Wednesday, May 30, 2007

თავი პირველი §2.

§ 2. გვიანი (ზედა) პალეოლითი

ზედა პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანის გვიანი საფეხური კაცობრიობის წარსული ცხოვრების უაღრესად შინაარსიანი და საინტერესო ფურცელია. იგი არ არის დაწერილი იოლად საკითხავი ანალებით, მაგრამ მეცნიერებისათვის მაინც შევსებულია ადამიანის მიერ ბუნების ძალთა დამორჩილების, საკუთარი თავისა და თავისი სოციალური ორგანიზაციის სრულყოფისათვის ბრძოლის სურათებით. ამ დროის ადამიანი უფრო ფართოდ არის განსახლებული დედამიწის ზურგზე, ვიდრე ქვედა პალეოლითში. აფრევრაზიის შემდეგ იგი მეოთხე მატერიკზე, ამერიკაშიც გადასულა. თუ ადრე ნეანდერტალელთა ნაბინარებს ევრაზიის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ვხვდებოდით, ახლა კრომანიონელებს ამ მატერიკების ჩრდილოეთი ნაწილიც[1] დაუსახლებიათ და ეპოქის ბოლოს თვით არქტიკამდეც კი მიუღწევიათ[2].

საბჭოთა კავშირის მიწა–წყალზე დღეისათვის გვიანპალეოლითელი ადამიანის 750–ზე მეტი ძეგლია ცნობილი. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ძეგლი მოდის. თუ საბჭოთა კავშირში ცნობილ ქვედაპალეოლითურ ძეგლთაგან საქართველოზე თთითქმის 2/3 (64%) მოდიოდა, ზედაპალეოლითური ძეგლების მხრივ ასეთი შეფარდება საქარველოსათვის ცოტათი აჭარბებს 1/7 (14%). ეს იმას ნიშნავს, რომ ზედა ანთროპოგენში ყინვარების საგრძნობლად უკან დახევის შედეგად, განთავისუფლებული დიდი ტერიტორია ზედაპალეოლითელს საკმაოდ სწრაფად აუთვისებია.

ამ დროის ადამიანის საწარმოო საშუალებათა მარაგი, კერძოდ, იარაღხელსაწყოთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. იგი იწყებს თავის საწარმოო საშუალებათა წარმოებას, ე. ი. იგონებს და სრულყოფს იარაღებს საწარმოო დანიშნულების იარაღების საწარმოებლად. ეძიებს, პოულობს და ამრავალფეროვნებს საშუალებებს საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ყოფის გასაუმჯობესებლად; წინ ეღობება ბუნების სტიქიურ ძალებს: სიცხეს, სიცივეს, უამინდობას; იკერავს ტყავის ტანსაცმელს; აწყობს და აუმჯობესებს ბუნებრივ თავშესაფარს (მღვიმეს), ხოლო სადაც ეს არ არის, ველ – მინდორში იშენებს ბინას (მიწურს, კარავს). ინსტიქტურად ებრძვის ახლო ნათესავთა შორის სისხლის აღრევას, რაც იწვევს ექსოგამური ქორწინების განმტკიცებას გვარსა და თემში; საკვების მენიუს გამრავალფეროვნების შესაბამისად აღვირს დებს კანიბალისტურ მისწრაფებას; მაღლდება ზნეობრივად, ზრუნავს მიცვალებულზე (როგორც წესი, კრძალავს მას); უჩნდება წარმოდგენა სულებით დასახლებულ იმიერ სამყაროზე (ანიმიზმი); აღმერთებს მოვლენას, საგანს (ფეტიშიზმი); შრომის წარმატებითი შედეგის მისაღწევად მიმართავს მაგიას; ქმნის მითებს, აღიარებს კულტს, მაშასადამე, ეზიარება რელიგიას. ბოლოს, ამ გონიერ ადამიანს უჩნდება ესთეტიკური მოთხოვნილებანიც (უმთავრესად საწარმოო ყოფიდან გამომდინარე), ცდილობს მათ დაკმაყოფილებას შინაგანი მოწოდების გამომჟღავნების გზით და ეუფლება გრაფიკას, ქანდაკებას, ფერწერას.

საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ამ მხარის გაშუქება მარტო ერთი ქვეყნის არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვ. მასალების მოშველიებით, რაგინდ ბევრი და მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს, ვერ მოხერხდება. იგივე ითქმის ჩვენი ქვეყნის მიმართაც. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვის ხანის ისტორიის შესწავლას დიდი ყურადღება დაეთმო ჩვენში (განსაკუთრებით, რევოლუციის შემდეგ), ზემოაღნიშნული საკითხების შესასწავლად ბევრი საინტერესო მასალა დაგროვდა, ბევრი საყურადღებო ფაქტი დადგინდა, მრავალი საკითხი ახლებურად გადაიჭრა და საბოლოდ, ამ შორეული წარსულის ადამიანთა საზოგადოების შესახებ მეტ–ნაკლებად მწყობრი და დასაბუთებული წარმოდგენა შემუშავდა[3].

ზედაპალეოლითელი ადამიანის ნაბინარები მიკვლეულია საქართველოს შავიზღვისპირეთში, ცხენისწყალ–რიონ–ყვირილას უზში, კავკასიონის მთისწინეთსა და შუამთიანეთში, აგრეთვე ანტიკავკასიონის მთისწინეთში, უმთავრესად მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში. თავისი ხასიათის მიხედვით ეს ნაბინარები ორ ჯგუფად იყოფა: მღვიმური და ღია. პირველნი უმთავრესად კირქვის გავრცელების რაიონშია გამოვლენილი (25 ნასადგომევი), მეორენი კი – ზღვიურ და მდინარეულ ტერასებზე, ღია ცისქვეშ (28 ნაბინარი). მღვიმურ ნასადგომევში ადამიანის ცხოვრების კვალი, ცხადია, უკეთ არის დაცული, მაშინ, როდესაც მეორე შემთხვევაში ამგვარი კვალის დადასტურება, ნიადაგის გადარეცხილობის გამო, საკმაოდ გაძნელებულია. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ დროის ნაბინარები ზღვის დონიდან 800–1000 მეტრს ზემოთ აღარ გვხვდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თითქმის მთელი ზედა პალეოლითის განმავლობაში ხსენებულ ნიშნულზე უფრო მაღლა საგრძნობი უნდა ყოფილიყო ვიურმის გაყინვარებით გამოწვეული აცივება, რის გამოც ადამიანს ასეთ სიმაღლეთა გარემოში ხანგრძლივად ცხოვრება არ შეეძლო. იგი უმთავრესად მთისწინეთსა და დაბლობ ადგილებში ცხოვრობდა, ხოლო შუა და მაღალმთიანეთში ნადირობისას და ტყის მცენარეული ნაყოფის შეგროვებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

ჩვენი შორეული წინაპრების ცხოვრება ზედა პალეოლითში (თუ მეტი არა, 35 000 წლის განმავლობაში მაინც) მეტად თავისებურ პირობებში მიმდინარეობდა, რამაც კულტურის განვითარების თავისებური გზა და ხასიათი განაპირობა. საქართველოს ზედა პალეოლითური კულტურის სინქრონული კულტურები, ცხადია, სხვაგანაც განვითარდა, მაგრამ ყველა მათ, განსაკუთრებული ფიზიკურ – გეოგრაფიული გარემოსა და შექმნილი კულტურულ -ისტორიული ვითარებისდა შესაბამისად, თავისებური იერსახე მიეცათ. მაგალითად, ერთია დასავლეთ ევროპის კლასიკური ზედაპალეოლითური კულტურული გარემო, განვითარების მეტ – ნაკლებად უწყვეტი ძაფით წარმოდგენილი პერიოდის დასაწყისიდან მის დასასრულამდე (ორინიაკი ან პერიგორდი – სოლუტრე – მადლენი –აზილ – ტარდენუა) და მეორეა ყინვარეთისპირა (პერიგლაციალური) ქვეყნების, კერძოდ, შუა და აღმოსავლეთი ევროპის ვრცელ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული კულტურა, სადაც თანადროული ორინიაკის კულტურის გვერდით გვაქვს მუსტიედან უშუალოდ განვითარებული სელეტი (შუაევროპაში), მაგრამ არა გვაქვს ამათი მომდევნო ნამდვილი ფრანგული სოლუტრე. სხვაგან კი (მაგალითად, შუა რუსეთის დაბლობზე) თითქოს პირიქით მოხდა: სოლუტრეს კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები, რომლებიც ორინიაკს უნდა მოჰყოლოდა, ამ უკანასკნელზე უფრო ადრე გამოჩნდა. სულ სხვა რამ მოხდა ჩრდილოეთ აფრიკის კულტურულ გარემოში. მუსტიეს შემდეგ აქ ე.წ. კაპსიური კულტურა წარმოიშვა, რომლისთვისაც უმთავრესად ქვის დამუშავების მიკროლითური ტექნიკა იყო დამახასიათებელი და ამგვარად, დასავლეთევროპული ორინიაკი, სოლუტრე და მადლენი განვითარების ჯაჭვიდან სულ ამოვარდა. გარდა ამისა, ახალი კაპსიური კულტურა მხოლოდ სირია-პალესტინის ნატუფიური კულტურის მსგავსი იყო. ჩრდილოეთი მეზობელი ტერიტორიების (ჩრდილო კავკასიის ტრამალების, აზოვისპირეთისა და უკრაინის სტეპების) კულტურა უმთავრესად მაინც პერიგლატიალური რეგიონის კულტურა იყო, თუმცა ამავე დროს კავკასიური კულტურული ნაკადებიდანაც საკმაოდ დამოკიდებული რჩებოდა. რაც შეეხება კავკასიის, ნამეტნავად ამიერკავკასიის ზედა პალეოლითის, მისი ორინიაკი ევროპულისას მთლიანად არ იმეორებს, ხოლო არც სელეტური, არც სოლიუტრეული და არც მადლენური კულტურები კავკასიაში დადგენილი არ არის. თუმცა, დასავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ზედაპალეოლითური ხელსაწყო–იარაღების ასორტიმენტსა და ქვის დამუშავების ტექნიკაში ბევრი საერთო რამ შეიძლება მოინახოს. ასევე აქაური კულტურა არ მისდევს ზედაპალეოლითური კულტურის განვითარების კაპსიურ ვარიანტს. მაგრამ ერთგვარი მსგავსება მათ შორის მაინც შეინიშნება, კერძოდ, მიკროლითური იარაღების ადრე გამოჩენისა და მათი შემდგომი განვითარების მიმართულებით.

როგორც საბჭოთა და უცხოელი ავტორები აღნიშნავენ, კავკასიის ზედა პალეოლითი ყველაზე მეტ სიახლოვეს მაინც მახლობელი აღმოსავლეთის (ერაყი, სირია–პალესტინა) სინქრონულ კულტურებთან იჩენს. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ამ მხრივ ერაყისა და ამიერკავკასიის კულტურათა მსგავსებას[4] და ეყრდნობიან “ორინიაკის მსგავსი” ან “ორინიაკოიდული” ელემენტების ანალოგიებს ერაყის და დას. საქართველოს ზედაპალეოლითურ ძეგლებში. თუმცა სრული ანალოგიის გატარება მაინც არ არის შესაძლებელი.

პროფ. გ. ნიორაძე, რომელსაც ეკუთვნის ზედაპალეოლითური ნაბინარის პირველი მეცნიერული გათხრა და მონოგრაფიული შესწავლა საქართველოში, სწორედ ასეთი ვითარების გამო აღნიშნავდა 1933 წელს: “...ჯერჯერობით სრულიად გარკვეულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ დევისხვრელში აღმოჩენილი კოლექცია ეკუთვნის ახალ პალეოლითს და რომ ის წარმოადგენს თავისებურ რეგიონალურ ფატიას (ხაზი ჩვენია – ა. კ.), რომელსაც მოეპოვება პარალელები კარგად განვითარებულ ზემო ორინიაკის და ძველი კაპსიის კულტურასთან”[5].

რაკი სხვადასხვა კუთხის ზედაპალეოლითური კულტურები ერთმანეთს არ იმეორებს და მათი განვითარების გზები ფრანგული ზედა პალეოლითის განვითარების სქემას (ორინიაკი – სოლუტრე – მადლენი – აზილ – ტარდენუა) ზუსტად არ მოერგო, მეცნიერების წანაშე ცალკეული რეგიონებისათვის საკუთარი, დამოუკიდებელი კულტურულ–ქრონოლოგიური სქემის შემუშავების საჭიროება დადგა.

გ.ნიორაძის შემდეგ, 1935 წელს, საქართველოსა და ამიეკავკასიის ზედა პალეოლითს შეეხო ს. ზამიატნინი. მაშინდელი, ჯერ კიდევ მცირე მასალების გამოყენებით იგი შეეცადა ერთგვარი კანონზომიერება დაედგინა ხსენებული რაიონის ზედაპალოლითური კულტურის განვითარებაში. ამასთანავე, სტრატიგრაფიულად დოკუმენტირებული მასალების თითქმის უქონლობის გამო, იგი უმთავრესად კაჟის ინვენტარს ეყრდნობოდა და აღმავალი საფეხურების გამოყოფას ქვის დამუშავებაში შენიშნული პროგრესული ელემენტების გამოვლინებით ცდილობდა. .
ს. ზამიატნინმა საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლები (იმჯერადაც უმთავრესად იმერეთის მღვიმური ნაბინარებით წარმოდგენილი) სამ ასაკობრივ ჯგუფად დაყო. ადრეულ ჯგუფში შეიტანა ხერგულის კლდისა და თარო კლდის მღვიმური ნაბინარები; შუა ჯგუფში გააერთიანა საკაჟიას, უვაროვის სახელობის, მღვიმევის, ბნელი კლდისა და დევისხვრელის ნაბინარები, ხოლო გვიანი ჯგუფი, რომელიც ადრე გვარჯილას კლდით იყო წარმოდგენილი, 1957 წელს ეძანით (ბარმაქსიზი) და ზურტაკეტით შეავსო[6].

დას. საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის საფეხურებად დაყოფის ზამიატნინისეულ სქემაში, ახალი მასალების გათვალისწინების საფუძველზე, ნ. ზ. ბერძენიშვილმა გარკვეული შესწორება შეიტანა. ადრეულ ჯგუფს (რომელსაც მან ზედა პალეოლითის ადრეული საფეხური უწოდა) მიაწერა იაშთხვა და საგვარჯილე (უძველესი ფენა), აგრეთვე დევისხვრელი (რომელიც ზამიატნინს შუა ჯგუფში ჰქონდა მოთავსებული), ხოლო გვარჯილას კლდის ნამოსახლარი ამოიღო ზამიატნინის “გვიანი ჯგუფიდან” და “განვითარებული საფეხურის” ძეგლად მიიჩნია. “გვიანი საფეხურის” ძეგლებში ნ. ბერძენიშვილს გაერთიანებული აქვს ეძანის (ბარმაქსიზის) ეხი, ოდიში, ჯერმუხი და ზურტაკეტი[7]. დ. თუშაბრამიშვილი ძირითადად იზიარებს ს. ზამიატნინის ქრონოლოგიურ სქემას იმ შესწორებით, რომ გვარჯილას კლდის ნამოსახლარი შუა ჯგუფიდან გვიან ჯგუფზე გარდამავალ ძეგლად მიაჩნია, ხოლო “გვიანი ჯგუფის” ძეგლებს, თანახმად ნ. ბერძენიშვილისა, უმატებს ჯერმუხს, აგრეთვე ქვედსა და წონას[8].

ამჟამად, თუ შევაჯამებთ ამ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს, საქართველოს ზედა პალეოლითი შეიძლება დახასიათდეს შემდეგნაირად დალაგებული ძეგლების განხილვით:



ადრეული განვითარებული გვიანი

საფეხური საფეხური საფეხური

ხერგულის კლდე საგვარჯილე II გვარჯილას კლდე

თარო კლდე საკაჟია საგვარჯილე III

საგვარჯილე I მღვიმევი ჭახათი II

სვანთა სავანე და სხვ. დევისხვრელი ქვაჭარა II

ბნელი კლდე წონა

სამერცხლე კლდე და სხვ. ეძანი

ზურტაკეტი და სხვ.



ხერგულის კლდე სოფ. ვაჭევთან (ჭიათურის რ-ნი) მღვიმური ნასადგომევია. იგი მიკვლეულ და ნაწილობრივ გათხრილ იქნა 1917წ. სტ. კრუკოვსკის მიერ. ფენაში აღმოჩენილი კაჟის ინვენტარი ზედაპალეოლითურ მასალასთან შედარებით არქაულ იერს ატარებს. კოლექციაში წინამავალი ხანის, მუსტიესათვის დამახასიათებელი იარაღები: წვეტანები და სახოკები ფართო, ტლანქ ანატკეც–ანამტვრევებზეა ჩამოყალიბებული. დამახასიათებელია აგრეთვე მცირე ზომის ორმხრივ დამუშავებული იარაღები, დისკოსებური ნუკლეუსი, სამკუთხა ლევალუაური ანატკეცები და სხვ. უფრო მეტია ზედაპალეოლითური იარაღები: სხვადასხვა ტიპის მასიური საფხეკები, მრავალწახნაგა საჭრისები და სხვ. საფხეკებს შორის გამოირჩევა გულგულის მაგვარნი (ნუკლეუს–საფხეკები).

დაახლოებით ასეთივე სურათს იძლევა თარო კლდეში (სოფ. შუქრუთში, ჭიათურის რ-ნი) მოპოვებული მასალები. ორმხრივ დამუშავებული ხელცულის მსგავს იარაღებთან, სამკუთხა წვეტანებთან, მსხვილ ფირფიტოვან დანებთან ერთად აქ ბლომადაა თითქმის ყველა სახე ზედაპალეოლითური იარაღისა, რაც კი მომდევნო ქრონოლოგიურ ჯგუფში გვხვდება. თავისი “ორინიაკოიდული” ნიშნებით ეს მღვიმური ნაბინარი ხერგულის კლდეზე უფრო ახალგაზრდად მოჩანს.

ქვედადან ზედა პალეოლითზე გარდამავალი ხანის ნავსადგომევის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს საგვარჯილეს ეხი (სოფ. ძევრთან, თერჯოლის რ-ნი). იგი გათხარა ნ. ზ. ბერძენიშვილმა 1952წ. ზედა ფენებში გვიანი კულტურები იყო წარმოდგენილი, სულ ქვემოთ კი 5 პალეოლითური ფენა გამოვლინდა. მათ შორის უძველესია მეხუთე ფენა, რომელიც შეიცავს ჩინებულ ნახელავ კაჟის წვეტანებს, დამახასიათებელი დარტყმის სიბრტყითა და ბორცვით. ამ ფენის მასალაში იარაღთა დიფერენცირებული ტიპები ნაკლებად შეინიშნება. უკეთეს შემთხვევაში კაჟის ანატკეც-ანამტვრევებს წვერი ან გვერდი რეტუშირებული (დამუშავებული)[9] აქვს. ქვის დამუშავება ლევალუა-მუსტიეს ტექნიკურ ტრადიციებს ინარჩუნებს, მაგრამ აქვე მოპოვებული საფხეკები, უხეში საჭრისები, მოგრძო, გვერდდაბლაგვებული ფირფიტები და ბევრი სხვა “ორინიაკოიდული” სახის იარაღები ზედაპალეოლითური კულტურის დასაწყისს მოასწავებს. იარაღთა უფრო სრულყოფილი სახეებით წამოდგენილი ამ კულტურის ელემენტები, საგვარჯილეს IV-II პალეოლითური ფენებისათვის არის დამახასიათებელი.

სვანთა სავანე (სოხუმის რ-ნი ამტყელისა და ჯამპალის შესაყარში) გაითხარა 1963–1965წწ. (ნ. ბერძენიშვილი, გ. გრიგოლია), მდინარის ზედაპირიდან 30 მ–ის სიმაღლეზეა. მღვიმის ფენათა შორის ძირითადია მე–4, პალეოლითური. დამახასიათებელია ორი ტიპის ნუკლეუსები (გულგულები): დისკოსებური (მუსტიეური) და მოგრძო პრიზმისებური (ზედაპალეოლითური). იარაღთა დიდი ნაწილი დისკოსებური ნუკლეუსებიდან აღებულ ანატკეცებზეა ჩამოყალიბებული. საჭრისების თითქმის 80% მუსტიეური ტიპის ანატკეც–ანამტვრევებზე არის გაფორმებული, დანარჩენი ტიპიური ზედაპალეოლითურია. ასეთივე სურათია საფხეკების მხრივაც. აქ აღმოჩენილი კაჟის ფოთლისებური და ირგვლივრეტუშიანი მსხვილი დანები ზედა პალეოლითის საწყისი პერიოდის სახელმძღვანელო იარაღებად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ უფრო მრავალრიცხოვანია ზედაპალეოლითური კაჟის ინვენტარი (სახვრეტები, დაკბილული იარაღები, გრავეტის ტიპის ორი და ცალგვერდრეტუშიანი დანები და სხვადასხვა მიკრო იარაღები). დამახასიათებელია, რომ მუსტიეური იერის იარაღები მონაცრისფრო და შედარებით უხარისხო კაჟიდან არის დამზადებული, ხოლო ზედა პალეოლითური იარაღების უმრავლესობის დასამზადებლად კარგი ხარისხის მოვარდისფრო კაჟი არის გამოყენებული. მასალებზე დაკვირვება ააშკარავებს, რომ აქ ქვის დამუშავების ტექნიკაში ორგანულად შერწყმულა მუსტიეური და ზედაპალეოლითური წესები, მაგრამ ისე, რომ პირველი დაქვემდებარებული აქვს მეორეს. ამგვარად, ეს ძეგლი ჩვენი ქვეყნის ადრეული და გვიანდელი პალეოლითის მჭიდრო კავშირის მოწმეა[10].

ამ დროის ნაბინართა რიცხვი, რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილით არ განისაზღვრება. მათი დიდი რაოდენობა, საფიქრებელია, მღვიმეებში ადამიანის მრავალგზის დასადგურების გამო უკვალოდ გაქრა, ბევრი ალბათ დენუდაციამ, ეროზიამ მოსპო, ბევრი კიდევ გამომზეურებასა და შესწავლას მოელის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისათვის ადამიანი მეტ–ნაკლებად ზომიერი, დღევანდელთან შედარებით ცოტა უფრო ცივი ჰავის პირობებში ცხოვრობდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ხნოვანების ასეულობით ნაბინარი ჯერ კიდევ თვალს არის მიფარებული. ამ პერიოდში ცხოვრებისათვის ხელსაყრელ პირობათა შორის უნდა დასახელდეს ფაუნისტური მონაცემები. ამის მიხედვით პალეოზოოლოგები აღადგენენ ხოლმე ცხოველთა იმ სახეებს, რომელებიც ქვის ხანის ადამიანის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგის, მონადირეობის, საგანი იყო.

ასეთ ცხოველთაგან აღნიშნულ მღვიმეებსა და ზოგ სხვა თანადროულ ნამოსახლართა კულტურულ ფენებში აღმოჩენილი და განსაზღვრულია: გარეული ცხენი, ნამარხი ხარი, გარეული თხა, გარეული ღორი, მღვიმის დათვი, დომბა, კავკასიური ჯიხვი, ჯიქი, მგელი, მელა, მაჩვი, თახვი და სხვ.

როგორც ქვემოთ ვნახავთ ანთროპოგენის ცხოველთა სახეებით გაცილებით მდიდარია ზედა პალეოლითის განვითარებული და გვიანი საფეხურების მღვიმური ნაბინარები, რაც მოსახლეობის ზრდასთან ერთად მონადრეობის ჩვევა–ხერხების გამდიდრებასა და თვით მონადირეთა გაწაფვა–დახელოვნებას გვაგულისხმებინებს.

ზედა პალეოლითის განვითარებული საფეხურის ძეგლთან პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ ნასადგომევი საკაჟიას მღვიმეში (წყალწითელას ხეობა, ქუთაისის რ–ნი). ეს იყო კავკასიაში პირველი ზედაპალეოლითური ძეგლი, რომელსაც გათხრები ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ხანაში შეეხო (1914წ). მისი მეცნიერული გათხრა დაასრულა პროფ. გ. ნიორაძემ 1936 წელს. იგი ერთფეროვანი ძეგლია. აქ აღმოჩენილი დიდძალი ქვის ნაკეთობანი წარმოგვიდგენს ზედაპალეოლითელი ადამიანის საკმაოდ მდიდარ არსენალს. მასში შემავალი საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, დანები, მიკრო იარაღები და სხვ. ათეულობით ტიპებსა და ქვეტიპებს მოითვლის. ადრეული საფეხურიდან ნაანდერძევი “ორინიაკოიდული” ნიშან–თვისებანი აქ სრულყოფილად არის გამომჟღავნებული. ქვის იარაღის დამუშავება, გულგულისათვის ბუნებრივი კაჭრის მომზადებიდან დაწყებული და ნამზადის ფაქიზი, წვრილი რეტუშით დამთავრებული, ფრიად მაღალ დონეს აღწევს. გულგულაზე მეთოდური დარტყმა, წინასწარ გამიზნული ფორმა–მოყვანილობისა და ზომის ნამზადის ატკეცა, ისევე როგორც მიღებული ანატკეცის, ფირფიტა–ლამელის მაღალი, ციცაბო ან დაბალი, მცოცავი, თანამიმდევრული გამაფხიანებელი ან დამაჩლუნგებელი რეტუშით დამუშავება ამ დარგში საკაჟიელი ადამიანის მაღალ ხელოვნებაზე მეტყველებს. საკაჟიამ მოგვცა პირველი, ყუნწგამოყვანილი ისრისპირი კაჟისა, რაც მშვილდ–ისრის გამოგონება- გამოყენებას მეზოლითამდელი ხანისათვის გვავარაუდებინებს[11]. ბლომადაა წარმოდგენილი საკაჟიაში ცხოველის ძვლისა და რქისაგან დამზადებული ნაკეთობანი: ხელშუბისპირები, სადგისები, წალკატის მაგვარი იარაღები და სხვ. ასეთ იარაღს საკაჟიელი ალბათ ხშირად მიმართავდა საკვები მცენარეულობის (ძირხვენების, ბოლქვების) ამოსაჩიჩქნად და შესაგროვებლად. აქვე აღმოჩნდა ადამიანის კეჩხოს (თავისქალას) ფრაგმენტები, რომელთა აღდგენამ გამოავლინა დოლიხოცეფალური ტიპი[12]. საკაჟიას ძველ კოლექციაში აღმოჩნდა აგრეთვე ლულოვანი ძვლის ფრაგმენტი, რომელზედაც ოქროს საღებავით(?) გამოსახულია რკალი, ხოლო შიგნით ორი პარალელური ხაზი მესამით განივადაა გადაკვეთილი. თუ გავიხსენებთ, რომ საკაჟიაში მოწითალო ოქროს გორახებიცაა ნაპოვნი, ამ საღებავი მასალის გამოყენების ვარაუდი დამაჯერებელი უნდა იყოს[13].

მსგავსი მასალები აქვს მოპოვებული აგრეთვე ნ. ბერძენიშვილს 1941 წ. მღვიმევის ეხში (ჭიათურის რ-ნი, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე). აქ მოპოვებული კაჟის ინვენტარი სრულ წარმოდგენას გვაძლევს ქვის დამუშავების ერთიან პროცესზე. აქ სჭარბობს ლამელარული ტექნიკა. ცხადია, იარაღებიც უმთავრესად სხვადასხვა ზომისა და ტიპის ლამელებზეა ჩამოყალიბებული. საიარაღე მასალად გამოყენებულია ობსიდიანიც. თვალში საცემია საჭრისთა სერიულობა და მრავალტიპიანობა, რაც მათი დანიშნულების მრავალგვარობაზე მიგვითითებს. დიდი რაოდენობით გვხვდება გრავეტის ტიპის დანები, მიკრო იარაღები და სხვ. ამასთან ძვლის ხელშუბისპირები, ჩვეულებრივი და ორწვეტა სადგისები, მრავალწახნაგა სადგის–სახვრეტები, ნემსისებური იარაღები. მათი დამუშავება მღვიმელი ადამიანის ამ საქმიანობაში კარგ გაწაფულობას მოწმობს[14]. ზოგ მათგანზე შენიშნული ხაზოვანი სამკაული იმდროინდელი ადამიანის ესთეტიკური გემოვნების მაჩვენებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვიმევის ერთ-ერთი ეხის კედელზე, ეხში მცხოვრები ადამიანის მიერ რაღაც წვეტიანი იარაღით გრაფიკულად გამოსახული ურთიერთმკვეთი ღარები სამი ათეული წლის წინათ იყო შენიშნული[15].

ამავე საფეხურს მიეკუთვნება დევისხვრელის ნამოსახლარ მღვიმეში (ხარაგოულის რ-ნი) აღმოჩენილი დიდძალი პალეოლითური ნაშთები. ეს არის კავკასიაში, პირველად რევოლუციის შემდეგ (1926–1930), მეცნიერულად გათხრილი, შესწავლილი და გამოქვეყნებული (1933წ.) ნაბინარი. ესეც ქართული არქეოლოგიის დიდი მოჭირნახულის გ. ნიორაძის მიერ შესწავლილი ძეგლია. ჩვენთვის ცნობილ იარაღთა ტიპები და მათი დამუშავების ხერხები საკმაოდ დახვეწილია. განსაკუთრებით ბევრია ორმაგი (დუბლირებული) და კომბინირებული იარაღები. კომბინირებული იარაღი სხვადასხვა ფუნქუციის იარაღთა კომბინაციას გულისხმობს. მაგალითად, საფხეკ–საჭრისი, საფხეკ- სახვრეტი, საჭრის-სახვრეტი, საფხეკ-წვეტანა და სხვ. კოლექციაში არის შატელპერონის ტიპის დანები თუ წვეტიანი იარაღები. იგი გრძელი, ფართო ფირფიტაა, რომელსაც ცალი მორკალული ნაპირი მთელ სიგრძეზე აქვს რეტუშირებული და უფრო დანის ფუნქცია უნდა ჰქონოდა დაკისრებული. მონაპოვარში გამოირჩევა გრავეტული დანები ანუ შედარებით ვიწრო, მაგრამ სწორი, ორფერდა ცალ ან უფრო ხშირად ორთავგვერდრეტუშიანი ლამელები, რომლებიც ზომებით შატელპერონულს საგრძნობლად ჩამორჩება და დამახასიათებელია უმთავრესად ზედა პალეოლითის მეორე ნახევრის ქვის ინდუსტრიისათვის. ხშირია თავირიბრეტუშიანი ხიწვიანი საჭრისები. ბლომად არის აგრეთვე ნავისებური, მაღალი ტიპისა და ნუკლეუსისმაგვარი საფხეკები [16]. აქვეა მარაოს მოყვანილობისა და მრგვალი, მოკლე, ფართო ანატკეცებზე ჩამოყალიბებული საფხეკები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რგანის ტიპის დანები, რომლებიც ადრე დაუმთავრებელ ისრისპირებად მიაჩნდათ. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი წნევითი ტექნიკით დამუშავებული მიკროლითები, რომლებიც ზოგი დანის, ზოგი ისრისპირის, ზოგიც სხვა რთული იარაღის ჩასართის დანიშნულებას ასრულებდა. აღმოჩენილია ძვლის იარაღი და იარაღის დასამზადებელი ხელსაწყო-ინსტრუმენტებიც: გრდემლი, ხელჩაქუჩი, ძვლის კომპრესორი (წნევის გზით ნაზი რეტუშის მისაღებად) და სხვა მრავალი. დევისხვრელიც ტიპიური “ორინიაკოიდული” ძეგლია.

დევისხვრელში იმდროინდელი (კრომანიონელი, გონიერი) ადამიანის ქვედა ყბის ნაწილიც აღმოჩნდა.

ცხოველთა ზემომოტანილ სიას აქ განხილული პერიოდისათვის უნდა დაემატოს კეთილშობილი ირემი, ცხენირემი, არჩვი, მურა დათვი, ფოცხვერი, კვერნა, მგელი, მაჩვზღარბი და სხვ[17].

ზედა პალეოლითის გვიანი საფეხურის ძეგლებიდან ცნობილია გვარჯილას კლდის ნაბინარი, საგვარჯილე (მეზოლითური ფენა), ჭახათი II, წონასა და ქვედის მღვიმეები (ყველა რიონ-ყვირილას აუზში), ქვაჭარის, იაშთხვას, ხოლოდნი გროტისა და კეპ-ბოღაზის ნაბინარები (აფხაზეთი), ეძანი და ზურტაკეტი (სამხრეთ საქართველოში) და სხვ.

ამათ შორის ყველაზე ადრეული, ადრეც (1916წ.) მიკვლეული, მრავალრიცხოვანი და სახელმძღვანელო ფორმების შემცვლელია გვარჯილას კლდე (ჭიათურის რ-ნი), რომელიც ეტალონური ძეგლია ჰოლოცენამდელი მეზოლითური ნამოსახლარებისათვის. იგი თავიდანვე შევიდა სპეციალურ ლიტერატურაში როგორც ფინალური პალეოლითისათვის დამახასიათებელი ადგილსაპოვნელი. აქ მოპოვებული კაჟის ინვენტარი განვითარებული საფეხურის ძეგლებთან შედარებით მსგვასებასთან ერთად, საგრძნობ სხვაობას გვაძლევს. იცვლება ნამზადის ხასიათი. დანისებური ლამელები უფრო ვიწრო და მოგრძო პროპორციებისაა, ვიდრე საკაჟიასა და დევისხვრელში. ამასთანავე, მათი ზურგის პარალელური წიბოები მთელ სიგრძეზე გასდევს ნამზადს. ამათ კარგად შეესატყვისება პრიზმული და კონუსისებური ნუკლეუსები. მრავალრიცხოვანია საფხეკები, რომლებიც 14 ჯგუფშია გაერთინებული. მათ შორისაა მომრგვალებული და მიკროსაფხეკებიც. ორინიაკული საფხეკები ერთეულებითაა წარმოდეგენილი. ყველაზე დიდ ჯგუფს ცალგვერდრეტუშიანი ან თავგვერდრეტუშიანი ზურგდაბლაგვებული ლამელები შეადგენს.

მიკროლითებში სჭარბობს წაგრძელებული სეგმენტისებური ჩასართები, ასიმეტრიული მოყვანილობის სამკუთხა ლამელები, რომელთაც ცალი გვერდი და ფუძე დაბლაგვებული აქვთ. აქვეა ადრე ისრისპირებად მიჩნეული “რგანის ტიპის დანები”. კლებულობს საჭრისების რაოდენობაც. განსაკუთრებით მცირეა მრავალწახნაგა საჭრისების რიცხვი. განვითარებული საფეხურის ძეგლებიდან მომდინარეობს და აქაც ხშირია პატარა სათლელები, უფრო სწორად, ხოწები, რომელბიც ჩვეულებრივ თხელ ანატკეცებსა და ლამელებზეა ჩამოყალიბებული. ფრიად მაღალ დონეზე დგას ძვლის დამუშავების საქმე. ძვლის ხელშუბისპირები, ისრისპირები, სადგისები, სახვრეტები, გახვრეტილყუნწიანი ნემს-მახათები და სხვ. ათეულობით დაითვლება. ფართოდ არის წარმოდგენილი იარაღის სამზადი ინსტრუმენტები: გრდემლები, ხელჩაქუჩები, რეტუშორები, საპრიალებლები და სხვ. ძვლის პირველი ჭვილთი (მეზოლითური ტიპისა) ისევე როგორც “მეთაურის კვერთხი” სწორედ აქ არის აღმოჩენილი. ამასთანავე ეს ნივთი ორთავ ზედაპირზე 7-7 პარალელური ხაზითაა შემკული. მღვიმის მთელი ავლა-დიდების გათვალისწინება გვარწმუნებს იმაში, რომ აქ მოსახლე ადამიანი ქვისა და ძვლის დამუშავების სრულყოფილ კულტურას ფლობდა[18].

გვიანი პალეოლითის ბოლო საფეხურზე განვითარებული მეზოლითური კულტურა კარგად შეიძლება დახასიათდეს ჭახათის ეხში მოპოვებული მასალებით.

ჭახათის ეხი დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა პირველყოფილ ადამიანს როგორც საიმედო სადგომი, ჯერ მუსტიეს ხანაში და ახლა კიდევ ეპიპალეოლითში. ამის საბუთია არა მარტო უხვი, ძვლოვანი მასალა (ნანადირევ ცხოველთა დამტვრეული ძვლები), არამედ კერის ნაშთებიც[19], რომელთა მიკვლევა და გამოცნობა ასეთი შორეული წარსულის ნასადგომევში ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

ანალოგიურ ვითარებაშია მოპოვებული ეპიპალეოლითური ძეგლები ქვაჭარის მღვიმეშიც (წებელდის მახლობლად, სოხუმის რ-ნი). აქ გამოვლენილია 5 კულტურული ფენა, რომელთაგან ზედა ოთხი მეზოლითს ეკუთვნის, ხოლო ქვედა (მეხუთე) მუსტიეს დროისა უნდა იყოს[20]. ამ დროის კაჟის ინვენტარში გამოირჩევა ლევალუაურ ანატკეცზე ჩამოყალიბებული კარგი ხელობის წვეტანები. მაგრამ ისინი ძალიან ცოტაა, რის გამოც მკვლევარნი მართებულად ვარაუდობენ მღვიმის პირველი მობინადრის, მუსტიელი ადამიანის, კულტურული ნაშთების გამორეცხვას. ამგვარად, ძირითადია მეზოლითური ფენის მასალები. ამათგან აღსანიშნავია პაწია, ორფერდა, ლამელის ბოლოზე გაფორმებული საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, ისრისპირები, გრავეტული დანები და სხვ. უხვად გვხვდება ზურგდაბლაგვებული ლამელები. საერთოდ, გაბატონებულია მიკროლითური ტექნიკა. გეომეტრიული მოხაზულობის იარაღები ცოტა: სულ რამდენიმე სეგმენტისნაირი და ატიპიური სამკუთხედისებრი ჩასართია აღმოჩენილი. მაგრამ აქ მოპოვებულ მიკროლამელთა უმრავლესობაც, უნდა ვიფიქროთ, რთული იარაღების (შუბის, ხელშუბის, ისრის და სხვ.) აღსაკაზმავად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ქვაჭარაში ქვის იარაღთან ერთად ძვლის იარაღი და შინამოხმარების საგანიც საკმაოდ არის წარმოდგენილი. საყურადღებოა კერების აღმოჩენის ფაქტი. სულ სამი კერა იყო მიგნებული. კერების სიმრავლე მობინადრეთა მრავალრიცხოვნობაზე უნდა მიგვითითებდეს[21]. საჭიროა აღინიშნოს, რომ ქვაჭარამ შემოგვინახა ამ მობინადრეთაგან ორი ადამიანის კარგად დაცული ქვედა ყბის ძვალი.

ქვაჭარის ცხოველთა ნაშთებს შორის, რაც მუფლონის, გარეული თხის, კეთილშობილი ირმის, ჯიხვის, შველის ლეოპარდის, ვეფხვის, მგლის, მელას, მურა და მღვიმის დათვის ძვლებით არის წარმოდგენილი, ყურადღებას იპყრობს მღვიმის დათვის დიდხანს შემორჩენა ხსენებულ სადგომსა და, საერთოდ, დას. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოში.[22]

ეპიპალეოლითური ძეგლები დადასტურებულია აგრეთვე ცნობილ იაშთხვას, კეპ–ბოღაზის, ხოლოდნი გროტისა და სხვ. მღვიმეებში. ამ მღვიმურ ნაბინარებს გარდა დას. საქართველოში ცნობილია აგრეთვე ღია, ცისქვეშა ნასადგომევიც; მათ შორის ისეთიც, რომელმაც აუშლელი ეპიპალეოლითური ფენაც შემოგვინახა. ასეთია მაგალითად, ენწერის ნაბინარი მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე (სოფ. ლიასთან, წალენჯიხის რ-ნი).

ენგურის ერთ–ერთ მაღალ 155მ სიმაღლის ტერასაზე, როგორც მასალები გვიჩვენებს, ზედაპალეოლითელ ადამიანს არაერთგან დაუდვია ბინა. ენწერში მაგალითად, ხანგრძლივი ცხოვრების კვალი დადასტურდა. ჰუმუსქვეშა თიხოვან ფენაში, რომლის სიმძლავრე 35–40 სმ–ს არ აღემატებოდა, უძრავად იდო კაჟის ინვენტარი: ნუკლეუსები, საჭრისები, სახვრეტები, გვერდდაბლაგვებული მიკროფირფიტები, სეგმენტის მოყვანილობის ჩასართი და პაწია ლამელა - დანები[23]. ეს ინვენტარი ტიპოლოგიურად და დამუშავების მიხედვით (მიკროტექნიკა) ახლო დგას იაშთხვას, ქვაჭარის, საგვარჯილესი და ჭახათის ეპიპალეოლითურ მასალებთან. ერთი სიტყვით, ენწერი პირველია იმ მეზოლითურ ძეგლებს შორის, რომელთაც ღია, გარესადგომის პირობებში უძრავი კულტურული ფენა შემოუნახავს.

მეზოლითელი ადამიანი ფართოდ განსახლებულა აგრეთვე რიონ–ყვირილას აუზის ზემო წელში, მთისწინეთსა და შუამთიანეთში, სადაც გვხვდება ღია ნაბინარებიცა და მღვიმური ნამოსახლარებიც. ამ უკანასკნელთაგან შეიძლება დავასახელოთ ბუბის კლდეში წარმოქმნილი კარსტული მღვიმე, რომელიც მეცნიერებაში შევიდა წონას მღვიმური ნამოსახლარის სახელწოდებით[24]. როგორც ზემოთ ვნახეთ, წონას მღვიმეში დადასტურდა ოთხი კულტურული ფენა: აშელის, მუსტიეს, ეპიპალეოლითისა და ენეოლით-ადრებრინჯაოსი. აქ მოპოვებული ნაშთები მოწმობს, რომ მაღალსა და შუამთიანეთის ზონაში არსებული საკმაოდ თბილი, ზომიერი ჰავა აშელელ ადამიანს არსებობისათვის ფრიად ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა. ეს იყო ალბათ მინდელ-რისის ყინვარეულთშორისი პერიოდი. მაგრამ შემდეგ, რისის ყინვარეული პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით, აშელის გასულსა და ადრეულ მუსტიეში ადამიანის ნაკვალევი აღარ ჩანს. რის- ვიურმის ყინვარეულთშორისი პერიოდის გასულს კლიმატური პირობები გაუმჯობესებულა და აქ ისევ გამოჩენილა ადამიანი, რის მაჩვენებელია გვიანი მუსტიეს კულტურული ნაშთები. მაგრამ მალე (ვიურმში) ისევ აცივებულა (რაც განსაკუთრებით შუა კავკასიონის იალბუზ–მყინვარწვერის მონაკვეთზე იგრძნობოდა) და ადამიანს დიდი ხნით მიუტოვებია ეს მხარე. ამას ადასტურებს ზედაპალეოლითური კულტურის ნაშთების არარსებობა ამ ზონის მღვიმურ ნამოსახლარებში. ამ მხარეს ადამიანი უბრუნდება გვიან მეზოლითში. ამ დროის ფენაში გვხვდება როგორც ნაკერალები, აგრეთვე ეპიპალეოლითური კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღების შემცველი კაჟის ინვენტარი.

მეზოლითური ძეგლები მიკვლეულია სამხრეთ საქართველოშიც. წალკის ზეგანზე დღეისათვის ამ დროის ორი მღვიმური ნამოსახლარია დადასტურებული. ერთია ზურტაკეტში[25], მეორე კი ეძანის ეხში (ყოფ. ბარმაქსიზი დაბა წალკასთან)[26].

ეძანში ქვის იარაღთან ერთად ნაპოვნია ძვლის იარაღიც, რომელიც შესაძლოა რეტუშორს წარმოადგენდეს. ქვის დამუშავების ტექნიკის შესწავლითა და ანალოგიების მოშველიებით ეძანი მეზოლითის განვითარებული საფეხურით თარიღდება[27]. ზურტაკეტსა და ეძანის ეხში მოპოვებული ფაუნისტური მასალების მიხედვით (ჯიხვი, შველი, მუფლონი, კულანი, ტახი, კურდღელი და სხვ.) წალკის ზეგანზე სტეპური და ნახევრად სტეპური ლანდშაფტი უნდა ყოფილიყო გაბატონებული., რომლისთვისაც უცხო არ იქნებოდა მდინარეული დაბლობი და მთიან–ტყიანი ზონა[28].

თუ ერთხელ კიდევ გადავხედავთ საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის განვითარებას ქვის იარაღების დამუშავების ტექნიკაში, ერთ არსებით თავისებურებას შევნიშნავთ. ქვედა პალეოლითიდან ნაანდერძევი თუ ამ ეტაპზე გაჩენილი იარაღის ესა თუ ის ფორმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობს და იგი ამ პერიოდს მეტ–ნაკლები სახეცვლილებებით დასაწყისიდან დასასრულამდე გასდევს ისევე როგორც გვიანი საფეხურისათვის დამახასიათებელი და განმსაზღვრელი ელემენტი ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურზე იჩენს თავს. ასე რომ, აქაური ზედა პალეოლითის ადრეული, განვითარებული და გვიანი საფეხურის ძეგლების ურთიერთისაგან მკვეთრი ქრონოლოგიური გამიჯვნა ტექნოლოგიური ნიშნების მიხედვით ხშირად საძნელო ხდება, თუმცა შეუძლებელი მაინც არ არის. ეს მომენტი კარგად გაიკვლევა მრავალწახნაგა საჭრისებისა და ნუკლეუსისმაგვარი იარაღების დეგრადაციის, ერთი მხრივ, და მიკროიარაღების გრადაციული განვითარების მაგალითზე, მეორე მხრივ,

ასეთ სურათს იძლევა შესწავლილ მღვიმეთა უმრავლესობა. მაგრამ ამავე გარემოში ბოლო დროს თავი იჩინა ერთი რიგის ძეგლმა, სადაც ქვის დამუშავების ტექნიკაში ზემოაღნიშნულისაგან თითქმის განსხვავებული ტრადიცია შეინიშნება. ეს არის სამერცხლე კლდისა და ძუძუანას[29] მღვიმური ნაბინარები (ჭიათურის რ- ნი). ორთავე ეს ძეგლი განვითარებული ზედა პალეოლითის დროისაა და საკაჟიას, დევისხვრელის, მღვიმევისა და სხვათა თანატოლია ქრონოლოგიურად, მაგრამ მათში დადასტურებული ტექნიკა ზუსტად არ მისდევს ადრეცნობილი ტექნიკური განვითარების ძაფს. ახალ-აღმოჩენილი ძეგლებისათვის მიკროლითური ტექნიკა არ არის დამახასიათებელი, მაშინ როდესაც დევისხვრელისა და სხვათა მისთ. ძეგლები მიკროლითების სიუხვით გამოირჩევა[30]. შესაძლოა, ტექნიკის ასეთი სხვადასხვაობა ეთნოგრაფიულად განსხვავებული ყოფისა და საწარმოო ჩვევა-გამოცდილების შედეგიც იყოს, მაგრამ ძეგლების საფუძვლიანად შეუსწავლელობის გამო ამის გადაჭრით თქმა არ იქნებოდა მართებული.

ზედაპალეოლითური ძეგლები იმიერკავკასიაში სულ უკანასკნელ ხანამდე არ იყო ცნობილი. ბოლო დროს ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად ხსენებული პერიოდის ძეგლები აქაც მომრავლდა. ამ მხრივ გამოირჩევა დაღესტანი[31] და განსაკუთრებით ყუბანის მხარე.

სპეციალისტები საქართველოს, ყუბანის და დაღესტნის პალეოლითური კულტურების გარკვეულ ნათესაობას ვარაუდობენ და მათ ერთიანი კავკასიური ზედაპალეოლითური კულტურის ლოკალურ ვარიანტებად თვლიან[32]. ეს ვარიანტები მეტ-ნაკლები სისრულით გვიანი პალეოლითის გასულსა და მეზოლითში ჩამოყალიბდა, მანამდე კი მთელი კავკასიური კულტურა, მახლობელი აღმოსავლეთის კულტურასთან ერთად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა -ზღვისპირეთის ერთიან ისტორიულ-კულტურულ პროვინციაში შედიოდა.

ზოგიერთი მკვლევარის დაკვირვებით, ჩვენი ქვეყნის ზედა პალეოლითთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იჩენს აზოვის მხარის სტეპური კულტურაც. ამის მაგალითს გვაძლევს დონის ქვემო წელში (როსტოვის მახლობლად) აღმოჩენილი ათიოდე ღია ზედაპალეოლითური ნაბინარი, რომლებიც გასულ უკანასკნელ ათწლედში იყო მიკვლეული. კერძოდ, კამენნაია ბალკასა და საქართველოს ზედა პალეოლითის განვითარებული საფეხურის მასალების შეპირისპირების საფუძველზე შეიძლება ბევრი რამ საერთო დადგინდეს ამ ორი რაიონის ქვის დამუშავების ტექნიკურ ტრადიციებში. ეს სიახლოვე (შესაძლოა, გენეტიკურიც) იმდენად აშკარაა, რომ კავკასიის ჭარბი მოსახლეობის აზოვისპირეთში განსახლებას საკმაო საბუთიანობით ვარაუდობენ[33]. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ განსახლებას (ტომების მოძრაობის სახით) ნამდვილად ჰქონოდა ადგილი. მაგრამ ამისი, როგორც ისტორიული ფაქტის, დადასტურება პირდაპირი საბუთების უქონლობის გამო, ჭირს. ყოველ შემთხვევაში, კულტურებს შორის უშუალო, მჭიდრო კონტაქტი, გავლენა, საწარმოო გამოცდილების გაზიარება და სხვ. ეჭვს არ უნდა იწვევდეს. გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე დამყარებული კონტაქტი თუნდაც იმითაც მტკიცდება, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში საკმაოდ ხშირად პოულობენ კავკასიიდან გატანილ კარგ საიარაღე მასალას – ობსიდიანს.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის საზოგადოება სოციალური განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. მისი სოციალური სტრუქტურის საფუძველს შეადგენს წყვილთა ოჯახზე დამყარებული მატრიარქატული გვარი. ადრე გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ტომობრივი ორგანიზაცია ყალიბდება მეზოლითში, როდესაც საფუძველი ეყრება ეთნიკური ხასიათის ვიწრო ლოკალურ კულტურებს[34]. ახლა მეცნიერება თითქოს უფრო ღრმად ჩაწვდა ამ რთული პრობლემის ფესვებს და ასეთი ორგანიზაციის ჩასახვას ზედა პალეოლითის დამდეგიდან ვარაუდობენ[35]. ზოგი კი უფრო შორს მიდის და ჯერ კიდევ მუსტიეს ხანაში ხედავს ტომობრივი ცხოვრების ნიშნებს, რომელთა ერთობლიობას წინარეტომის სახელწოდებას აძლევს[36].

თუ ისტორიულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთხმივი თანხმობის უქონლობის გამო მუსტიესათვის გაჭირდებოდა ამის მტკიცება, ყოველ შემთხვევაში, ზედაპალეოლითელი Homo Sapiens–ის მოდგმა ფიზიკურად და სიმბოლურად იმდენად მაღალორგანიზებული არსებაა, რომ მისი საზოგადოებისათვის კოლექტიური თანაცხოვრების პრინციპი სოციალური არსებობის უმაღლესი მოთხოვნილება უნდა ყოფილიყო. ასეთი თანაარსებობის პირველი სახე თემია. არის საფუძველი ვივარვუდოთ, რომ მაგალითად, კავკასია–საქართველოს პირობებში ყოველი პატარა ხეობა თავისი მღვიმეებითა და თავშესაფრებით, ტყიან – ველიანი სავარგულებით, ისევე როგორც წყლის რესურსებით, თითო ასეთი თემის საარსებო არეს, თავისებურ მიკროქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო რამდენიმე თემი ან ჯგუფი თემებისა შეადგენდა ტომს, რომელიც ტერიტორიულად ამ პატარა ხეობათა შემკრები სამდინარო აუზის რომელსამე ნაწილში (სათავეებში, შუა ან ქვემო წელში ) იყო განლაგებული, ხოლო მოსახლეობა მონათესავე თემურ დასახლებათა გაერთიანებულ სოციალურ აგრეგატს წარმოადგენდა. ასე მაგალითად, თუ ჯრუჭულას ან ჭერულას რომელიმე ხეობა ერთი გვაროვნული თემის ან თემთა ჯგუფის საცხოვრისი იყო, მდ. ყვირილას შუა წელი უკვე უფრო მსხვილ გაერთიანებას ანუ ტომს ექნებოდა დაკავებული. ასეთივე სურათი შეიძლება ვივარვუდოთ ძირულა–ჩხერიმელას ხეობების მიმართაც, ან კიდევ, ძევრულას წყალწითელას და სხვ. წვრილ ხეობებში მობინადრე თემები ან მათი ჯგუფები ბუნებრივად გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ მდ. რიონის შუა წელზე მოსახლე ერთ–ერთი ტომის ფარგლებში. მსგავსად ამისა, შავი ზღვისპირა ზოლის მდინარეთა წყალგამყოფი ქედებიც შეიძლებოდა ბუნებრივად დანაწილებულიყო მონათესავე გვაროვნული თემების გამაერთიანებელ ტომებს შორის და სხვ. ის გარემოება, რომ წებელდას ხეობაში მიკვლეული სვანთა სავანის ნამოსახლარს ქვის დამუშავების ტექნიკაში თავისი, განსხვავებული ეთნოგრაფიული ნიშანი აქვს, ხოლო ყვირილას ხეობის ნაბინარებს კი თავისი, იქნებ არ იყოს შემთხვევითი და გვანიშნებდეს თავისებურ ტრადიციებზე, რაც ამ ორი ხეობის ტომთა არქეოლოგიური კულტურებისათვის იყო დამახასიათებელი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამჟამად საქართველოს ქვის ხანის შესწავლის იმ სტადიაზე ვიმყოფებით, როდესაც საკითხი შეიძლება ამ ასპექტშიც დაისვას, ხოლო მისი გაღრმავება, კონკრეტული ისტორიული სინამდვილისა და ადამიანის გარემომცველი ბუნებრივი პირობების რეკონსტრუქციის ცდები, უფრო მომავალი კვლევა–ძიების საქმეა. ჯერჯერობით, კი ვალდებული და იძულებულიც ვართ საქართველოს ზედაპალეოლითელი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა მხარის შესახებ მეტ–ნაკლებად შემოწმებული, დადგენილი ფაქტებისა და ზოგჯერ შედარებითი მონაცემების საფუძველზე ვიმსჯელოთ.

რა საბუთები მოგვეპოვება დღესდღეობით იმისათვის, რომ ვამტკიცოთ ჩვენს პირობებში ზედაპალეოლითელ ადამიანთა საზოგადოების საწარმოო ძალთა ნორმალური განვითარება და მათი კვლავწარმოება? ცნობილია, რომ ყოველი საზოგადოებრივი წარმონაქმნის ნორმალური არსებობისათვის საჭიროა: ა) ადამიანთა მოდგმის კვლავწარმოება ანუ გამრავლება, ბ) ბინა, გ) საწარმოო საშუალებანი: სამუშაო იარაღ-ხელსაწყოები ანუ ტექნიკა და დასამუშავებელი საგანი (ამ შემთხვევაში ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ელემენტები).

როგორც ზემონათქვამიდან დავრწმუნდებოდით, თითქმის ყველა ამ პირობით ადამიანი თავისი არსებობის ადრეული საფეხურიდანვე იყო უზრუნველყოფილი. ასეთი უზრუნველყოფა უფრო ზედა პალეოლითიდან შეინიშნება, როდესაც ადამიანმა მეტ-ნაკლებად მუდმივი ბინა გაიჩინა, ხოლო მეორე მხრივ, გვარის შიგნით ქორწინების აკრძალვამ, ენდოგამური ტომის წარმოქმნამ და, მაშასადამე, სისხლის აღრევის გაუქმებამ ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესება გამოიწვია და მისი გამრავლებისათვის ნორმალური პირობები შექმნა. ტექნიკის მხრივ კი, როგორც ვიცით, ზედაპალეოლითელმა ადამიანმა დიდ პროგრესს მიაღწია. ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში (შელი-აშელი-მუსტიე) ადამიანი 60-ზე მეტი სახეობისა და ქვესახეობის მარტო ქვის იარაღს ფლობდა. ზედა პალეოლითში კი ეს არსენალი კიდევ უფრო გამდიდრებულია და სათანადო იარაღთა ნომენკლატურა 91-ს აღწევს.

აღნიშნულ იარაღ-ხელსაწყოთა დანიშნულების მიხედვით დაჯგუფება გვაძლევს სახოკ-საფხეკებს, საჭრისებს, საჭრელებს, სათლელებს, ხოწებს, სახვრეტებს, სადგისებს, ნემსებს, შუბის, ხელშუბისა და ისრისპირებს, სათხრელებს, ხელკვერებს და მრავალ მისთ., რაც მათზე უშუალო დაკვირვებისა და აგრეთვე ნართაული ეთნოგრაფიული ფაქტების მოშველიებით გვიდასტურებს მათ გამოყენებას მონადირეობაში, ნანადირევი ხორცეულის, ძვლოვანი მასალისა და ტყავის დამუშავებაში, მცენარეული ნაყოფის შეგროვებით საქმიანობაში, თვით იარაღთა კვლავწარმოებაში და ადმიანის სხვა მრავალ ყოფა-ცხოვრებით მოღვაწეობაში. ბევრი მათგანი თემებისა თუ ტომების ურთიერთშეჯახებასა და საომარ მოქმედებაშიც პოულობდა თავის გამოყენებას და ამგვარად, არსებობისათვის ბრძოლის ერთ აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა. საომარი მოქმედებაც ხომ წარმოების ერთ-ერთი სახეობა იყო, ხოლო მისი შედეგი – ნადავლი - წარმოებული პროდუქტი (თუმცა მეორადი). თვით მაგიური მოქმედება, სხვადასხვა საკულტო ცერემონიალი და საამისოდ საჭირო აქსესუარების გამოყენება უნდა განვიხილოთ, როგორც ამდროინდელი ადამიანის წარმოების, საერთოდ, მისი სამეურნეო ცხოვრების ხელშემწყობი პირობები.

ზედაპალეოლითური ძეგლების ფართო გავრცელება სამყაროში გვიჩვენებს, რომ მოდგმის გაგრძელება და გამრავლება ნორმალურ ბიოსოციალურ პროცესს წარმოადგენდა. ხდებოდა აგრეთვე წარმოების საშუალებათა ერთი კომპონენტის – ტექნიკის – ნაწილობრივი აღწარმოება. რაც შეეხება მეორე კომპონენტს – წარმოების საგანს – ნანადირევს ან შეგროვებულ პროდუქციას, იგი ერთგზის მოიხმარებოდა და მისი გადიდება–გამრავლების ან ხარისხობრივად გაუმჯობესების საშუალებას ძველი ქვის ხანის ადამიანი ვერ ფლობდა. წაბლის, წიწიბოს, რკოს, ველური ყურძნის, მაჟალოს ან საკვები ძირხვენა–ბოლქვების მარაგი დიდხანს ვერ შეინახებოდა, რადგან მალე ფუჭდებოდა და მისი გადამუშავების გზა და ხერხი ადამიანისათვის უცნობი იყო. ასეთივე სიძნელე იდგა მის წინაშე ხორცეულისა და თევზეულის შენახვის მხრივაც. წარმატებით ჩავლილი ნადირობის შედეგად ხორცეული შეიძლებოდა ბლომადაც დაგროვებულიყო. მისი გარკვეული ნაწილის შენახვა ორმოებში ან მღვიმეთა ბუნებრივ “მაცივრებში” ალბათ მხოლოდ ზამთრობით თუ შეიძლებოდა. ამიტომ, ცხადია, საკვების მოსაპოვებლად ბრძოლა ადამიანებს თითქმის ყოველდღიურად უხდებოდათ. ეს გარემოება იწვევდა ამა თუ იმ სოციალური უჯრედის საცხოვრებელ–სამოქმედო არეში ბუნებრივი რესურსების მკვეთრ შემცირებას, და ხშირ შემთხვევაში – გამოლევასაც. ამის გამო ესა თუ ის ტომი გადადიოდა სხვა საცხოვრებელ გარემოში, სადაც იგივე პროცესი მეორდებოდა. საქმეს ვერ უშველა ეპიპალეოლითში მეთევზეობის როლის ამაღლებამ, შორსატყორცნი იარაღების (მშვილდ-ისრისა და მისთ.) ფართო გამოყენებამ, სათხრელ–საჩიჩქნი ჯოხ-კავების გამრავლებამ და გაუმჯობესებამ. მთელ წარმოებას მითვისებითი ხასიათი რჩებოდა. საზოგადოებრივი ცხოვრების კვლავწარმოება არასრულფასოვანი, ნაკლული იყო. წარმოების წესი ჩიხში მოექცა. დადგა სამეურნეო ცხოვრებაში ძირეული გარდატეხის მოხდენის აუცილებლობა. ასეთი გადატრაილება მართლაც ხდება ახალი ქვის ხანაში, როდესაც ადამიანთა სამეურნეო ცხოვრების შინაარსი მიწათმოქმედებამ და მესაქონლეობამ აავსო.

No comments: