რომლებიც გვხვდება მდ. ყვირილას ორთავ ნაპირზე, წყლის დონიდან 200–250 მ შემაღლებულ ტერასისმაგვარ პლატოებზე. ამათგან ადრეულია საქორიას (კაცხში ) ძეგლები: ხელცულები, უხეში საჩეხი იარაღები. სახოკები, გულგულები, ანატკეცები, რომელთა რიცხვი 2200 აღწევს. ერთგვარი სიტლანქე, მასიურობა, ღრმა პატინიზაცია, ნაკეთობის დამუშავების პრიმიტიული ხერხები ამ იარაღებს ადრეული აშელით ათარიღებს.

გვიანი აშელით დათარიღებული ძეგლები მიკვლეულ იქნა მდ. ჯეჯორისა და ყვირილას სათავეებში. ესაა კუდაროს მღვიმეთა ჯგუფი სოფ. ჩასავალთან და წონას მღვიმე ერწოს ტბისა და სოფ. წონას მახლობლად (ჯავის რ-ნი). ზღვის დონიდან ისინი საკმაოდ მაღალზე იმყოფებიან (კუდარო-600მ, წონა- 2100მ ) და მარადთოვლიანი მთებისაგან 15–20 კმ–ით არიან დაშორებული. შეიცავენ ოთხ სხვადასხვა დროის (აშელის, მუსტიეს, ეპიპალეოლითისა და ადრებრინჯაოს) კულტურის ძეგლებს. ჩანს, ისინი პირველყოფილი ადამიანის დროებითი სადგომებია. მღვიმეთა უღრმეს კულტურულ ფენებში მოპოვებული ხელცულები, უხეში, მჭრელი იარაღები, წვეტანები, სახოკები და სხვ. მსგავს იარაღთა საუკეთესო ტიპებს იძლევა და მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას გვიქმნის აშელის დროის ადამიანთა სამეურნეო საქმიანობაზე (მონადირეობა, შემგროვებლობა). ამათი განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ იმაშია, რომ აშელით დათარიღებული ძეგლების ასეთ დიდ სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 2100 მ) აღმოჩენა პირველად დასტურდება არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. როგორც ჩანს, ზედა მეოთხეულის დასაწყისში კავკასიონზე აცივებულა რის გამოც აღნიშნულ სიმაღლეებზე ხანგრძლივი ცხოვრება შეუძლებელი გამხდარა. ამის პირდაპირი მოწმობაა ზედაპალეოლითური ნაშთების არარსებობა ხსენებულ მღვიმეთა კულტურულ ფენებში. მასალები ადასტურებენ, რომ ზედაპალეოლითელ ადამიანს ზღვის დონიდან 800–1000მ-ზე უფრო მაღლა არც უცხოვრია.

ამავე პერიოდის ძეგლები ბლომადაა შიდა ქართლშიც. მათგან ყველაზე ადრე და სრულად შესწავლილ იქნა ლაშე-ბალთის ნაბინარი. იგი მდებარეობს მდ. მეტეხის ფრონეს ტყე – ველიან ზონაში (ზნაურის რ- ნი). ლანდშაფტის მრავალფეროვნებას, მდინარეთა და ტბების სიახლოვეს, ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა პირველყოფილ ადამიანთა მიერ ამ მიდამოების დასახლების დროს.

აქ იარაღები და ანატკეც–ანამტვრევები თავმოყრილია პაწია, მშრალი ხევების ქვიშიან – ხვინჭოვან ფენაში, ზედაპირიდან 1,30–3,40მ-ის სიღრმეზე; უმრავლესობა მაინც ზედაპირზეა შეკრებილი და ძლიერ ნაგორებიც არის. ეს მოწმობს, რომ ისინი მაღლამდებარე ტერასიდან უნდა იყოს ჩამოტანილი ისევე როგორც დასავლეთ საქართველოში და სომხეთში, სადაც უმთავრესად 80–100მ სიმაღლის ტერასებს უკავშირდებიან. ნაკეთობის ნედლ მასალად გამოყენებული ყოფილა ანდეზიტი, იასპი, ქალცედონი, კირქვიერი კაჟი და სხვა, რომელთაგან ამზადებდნენ ხელცულებს, სახოკებს, წვეტანებს. ნუკლეუსები უმთავრესად დისკოსებურია, გვხვდება კუბისმაგვარი, სწორკუთხა, ატიპიური. ლაშე–ბალთის იარაღები უახლოვდება იაშთხვისა და სატანიდარის (სომხეთი) მასალებს, თუმცა ხნოვანებით ამ უკანასკნელს ჩამორჩება და შუა აშელით თარიღდება.

ამ პერიოდის ნაკეთობანი: ნუკლეუსები, ნამზადები და სხვ. აღმოჩენილია აგრეთვე სოფ. ქალეთში, მეტეხში, თიღვაში, ძაღინაში, კვერნეთში, დამპალეთში, აჩაბეთში, ზედა დვანში და სამხრეთ ოსეთისა და შიდა ქართლის ბევრ სხვა სოფელში.

აშელური ნაკეთობანი ჯავახეთის ზეგანზე იქნა აღმოჩენილი. ყველაზე მეტყველი გამოდგა ნასადგომევი ახალქალაქი I (ქალაქიდან სამხრეთით 1კმ–ზე), სადაც შეკრებილია ბაზალტისაგან ნაკეთები ხელნაჯახები, სახოკები, ნუკლეუსები, ანატკეცები და სხვ. ეს მასალები ახლო დგას ლაშე–ბალთის, იაშთხვას, სატანიდარის, არზნის შესატყვის ნაკეთობებთან და აშელის მეორე ნახევრით თარიღდება.

ცნობილია აშელის დროინდელი იარაღ–ანატკეცები აგრეთვე ლაკბის ხევიდან, კაჭრეთთან ახლოს (კახეთი).

როგორც ვხედავთ, აშელის კულტურას საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონია საქართველოში, რაც მოწმობს, რომ ევრაზიის საზღვარზე მდებარე ეს მხარე ძველი ოჲკუმენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა.

ეს მხარე უფრო ფართოდ ყოფილა დასახლებული მომდევნო, მუსტიეს ეპოქაში. დღემდე მიკვლეულია ამ ეპოქის დამახასიათებელი 95–მდე ძეგლი, რომელთა უმრავლესობა დასავლეთ საქართველოშია, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც საკმაოდ ბევრია და სამხრეთშიც მოიპოვება.

შავიზღვისპირა რაიონში მუსტიეს ეპოქის ძეგლები აღმოჩენილია ბზიფის ეხში, კალდახვარაში, ლიხნეში, გუდაუთაში, სოხუმში, იაშთხვაში, აჰბიუკში, კელასურში, ოჩამჩირეში, ილორში, გალში, ხევში, ოქუმში, რუხსა და ბევრ სხვაგან.

ოჩამჩირის ნაბინარი, მაგალითად მოთავსებული ყოფილა (ქალაქის მახლობლად) სოხუმ- ოჩამჩირის გზატკეცილის ნაპირას III (35მ სიმაღლის) ტერასის ფერდობზე. აქ მოპოვებული წვეტანები, სახოკები, სამკუთხა ლამელები, დისკოსებური ნუკლეუსები წითელი კაჟისაგანაა მომზადებული და მოყვითალო–ყავისფერი პატინით არის დაფარული. ლამალები ნაკლებმასიურია, დარტყმის მოედანი ვიწროა; იარაღის მეორადი დამუშავების შემთხვევები უფრო ხშირია; ორმხრივი დამუშავება დავიწყებულია და სხვ.

რიონ–ყვირილას აუზის მუსტიეს ტექნიკისათვის დამახასიათებელი მასალა ბლომად აღმოჩნდა სოფ. ჭილოვანში (ჭიათურის რ-ნი). იგი მდ. ყვირილას მარცხენა ნაპირზეა, ზღვის დონიდან 600მ სიმაღლეზე (ჭიათურიდან 5კმ–ზე). აქ უამრავია საუკეთესო ხარისხის კაჟი – უმთავრესი ნედლეული იმდროინდელი იარაღების დასამზადებლად. ჩურგულში, ხერგეთსა და კაჟებში მოპოვებული მრავალრიცხოვანი ნუკლეუსების, სახოკ–საფხეკების, წვეტანების, ანატკეცებისა და სხვ. შესწავლა გვიჩვენებს, რომ ისინი განეკუთვნება ლევალუა–მუსტიეს (ჩურგული), მუსტიეს (ხერგეთი) და გვიანი მუსტიეს (კაჟები) ხანას.
ქვის დამუშავების კიდევ უფრო მაღალი ტექნიკა გამოავლინა ჯრუჭულას მღვიმის მასალებმა (სოფ. ზოდი, მდ. ჯრუჭულას მარჯვენა ნაპირი). მღვიმის ორთავ კულტურულ ფენაში აღმოჩენილი გვიანმუსტიეური იარაღ-ხელსაწყოები ლევალუაური ტექნიკის შესანიშნავ ნიმუშებს იძლევა. ეს მღვიმე იმითაც არის შესანიშნავი, რომ მან მოგვცა კავკასიისათვის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნაშთი (საძირე კბილი) ნეანდერტალელი ადამიანისა.

გვიანი მუსტიეს რჩეული იარაღები აღმოჩენილია აგრეთვე წონასა და კუდაროს მღვიმეებში.

რიონ–ყვირილას აუზშივეა აღმოჩენილი და გათხრილი შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც ფინალური მუსტიესა და ზედა პალეოლითზე გარდამავალი ხანის მასალებს იძლევიან. ესენია საგვარჯილე, მდ. ძევრულას მარცხენა ნაპირზე (თერჯოლის რ-ნი) და ჭახათის ეხი მდ. წყალწითელას მარჯვენა ნაპირზე (ქუთაისის რ-ნი); ჯრუჭულას მღვიმის, საგვარჯილეს და ჭახათის ეხების, აგრეთვე სვანთა სავანის არქეოლოგიური ნაშთები უძვირფასეს მასალას გვაწვდის საქართველოსა და კავკასიის ზედაპალეოლითური კულტურის ჩასახვა–განვითარების საკითხების დასამუშავებლად.

მუტიეს 15-მდე ძეგლი აღმოჩენილია ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის, მეჯუდის და ფრონეს ხეობებში. მათგან უმნიშვნელოვანესია თამარაშენში, მორგოში, ჯიჯოეთსა და ყორნისში მოპოვებული მასალები, რომლებიც ღია ნაპირებიდან მომდინარეობს.

ამავე პერიოდის, ოღონდ უფრო ადრეული ეტაპის მასალას გვაწვდის ქვემო ქართლის კულტურულ გარემოში მიკვლეული ნასადგომევი წოფის I მღვიმეში. აქაური მონაპოვარი ენათესავება სომხეთის ზეგნისა და მახლობელი აღმოსავლეთის სინქრონულ ძეგლებს და დას. საქართველოს მასალებსაც კარგად ეხმაურება. წოფის ფაუნაში გამოირჩევა ბეწვიანი მარტორქის, გარეული ცხენის, კეთილშობილი ირმის, დაღესტნური ჯიხვის ნაშთები. ამათთან ერთად იყო ოქოტონას ძვლებიც, რაც წინააზიურ ფაუნასთან კავშირს მოასწავებს.

ამავე რაიონში შვიდიოდე ადგილსამყოფელია (სამშვილდე, კაზრეთი, გომარეთი, მამეი და სხვ.), რომლებიც ბოლომდე არ არის გამოვლენილი.

ქვემო ქართლის ძეგლებთან ახლო კავშირში ჩანს ავეიდაღის (ყაზახის რ-ნი, აზერბაიჯანის სსრ) მღვიმურ ნასადგომევებში აღმოჩენილი მუსტიეური მასალები. ასევე ახლო უდგება წონა–კუდაროს ნივთიერ კულტურას აზოხის მღვიმის (გადრუთის რ-ნი, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის სსრ) აშელურ–მუსტიეური კულტურის ნაშთები. საერთოდ, წონას, კუდაროსა და აზოხის მღვიმეებს კავკასიის საყრდენ ძეგლებად მიიჩნევენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ მუსტიეური კულტურა უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე აშელური. ამ დროს აუთვისებიათ არა მარტო ზღვისპირეთი, მდინარეთა შესართავები, ტერასები, ტყიანველიანი ზონა, არამედ შუა, ზოგჯერ მაღალმთიანეთიც. პირველყოფილი ჯგუფი მცირერიცხოვანი ყოფილა (20–30 კაცი) და უნდა ეცხოვრათ ტყის პირას ან მდინარეთა შორის მოქცეულ კონცხებზე ბანაკის სახით. თავშესაფრად (ღამის სათავედ, მტაცებელთაგან თავდასაცავად, მარაგის საწყობად, სამუშაო ფართობის უზრუნველსაყოფად) ხის ტოტებისაგან ნაკეთები კარავი უნდა ჰქონოდათ. რისის აცივებასთან დაკავშირებით იგრძნობა ლტოლვა ბუნებრივი მღვიმეებისაკენ. მღვიმეებში ცხოვრება, შუაცეცხლით სარგებლობა აღვივებდა კოლექტიური თანაცხოვრების, ერთობლივად მოპოვებული სარჩო–საბადებლის საერთოობის პრინციპს, საფიქრელია, რომ გვარის ჩამოყალიბების პროცესი მუსტიეს გასულს აქედან უნდა დაწყებულიყო.

მეურნეობის მთავარი სახეები იყო: მონადირეობა (მამონტზე, მარტორქაზე, ბიზონზე, გარეულ ცხენზე, ირემზე, დათვზე, კურდღელსა და სხვ. წვრილ ცხოველებზე), შემგროვებლობა (ხის ნაყოფის, გარეული ხილის, ძირხვენა ბოლქვებისა). იარაღის კეთება, იარაღებს აკეთებდნენ ხისაგან კაჟისაგან, ანდეზიტ–ბაზალტისა, ობსიდიანისა და სხვა მაგარი ქანებისაგან. იცოდნენ ქვის გათლა, გაჩორკნა, იშვიათად მეორადი დამუშავებაც (რეტუში). მუსტიეს ეპოქაში დაეუფლნენ ქვის ჩამოტკეცვას და ანატკეცი ნამზადისაგან უფრო მსუბუქი, მჭრელი და მხოკავი სატყორცნ – საძგერებელი იარაღების დამზადებას. იარაღთა ასორტიმენტი ერთობ ღარიბია: ხელცული, უხეშად მჭრელი იარაღი, ხელჩაქუჩი, წვეტანა (ხშირად შუბისპირად ქცეული), სახოკ–საფხეკი, იშვიათად საჭრისი, სახვრეტი და სხვ. ამიტომაც მათი დანიშნულებაც ნაკლებად დიფერენცირებული იყო. ამ ხანაში ჩაისახა შრომის განაწილება ასაკისა და სქესის მიხედვით. ახალგაზრდა, მოწიფული და ჭარმაგი თაობა სარეწაოზეა (ნადირობს, აგროვებს). მოხუცები საამისო იარაღს აკეთებენ, მოზრდილ ბავშვებს უვლიან და ასწავლიან. დიაცები უმთავრესად შემგროვებლებია, მამაკაცები–მონადირენი. შრომის ასაკობრივ–სქესობრივი განაწილება მეურნეობის სისტემატურ ხასიათს უნდა მოჰყოლოდა შედეგად. მეურნეობის პროგრესს ხელი შეუწყო ცეცხლის მიღების გამოგონებამ, რაც ქვედა პალეოლითის კულტურული მონაპოვარია. ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას უტოლებენ რკინის დამუშავების ათვისებას. პირველს ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა პირველყოფილი ჯგუფის მატრიარქატულ – გვაროვნულ თემში გადაზრდისათვის, როგორიც ბევრგან მეორეს, პირველყოფილ–თემური წყობიდან კლასობრივ წყობილებაზე გადასვლისათვის.

ადამიანს უმუშავდება აქტიური თავდაცვის უნარი; ეჩვევა რეგულარულ შრომას; სისტემატურად იკვებება ხორცეულით; საბოლოოდ ეუფლება გამართულ სიარულს. ყველაფერი ეს აღვივებდა მის ცნობიერებას, უვითარებდა მეტყველებას. გონიერების ამაღლება და მეტყველების წარმოშობა–განვითარება უშუალო კავშირში იყო იარაღის წინასწარგანზრახვით დამზადებასთან და ძველი ადამიანების საერთო ცხოვრებასთან. ბუნების ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში შეძენილმა გამოცდილებამ გააკაჟა ადამიანი, ფიზიკურად უფრო მოქნილი და გონებრივად უფრო ძლიერი გახადა. სწორედ საპიენტაციის პროცესმა განაპირობა უმთავრესად ნეანდერტალელის შეცვლა კრომანიონელით, “გონიერი ადამიანით” (Homo Sapiens),რომელიც ზედა პალეოლითში ცხოვრობდა.

No comments: