Wednesday, May 30, 2007

თავი მეორე § 2.

§ 2. ადრეული ბრინჯაოს კულტურა

ენეოლითური ხანით საბოლოოდ მთავრდება ქვის ხანის ხანგრძლივი პერიოდი და გვაროვნული საზოგადოების ცხოვრებაში შემდგომი განვითარების შედეგად კულტურის ახალი აღმავლობა აღინიშნება; ამ ახალ პერიოდს ეწოდება ბრინჯაოს ხანა, რომლის ეტაპზეც იწყება ახალი საწარმოო ძალების გამოჩენა, ვითარდება მამაკაცის შრომაზე დამყარებული მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, და რაც მთავარია, ხელოსნობა. იქმნება პირობა პატრიარქალური წყობის შემდგომი განვითარებისათვის.

ამ ვითარების ამსახველია მელითონეობის დაწინაურება, რის შედეგად იწყება ლითონის, მეტწილად ხელოვნური შენადნობის ბრინჯაოსაგან სამეურნეო და საბრძოლო იარაღის სერიულად დამზადება და მუდმივმოქმედი მეტალურგიული წარმოება.

საქართველოსა და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე წმინდა ბარული მეურნეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები ყველგან არ არსებობდა. ამ თვალსაზრისით გამონაკლისს მხოლოდ დასავლეთ საქართველოს დაბლობი წარმოადგენს; სხვაგან კი საყოველთაოდ გაბატონებული სამიწათმოქმედო კულტურის ნაცვლად ბრინჯაოს ხანაში თითქმის ერთდროულად იკიდებდა ფეხს მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის შერწყმული მეურნეობა, რომლის განვითარების კვალდაკვალ მეცხვარეობის ხვედრითი წონაც იზრდებოდა.

პატრიარქალური საზოგადოების წიაღში ხდება ძირეული ცვლილებები ტომების ეკონომიურ, სოციალურ და სულიერ ცხოვრებაში.

პირველყოფილი თემური წყობის ამ ხანაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ქმნის კერძო საკუთრების გაჩენისა და მისი ზრდის რეალურ საფუძველს.

ენეოლითური კულტურის ნიადაგზე აღმოცენებული ბრინჯაოს კულტურა დაახლოებით ორი ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. საქართველოში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ძეგლები სამ დიდ ქრონოლოგიურ პერიოდად დაიყოფა: ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს კულტურები. პირველი ორი ეტაპი მკაფიოდ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გამოიხატა, ამიტომაც ჩვენი თხრობაც ადრეული ბრინჯაოს კულტურაზე ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ მტკვარ-არაქსის კულტურას მიეძღვნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ადრეული ბრინჯაოს ხანის 60-ზე მეტი ძეგლია ცნობილი; ამათგან არქეოლოგური საველე მუშაობის შედეგად მხოლოდ მცირედი ნაწილია შესწავლილი. მათ შორისაა ისეთი მრავალფენიანი სამოსახლოები, რომლებიც ადრეული ბრინჯაოს კულტურისადმი განკუთვნილ ფენებთან ერთად ენეოლითურ-წინარე ხანის ნაშთებსაც შეიცავს. ესენია - თეთრიწყაროს[1], აბელიას[2], ახალციხის ამირანის გორას[3], მაჭარისა[4] და სხვა ახლად შესწავლილი ძეგლები. სწორედ ამ სამოსახლოებზეა აღმოჩენილი ბრინჯაოს კულტურის უადრესი ხანის ნივთიერი მასალა. ბრინჯაოს ხანის უკვე შედარებით მოგვიანო პერიოდის ფენებთან ერთად იგი დადასტურებულია ქვემო ქართლის დაბლობში (შულავერი I და II[5], სადახლო[6] და სხვ.) საკუთრივ ადრეული ბრინჯაოს კულტურის ძეგლთა კულტურულ-ქრონოლოგიური დაჯგუფების შესაძლებლობას სხვა სტრატიფიცირებული ძეგლები იძლევა. ასეთია, სხვათა შორის, ერთიმეორის გვერდით მდებარე და თითქმის მთლიანად გათხრილი ხიზანაათგორა და ქვაცხელები[7] (შიდა ქართლი); განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეძლევა აგრეთვე ადრეული ბრინჯაოს კულტურის იმ ძეგლებს, რომლებიც ერთ მიკრორაიონში მდებარეობენ, მაგრამ აშკარად კი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათი შესწავლის საფუძველზე უკვე ადრე ხერხდებოდა ამ ძეგლთა ქრონოლოგიური დაჯგუფება (ბეშთაშენი[8], ზღუდრისგვერდა, ქულბაქები[9] და სხვ.).

ადრეული ბრინჯაოს კულტურის შესწავლის დღევანდელ დონეზე საქართველოს ტერიტორიაზე საფუძვლიანად გაშუქებულია ის კულტურული წრე, რომლის გავრცელებაც თითქოს მხოლოდ მტკვარსა და არაქსის შუამდინარეთის საზღვრებში ექცეოდა, ხოლო მისი პირველი შემსწავლელის პროფ. ბ. კუფტინის მიერ იგი მტკვარ-არაქსის ენეოლითად იყო მიჩნეული[10].

მაგრამ, სამხრეთ კავკასიაში ახლად აღმოჩენილი სტრატიფიცერებული ძეგლების შესწავლამ დაადასტურა, რომ ამ “ენეოლითური” კულტურის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე ადრეული ბრინჯაოს ხანის ყველა ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი თავს იჩენს მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბების დასაწყისშივე[11], ე. ი. იმ ხანაში, როდესაც, პროფ. ბ. კუფტინის პერიოდიზაციის თანახმად ნეოლითის ნიადაგზე აღმოცენებული ენეოლითური კულტურა (ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევარი) მხოლოდ იწყებდა განვითარებას[12].

მტკვარ-არაქსის კულტურის შესწავლა ამჟამად მთლიანად დამყარებულია კომპლექსურ ძეგლებზე ან მრავალფენიან სამოსახლოებზე. ასეთი სამოსახლოები უკვე აღმოჩენილია როგორც დაუსახლებელ, ისე ადრევე დასახლებულ ადგილებში. ესაა დიდ-პატარა სამოსახლოები და ცალკეული სამაროვნები, რომლებიც ალპურ ზონასთან ახლოს –პლატოებზე, მთისძირა ზოლში, მთის ფერდობებზე ან ცალკეულ შემაღლებებზე და, ბოლოს, მდინარეთა ნაპირებთან ან კონცხებზე დაბლობებში გვხვდება[13].

მტკვარ-არაქსის კულტურის თავისებურებები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში უთუოდ გვიანენეოლითური კულტურის შემდგომი განვითარების შედეგად წარმოიქმნა, უეცრად არ ჩნდება.

ეს ვითარება განსაკუთრებული თვალსაჩინოებით აღინიშნება უკვე იმ შესწავლილი სამოსახლოების მიხედვით, რომლებზედაც გვიანენეოლითური და ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენები ერთიმეორეს ენაცვლება.

ასეთია გორის რაიონში გათხრილი ხიზანაანთგორა, რომლის ადრეული ბრინჯაოს ხანის დონე თავისი განვითარებით წინარე ხანის – ენეოლითური პერიოდის დონესთან შედარებით შორს არის წასული და ალბათ მათ საუკუნეებიც აშორებს. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ თავის დასაბამს წინარე ენეოლითური პერიოდიდან იღებს და მათში საერთოს დანახვა ძნელი არ არის[14]. ასე მაგალითად, საერთოა შენობების დაგეგმარება და სამშენებლო ტექნიკა. შენობები წრიულია და ნაგებია ლასტით; მაგრამ ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გვიან ხანაში შენობათა ფართობი გაზრდილია, სახურავი ბრტყელია და უკვე ცენტრალურ სვეტზე, ე. ი. დედაბოძზეა დამყარებული. სახლს უჩნდება სხვა ახალი ელემენტიც – დერეფანი, რომელიც ორი ტიპისაა: ერთი გარს ერტყმის ოთახს და წრიულია (სიგანე 60-80 სმ), ხოლო მეორე ოთხკუთხაა და ოთახს შესავალთან აქვს მიშენებული; ამათგან წრიული დერეფანი უფრო არქაულია და მომდევნო ხანაში უკვე აღარ ჩანს.

ადრეული ბრინჯაოს კულტურის სამოსახლოები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოშია გამოვლენილი, ძირითადად შეიცავს იმ ტიპის შენობებს, რომლებიც კონტინენტალური კლიმატისა და იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიური პირობების შესაბამის კონსტრუქციას – დარბაზული ნაგებობების პირველად ელემენტებს ემყარება[15]. საყურადღებოა, რომ ასეთ სახლებში ცენტრალურ დედაბოძთან ერთად ჩნდება შუაკერა –თიხისაგან საგანგებოდ ნაძერწი ჭურჭელი, რომელიც იატაკის ცენტრშია ჩასმული[16]. ასეთი, ოღონდ ოვალური თიხის კერა გვიანნეოლითურ პერიოდში, ქიულთეფე I ფენის გვიანდელ ჰორიზონტებშია დადასტურებული და ეს ელემენტი იქაც მომდევნო ხანაში – ადრეული ბრინჯაოს კულტურის საწყის ეტაპისადმი განკუთვნილ დონეებზე გვხვდება[17]. როგორც ჩანს, ცენტრალური კერის, დედაბოძისა და ბრტყელი გადახურვის შემცველი სახლი უფრო მეტად გავრცელდა მშრალ კონტინენტალურ ზონაში, იქ, სადაც სამოსახლოების ტერასული დაგეგმარებაა დადასტურებული. ასეთი ვითარება აღინიშნება საქართველოს იმ სამოსახლოებზე, სადაც მათი ტერასული დაგეგმარების შემთხვევაში მრგვალი სახლების თანადროული ოთხკუთხა სახლები მიწაში ჩაჭრილ ნაგებობებს წარმოადგენს. (ქვაცხელები, ახალციხის ამირანის გორა). როგორც ცნობილია, ოთხკუთხა ნაგებობა ამიერკავკასიაში უფრო ადრეულ ხანაშიაც იყო ცნობილი, მაგრამ იქ, სადაც იგი მრგვალი სახლის ადგილს იკავებს, ხშირად გარდამავალი სახე აქვს მიღებული და მრგვალი ან სწორკუთხა ნაგებობათა შერწყმის ანარეკლია, ან კიდევ ერთიდან მეორე ტიპის ნაგებობაში გადასვლის გამომხატველია შიდა ქართლის ნამოსახლარებზე (ქვაცხელები, გუდაბერტყა, ხიზანაანთგორა და სხვ.) წარმოდგენილი ისეთი საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც შენობის ორნაწილიანობა და კედლის კუთხეების მომრგვალება ახასიათებს[18]. ძველი დროიდან გადმოსულია დასახლების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნახევრად ოვალური აფსიდური კედლის შემცველი სახლებიც, რომლებსაც სარიტუალო–საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდათ (გუდაბერტყა)[19].

მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელია პატარა საგვარეულო სამოსახლოები, რომელთა შენობების დაგეგმარებაში და აღნაგობაში მთელი რიგი თავისებურებანი შეინიშნება. მაგალითად, შიდა ქართლში, ხიზანაანთგორასა და და ქვაცხელებზე მოგვიანო პერიოდის შენობებს მცირედი ტერასული მდებაროეობა აქვს. ისინი მოქცეული არიან უშუალოდ ერთიმეორის გვერდით, პირისპირ და უკან. ამასთანავე, თვალსაჩინოა თაობიდან თაობაში სარლასტითა და ალიზის აგურებით აგებული შენობების თანდათანობით მატება და შემჭიდროება. საყურადღებოა, რომ აქ არ აღმოჩენილა ცალკე ან შენობაშივე მოქცეული წმინდა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი (ბოსელი, ბეღელი), საცხოვრებელი სახლი შედგება ოთახისა და სამეურნეო-საოჯახო დერეფნისაგან[20]. ამ სამოსახლებზე აღმოჩენილი საცხოვრებელი სახლების უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს ცენტრალური კერა, დედაბოძი და მისი გარემო. აქაც, ისევე როგორც ახალციხის ამირანის გორაზე[21], საცხოვრებელ ოთახში განსაკუთრებული დანიშნულებისა ჩანს კერის უკან, კედლის გასწვრივ გამართული შემაღლება[22]. ამ შემაღლების რიტუალურ თუ საკულტო დანიშნულებას ადასტურებს კედლების შემკობა-მოხატვა ფრიზებით (გუდაბერტყა, ქვაცხელები) და მასზე ყოფისათვის გამოუდეგარი – უჩვეულო ფორმის ე. წ. ნაცარგროვების “ნაძერწობების” სხვადასხვა ჭურჭლისა და გადასატანი კერების თუ მათი იმიტაციის საგანგებოდ – ზედაშედ – დაწყობა (ახალციხის ამირანის გორა, ქვაცხელები, გუდაბერტყა).

ირკვევა, რომ თითოეული ასეთი საცხოვრებელი სახლი ამავე დროს “შინაურ” სამლოცველოსაც წარმოადგენდა. ამასვე ადასტურებს შუა კერასთან დაკავშირებული ანთროპომორფული ქანდაკებების მსგავსი თიხის ზესადგრები, რომლებიც ამა თუ იმ ოჯახის კერპის მიერ კერის განაყოფიერების აქტს განასახიარებს[23]. მამაკაცის სრულ მესვეურობას როგორც სამეურნეო, ისე საოჯახო ცხოვრებაში მიგვანიშნებს თიხის პატარა ქანდაკებები, რომელთა ფიგურები წვეროსთან მამაკაცების ღვთაებრიობას გამოხატავს. ქვაცხელების მაგალითზე შეიძლება დავუშვათ, რომ ასეთი პატარა საგვარეულო სოფლისათვის საზოგადოების ძირითად ერთეულს წარმოადგენდა 15-20 სულისაგან შემდგარი ოჯახი, ხოლო მეურნეობის ორგანიზაციაში შემორჩენილია დიდი ოჯახის სისტემა, საერთო-სამეურნეო ნაგებობებით[24].

მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთ დაწინაურებულ სამოსახლოს ახალციხის ამირანის გორა წარმოადგენს. იგი უკვე ტერასებად -“უბნებად” დანაწევრებული სახლმრავალი დასახლებაა, რომელსაც გააჩნდა გადაუხურავი, მაგრამ ქვის კედლებით შემოზღუდული ცენტრალური მოედანი (120 კვ მეტრი); ცალკე მდგარი საცხოვრებელი სახლების უკან, ზედა ტერასებზე მოქცეულია სამეურნეო დანიშნულების გრძელი და ვიწრო შენობები (ბაკები – ბოსელი?). დასახლების ტერიტორიაზევეა გამართული საგვარეულო სამაროვნები. ამ სამოსახლოსაგან გამოყოფილია მთის მწვერვალზე მდებარე მსხვერპლშესაწირი ადგილი პატარ-პატარა “სენაკებით – სამლოცველოებით”. ახალციხის ამირანის გორას და გუდაბერტყას მიხედვით ჩანს, რომ მოსავლის შესანახად იყენებდნენ დიდ სამოსახლოსაგან დაშორებით ან მის ცენტრალურ ნაწილში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებს. საგვარეულო დოვლათის დაგროვება მდიდრულად შემკული თიხის დიდი დერგების ზედაშედ მიტანაში ან კიდევ ერთ ჯგუფად გაერთიანებული ხაროების გამართვაში გამოიხატებოდა.

ახალციხის ამირანის გორას ოთხკუთხა შენობების დიდი უმეტესობა ერთი ოჯახისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი[25]. ამ მხრივ გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ერთი გრძელი საცხოვრებელი სახლი (შენობა IX), რომელშიაც ერთიმეორისაგან დაშორებული და ტიხრით გამოყოფილი ორი კერა აღმოჩნდა. იგი ალბათ ორი ოჯახისათვის იყო განკუთვნილი. ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ აქ, ერთ ჭერქვეშ მოქცეულია საკუთარი კერით გამოყოფილი ცალკეული პატარა ოჯახები,რომელებსაც ჯერ კიდევ მაინც დიდი ოჯახის კოლექტიური საკუთრება (მსხვილი და წვრილფეხა საქონელი და მიწა ) საზიარო აქვთ[26]. როგორც ეტყობა, ამ დროს სეგმენტაცია შორს წასულა. ამირანის გარაზე უფრო ხშირია შედარებით პატარა საცხოვრებელი სახლები (შენობა X‚ XIII), რომლებშიაც, როგორც წესი, მხოლოდ ერთი კერა მოიპოვება. ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის სხვა ერთკერიანი სახლებიც, რომლებიც მტკვარ-არაქსის კულტურის თითქმის ყველა სამოსახლოზეა აღმოჩენილი (ხიზანაანთგორა, ქვაცხელები, გუდაბერტყა და სხვ.).

მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლების მრავალრიცხოვან ჯგუფს სამაროვნები შეადგენს.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრივ სამოსახლოს ფარგლებში მოქცეული სამაროვნები საკმაოდ ხშირად ჩნდება; ასეთია აბელიას, ახალციხისა და ახალქალაქის ამირანის გორას, ქვაცხელების სამაროვნები, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად განლაგებულ სამარხებს შეიცავენ. სამოსახლოს ტერიტორიის გვერდით, ცალკე გამოყოფილი სამაროვანი ხიზანაანთგორას, ქვაცხელებისა და ქულბაქევის მახლობლადაა გამართული. მათ რიცხვს ეკუთვნის დიდუბე, კიკეთი და ძაღინა[27].

ამათ გარდა არის ისეთი სამაროვნები, რომლებიც თითქოს სამოსახლოსაგან საკმაოდ დაცილებულია, რადგან მათ მახლობლად ჯერჯერობით არსადაა მიკვლეული დასახლების რაიმე კვალი. ასეთია როგორც ცალკეული სამარხ–აკლდამები (მაგალითად, თამარისი, რაჭისუბანი, ნაწიდრები, ტაშ–ბაში), ისე ყორღანები – ადრეული, ინდივიდუალური და კოლექტიური (ნაწიდრების ჭალა, ტყვიავი, მაშნაარი, ხირსა)[28] და უფრო მოგვიანო ყრილიანი სამარხებიც (ტაბაწყური, მწვანე ყორღანი, საჩხერის რაიონში მოპოვებული ყორღანების დიდი უმეტესობა, ბედენის გადაჭრილი გორა[29], სამგორი და სხვ.).

სამარხის ყველა წარმოდგენილი ტიპი ტერიტორიულად და ქრონოლოგიურად მხოლოდ ერთი რომელიმე მხრის ან კულტურის განვითარების ამა თუ იმ ეტპს ვერ მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, ორმოსამარხების ტიპი ქრონოლოგიურად თითქოს მაინც უფრო ადრეული ჩანს (აბელია, კიკეთი, ქვაცხელები, ურბნისი, ძაღინას უადრესი სამარხი № 5), მეორე მხრივ, კოლექტიური ორმოსამარხები ბევრად უფრო მოგვიანო პერიოდშიაც გვხვდება (ახალციხის ამირანის გორა)[30].

აქვე აღინიშნება მეორე ტენდენცია - ყორღანული სამარხების თანდათანობითი მომრავლება[31]. ადრეული ბრინჯაოს ხანის გვიანი პერიოდის ყორღანები (ბედენის გადაჭრილი გორა[32], სამგორი, მწვანე ყორღანი), რომლებიც ერთი ადამიანის დასაკრძალავად ყოფილა გამართული, მიცვალებულისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. აქაც, მაიკოპის ადრეული ყორღანების მსგავსად, ყორღანის სიდიდე, განსხვავებული აღნაგობა და დაკრძალვის უჩვეულო წესების შესრულება მოწმობს, რომ უკვე სავსებით შემუშავებულია სრულიად თავისებური რიტუალი. ამ წესების განსახორციელებლად საგანგებოდ იგება ძელური შენობა (სამგორი), ხდება მორებით ორმოს კედლების გამაგრება (ბედენის გადაჭრილი გორა), მიცვალებულის დამწვარი ნეშტის ჩაფლვა ჭურჭელში (სამგორი) და ურმითა და თანმხლებ პირებთან ერთად მისი ჩასვენება სამარხში (ბედენის გადაჭრილი გორა)[33]. ამ სამარხთა ინვენტარი თავისი სიმდიდრით ზოგჯერ თრიალეთის შუა ბრინჯაოს ყორღანებს ბევრად არ ჩამოუვარდება.

საზოგადოებრივი განვითარების დონის სხვა მაჩვენებელი ნიშნების გვერდით საგულისხმოა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მეორე ტიპის სამარხებიც, რომლებიც გვაროვნული საზოგადოების წიაღში ცალკეუკლი ოჯახების დაწინაურებული პირების თანდათანობით გამოჩენას გვიდასტურებს. კიკეთის და თამარისის ქვისაგან ნაგებ აკლდამებში წარმოდგენილია მხოლოდ კოლექტიური (საოჯახო) სამარხები; აქ დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა მიცვალებულთა ჩაფლვა ან ნებისმიერად, ან კიდევ გარკვეული წესის დაცვით, რაც მიცვალებულისათვის განსაკუთრებული ინვენტარის (ძირითადად თიხის ჭურჭლის). ჩაყოლებაში გამოიხატება[34]. იგივე წესი სრულდებოდა ქვის სამარხში ან კიდევ ყორღანულ ყრილში და ორმო-სამარხებში მიცვალებულის დაკრძალვის დროს (ახალციხის ამირანის გორა. ტაშ–ბაში, საჩხერის ჩაშვებული სამარხები და სხვ,); მამაკაცთა ინდივიდუალურ სამარხებში სამარხთა ინვენტარში იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება იარაღი, ქალთა სამარხებში კი – ლითონის სამკაული, ე.ი. ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები[35].

ზოგიერთ, ადრეული პერიოდის სამაროვანზე დადასტურებულია არამარტო მიცვალებულთა წყვილად დვკრძალვა (ქვაცხელები, ამირანის გორა), არამედ ცალკეც, სამაროვნის ერთ ნაწილში თავმოკვეთილ მიცვალებულთა ქვაყრილიან სამარხებში ჩასვენება (კიკეთი) ან კიდევ სამარხში მხოლოდ მიცვალებულთა თავის ქალების თიხის ჭურჭელთან ერთად ჩაფლვა (ახალციხის ამირანის გორა, კიკეთი)[36]. ამის გარდა, სამაროვნებზე და სამოსახლოს ტერტორიაზე მოზრდილთა და ცალკე, საგანგებოდ გამართულ სამარხებში გვხვდება ბავშვთა ჩონჩხებიც, რომლებსაც თან ახლავს ინვენტარი (ახალციხის ამირანის გორა, თეთრიწყარო, ოზნი). მაგრამ ჩვილ ბავშვთა უინვენტარო სამარხები[37] მხოლოდ ახალციხის სამოსახლოში, უმეტესად არასაცხოვრებელ, ე. წ. გრძელ შენობებში, იატაკის ქვეშ ჩნდება.

საყურადღებოა, რომ დაკრძალვის ეს თავისებური წესები, რაც ერთი და იგივე გვარ– ტომის წევრებისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, მტკვარ–არაქსის კულტურის საწყისი ეტაპებიდანვე აღინიშნება. ამ ხანების სამარხ–აკლდამებსა და ყორღანებში საგანგებო წესით ცალკეული პირების დაკრძალვის სრულიად სხვაგვარ ფაქტებსაც ვხვდებით. ასე მაგალითად, ახალციხის ამირანის გორაზე აღმოჩენილია ორგანყოფილებიანი, შესასვლელი კარის შემცველი, ქვებისაგან ნაგები დიდი აკლდამა, რომელშიაც შეწირული ხარის თავრიელთან ერთად მიცვალებულს ჩატანებული აქვს ბრინჯაოს სატევარი, ძვლის კვირისტავი და პიქტოგრამებით შემკული თიხის ერთი ჭურჭელი. ამავე სამაროვანზე აღმოჩნდა კიდევ ერთი ჩვეულებრივი ტიპის ქვის სამარხი, რომელშიაც შეიარაღებული მამაკაცის ჩონჩხთან ერთად ოთხი შეწირული ხარის თავ-ფეხი იდო[38]. ხირსის ყორღანულ სამარხში ორმოს კედლები რიყის ქვების მშრალი წყობით იყო ამოშენებული, ხოლო ძირი - წვრილი ქვებით მჭიდროდ მოგებული და მოტკეპნილი. ეს სამარხიც ორი შეწირული ხარის თავის ქალას შეიცავდა, ერთ-ერთს შუბლის ძვალი გახვრეტილი ჰქონდა, რაც უთუოდ გარკვეულ რიტუალთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული[39]. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეულ პერიოდში მამაკაცის პატივსაცემად ზოგჯერ მისი ძალაუფლების მანიშნებელი ნივთების (ჰემატიტის ლახტისთავის) ჩატანების ფაქტებიცაა ცნობილი (ტყვიავი).

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მტკვარ–არაქსის კულტურის ძეგლები წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი კომპლექსებით და შეიცავენ კერამიკულ, ძვლისა და ქვის ნაწარმს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვაგვარ ნაკეთობებს, რომლებიც ჩამოსხმული ლითონითაა დამზადებული.

მტკვარ–არაქსის კულტურა ლიტერატურაში ცნობილია როგორც ერთგვაროვანი ნივთებით წარმოდგენილი ერთიანი დიდი კომპლექსი. ეს შთაბეჭდილება იქმნება მსგავსი კერამიკული ფორმების მეტად ფართო გავრცელების გამო. ასეთი კერამიკული ფორმების ერთგვაროვნება ყველაზე მეტად ამ კულტურის საწყის ეტაპს ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ ერთიმეორის მიმსგავსებული ადრეული თიხის ჭურჭელი ვრცელდება თითქმის მთელ იმ ტერიტორიაზე, სადაც მანამდე წინარე ხანის ენეოლითური კულტურა არსებობდა.

თიხის ნაკეთობათა უადრესი ტიპები ჩნდება მტკვრისა (კიკეთი, დიდუბე, ახილარი, ოზნი, აბელია, ნახიდრების ჭალა, თამარისი, ხიზაანაანთ გორას ქვედა ფენა, ქულბაქევი, ზღუდრისგვერდა, ამირანის გორა, მაშნაარი, ხირსა, სტეპანაკერტი, ხაჩანაგეტი, ზეგლიკი და სხვ.) და არაქსის (ქიულთეფეს II ფენა, არმავირ–ბლური, იგდირი, არაგაცის დასავლეთ ფერდობი) აუზებში. ასეთივეა აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მთისძირა ზოლში – დაბლაგომის “ნაციხვარზე” აღმოჩენილი ზოგიერთი კერამიკა და ჩრდილო–დასავლეთ ირანში ურმიის ტბასთან იანიკთეფეს ნამოსახლარზე გვიანენეოლითურ ფენაში ნაპოვნი წითელკედლიანი თიხის ჭურჭელიც. ამ კატეგორიის კერამიკას ახასიათებს მოწითალო, ყვითელი, მორუხო ან მოწაბლისფრო, ზოგჯერ კარგად გაპრიალებული ძაბრისებრი ყელის ანდა მეტ–ნაკლებად მომრგვალებული მუცლის მქონე ჭურჭელი და ღრმა ჯამები[40].

ახალი ტიპის ჭურჭელს, განსხვავებით წინა პერიოდის კერამიკისაგან, თითო, ორ–ორი ან კიდევ სამი ყური აქვს, ზოგიერთს უმეტესად ჰორიზონტალურად გაკეთებული ხვრელი გააჩნია. იშვიათად კი – ვერტიკალური; ეს უკანასკნელი ისევე როგორც სამყურა ჭურჭელი აშკარად ჩამოსაკიდად უნდა ყოფილიყო დამზადებული (დიდუბე, კიკეთი, დაბლაგომი, ხიზანაათგორა)”. ამ უადრეს ჭურჭელთან ერთად ჩნდება თიხის სადღვებლებიც. რძის წარმოებასთან დაკავშირებული ჯამ–ჭურჭელი წარმოდგენილია ქულბაქევის სამოსახლოზე (პირფართო, ღრმა ბადიები და ყელვიწრო დოქისებური კერამიკა). ყველა ამ ტიპის ჭურჭელი თავისი ფორმებით არ გამოეყოფა ადრეული ბრინჯაოს ხანის კერამიკას და მის ორგანულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. სამიწათმოქმედო პროდუქციასთან არის დაკავშირებული მრავალრიცხოვანი ხელსატაცი ჭურჭელი (კოჭობები, ტოლჩები), ყურიანი და უყურო ჯამები, ქილები და დერგები. უმეტესობას ბრტყელი და ფართო ძირები აქვს, ზოგს კი – მიწაში მოსათავსებელი ვიწრო ან ჩაზნექილი ძირი მსუბუქი და მცირე ზომის ამ ტიპის კერამიკა უთუოდ კერის ქიმიან “შვერილებზე” ან კიდევ სპეციალურ ზესადგრებზე იდგმებოდა.

ჭურჭლის უმეტესობას შეადგენს სადაზედაპირიანი კერამიკა, რომელთა შორის ზოგს შავპრიალა ზედაპირიც აქვს. პატარა კოჭებებსა და ტოლჩებს, ღრმა ბადისებურ ჯამებს (დიდუბე, კიკეთი, თამარისი, ახალქალაქის ამირანის გორა, ზველი, რაჭისუბანი) ხშირად წყვილ–წყვილი ძუძუსებური პატარა შვერილებიც გააჩნია, რომლებიც ძლიერ ემსგავსება გვიანენეოლითური ხანის რელიეფურ ნაძერწობას (არუხლო, წოფი, შულავერი).

ადრეული ბრინჯაოს დასაწყისში უძველესი რელიეფური ორნამენტური სახისაა ჭურჭლის ცალ მხარეს მოქცეული ორმაგი სპირალი (კიკეთი, ოზნი, თეთრიწყარო, ახალციხის ამირანის გორა), ერთიმეორის პირისპირ მდგარი წეროები (კიკეთი, ოზნი, ახალციხის ამირანის გორა), გამოსახულებათა ხვადასხვაგვარი სიუჟეტური კომპოზიცია (ოზნი, ახალციხის ამირანის გორა), ირმისა თუ ჯიხვის ცალკეული ფიგურები (ქულბაქევი, ქვაცხელები, გუდაბერტყა), რკალი (კიკეთი) ან წყვილ–წყვილი ირიბი ზოლები (დაბლაგომი, ქულბაქევი, ახალციხის ამირანის გორა), რომლებიც მცირე ჩაღრმავებულ ფოსოებთან ერთად გვხვდება.

ამოკაწრული სახეებით შექმნილი ადრეული ჭურჭელი შედარებით მცირერიცხოვანია. მათ შორისაა ტეხილხაზოვანი და სამკუთხედისებური მოტივებით შემკული ჭურჭელი (კიკეთი, თეთრიწყარო, ამირანის გორა) და პიქტოგრამის მსგავსი უჩვეულო ნიშნების შემცველი კერამიკა (ოზნი, ამირანის გორა, ბეშთაშენი).

დოვლათის შესანახ სხვადასხვა ზომის ჭურჭლებთან ერთად ამ დროს ჩნდება ნაირგვარი სარქველებიც, რომელთა შორის აღსანიშნავია ახალი მთვარისებური ნიშნის, ზესადგრების მოყვანილობისა და ირმების ფიგურებით შემკული ხუფები, თავისებური ფორმა აქვს ჯამისებურ სარქველებს, რომლებიც ტიპობრივად ჯემდეთნასრის ეპოქის ხუფებს ემსგავსება (დიდუბე, ზღუდრისგვერდა, აბელა).

საგანგებო დანიშნულებისაა თიხისცალგვერდგახსნილი თხელკედლიანი “კეცები”, რომელთა უმეტესობა შენობის იატაკზე ან ტახტისებურ შემაღლებაზე უძრავად უნდა დებულიყო (ახალციხის ამირანის გორა, ხიზანაანთ გორა, ქვაცხელები და სხვ.).

ადრეული ბრინჯაოს საწყისი პერიოდი ხასიათდება ზესადგრების მრავალრიცხოვანი ჯგუფით; აქ პირველად გვხვდება ხარის თავის სქემატური გამოსახულების მქონე ნაკეთობანი (კიკეთი, ზემო ავჭალა, აბელია, ხიზანაანთგორა, ქულბაქევი), ნახევარსფერული (ოზნი, აბელია), კოჭისებური (კიკეთი, ოზონი, ამირანის გორა, ქვაცხელები) და ვერტიკალური სადგრები, რომელთაგან უკანასკნელი ქალის სხეულის მოყვანილობას (აბელია-ზემო ავჭალა, ტყვიავი) მოგვაგონებს. კერის ზემოთ მოთავსებული ე. წ. ნალისებური ზესადგრები ძირითადად აგრეთვე ერთი ან რამდენიმე ნაწილით ადამიანის მთლიანობაში გამოხატვის ერთგვარ ცდას წარმოადგენდა; მათ შორისაა ფეხებგაშლილი იტიფალური ადამიანის სხეულის გამომხატველი მარტივი ნაკეთობანი (ხიზანაანთგორა, ზღუდრისგვერდა, ოზნი); უფრო რთულია რქებით ან თასით თავზე გამოძერწილი ფეხგაშლილი მჯდომი იტიფალური მამაკაცის ქანდაკება, რომელსაც ზოგჯერ სახის ნაკვთებიც (თავი, პირი, ცხვირი) ემჩნევა (ახალციხის ამირანის გორა); იგი უთუოდ განასახიერებს კერის – ოჯახის გამრავლების – ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ იტიფალურ კერპს.

ამ კომპლექსებშივე ჩნდება სხვადასხვა სახის ქანდაკებები - ცხიმკუდიანი ცხვრის, იტიფალური მამაკაცის (ხიზანაანთგორა, ქვაცხელები) ან კიდევ ხარის დიდი სტილიზებული ქანდაკებანი (თრიალეთი, ჯავახეთი); კერის პატარა მოდელები და თიხის ბორბლისებური ნაკეთობანი წარმოდგენილია ადრეული ბრინჯაოს დასაწყისიდანვე (დიდუბე, ახალციხის ამირანის გორა და სხვ.).

ადრეული ბრინჯაოს საწყისი პერიოდის ლითონის ნაწარმი მოპოვებულია სამარხეულ კომპლექსებში (ტყვიავი, ქვაცხელების ორივე იარუსის სამარხები, ურბნისის სამარხები, ქულბაქევის სამარხი № 7, ახალციხის ამირანის გორას აკლდამები და ქვის სამარხები). ამათ გარდა, თითოოროლა ნივთი ან მათი დასამზადებელი ყალიბები აღმოჩენილია საკუთრივ სამოსახლოზე. ხიზანაანთ გორაზე ნაპოვნია დარიშხნიანი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული მცირე ზომის სატევრები. ასევეა დამზადებული აგრეთვე დარიშხნის დიდი რაოდენობის შემცველი ბრინჯაოს სხვადასხვა მძივი (ქვაცხელები, ახალციხის ამირანის გორა). შემკულობისა და თავსაბურებთან დაკავშირებულ ნივთთა ჯგუფშია ერთნახევრიანი ბრინჯაოს პატარა რგოლები (ტყვიავი, ახალციხის ამირანის გორა, ურბნისი), ავგაროზ-საკიდები (ურბნისი), რქებდაგრეხილი ვერძის თავის სქემატურგამოსახულებიანი საკინძები (ურბნისი, ქვაცხელები, ძაღინა), სამაჯურები (ქვაცხელები, ურბნისი) და ვერცხლისა და ტყვიის მრავალხვია საკიდები (ახალციხის ამირანის გორა, ქვაცხელები). საგანგებოდ აღსანიშნავია თხელფურცლიანი სპილენძის გახსნილი დიადემა, რომელზედაც პუნსონით ამოყვანილია ირმების, წეროებისა და ასტრალური ნიშნების გამოსახულებანი (ქვაცხელები).

ბრინჯაოს იარაღ–საჭურველი წარმოდგენილია დანებით, სატევრებით (ახალციხის ამირანის გორა, ხიზანაანთგორა, ქვაცხელები) და ჩამოსხმული ყურდაქანებული პატარა ცულით (ქულბაქევი). ჩამოთვლილთა მსგავსია აღმოსავლეთ (იალბუზი, ბარადაძორი, ყიზილ აჯლო, მეჯვრისხევი) და დასავლეთ (სვანეთი) საქართველოში შემთხვევით აღმოჩენილი იმავდროული ცულები[41]. აქვე ჩნდება განუვითარებელი და უთუოდ არქაული ტიპის სწორღეროიანი შუბისპირები (ზღუდრისგვერდა სადახლო–მოლაზონში, ახალციხის მიდამოები), რომელთა ახალი სახეობა თავისი განვითარების შემდგომ ეტაპებზე ჩნდება[42].

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბრინჯაოს სადგისისებურ ნაკეთობებს იყენებდნენ ისრისპირისათვის, რომელთა საშუალებითაც ნადირობდნენ (ქვაცხელები); ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსს ეკუთვნის ბრინჯაოს მოხრილპირიანი ნამგალი; ასეთივე უძველესი ნამგალია აღმოჩენილი აზერბაიჯანში, ქიულთეფეს მეორე ფენის ქვედა ჰორიზონტზე[43].

ქვის ნაწარმი წარმოდგენილია სანაყებით, ხელსაფქვავებით, სასრესი ქვებით, ლახტისთავებით და სხვა მსგავსი ნაკეთობებით, რომლებიც შემდგომ ხანებშიაც არ გამოდის ხმარებიდან. საერთოდ კი აღსანიშნავია, რომ შრომის იარაღების მთელი სერია, რომელიც ადრეულ ხანაში ჯერ კიდევ მტკიცედ უნდა ყოფილიყო ფეხმოკიდებული, ამ პერიოდის დასაწყისში უკვე აღარ მზადდება. ამ პერიოდში ძირითადად კაჟისა და ობსიდიანის ნამგლის ჩასართვები და ისრისპირებია გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ობსიდიანის ზოდები ჯერ კიდევ მოჰქონდათ შორი ადგილებიდან სამოსახლოებზე იარაღების დასამზადებლად (აბელია, დიდუბე).

აღმოსავლეთ საქართველოში შემდგომი, უფრო მოგვიანო დროის მრავალრიცხოვანი ნივთიერი კულტურის ძეგლები თითქოს ცალკეული ლოკალური კულტურების გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა. ასეთ შესაძლებლობას, მაგალითად, ზოგიერთი უკვე გათხრილი სამოსახლოს და დაზვერვებით მრავალ ძეგლზე მოპოვებული თიხის ჭურჭლების ურთიერთშედარება გვაძლევს[44]. აღნიშნული პერიოდისათვის შიდა ქართლის დასავლეთ რაიონებში (გუდაბერტყა, ქვაცხელები, ხიზანაანთგორა, ძაღინა) თანდათანობით მეტი და მეტი თვალსაჩინოებით ვლინდება კერამიკული ფორმების თავისებურება, რომელმაც ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს საწყის პერიოდში იჩინა თავი. ამ ნიშნებით უკავშირედება იგი საჩხერის რაიონში აღმოჩენილ მოგვიანო ყორღანულ კომპლექსებს და მათთან ერთად ერთ ლოგიკურ გარემოში ექცევა[45]. ამ მხრივ ყველაზე აშკარა თავისებურებას წარმოადგენს შიდა ქართლის ადრეული ბრინჯაოს მოგვიანო პერიოდის შებერილი, წიბომუცლიანი კორპუსის მქონე, ვიწროყელიანი, გადაშლილპირიანი და კონუსისძირა ჭურჭელი. შედრეკილძირიანი ქუსლიანი ცალყურა კერამიკა (სასმისები, ჯამები), დამახასიათებელია შიდა ქართლის აღნიშნული პერიოდის კერამიკისათვის (ხიზანანთგორა, ქვაცხელები, გუდაბერტყა). აქვეა ძაბრისებური ყელის მქონე ბრტყელი და ვიწროძირიანი დიდი დერგებიც, რომლებსაც ყელს ქვემოთ ზოგჯერ შავი საღებავით გაკეთებული ზოლი დაუყვება[46].

უფრო ფართოდ გავრცობილ მეორე ლოკალურ წრეში სამხრეთ საქართველოს (მესხეთ–ჯავახეთი, თრიალეთი, ქვემო ქართლი) ტერიტორიასთან ერთად თითქოს შიდა ქართლის აღმოსავლეთი ნაწილი და კახეთი ექცევა. როგორც ჩანს, კერამიკა აქ უფრო ინარჩუნებს ადრეული ბრინჯაოს საწყისი პერიოდისათვის დამახასიათებელ ძველ ფორმებს, რის გამოც ამ ორი პერიოდის მასალების ურთიერთისაგან გარჩევა კომპლექსების გარეშე საკმაოდ ძნელია. ამ კერამიკას ახასიათებს შავპრიალა ზედაპირი და წითელი ან მოვარდისფრო სარჩული, ასეთი კერამიკა ყველაზე მეტი ბეშთაშენში და ახალციხის ამირანის გორას სამოსახლოზეა. აქ წარმოდგენილი დერგები და ქილები დაბალი, ფართოცილინდრული ყელით, მუცლის თანაბარი გამობერილობითა და ბრტყელი ძირით ხასიათდება. ჭურჭლის ასეთივე ფორმებს იმეორებს შედარებით მცირე ზომის მრავალრიცხოვანი კერამიკა. ამ პერიოდის კერამიკის ძირითადი თავისებურება იმაშია, რომ (დოქისებური ჭურჭლების გამოკლებით) უმეტესობას აქვს ფართო, სქელი და ყელიდან მხარზე გადასვლის ადგილას დამახასიათებელი მკვეთრი გადასვლა. ეს ჭურჭელი ძირითადად სადაზედაპირიანია, მაგრამ დიდი ზომის კერამიკას და მათ შორის სარქველებს მაინც ძველი ორნამენტური სახეები აქვს – სპირალები, ახალი მთვარის ნიშანი, წეროს სქემატური გამოსახულება, ტეხილხაზოვანი ზოლები და ა.შ. აქ პირველად იჩენს თავს ნაკაწრი და ჩაღრმავებით გამოყვანილი სიუჟეტური ორნამენტაცია, რომელიც ჭურჭლებს ისევ ტოლ მხარეზე უკეთდება (ახალციხის ამირანის გორა, ბეშთაშენი, დმანისი); ბეშთაშენის მასალებში აღსანიშნავია ყელის ქვედა ნაწილის მოხატვა სამკუთხედებითა და სამწერტილოვანი მოტივებით.

თიხის ნაკეთობათა შორის აღსანიშნავია ადრეული პერიოდის დასასრულიდან ხმარებაში შემოსული ზოომორფული ზესადგრები და ერთ– და ორგანყოფილებიანი ოთხკუთხა და კუთხემომრგვალებული, ე. წ. საკმევლები ანუ სახლების მოდელები, რომლებიც სამლოცველოს იმიტაციას უნდა წარმოადგენდეს (ქვაცხელები[47], გუდაბერტყა, ამირანის გორა, ოზნი და სხვ.). მათთან ერთად ჩნდება კერის ზესადგრების პატარა მოდელები. აღნიშნულ პერიოდშივე მატულობს ცხვრის პატარა ქანდაკებების რაოდენობა.

ლითონის ნაწარმი პატარა ნაკეთობათა სახით ჩნდება სამოსახლოებზე. თანდათან იწყებს მომრავლებას ბრტყელთავიანი ნახევარდისკოსებური საკინძები, ახალი მთვარის მგავსი საკიდები, სადგისები, ნემსები, მახათები, ერთნახევრიანი ხვიები (ახალციხის ამირანის გორა), მძივ–სამკაული, სხვადასხვა ხვია, პატარა ზოდები (გუდაბერტყა), დარიშხნიანი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ნამგლები, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ გაუჭედავია (ხიზანაანთგორა).

ამიერკავკასიაში სხვადასხვა სამოსახლოზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები და თიხის ყალიბები მიგვანიშნებს, რომ მტკვარ–არაქსის კულტურის განვითარების ამ საფეხურზე აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში უკვე ხმარებაშია ბრინჯაოს ბრტყელი, ყუადაქანებული, სწორპირიანი არქაული ტიპის ცულები, სწორღეროიანი ან ხიშტისებური შუბისპირები, დანები, სატევრისპირები, რომლებიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ანატოლიაში, დასავლეთ საქართველოსა (დოლმენები) და ყუბანში (ნოვოსვობოდნაიას ყორღანები) აღმოჩენილ ადგილობრივად დამზადებულ მსგავს იარაღს[48].

მტკვარ–არაქსის კულტურის დასარულს კერამიკული ნაწარმი ხასიათდება როგორც ახლად წარმოქმნილი ფორმებით, ისე ადრევე ჩამოყალიბებული ფორმების (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მომიჯნავე რაიონებში) ფართო გავრცელებით.

ახლად წარმოქმნილ ფორმებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საჩხერეს ყორღანებში აღმოჩენილი ისეთი სახის დერგები, რომლებსაც მუცელი კვერცხისებური მოყვანილობისა აქვს (ნაჩერქეზევი). შიდა ქართლსა და საჩხერეში ფართოდ არის წარმოდგენილი დაბალი, მომცრო ზომის პირგადაშლილი ცალყურა ჯამები (ნაჩერქეზევი, ძაღინას აღმოსავლეთი უბანი); ამ პერიოდის კერამიკაში შეინიშნება ზოგიერთი ჭურჭლისათვის ჩვეული პროპორციის დარღვევა – ჩნდება ბრტყელი, ფართოძირიანი და მაღალყურებიანი ქოთნები, რომლებსაც შვეული კედლები აქვს (ნაჩერქეზევი, პასიეთი).

შიდა ქართლის კერამიკაში აღსანიშნავია შედარებით განიერი და დაბალი მუცლის მქონე სასმისები და ვიწრო, მაღალყელიანი სამყურა ქილები, რომელთაც სფეროიდალური მოყვანილობის მუცელი ახასიათებს (ქვაცხელები). ამ რიგის ქილებს ხშირად დეკორატიული ყურები აქვს. შემკულობაც პოლიქრომულია. ეს მოხატულობა შესრულებულია შემდეგნაირად: ჭურჭლის ყელი მუცლის მონაცრისფერო–რუხ ფონზე შეღებილია წითლად, ხოლო ყელს შემოვლებული აქვს მოშავო–ყავისფერი ფართო ზოლი, რომლის ზემოთ რომბულად მოხატულ წერტილებსა და სამკუთხედისებურ ხაზებთან ერთად მუქი საღებავით ცხოველია გამოხატული (ირემი?).

თრიალეთში, მესხეთ–ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია უნიფიცირებული ფორმის კერამიკა, რომელსაც მუცლის შუა ნაწილი მკვეთრად აქვს გამობერილი. იგი დაბალყელიანი და პირგანიერია, ხოლო მომცრო ძირის გამო მუცელი თანდათან უვიწროვდება. ასეთი კერამიკის “გარდატეხის” ადგილი შერბილებულია, რაც მის ფორმას მეტ ლაზათს აძლევს. ადრეული ბრინჯაოს წინარე პერიოდებისაგან განსხვავებით, სამარხეულ ინვენტარში წარმოდგენილი თიხის ჭურჭელი უმეტესად ორნამენტირებულია. აქ ადრევე ცნობილი ორნამენტური მოტივები ძლიერ სტილიზებული და ხშირად სახეშეცვლილიც გვხვდება. ეს მოტივები შიდა ქართლის დასავლეთ რაიონებსა და საჩხერის ყორღანებში აღმოჩენილი პატარა ზომის ჭურჭლების მსგავსად მხოლოდ ერთ მხარეს კი არ არის მოქცეული, არამედ რიტმიულად მოუყვება ყელისა და მუცლის მთელ ზედაპირს. აქ არის ნაკაწრი, ჩაღრმავებული და ჭდეული ხაზები ან კიდევ დაბალი, რელიეფური ზოლები, რომლებიც სამკუთხედების შევრონებისა და გარშემოვლებული ხაზების გარდა გამოხატავს უკვე სახეშეცვლილ სქემატიზირებულ სპირალებს, მეანდრს, ახალი მთვარის მსგავს ნიშანს, წეროს. მოტივებს დაკარგული აქვს თავდაპირველი სიუჟეტური კომპოზიციები; მათ ნაცვლად მოცემულია ახალი, თითქოს დეკორატიული მნიშვნელობის მქონე კომპოზიცია, რომელიც ზოგჯერ ძველებურადვე ჭურჭლის ცალ მხარესაა მოქცეული (სადახლო, შულავერი, წალკის ადრეული ყორღანები).

მტკვარ–არაქსის კულტურის დასარულს ლითონის ნაწარმის უდიდესი ნაწილი სამარხეული ინვენტარის სახით წარმოგვიდგება; ბრინჯაოს მცირერიცხოვანი ნივთები აღმოჩენილია სამოსახლოებზე; უკანასკნელთა შორის აღსანიშნავია ადგილობრივი წარმოშობის ორბორბლიანი, ღერძიანი საკინძი (ქვაცხელები). ამ ტიპის საკინძი შემდეგ ხანაში საჩხერესა და ჩრდილო კავკასიაშიც ფართოდ გავრცელდა. შიდა ქართლის (ხიზანაანთგორა, გუდაბერტყა) და სამხრეთ საქართველოს (ახალციხის ამირანის გორა, სადახლო) ნამოსახლარების კულტურულ ფენებში მოპოვებულია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელები და ყალიბები, რაც ბრინჯაოს მეტალურგიის საყოველთაო გავრცელებაზე მიგვითითებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდში ამიერკავკასიაში და მისგან ჩრდილოეთით პირველად გვხვდება ისეთი ნივთები, რომელთა აქ გამოჩენა სირიულ-მცირეაზიულ კულტურულ სამყაროსთან ამიერკავკასიის მჭიდრო ურთიერთობით შეიძლება აიხსნას. ასეთია ბოლომოკაუჭებული შუბისპირები, ცულ-წერაქვები, სხვადასხვა სახეობის მილყუიანი ცულები, ბრინჯაოსტარიანი სატევრები, საჭრეთელი, მარყუჟისებური თავის მქონე საკინძები, თავმოღუნული და ღეროგრეხილი საკინძები, ე.ი. ყოველივე ის, რაც ყველაზე ჭარბად საჩხერის ყორღანებშია მოპოვებული49.

ამავე ხანებში ფართოდ ვრცელდება ცხვრისა თუ ვერძის დაგრეხილი რქების მქონე საკინძებიც.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თრიალეთის უძველესი ყორღანების ლითონის ნივთები, რომელთა შორისაც ოქროს გარსაკრავები, ვერცხლის მსხვილი ხვია და თავდაცვითი საშუალების ახალი სახეობა – აბჯრის - სპილენძის თხელფურცლოვანი ნაწილებიც50. მეტივური “მილყუიანი” ცულისა და სატევრის პირთან ერთად საჩხერის ცარცის გორაზე – სამარხში აღმოჩენილია აგრეთვე ოქროს ერთნახევრიანი ხვია51. საჩხერის სხვა ყორღანებში სამკაულთა მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს თეთრი, ბზინვარე ფერის სხვადასხვაგვარი ბრინჯაოს საკინძები – თიხისებური, ახალი მთვარის ფორმის და დისლოკოიდალური საკინძები, რომლებსაც მირჩილული ჰქონია ყუნწი, ხოლო თვით კონცენტრიული წრეებით შემკული დისკო მოდელის დაკარგვის წესითაა ჩამოსხმული52.

ქვის ნაწარმი, რომელიც ამ პერიოდის დასასრულს ეკუთვნის, წარმოდგენილია სამოსახლოებზე. ესაა ნამგლის ჩასართავი და ისრისწვერები; ხიზანაანთგორასა და ქვაცხელის უგვიანესი ნამოსახლარის ზოგიერთ ოთახში ნაპოვნი ჩასართებიდან ათეული ნამგალი შეიკრიბება. ლითონის ნამგლებთან ერთად ქვის იარაღი ალბათ უკვე გამოიყენებოდა მსხვილფეხა საქონლისათვის ზამთრის საკვები მარაგის მოსამზადებლად – ბალახის მოსათიბად53.

ძვლის ნაწარმიდან საყურადღებოა ქვაცხელებზე აღმოჩენილი ირმის რქის სახვნელი. რქა სამტოტაა. შუა ტოტი მოჭრილია, უკანა ტოტი გათლილი და წამახული. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამ დროისათვის ურწყავი სახნავ-სათესი ფართობი ათვისებულია პატრიარქალური საზოგადოების მიერ სახვნელისა და გამწევი ძალის გამოყენების შესაძლებლობის ფარგლებში54.

აქვე საჭიროა მოკლედ შევეხოთ დასავლეთ საქართველოს ძეგლების თავისებურებებს.

დასავლეთ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების ფარგლებს გარეთ ექცევა, ძირითადად კოლხეთის დაბლობს წარმოადგენს. დასავლეთ საქართველოს ადრეული ბრინჯაოს ხანის ნივთიერი კულტურის ძეგლები ჯერ კიდევ თითქმის შეუსწავლელია. მიუხედავად იმისა, რომ ბ. კუფტინის დროს აქ დიხა-გუძუბას სამოსახლოს გარდა ამ პერიოდის სხვა მსგავსი დასახლებანი მიკვლეული არ იყო, იგი მაინც ამ დროის ძეგლების თავისებურებების მიზეზს მეურნეობრივ და ეთნიკურ განსხვავებაში ეძებდა55. ამ თვალსაზრისით ბ. კუფტინი ცალკე გამოყოფდა მთისძირა ზოლს და შავიზღვის სანაპიროზე აღმოჩენილ ნივთიერ კულტურას, სადაც, როგორც აღინიშნა, ენეოლითური კულტურის თავისებურებანი კერამიკაში უფრო დიდხანს შემორჩა. ეს ვითარება შეინიშნება დიხა-გუძუბას მასალების მიხედვით, სადაც ჯერ კიდევ მძლავრია ქვის ინდუსტრია (ნამგლის ჩასართები, თოხისპირები, შუბისპირები, ცულები და სხვ.)56.

არსებითია აგრეთვე დიხა–გუძუბას ადრეული ბრინჯაოს კულტურისადმი განკუთვნილი ფენა, რომელიც შეიცავს ქვისა და თიხის ყალიბებს, ჩამოსხმული ლითონის ნამზადს და ლითონის წიდას56. ამავე ფენაშია აღმოჩენილი ნაცრისფერი, თხელკედლიანი, ხელით ნაძერწი კერამიკა, რომელთა ფორმები ნაწილობრივ ლითონის ჭურჭლის ფორმას იმეორებს57. დიხა-გუძუბას ბოლომდე გაუთხრელი ფენების თანამიმდევრობისა და თითოეული მათგანის თავისებურებათა გარკვევა ჯერ კიდევ ძნელია, მაგრამ ბ. კუფტინის დაკვირვებით ადრეული ბრინჯაოს კერამიკა, რომელიც ნაოხვამუს მასალებს ქრონოლოგიურად უსწრებს წინ, მაინც თავისებურია. იგი ხასიათდება დაქანებული გვერდებისა და ძირისაკენ შევიწროებული მუცლიანი ჭურჭლებით, რომლებსაც ძირი ზოგჯერ შეზნექილიც აქვს. ამ ჭურჭლის ოდნავ გადაშლილ პირს ებმის ორი ბრტყელი, მაღალი ყური, რომლებიც მუცლის ყველაზე ფართო ადგილს ებჯინება. აქვეა აგრეთვე ყელსქვემოთ ჰორიზონტალურად მიძერწილი ბრტყელი ყურების შემცველი კერამიკაც58.

აღნიშნული პერიოდის მასალებისაგან მკვეთრად განსხვავებულია უფრო გვიანდელი ფენა, რომელიც თავისი მდიდრული ორნამენტური სახეებით ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე გამოვლენილ ე.წ. შუაბრინჯაოს კულტურის კერამიკას (უზერლიკთეფე) უახლოვდება. იგი ბრინჯაოს ხანის საწყის ეტაპებს ქრონოლოგიურადაც აღარ ემთხვევა. მიუხედავად ამისა, დიხა-გუძუბას დასახლების ხასიათისა და მასში აღმოჩენილი სხვადასხვა დროის კულტურული ფენების მიხედვით ირკვევა, რომ მტკვარ-არაქსის კულტურასთან შედარებით დასავლეთ საქართველოს დაბლობში უფრო შენელებული ტემპებით ვითარდებოდა მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომების კულტურა. თუმცა ჩანს, რომ ეს მხარეც სამხრეთულ სამყაროსთან გარკვეულ კონტაქტებში იმყოფებოდა, რაზედაც მიგვითითებს შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს წინააზიური ტიპის ცულები (ნაომარის ყუადაქანებული ცული და განთიადის გორდაპირის მილყუიანი ცული59), მაგრამ აქ (ბინადართა მიწათმოქმედების პირობებში) ლითონის საბრძოლო იარაღის ფართოდ გამოყენების აუცილებლობა ჯერ არ ყოფილა, რადგან ტყეების გარემოცვაში მყოფი და თხრილებით გარშემოვლებული სამოსახლოები იმ დროს ერთგვარად მაინც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამავე თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობში იმ ხანებშიც ცხვრის მოშენებას არ მისდევდნენ. ამის გამო ტომთა შორის გამძაფრებული ბრძოლა არ ჩანს.

ყოველივე ეს ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს დასავლეთ საქართველოს დაბლობი ეთიშება ამიერკავკასიაში, ყუბანსა და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე ისტორიულ–ეკონომიურ მოვლენებს. ამ მხრივ განსხვავებულია აფხაზეთის სანაპირო, რომელიც უფრო დროულად ეზიარება იმ ძვრებს, რომლებიც გვაროვნული საზოგადოების განვითარებას მოჰყვება.

ადრეული ბრინჯაოს ხანაში აფხაზეთის სანაპიროზე თავს იჩენს დოლმენური კულტურა.

ეშერის მომცრო დოლმენებში აღმოჩენილია ტლანქად ნაძერწი, მოწითალო და მოშავო ფერის შედარებით თხელკედლიანი პატარა ზომის ქოთნები, ქილები, ჯამისებური ჭურჭელი და სასმისები, რომელთაგან ზოგიერთს მთელი ზედაპირი დასერილი აქვს არამკვეთრად ამოღარული ხაზებით, ზოგსაც პირთან ჭდეები აქვს გაკეთებული; ეს კერამიკა თითიქმის არ უკავშირდება კოლხეთის დაბლობის ნამოსახლარების ჭურჭელს და უცვლელია დოლმენური კულტურის არსებობის მთელ მანძილზე60.

დოლმენებში აღმოჩენილია თიხის კვირისტავი, ბრინჯაოს ყუნწიანი სატევრისპირი და ოვალური მოყვანილობის ერთმანეთზე თავებგადასული სასაფეთქლე რგოლი; აქვეა კაჟის ორი ფუძეამოღარული ისრისპირიც61. შედარებით უკეთ ნაგებ მოზრდილ დოლმენებში მრავალრიცხოვანია ლითონის ინვენტარი; წარმოდგენილია საჩხერული ტიპის ვიწროტარიანი ყუადაქანებული ცულები, მასრიანი კავები, რომლებიც დამზადებულია მოდელის დაკარგვის წესით; მაღალყუნწიანი, ბრტყელი, ფოთლისებური და ღარიანი პირის მქონე სატევრები, რომელთა მსგავსია სამგორის ყორღანში აღმოჩენილი იარაღი და ისეთივე სადგისები, როგორიც თრიალეთის ერთ–ერთ უძველეს ყორღანულ სამარხშია62. ეს საგვარეულო სამარხები, რომლებიც მთლიანი ქვებისაგან შედგენილ მიწისზედა ნაგებობებს წარმოადგენს, მოგვიანო დოლმენებისაგან გამოირჩევა თავისი მომცრო ზომით. ინვენტარს კი გვარის მხოლოდ დაწინაურებული წევრების დაკრძალვისას დებდნენ სამარხში, თუმცა ზოგიერთ პატარა დოლმენში ოცზე მეტი მიცვალებულიც ყოფილა დასაფლავებული63.

ზოგიერთი მკვლევარი დოლმენების გავრცელების ტერიტორიას (ადლერიდან ენგურამდე) ცალკე გამოყოფს და მას ე. წ. სამხრეთ დოლმენურ კულტურას მიაკუთვნებს. ამ ლოკალურ კულტურაშივეა მოქცეული ოჩამჩირის ნამოსახლარიც64. მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს კულტურა თავისი მეგალითური ნაგებობებით მაინც ერთიან დასავლურ ქართულ კულტურულ წრეს უნდა ეკუთნოდეს65.

დასავლეთ საქართველოს ადრეული ბრინჯაოს კულტურა წინამავალი გვიანი ენეოლითური კულტურისაგან მკვეთრად მაინც ვერ გამოირჩევა, რის გამოც ამიერკავკასიის უკიდურეს დასავლეთ რაიონებში ჯარჯერობით მხოლოდ დოლმენების სამარხეული ინვენტარის დათარიღება ხერხდება66, რაც შეეხება სხვა ძეგლებს67, საჩხერის რაიონში აღმოჩენილ მტკვარ–არაქსისეულ მოგვიანო კომპლექსებთან ერთად მიგვანიშნებს ამ კულტურის შეღწევას დასავლეთ საქართველოში მდ. ენგურის ნაპირებამდე; მათი კულტურული ფენების თარიღიც, ძირითადად დოლმენური კულტურის გამოჩენას უნდა ემთხვეოდეს, ე. ი. ძვ. წ. 2400–2200 წლებს68.

მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელება ბევრად ცილდება მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთს; დასავლეთ საქართველოს გარდა მან მოიცვა აღმოსავლეთ ანატოლია, აგრეთვე ჩრდილო–დასავლეთი ირანი; მისი გავრცელების საზღვარი გასცდა აგრეთვე კავკასიონს და უშუალოდ მაიკოპის კულტურის გავრცელების ტერიტორიას დაუკავშირდა; უფრო მეტიც, გამოირკვა, რომ მსგავსი ან კიდევ ამ კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკა ჩნდება ცენტრალურ ანატოლიაში, მის სამხრეთ რაიონებში და ბოლოს ჩრდილო სირიისა და პალესტინის ტერიტორიაზეც კი69.

მტკვარ–არაქსის კულტურის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მეტ–ნაკლები სისრულითაა გაშუქებული.

მტკვრისა და არაქსის აუზში ზემოხსენებული სტრატიფიცირებული სამოსახლოების გარდა ცნობილია კიდევ რამდენიმე ისეთი ძეგლი, რომლებიც შეიცავს როგორც ენეოლითური ხანის ფენებს, ისე საკუთრივ მტკვრისა და არაქსის კულტურისადმი მიკუთვნებულ სხვადასხვა სამშენებლო დონესაც (ქიულთეფე70, ბაბა–დერვიში71, შენგავითი72). წარმოებული გათხრებით გამოვლენილია ისეთი კომპლექსები, სადაც წარმოდგენილია ნაგებობათა ნაირსახეობანი (მრგვალი და სწორკუთხა ნაგებობანი) და კერამიკული, ლითონის თუ ქვის სხვადასხვაგვარი ნაკეთობანი. ამ მნიშვნელოვან ძეგლებთან ერთად აზერბაიჯანსა და სომხეთში შესწავლილია სხვა სამოსახლოებიც, რომელთა კომპლექსშიც ცალკე გამოყოფილი სამაროვნებიც (მინგეჩაური73, ელარი74) შედის.

ამიერკავკასიის სამხრეთითაც მდ. არაქსის სათავეებთან და მის მოსაზღვრე რაიონებში – აღმოსავლეთ ანატოლიაში – გათხრილია მრავალფენიანი სამოსახლოები (პულური, ქარაზი75), სადაც ადრეული ბრინჯაოს ხანის ნივთიერი კულტურა მკვეთრად განსხვავებულიа წინარე ხანის მოხატული კერამიკის შემცველი ხალკოლითური პერიოდის ძეგლებისაგან. აღმოსავლეთ ანატოლიაში დაზვერვებით მოპოვებულ სხვა მრავალრიცხოვან შავპრიალა კერამიკასთან ერთად76 ეს მასალაც მთლიანად მტკვარ–არაქსის კულტურის ტერიტორიალური გავრცელების ფარგლებში ექცევა.

იგივე ადრეული ბრინჯაოს კულტურა გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ ირანში – ურმიის ტბის სანაპიროებზე გათხრილ მრავალფენიან სამოსახლოებზე (იანიკთეფე77, გეოითეფე78).

უკანასკნელი წლების მანძილზე წარმოებული კვლევის შედეგად დასტურდება მტკვარ– არაქსისეული ერთგვაროვანი კერამიკის გავრცელება უფრო ფართო ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, ამ კულტურის თავდაპირველი სამშობლოს დადგენისა და მისი შემქმნელი ტომების ძიების დროს, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, იმთავითვე უნდა იყოს გამორიცხული სირია–პალესტინისა79 და ჩრდილო კავკასიის ტერიტორია80, სადაც იგი თითქოს მხოლოდ ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყებს გამოჩენას.

ირკვევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსგავსი კერამიკა დამზადების ტექნიკით, პროპორციებითა და ორნამენტაციით მეტ–ნაკლებად მაინც განსხვავდება მტკვარ–არაქსისეული შავპრიალა თიხის ჭურჭლეულობისაგან და, რაც მთავარია, წინარე კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკისაგან განვითარებულ ფორმებს არ შეიცავს. ასეთივე ვითარებას სახავს ცენტრალურ ანატოლიაში (ალიშარი) ე. წ. ხალკოლითურ ფენაში ნაპოვნი მცირერიცხოვანი შავპრიალა და წითლად ანგობირებული სადაზედაპირიანი უადრესი თიხის ნაწარმი, რომელიც აქაც ადგილობრივ ძველანატოლიურ კულტურებს ვერ უკავშირდება.

ამიერკავკასიაში ახლად აღმოჩენილი თვითმყოფადი, ადგილობრივი ენეოლითური კულტურაც წინა აზიაში მოხატული კერამიკით წარმოდგენილი ენეოლითური კულტურების თანადროულია. იგი მტკვარ–არაქსის კულტურის ტიპიურ ძეგლებთან ისეთივე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როგორც ეს ადრე მხოლოდ სამხრეთულ რაიონებში დგინდებოდა. აღნიშნულის გამო, მტკვარ–არაქსის კულტურის ცალკეულ ძეგლთა დათარიღების დროს აუცილებლივ გასარკვევია მათი კულტურულ–ქრონოლოგიური დამოკიდებულება წინარე, ენეოლითური კულტურის ძეგლებთან.

მტკვარ–არაქსის კულტურის წარმომავლობის საკითხის გაშუქება მჭიდროდ არის დაკავშირებული წინააზიური კულტურების შესწავლასთან81. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმოდგენილი მტკვარ–არაქსის კულტურის ტიპიური ძეგლების უადრესი თარიღის განმსაზღვრელი მასალის ძიების დროს გასარკვევია, თუ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს ახლად აღმოჩენილ ადგილობრივ თვითმყოფად ენეოლითურ კულტურასთან მისი შემცველი კომპლექსი. მტკვარ–არაქსის კულტურის უადრესი აბსოლუტური თარიღის დასადგენად ამიერკავკასიაში ხელშესახები არქეოლოგიური მასალები ჯერჯერობით არ აღმოჩენილა. შესაძლოა, რომ მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების გარეთ მოქცეული წინააზიური ქვეყნებიდან ამიერკავკასიაში, კერძოდ გორის რაიონში, შემოტანილი იყო გუდაბერტყას ერთ–ერთ თიხალესილ ნაგებობაში ნაპოვნი თიხის “პინდატერები” – საბეჭდავები, რომელთაგან ერთზეა ირმის სქემატური გამოსახულება, მეორეზე კი – ფრინველის გამომხატველი ემბლემა82.

იმპორტული მასალების უქონლობის გამო დათარიღებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინააზიურ კულტურულ გარემოცვაში შემუშავებულ ნივთთა ფორმების გავრცელებას. ამ რიგისაა, სამხრეთ მესოპოტამიაში ჯემდეთ–ნასრის ენეოლითურ ფენაში83 აღმოჩენილი თიხის ჯამების მსგავსი სარქველები, რომლებიც მიკვლეულია დიდუბესა და ზღუდრისგვერდაში. მათ ძირზე, ცენტრში, მიძერწილი აქვთ შვერილი84. მათვე ემსგავსება აბელიაში ნაპოვნი ასეთივე კერამიკული ნაკეთობა, რომელსაც შვერილის მაგიერ ყური აქვს მიძერწილი.

რამდენადაც ჯემდეთ–ნასრის ეპოქის შესატყვისი მასალები უკანასკნელ დროში გადათარიღდა და ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისამდე მიაღწია85, არაა გამორიცხული, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის უადრესი მასალები (ზღუდრისგვერდა, დიდუბე) სწორედ ძვ. წ. IV-III ათასწლეულის მიჯნას ან კიდევ III ათასწლეულის პირველ საუკუნეებს უნდა დაუკავშირდეს86. ამავე თვალსაზრისით ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ქვაცხელების C1 დონის შესაბამისი სამარხეული ინვენტარი შეიცავს სპილენძის ისეთსავე დიადემას, როგორიც აღმოჩნდა ირანში, ჰისარის ამავე დროის სამარხებში87. ქვაცხელების C1 ფენაც როგორც ცნობილია, რადიოაქტიური მეთოდით თარიღდება ძვ. წ. 2760± 90 წლებით. ძვ. წ. III ათასწლეულის საწყისებს უახლოვდება აგრეთვე ქიულთეფეს II ფენის 8, 30 მეტრზე ქვემოთ მოქცეული დონეები (ძვ. წ. 2880± 90 წლები) და სპილენძის გადამდნობი სახელოსნოს შესატყვისი უძველესი ფენა, რომელიც ახალციხის ამირანის გორაზეა გათხრილი (ძვ. წ. 2835±180 წლები)88.

წინააზიური ტიპის კერამიკული ფორმები აგრეთვე სქელკედლიანი, წითლად ანგობირებული და ზოგჯერ პიქტოგრამული ნიშნებით შემკული ღრმა ჯამებიც (ოზნი, კიკეთი, დიდუბე), რომელთა უადრესი ანალოგიები ხსენებული ნიშნებისათვის პროტოელამური დამწერლობის პირველ ეტაპებს უკავშირდება89.

აღსანიშნავია აგრეთვე სხვა კონტაქტების ამსახველი, უფრო მოგვიანო დროის თიხის ნაწარმიც – ხარის რქისებური მორჩებით შემკული ბრტყელი სადგარი, რომელთა უძველესი ნიმუში აღმოჩენილია კილიკიის ტერიტორიაზე – მერსინის ე.წ. ენეოლითურ ფენაში, ხოლო ჩვენთან ხიზანაანთგორას ერთ–ერთ ფენაში, აბელიასა და ზღუდრისგვერდაზე90.

ზემოაღნიშნული მონაცემების შედეგად ირკვევა, რომ საქართველოსა და საერთოდ მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლების უადრესი ჯგუფი ქრონოლოგიურად ენეოლითურ კულტურას უნდა დავუახლოვოთ. საქართველოს მტკავრ–არაქსისეული უადრესი ძეგლები, რომლებიც ადრეული ბრინჯაოს I პერიოდს მიეკუთვნება, ძვ. წ. IV–III ათასწლეულის მიჯნით (ძვ. წ. 2900–2800 წლები) თარიღდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ამ ხნისაა დიდუბის, თამარისის, მაშნაარის, დიდი ახალი სოფლის, გუდაბერტყას, ხიზანაანთგორას E და C დონის და ქვაცხელების C დონის მასალები. მთისძირა ზოლშია კიკეთის სამაროვანის, ახალციხის, ამირანის გორას ქვედა სამშენებლო ჰორიზონტის, ზღუდრისგვერდას, ქულბაქევის ძაღინასი და ტყვიავის ყორღანების ზოგიერთი კომპლექსები. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა კი ამ დროის სამოსახლოებია თრიალეთის (ოზნისა და ბეშთაშენის) უძველევსი სამოსახლოები, თეთრიწყაროს ზედა სამშენებლო ჰორიზონტი, აბელიის ნახიდრების ჭალის, სიონის ძეგლები და მათი სამარხეული კომპლექსები.

აღნიშნული ხანის მსგავსი კერამიკული კომპლექსები გვხვდება მტკვარ–არაქსის ორმდინარეთის დასავლეთით - დასავლეთ საქართველოს შუა ზოლში – დაბლობის მიდამოებში, ანდა ენგურის ნაპირებთან (ზღვის დონიდან 300–400 მეტრის სიმაღლეზე) – მარსანის გამოქვაბულში და ჭიათურის რაიონში ჯრუჭულას ხეობაში (სამელე და სამერცხლე კლდე)91.

ამ უადრეს ძეგლებს გამოეყოფა ადრებრინჯაოს II პერიოდის, ძვ. წ. 2900-2800წწ. და 2600 –2500წწ. შორის მოქცეული ძეგლები, რომლებიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა ჩრდილო კავკასიაში მაიკოპის ყორღანების და აფხაზეთში პატარა დოლმენების გამოჩენის ხანას.

აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 900–1000 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩენილია ამავე ხანის მრავალრიცხოვანი ძეგლები92. შიდა ქართლში გათხრილი ხიზანაათნგორა – ქვაცხელების სამოსახლოების B დონე93 და გუდაბერტყას94 შესატყვისი ფენები. ცალკეული ნივთები და კომპლექსები, რომლებიც ზღვის დონიდან 900-1000 მეტრის სიმაღლეზეა აღმოჩენილი, ეკუთვნის მთისძირა ზოლს; მესხეთში და შიდა ქართლში გაშლილ ხეობებსა და დაბლობებს შორის მოქცეული ასეთი ადგილებია ახალციხის ამირანის გორა95, ნული96, ძაღინა, მეჯვრისხევი, იალბუზი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – საჩხერის რაიონი, სადაც აღმოჩენილია კარახტინის სამოსახლო97 და ყორღანების ერთი ჯგუფი, რომლებიც ყველაზე ადრეულ სამარხეულ კომპლექსებს შეიცავს (ნაჩერქეზევისა და ცარცისგორას სამარხები)98.

ამავე პერიოდის ძეგლებია აღმოსავლეთ საქართველოს ხეობის სათავესა და ზეგანზე (წალკისა და ახალქალაქის პლატო) გამოვლენილი ზოგიერთი დიდ-პატარა სამოსახლოები (ბეშთაშენი, კენჭიყარა, ზედა ვარძიის ბორცვი და სხვ.)99.

ამ პერიოდის ნივთიერი კულტურის ძეგლები წინარე ეტაპის კომპლექსებისგან მკვეთრად არ გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით ითქმის კერამიკული ნაწარმის ძირითად ფორმებზე. ახალი ფორმების ნაირსახეობა აღნიშნული ხანისათვის შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვადასხვა მხარეში (სამხრეთ საქართველოსა და სომხეთში, შიდა ქართლსა და საჩხერის რაიონში); ზოგიერთი ახალი სახის კერამიკასთან ერთად ფართო ხმარებაშია ლითონის სპეციალური დანიშნულებისა და ფორმის ნაწარმიც.

ახალციხის ამირანის გორას სამოსახლოს ყველაზე მეტად გათხრილი ზედა სამშენებლო დონე, რომელიც ამ მეორე ეტაპს ეკუთვნის, თავისი აბსოლუტური თარიღით ძვ. წ. 2625±170 წწ. ფარგლებში ექცევა100 და ქრონოლოგიურად, შესაძლოა, ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარშიაც გადადიოდეს.

ადრეული ბრინჯაოს III პერიოდი ძირითადად ძვ. წ. 2600/2500–2300/2200 წწ. შორის ექცევა; მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ზოგიერთი კომპლექსი უფრო გვიანი ხანისაც იყოს101.

აღმოსავლეთ საქართველოში სტრატიფიცირებული სამოსახლოების – ხიზანაანთგორას და ქვაცხელების B დონეების მიხედვით ისე ჩანს, რომ აღნიშნულ ხანაშიც კერამიკული ნაწარმის ფორმებში რაიმე მკვეთრი და არსებითი ცვლილება არ ხდება. იგივე შეიძლება ითქვას მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების ტერიტორიაზე გათხრილი (ამათგან დიდ მანძილზე დაცილებული) სხვა სტრატიფიცირებული სამოსახლოების (ნახჭევნის ქიულთეფესა და ურმიისპირეთის გეოითეფეს) უგვიანესი ფენების მიხედვით.

ამავე პერიოდისაა მეორე რიგის კერამიკა, რომელსაც თავისებური, ბევრად განვითარებული და უფრო მეტად დიფერენცირებული ფორმები ახასიათებს. მათი შემცველი სამოსახლოები და სამარხები, აღმოსავლეთ საქაოთველოს ბარშიც (შულავერი, სადახლო, სამგორი, ხოვლე) და ზეგანზე (ტაბაწყურის და კუშჩის ყორღანები, ბალანთა) გვხვდება. განსხვავებული კერამიკა აღმოჩენილია ახალციხის ამირანის გორას უგვიანეს დაზიანებულ კულტურულ ფენაში და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, სამოსახლოს ძველი ფენების თავზე განცალკევებით არსებულ სამაროვანზე.

დასავლეთ საქართველოში მტკვარ-არაქსის კულტურის უგვიანესი ძეგლები საჩხერის ყორღანებშია წარმოდგენილი. აქ ამ სახის კერამიკასთან ერთად მრავლად გვხვდება ლითონის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები.

შეგროვებიდან მიწათმოქმედებაზე და ნადირობიდან მესაქონლეობაზე გადასვლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საკაცობრიო კულტურის ისტორიაში წარმოებითი მეურნეობის ახალი ეტაპი იწყება. მის წიაღში ჩასახული მემინდვრეობის კულტურა შესაფერ ბუნებრივ პირობებში სწრაფად ვითარდება. არქეოლოგიური, პალეობოტანიკური და სხვა მეცნიერებათა კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა მთებს შორის მოქცეულ ხეობებში, მთისძირა ზონაში, დიდ მდინარეთა დელტას ძველი კალაპოტის გასწვრივ, ხევის წყლებისა და ნაკადულების ნაპირებზე თანდათანობით სულ უფრო და უფრო იკაფავდა გზას. მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთში ძვ. წ. III ათასწლეულში წარმოდგენილი სამიწათმოქმედო კულტურა მთელ ამ ტერიტორიაზე ფართოდაა გაშლილი ზღვის დონიდან 300 მეტრიდან დაწყებული 2100 მეტრის სიმაღლემდე (შიდა ქართლში წონას გამოქვაბული). აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში კლიმატი მაშინ გაცილებით ნოტიო იყო, რასაც ხელს უწყობდა ოდესღაც ხშირი ტყის არსებობა. მთისა და ბარის შედარებით მჭიდრო დასახლებას თავისთავად აპირობებდა კლიმატის სირბილე, რის გამოც ბარისა და მთის კულტურებს შორის განსხვავება ნაკლები უნდა ყოფილიყო. ადრეული ბრინჯაოს კულტურის მთისა და ბარის სამოსახლოებზე თითქმის თანაბარი სიმრავლითაა მოპოვებული კულტურულ მარცვლეულთა ნაირსახეობანი. მაგალითად, სომხეთის შედარებით მაღალ ზონაში ერთ-ერთ სამოსახლოზე – შენგავითში, აღმოჩენილია რბილი ხორბლის მარცვლები, რომელიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული მთელ ამიერკავკასიაში. თავისი წარმოშობით იგი სწორედ მცირე კავკასიასა და აგრეთვე ანატოლიის გეოგრაფიულ მხარეს უნდა ეკუთვნოდეს. გვხვდება როგორც მტკვარ-არაქსის კულტურაში, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში (გეოითეფე), ნახჭევნის მხარესა (ქიულთეფე, მინგეჩაური) და შიდა ქართლში (ქვაცხელები, გუდაბერტყა, ხიზანაანთგორა). ასევე ფართოდ არის გავრცელებული ქერი (შენგავითი, ქიულთეფე, ქვაცხელები) და ქვრიმა (ქვაცხელები, გუდაბერტყა, ახალციხის ამირანის გორა), რომელთაგან უკანასკნელი განსაკუთრებით მაღალი კალორიით ხასიათდება.

ქვაცხელების ზედა კულტურულ ფენაში ნაპოვნია ირმის რქის სახვნელი იარაღი ამ ტიპის იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა გამწევი ძალის საშუალებით, მაგრამ ამით მიწის მოხვნა კი არ ხდებოდა, არამედ მისი ზედაპირის “გაწერა”. ასე დამუშავებული ნაკვეთი ბუნებრივად ირწყვებოდა და რამდენიმე სეზონის განმავლობაში იძლეოდა მოსავალს, შემდეგ იგი იფიტებოდა და საჭიროებდა ხანგრძლივ შესვენებას. დროთა განმავლობაში ტყის ხარჯზე ახოებად აღების შემწეობით ახალი სათესი ნაკვეთის მომზადება იყო საჭირო. ეს კი მოითხოვდა მიწის დიდი მასივების თანდათანობით ათვისებას, რასაც მოსდევდა (გვიანდელ ხანაში სპილენძის მეტივური) ცულებით ტყის ინტენსიური განადგურება და კლიმატის თანდათანობით გამოშრობა. ასეთ გეოკლიმატურ პირობებში მემინდვრეობის განვითარებისათვის აუცილებელი იყო გვალვის საწინააღმდეგო ღონისძიების ჩატარება. ქვაცხელების ქვედა ნახანძრევ ფენაში აღმოჩენილია რბილი ხორბლისა და მრავალმწკრივი ქერის შერეული მარცვლები. ასეთივე შერეული მარცვლებია მოპოვებული აგრეთვე გუდაბერტყასა და შენგავითის ნამოსახლარებზე. მარცვლეულის შერევა იმიტომ ხდება, რომ ქერის ნაადრევი ზრდის შედეგად მის ჩრდილში მოქცეული ხორბალი უფრო ადვილად იტანს გვალვას, რის გამოც მათი შერეულად თესვა გვალვის საწინააღმდეგოდ მიმართულ საკმაო ეფექტურ ხერხს წარმოადგენდა. მტკვარ-არაქსის ადრეული ბრინჯაოს კულტურაში მემინდვრეობა ძირითადად დიდი სათესი ფართობების ინტენსიური გამოყენების შედეგად ვითარდებოდა და მეტ პროდუქტს იძლეოდა. ამის დამადასტურებელია მრავალი არქეოლოგიური ფაქტი. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ხანაში, კაჟის დაკბილული ნამგლის პირებთან ერთად, სამკელად უკვე ლითონის ნამგალიც გამოიყენება. ამ დროს სამიწათმოქმედო იარაღებში ბრინჯაოს ნამგლის გამოყენება დიდ მოსავლიანობაზე მიგვითითებს, რადგან ხის ბუდეში ჩასმული ასეთი იარაღი, კაჟის ნამგლის პირებთან შედარებით, ბევრად უფრო ქმედითი და ადვილად მოსახმარი უნდა ყოფილიყო. ლითონის ნამგლის გამოყენება დიდი ძნის მოჭრის აუცილებლობითაც იყო გამოწვეული.

მიწათმოქმედების პროცესში პირველად გამოყენებული ლითონის იარაღის (მეტივური ცული, ნამგალი) ეფექტურობამ ხელი შეუწყო ამ დარგის განვითარებას, ამიტომაც ეს იარაღი იმ დროშივე სარიტუალო-საკულტო მნიშვნელობას იძენს. ალბათ ამით უნდა აიხსნას, რომ საკინძების სახით წარმოდგენილ სხვა ავგაროზებს შორის უკვე ვხვდებით ძვლის პატარა ნაკეთობას, რომელსაც ნამგლის მოყვანილობა აქვს (ქვაცხელების ქვედა ჰორიზონტი).

უხვი მოსავლიანობის დამადასტურებელია ამ დროში სარჩოს გადასატანი ბორბლიანი ტრანსპორტის არსებობაც. ბორბლიანი ტრანსპორტი ასახულია აგრეთვე საჩხერის ყორღანებში მრავლად ნაპოვნი განსაკუთრებული ტიპის სპილენძის საკინძებზე. ერთ-ერთის თავზე რთული ჩამოსხმით გამოყვანილია ხარის რქები და ღერძზე ჩამოცმული ორი ბორბალი. ბორბლის უძველესი სახეობა გამოყვანილია აგრეთვე თიხის მოდელებზე, რომლებიც მტკვარ-არაქსის ადრეული ბრინჯაოს კულტურაში განსაკუთრებული სიმრავლით ჩნდება.

აღნიშნულ ხანაში მარცვლეულის დასამუშავებელ იარაღებად ძირითადად ისევ ქვის სანაყები, ხელსაფქვავები და სხვა ხელსაწყოები გამოიყენებოდა. ხელსაფქვავების სიმრავლე ამ დროის ნასახლარებზე იმაზე მიგვითითებს, რომ პურეულობა მეტწილად იფქვებოდა. პურის გამოცხობა, უთუოდ კერებზე, კეცებზე ან კიდევ სპეციალურ ღუმელებში ხდებოდა, რომლებიც საცხოვრებელ სახლებშია (ამირანის გორა, ქიულთეფე) აღმოჩენილი.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადეული ხანისათვის დადასტურებულია მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის შერწყმა თუ ურთიერთდაკავშირება. ირკვევა, რომ იგი შეპირობებული უნდა ყოფილიყო ადამიანებისა და მოშინაურებული (წვრილფეხა, მსხვილფეხა) ცხოველების გამოკვებისათვის უფრო უკეთესი, ხელსაყრელი საშუალებების მიგნებით. ეს ვითარება ემყარება ერთდროულად ძველი მიტოვებული სათესების საძოვრებად გამოყენებასა და დასახლებისაგან მეტ-ნაკლებად მოშორებული ახალი სათესი ფართობების ათვისებას102. სამოსახლოების მიხედვით სწორედ ასეთი სურათია აღმოჩენილი ზეგნებსა და მთისძირა ზონაში; აქ კულტურული ფენები ადრეულ დასახლებასთან შედარებით ნაკლებად მძლავრია და ერთი და იგივე ადგილზე ხანგრძლივი ცხოვრების ძველებურ ვითარებას არ გამოხატავს, მაგრამ ეს არ ითქმის ისეთი გაშლილი და მოვაკებული ტერიტორიის მიმართ, სადაც მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილების პირობებში შესაძლებელი ხდებოდა დიდი ფართობის ხშირი ცვლა ან ერთი და იგივე სათეს-საძოვრების ხანგრძლივად გამოყენება. ასეთია მაგალითად, გეოითეფეს, ქიულთეფეს, თეთრიწყაროს, ახალციხის ამირანის გორას, გუდაბერტყასა და ქარაზის სამოსახლოები, რომლებიც, მიუხედავად განსხვავებული ტოპოგრაფიისა, სხვა მრავალი, შედარებით პატარა სამოსახლოსაგან თავისი სიდიდით გამოირჩევა. ისინი უმეტესად მთისა და ბარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე მთისძირა ზონაში და ადვილად დასაცავ შემაღლებებზე მდებარეობენ.

მტკვარ-არაქსის ადრეული ბრინჯაოს კულტურის ერთ-ერთ დამახასიათებელ თიხის ნაწარმს წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი მოცულობის მქონე პირფართო დერგები, რომლებიც თითქმის ყველა სამოსახლოზე ჩნდება. მრავლადაა წარმოდგენილი თიხის სხვადასხვა ტიპის სარქველებიც. მარცვლეულის შესანახი ასეთი სარქვლიანი დერგების სიმრავლე და სახლების მახლობლად მათი აღმოჩენა უთუოდ იმაზე მიგვითითებს, რომ სარჩო–მარაგის დამზადება იმ დროში ცალკეული ოჯახების მიერ ხდებოდა, მაგრამ არის ზოგიერთი ისეთი ფაქტი, რომელიც ააშკარავებს იმ პერიოდში საერთო–საგვარეულო დოვლათის შენახვას სოფლის ერთ განსაზღვრულ–ცენტრალურ ნაწილში (გუდაბერტყა, ბაბა–დერვიში) ან სოფლისაგან განცალკევებულ სარიტუალო–საწესო ადგილსამყოფელზე, სადაც მსხვერპლ–შეწირვები ხდებოდა (ახალციხის ამირანის გორა). პირველ შემთხვევაში სოფლის ერთიანი მარაგი შენახული ყოფილა ხაროებში, ხოლო მეორე შემთხვევაში - სენაკებში, სადაც შეწირულობის სახით მიტანილ მდიდრულად “შემკულ” თიხის დიდ დერგებში დოვლათის შენახვა–განაწილებასაც მთლიანად საგვარეულოსათვის ახდენდნენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოითეფეს სამოსახლოზე აღმოჩენილი თიხის სარქველებზე ცილინდრული საბეჭდავით დატანილი ანაბეჭდები. ჩანს, რომ “დაბეჭდილი” სარქველის ქვეშ მოთავსებული დოვლათი ტაბუდ იყო გამოცხადებული.

ამ პერიოდში მეურნეობის მეორე წამყვანი დარგია მესაქონლეობა. მისი განვითარების შესახებ მეტად მცირედი არქეოლოგიური მასალა მოიპოვება. აქ ჩვენ ხელთ არის საკუთრივ მოშინაურებული ცხოველის ძვლები, ცხოველის ქანდაკებანი და ნაკეთობათა ის ჯგუფი, რომლებიც მეცხოველეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დარგის საწარმოო პროცესებს ასახავს.

მესაქონლეობა იმ პერიოდში მიწათმოქმედების გვერდით ვითარდებოდა და მასთან კავშირში იმყოფებოდა. მსხვილფეხა რქოსანი საქონელი არ ცილდებოდა სოფლის სათემო ტერიტორიას, საძოვრებსა და ტყეს, რომელიც ზამთარ–ზაფხულ მისი თავშესაფარიც იქნებოდა. ზოგიერთი ნამოსახლარის გადაუხურავი ნაგებობა ალბათ მსხვილფეხა საქონლის სადგომად გამოიყენებოდა. ამგვარი დანიშნულება უნდა ჰქონოდა თეთრიწყაროსა და ახალციხის ამირანის გორას ზოგიერთ შემოზღუდულ ნაწილსაც. აღსანიშნავია, რომ ამირანის გორას მეორე უბანზე ასეთი დიდი შემოზღუდული ადგილი დასახლების ცენტრში მდებარეობს.

მესაქონლეობის განვითარების აღნიშნულ ეტაპზე მტკვარ–არაქსის კულტურაში თითქმის ყველგან მეტი ხვედრითი წონა მაინც წვრილფეხა რქოსან საქონელზე მოდის. კიკეთის სამაროვანზე ძვლების 96% წვრილფეხა საქონლისაა. მაგრამ სამარხების მიხედვით ასეთი დასკვნის გამოტანა უმართებულო იქნება, ვინაიდან მსხვილფეხა საქონლის მსხვერპლად მიტანა მხოლოდ გამონაკლისს შეადგენდა და მამაკაცთა დაკრძალვისას თუ სრულდებოდა (ახალციხის სამაროვანზე ეს წესი კარგად დგინდება). მაგრამ, მეორე მხრივ, ნასახლარზე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლების ხვედრითი წონის სიდიდე შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ წვრილფეხა საქონელი სოფლისაგან მოშორებულ ადგილზე ხანგრძლივად იმყოფებოდა და მისი დაკვლა ძირითადად სხვადასხვა რიტუალთან თუ იყო დაკავშირებული. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლების 80% მოიპოვება, მაგალითად, ქულბაქევის ნასახლარზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აქ წვრილფეხა რქოსანი საქონელი ამ დროისათვის ნაკლებად იყო მოშენებული.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მამაკაცის დაწინაურების გამომხატველია უადრესი ინდივიდუალური ყორღანული სამარხებიც, სადაც ინსიგნეას მნიშვნელობის საგნებია ჩატანებული (ტყვიავი); საყურადღებოა, რომ აქვე, საგვარეულო-კოლექტიურ უძველეს ყორღანებში პირველადი ცენტრალური სამარხიც აღმოჩნდა, რაც უთუოდ წინაპრის კულტს უკავშირდება. პირველი ყორღანების გამოჩენა სამოსახლოებისაგან განცალკევებით ადრეული ბრინჯაოს კულტურაში უნდა ასახავდეს სეზონური მესაქონლეობის არსებობას როგორც ზეგნებზე და მთის ძირა ზოლში, ისე ბარშიაც.

ადრეული ბრინჯაოს პერიოდში უფრო ინტენსიურადაა დასახლებული ზეგნები (ჯავახეთი, თრიალეთი სევანის მიდამოები) და მთისძირა ზოლი, რომელიც უშუალოდ ბარის გაშლილ სანახებს (შიდა ქართლის მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირი, ლიახვის ხეობის შუა წელი, ფოცხოვის მარცხენა ნაპირი და სხვ.) ეკვრის. ჩანს, რომ სწორედ აღნიშნული ხანიდან უნდა ვივარაუდოთ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დარგების შერწყმა. ამ დროიდან უნდა ხდებოდეს ისეთი სათესი ფართობების საძოვრებად გამოყნება, სადაც შესაძლებელია მოსავლის ადრე ან დაგვიანებით (აგვისტოში ) აღება. საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიის უძველეს სამოსახლოებზე აღმოჩენილი ცხვრის ქანდაკებები უნდა უკავშირდებოდეს დაგრეხილრქიან სხვა სპირალისებულ გამოსახულებებს; სომხეთში აღმოჩენილი ვერძისა თუ ცხვრის რქებდაგრეხილი ორი თავის შემცველი თიხის ზესადგარი, ბრინჯაოს ე.წ. ვოლუტებიანი საკინძები და ერთნახევრიანი ხვიები, რომლებიც თავისი მოყვანილობით ქარაზის უძველეს კერებზე შვერილების სახით გამოყვანილ ვერძის რქებდაგრეხილ გამოსახულებასაც გვაგონებს, ცხადყოფს, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს არა მარტო ხარის, არამედ წვრილფეხა საქონლის კულტიც.

ერთი სიტყვით, ამიერკავკასიაში წარმოდგენილი კულტურა მთლიანად “ეგუება” იმდროინდელ გეოგრაფიულ გარემოს, ე. ი. ვითარდება “გუთნური” მიწათმოქმედება, სეზონური მესაქონლეობა, (საძოვრების ათვისება) და, წარმოებს ტყეების ინტენსიური გაკაფვა. ცხოვრების ამ ახალ პირობებში გვაროვნული საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტ ემპირიულ ცოდნას იძენს და ახლებურად იყენებს იმ გამოცდილებას, რომელიც მამაკაცის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკულ საქმიანობას მოჰყვა.

მამაკაცის საქმიანობაზე დამყარებული გვაროვნული საზოგადოება სათანადო რესურსების არსებობის პირობებში მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომების შემდგომი განვითარებით ხასიათდება. თუ ადრე მამაკაცის მიერ შემუშავებული საწარმოო ჩვევები ძირითადად ქვის იარაღების დამზადებაში გამოიხატებოდა, ბრინჯაოს ხანის საწყის ეტაპზე საფუძველი ეყრება მეტალურგიას – სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღების სერიულ დამზადებას და ამ საქმიანობაში მელითონე ტომების დასპეციალებასა და დაწინაურებას.

ადამიანმა ჯერ კიდევ ენეოლითურ ხანაშივე შეძლო პრაქტიკაში ზოგიერთი ისეთი ცოდნის გამოყენება, რაც აუცილებელი იყო “შეგნებული” მეტალურგიის ჩასახვისათვის. ამ დროისათვის ადამიანმა უკვე იცოდა, რომ შესაძლებელია სპილენძის ჭედვა, რომ ამ ლითონის ძლიერი გახურებისას მცირდება და შემდეგ სრულიად ისპობა მისი ჭედვითი უნარიანობა; ბოლოს შესაძლებელი გახდა სპილენძის გალღობა და ყალიბში ჩამოსხმა, მაგრამ ამას მაინც აკლდა ის ძირითადი რამ, რაც მეტალურგიულ წარმოებას უყრის საფუძველს. საამისოდ მეტალურგებს დაჟანგული მადნიდან ნახშირთან გამოწვის საშუალებით უნდა მიეღოთ საჭირო მარაგის მაღალი მექანიკური და ფიზიკური თვისებების მქონე ისეთი გამომდნარი ლითონი ან ხელოვნური შენადნობი, რომელიც მათ მრავალგვარი (დიდი ზომის იარაღი ან რთულადსხმული სამკაული) ნივთების სერიულ დამზადებას შეაძლებინებდა.

როგორც ირკვევა, ის ტომები, რომლებიც მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების ტერიტორიაზე სახლობდნენ, ადგილობრივად განვითარებული მეტალურგიის ფუძემდებლები უნდა ყოფილიყვნენ. ამის დამადასტურებელია ძვ. წ. III ათასწლეულის უადრესი ნაწარმი, ამ ნივთების ნაირსახეობა და მათი სიმრავლე, რაც მეტალურგიული წარმოების საკმაო განვითარებას გვანიშნებს. აქ იგულისხმება მტკვარ–არაქსის კულტურაში წარმოდგენილი სამეურნეო–საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო იარაღები, ხელსაწყოები, თავსამკაული.

ამ მრავალრიცხოვანი ნივთების მწარმოებელი, ეტყობა, კარგად ფლობდა სხვადასხვა მადნის გამოყენების ხერხებს. კარგად იცნობდა დახშულ ღუმელში აღმდგენელი აირის შექმნის პირობებს და ხისაგან ნახშირის გამოწვის საშუალებებს. ლითონის ნივთთა შემცველი კომპლექსების სპეციალური შესწავლა ადასტურებს, რომ სასურველი ნივთის მისაღებად ხდებოდა “სპილენძის” ცხელ მდგომარეობაში ჭედვა. საამისოდ სათანადო ყალიბებში ასხამდნენ საჭირო ზომისა და მოყვანილობის ნივთებს; მიარჩილავდნენ სხვადასხვა ნაწილს (სპირალურთავიანი საკინძი); სპილენძის ნივთებზე გამოსახულებას დაატვიფრავდნენ (დიადემა) და სხვ. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაგულისხმებინებს, რომ სპილენძის მადნებით მდიდარ ქვეყანაში, სადაც აღმოჩენილია ასეთი მაღალხარისხოვანი ლითონის ნაწარმი, მეტალურგებს უკვე კარგად სცოდნიათ ზედაპირულად მდებარე, ადვილად გამოსაცნობი უგოგირდო, ბუნებრივად დაჟანგული მადნების არა მარტო საკმაო რაოდენობით მოპოვება და გამდიდრება არამედ ნახშირის საშუალებით კერაში ან საბერველის გამოყენებით ღუმელში გამოდნობით მიღებული ლითონის გალღობაც და ჩამოსხმაც.

როგორც ცნობილია, სპილენძის საბადოების დამუშავების იმდროინდელი ნაკვალევი მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების ტერიტორიაზე აღმოჩენილი არ ყოფილა. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ კავკასიასა და მის მეზობელ ქვეყნებში სამთო საქმე ადრევე იყო განვითარებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძველთაძველი ადგილობრივი ტრადიციები ამავე ადგილებში ობსიდიანის მოპოვებას და მის გაცვლა–ვაჭრობაზე იყო დამყარებული.

როგორც ჩანს, მეტალურგიის გაჩენის პირველ ეტაპზე “სპილენძის” ნივთების დამზადება ძირითადად მაინც იმავე მიკრორაიონებში არსებული სხვადასხვა ლითონის შემცველი მადნების გამოყენებით ხდებოდა. ეს დადასტურდა ნახჭევნის ქიულთეფეზე აღმოჩენილი მასალების შესწავლით. გაირკვა, რომ ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისშივე ქიულთეფეს მეტალურგები 50კმ–ით დაშორებულ კაფანისა და ჯულფის იმ საბადოებს იყენებდნენ, რომლებიც მათ სპილენძისა და დარიშხნის მადნებს აწვდიდა.

ისიც მტკიცდება, რომ ლითონის ნივთების წარმოება (ყალიბებში ჩამოსხმა) იმ რაიონშიც ხდებოდა, სადაც სპილენძის და დარიშხნის მადნები სრულიად არ მოიპოვება. ასეთია მაგალითად, ამირანის გორა, შენგავითი და ზოგი სხვა სამოსახლო, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ნივთის დასამზადებელი ყალიბები. აქედან ჩანს, რომ ამ მხარეში უკვე სხვა რაიონიდან მოტანილ მადანს ან გამომდნარი ლითონის გამოყენებას ჰქონდა ადგილი; ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ აღნიშნულ ხანაში სამთამადნო და მელითონეთა დარგები ცალ–ცალკე არსებობდა.

მტკვარ–არაქსის მეტალურგიის შესწავლის დღევანდელ ეტაპზე იკვლევა, რომ მართლაც ძვ. წ. III ათასწლეულის პირველ ნახევარში პატარ–პატარა საწარმოო კერები ამიერკავკასიაში დიდ-პატარა სამოსახლოზე უნდა არსებულიყო. ამის დამადასტურებელია მეტალურგიულ ნაწარმთა სხვადასხვა არა დანიშნულებითა და ფორმით, არამედ ზომებით, ლითონის შემადგენლობისა და დამზადების ტექნოლოგიით. ახლა ცხადია, რომ ურთიერთმსგავსი უადრესი ცულები ამ კულტურის სხვადასხვა მხარეში არსებული საწარმო კერების პროდუქციას უნდა წარმოადგენდეს.

ხელოსნობასთან დაკავშირებულ ნივთებს შორის აღსანიშნავია ცეცხლგამძლე თიხისაგან დამზადებული საბერველი და ყურიანი კათხები თუ ციცხვები, რომლებშიც ზოგჯერ სხმული ლითონის ნარჩენებიცაა დაცული. ასეთია შიდა ქართლისა და სომხეთის სამოსახლოებზე (ხიზანაანთგორა, გარნი) აღმოჩენილი თიხის კათხები; ხიზანაანთგორას სამოსახლოზე და ნახჭევნის ქიულთეფეზე ნაპოვნია მადნისა თუ ლითონის გამოდნობა-გალღობისათვის გამოსადეგი ცეცხლგამძლე თიხისაგან ნაძერწი სხვადასხვა ზომის ტიგელებიც. მეტალურგიული წარმოებისათვის აუცილებელი ლითონის მარაგის არსებობას ადასტურებს ისიც, რომ შიდა ქართლში (გუდაბერტყა) და არარატის დაბლობზე (მალაქლუ) პატარა ზომის მზამზარეული შენადნობის თითბრის ზოდები (ნამზადები) იქნა ნაპოვნი.

ამ დროის ჩამოსასხმელი ყალიბები მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების შედარებით მცირე ტერიტორიაზე (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ჩნდება. მათ შორისაა ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები, რომელთაგან სამი დამზადებულია ცეცხლგამძლე თიხისაგან, ხოლო ერთი გამოკვეთილია ქვისაგან.

ამიერკავკასიაში აღმოჩენილი ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები გათვალისწინებულია ისეთი ნაწარმის დასამზადებლად, რომელიც სამხრეთ მესოპოტამიაში ცნობილი ცულების ყველაზე არქაულ ტიპებს ემსგავსება. საგულისხმოა, რომ ერთი მათგანი ბრტყელი არქაული ცულის ჩამოსასხმელი ღია ფორმის თიხის ყალიბია, რომელიც ქვაცხელების C1 ფენის ერთ–ერთი საცხოვრებელი ოთახის შემაღლებაზე “შესაწირავ” ნივთებს შორის აღმოჩნდა. ამავე დროისაა თიხის ტარგასაყრელი (მეტ–ნაკლებად სწორპირიანი) ცულების ყალიბები, რომლებიც ნაპოვნია ნახჭევნის ქიულთეფეს (აზერბაიჯანი) უძველეს ჰორიზონტში და გარნის სამოსახლოს (სომხეთი) ქვედა კულტურული ფენის მრგვალ შენობაში.

მტკვარ-არაქსის კულტურაში ამ ტიპის ცულების ჩამოსასხმელი ყალიბების აღმოჩენა უდაოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასიაში ჯერჯერობით მცირე რაოდენობით მოპოვებული ამ ტიპის ცულები ადგილობრივ პროდუქციას უნდა წარმოადგენდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ცულები მაიკოპის კულტურაში სამხრეთიდან მრავლად შეტანილ ანალოგიურ ცულებზე უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ყველა ამ ტიპის ცული, რომლებიც ამიერკავკასიაში აღმოჩენილ ყალიბებში იყო ჩამოსხმული, საკმაოდ ფართოდ ყოფილა გავრცელებული, რადგან მათი პოვნის ადგილები დიდი მანძილითაა დაცილებული (დიღომი, ზემო ავჭალა, მეჯვრისხევი, სვანეთი და სხვ.) არა მარტო ერთიმეორისაგან, არამედ იმ პუნქტებისგანაც, სადაც უკვე აღმოჩენილია ამ ცულის დასამზადებული ყალიბებიც.

ყალიბებში ჩამოსხმით მიღებულ ერთ–ერთ უადრეს ნაწარმს წარმოადგენს პატარა ზოდები, რომლებსაც უკვე სტანდარტული ზომა და ფორმა აქვს. ასეთი პატარა ორწახნაგოვანი ზოდები აღმოჩენილია მალაქლუსა და გუდაბერტყას (შიდა ქართლი) სამოსახლოებზე. ამ ზოდების ცხელი წესით მოჭედვით შეიძლებოდა სხვადასხვაგვარი პატარა ნივთების დამზადება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ზოდებად შენახული ლითონის ხელახალი შელღობით შეეძლოთ დაემზადებინათ დიდი და პატარა სატევრები თუ დანები, ნამგლები, გრძელღეროიანი საკინძები ან სხვა ნივთები. ყველა ამ კატეგორიის ნივთს ყალიბებში ჩამოსხმის შემდეგ ესაჭიროებოდა ცხელ მდგომარეობაში დამუშავება–გამოჭედვა, სამანჭვლე ნახვრეტების გაკეთება (სატევრები, ნამგლები, საკინძები) სხვ. ამიტომაც არის, რომ ეს ზოდები ხელოვნური შენადნობისათვის დამახასიათებელი ლითონის შემადგენლობით გამოირჩევა.

მტკვარ–არაქსის კულტურაშივეა წარმოდგენილი ყალიბის დაკარგვის წესით ანუ ცვილის მოდელით ჩამოსხმული პატარა ნივთები, რომლებსაც დამატებითი დამუშავება აღარ ესაჭიროება. ასე უნდა იყოს დამზადებული სხვადასხვა მძივი, ერთნახევრიანი ხვიები, რომბული, მთვარისებური და თოხისებური საკიდები, რომელთა ყუნწებიც ჩამოსხმის შემდეგ უთუოდ ცხელ მდგომარეობაშია გახვრეტილი.

დარიშხნიანი სპილენძის გალღობა 750 გრადუსამდე ხერხდება და კარგი ჩამოსასხმელი თვისებებით კალიან ბრინჯაოსაც არ ჩამოუვარდება. როგორც ირკვევა, მიუხედავად დარიშხნის ადვილი აორთქლებისა მეტალურგიაში იგი ფართოდ გამოიყენებოდა. არ არის გამორიცხული, რომ სპილენძში დარიშხნის მეტი რაოდენობით შეყვანა მხოლოდ ტექნოლოგიური თვისებების შეცვლის აუცილებლობით არ იყო შეპირობებული. ირკვევა, რომ სპილენძში 10–22%-მდე დარიშხნის შეტანა ცვლიდა თვით ამ შენადნობის შეფერილობასაც და მას სასიამოვნო თეთრ ბზინვარებას აძლევდა.

ძველი მეტალურგიის შესწავლის საფუძველზე დასტურდება, რომ მტკვარ–არაქსის კულტურაში წარმოდგენილია მადნისეული სპილენძი, რომლის შემადგენლობაშიც დარიშხანთან ერთად სხვა ბუნებრივი მინარევებიც შედის. ასეთ მადნისეულ სპილენძში დარიშხანი 2%-ს არ აღემატება. მეტალურგიის განვითარების გარკვეულ საფეხურზე თავს იჩენს სპეციალური ფორმისა და დანიშნულების ნივთები, რომელთა დამზადებას უკვე ახალი ტექნიკური თვისებების მქონე მასალა და შრომის თავისებური ჩვევებიც ესაჭიროება.

“მტკვარ-არაქსის” კულტურაში დარიშხნიანი სპილენძის სხვადასხვაგვარი ფიზიკურ–ტექნოლოგიური თავისებურებანი შეიმჩნევა. ირკვევა, რომ შედარებით დიდი ზომის საბრძოლო–სამეურნეო დანიშნულების ხელსაწყო–იარაღებში (სატევარი, შუბისპირი, ცული, ნამგალი და სხვ.), რომელთა ჩამოსხმის შემდეგ საჭირო იყო ცხელ მდგომარეობაში ჭედვით დამუშავება, დარიშხანი მხოლოდ 1%-დან 7%-მდეა.

ჩამოსხმით დამზადებული მძივები და საკიდრები, რომლებსაც მხოლოდ მოთეთრო ფერი აქვს, დარიშხნის მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა. სპილენძში დიდი რაოდენობის დარიშხნის შეყვანა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სპილენძისა და დარიშხნის მადნების ერთმანეთთან შერევით და მათი ერთად გამოდნობით უნდა მომხდარიყო.

მტკვარ–არაქსის კულტურაში მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეს ვერცხლისა და ტყვიისაგან დამზადებული სამკაულის აღმოჩენაც ადასტურებს. მაგალითად, ქიულთეფეს, ამირანის გორასა და შენგავითზე აღმოჩენილია ვერცხლისა და ტყვიისაგან ნაკეთები ხვიები, რგოლები და “კვერთხის თავი”. ორივე ეს ლითონი ამიერკავკასიაში ძირითადად მათი შემცველი მადნების გამოდნობით მიიღებოდა, ამიტომაც ამ ნივთების მოჭარბება მტკვარ–არაქსის კულტურაში განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენაა103.

აგვარად, მოკლედ მიმოხილული მასალა გვიდასტურებს, რომ მტკვარ–არაქსის კულტურაში წარმოდგენილია უკვე ნამდვილი მეტალურგიისათვის დამახასიათებელი ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია.

ყველა ზემოხსენებული თავისებურება, რომელიც მტკვარ-არაქსის მეტალურგიას ახასიათებს, ცხადია, აქ ერთბაშად თავს ვერ იჩენს. მეტალურგიის განვითარების საწყის ეტაპზე ეს თავისებურებანი უთუოდ თანდათანობით გამოვლინდებოდა. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი სხვადასხვაგვარი ქიმიურ-ტექნოლოგიური მონაცემებიც რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეულ ძეგლზეა დადასტურებული.

ადრეული ბრინჯაოს ხანაში მელითონეობის განვითარების კვალდაკვალ კერამიკულ წარმოებაშიც რამდენიმე სიახლემ იჩინა თავი.

მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკის მიხედვით ირკვევა, რომ ამ დროს ჭურჭლის დამზადებაში უკვე ახალი ტექნოლოგია ჩნდება. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა საჭურჭლე თიხის საგანგებოდ დამზადება.

ქვაცხელების სამოსახლოზე აღმოჩენილია საჭურჭლე თიხის დასამზადებელი ძირგამომწვარი ორმო104; იგი შეიცავდა განლექილი თიხის 4 ფენას; ამათგან მსხვილმარცვლოვანი იყო ფსკერზე მოქცეული ქვედა ფენა, ხოლო სულ ზედა ფენაში აღმოჩნდა წვრილმარცვლოვანი გაწმენდილი თიხა, რომელიც ჭურჭლის “ამოსავლებად” ჟანგეულით შეფერადებული ხსნარისათვის იქნებოდა გამოყენებული.

ჭურჭლის უმორგვოდ დამზადების ტრადიციას მტკვარ–არაქსის კულტურაში გაბატონებული ადგილი უკავია. ამგვარად გაკეთებული ჭურჭელი ხასიათდება შავპრიალა ზედაპირით, ფორმების ერთგვაროვნებით და საყოველთაოდ ვრცელდება ამ კულტურის გამოჩენისთანავე.

ქსოვილის საშუალებით ჭურჭლის გამოძერწვა სტანდარტული ფორმების სერიული გამოშვების ახალ საშუალებას წარმოადგენს. ეს ხერხი უთუოდ ჭილოფის ანაბეჭდის მქონე კერამიკის დამზადების ძველ ტრადიციას უკავშირდება. სელის ქსოვილის შემცველი თიხის ჭურჭელი (დიდუბე, კიკეთი, ზღუდისგვერდა, აბელია, ამირანის გორა და სხვ.) გამოირჩევა კეცის განსაკუთრებული თხელკედლიანიბით, კერამიკული ფორმის თავისებური პროპორციებით, შესანიშნავად დამუშავებული ზედაპირით.

უადრესი ტიპის კერამიკას ახასიათებს მორუხო-წაბლისფერი ზედაპირი; აქვეა ღია ყვითელი ან მოშავო ჭურჭელი (რომელიც შემდეგ ხანებში იწყებს მომრავლებას), ზოგჯერ თავს იჩენს ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭელიც (ნახიდრების ჭალა, აბელია).

შავპრიალა ჭურჭელი მიიღებოდა უკვე გამომწვარი ჭურჭლის ღუმელში საგანგებოდ შებოლვის (ნახშირბადის ნაწილაკების კეცის ფორებში შეყვანის) გზით. შავი და რუხი კერამიკის დამზადების ასეთი ტექნოლოგია შეპირობებულია საწარმოო ცეცხლის მრავალგზის გამოყენების ცოდნით, რაც მეტალურგიაში შემუშავებულ ჩვევებს ემყარება.

ლითონის სადნობი სპეციალური ღუმელი, რომელშიც სწორედ საწარმოო ცეცხლი ენთო, აღმოჩენილია ახალციხის ამირანის გორას ნასახლარზე, ხოლო ერთ პატარა ნაგებობაში შემორჩენილია ქვასანაყის მსგავსი ღუმელი შემოწყობილი ქვებით. იგი ზემოდან თაღით უნდა ყოფილიყო დახშული.

თვით ღუმელში აღმოჩნდა ფქვილადქცეული ხის ნახშირი, რომელიც ძლიერი ტემპერატურის მომცემ საწვავ მასალას თუ შეადგენდა. აქვეა თიხის საბერველის ნაწილი, რომლის მსგავსი მეორე ცალი ნაპოვნია გეოითეფეს ნამოსახლარზე. აღნიშნული ფაქტები გვიდასტურებენ, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისთანავე მეჭურჭლეობა და ლითონის წარმოება ურთიერთთან დაკავშირებულ საწარმოო ჩვევებს ემყარება. ამ ხანაშივე ახალი საწარმოო საგნების დასამზადებლად საჭიროებისამებრ გამოიყენება კიდევ სხვა სახის მასალაც, მაგალითად, ცეცხლგამძლე თიხა, რომლისგანაც გამოიძერწება ციცხვები, ტიგელები, ყალიბები. იქმნება განსაკუთრებული ფორმისა და სიდიდის კერები და ზესადგრები; მათ შორისაა კერპის გამომხატველი ქანდაკებები და მოშინაურებული ცხოველის დიდ–პატარა სკულპტურები, რომელთა ძერწვა და გამოწვა მამაკაცის საქმიანობას უნდა მიეწეროს.

ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მეჭურჭლეობა დარგობრივად გამოყოფილი ხელოსნობა ჯერჯერობით არაა, მაგრამ უფრო მეტად (ვიდრე ადრეულ ხანაში) აკმაყოფილებს საგვარეულო საზოგადოების ცხოვრების მზარდ მოთხოვნილებებს.

მელითონეობის დაწინაურებამ და ლითონის პროდუქციის მოჭარბებამ საფუძველი მოუშალა წინარე ხანაში ფართოდ წარმოებულ ზოგიერთ შინასაქმიანობას. ასეთია მაგალითად, ძვლის, რქისა და ქვის იარაღების დამზადება. მიუხედავად ამისა, სამოსახლოებზე ძველებურად ხდება შორი მანძილიდან ობსიდიანის ზოდების მოტანა და სპეციალურ სახელოსნოში ქვის იარაღების დამზადება. ამის მოწმობაა აბელიას, დიდუბის სამოსახლოზე ნაპოვნი ობსიდიანის ზოდები. აქვე ჩნდება ქვის სამეურნეო იარაღი (სანაყი ქვები, ხელსაფქვავები და სხვ.), რომელიც ლითონის გამოყენების მომდევნო ხანებშიც კი ფართოდ გამოიყენება; იგივე ითქმის ობსიდიანის ისრისპირების და ნამგლის დაკბილული პირების შესახებ.

საფეიქრო საქმიანობაზე მიგვითითებენ როგორც თიხის ჭურჭლის კედლებში შემორჩენილი სელის ქსოვილის ანაბეჭდები, ისე ძვლის, ან იშვიათად ქვის, მრავალრიცხოვანი კვირისტავები. საკუთრივ ნაქსოვი ხლართის ხასიათი ადასტურებს, რომ ქსოვა პრიმიტიული დაზგის მეშვეობით წარმოებდა.

ამრიგად, განხილული მასალები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საკმაოდ რთულ და დაწინაურებულ ცხოვრებას ასახავენ. მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებელი ტომების ნივთიერი ძეგლების თავისებურებათა მიხედვით ისიც ირკვევა, რომ ამ კულტურის განვითარების კვალდაკვალ მჭიდრო კავშირი მყარდება წინა აზიასთან; აქაც და იქაც ჩნდება ერთგვაროვანი იარაღი, რომლის ტიპობრივი განვითარებაც უკვე მოგვიანო ხანაში მათ ადგილობრივ სახესხვაობებსაც იძლევა (საჩხერული კულტურისათვის დამახასიათებელ ბრინჯაოს ცულებს, შუბებს, ტანსაცმელთან დაკავშირებულ სხვადასხვაგვარ ნივთებსა და მისთ.)105.

მაგრამ, მიუხედავად ასეთი მჭიდრო კავშირისა, იმპორტულ ნივთთა შემოტანა წინა აზიიდან სამხრეთ კავკასიაში ახლა ბევრად უფრო ნაკლებია. ამ რიგის ნივთებად შეიძლება ჩაითვალოს კავკასიისათვის სრულიად უცხო შედგენილობის მქონე ლითონებისაგან დამზადებული და ალბათ გადასაცვლელად განკუთვნილი ე. წ. ზოდები იგდირიდან (მასში დიდი რაოდენობითაა თუთია) ანდა კალის შემცველი ბრინჯაოს ნივთები შენგავითიდან და ბაბა–დერვიშიდან.

არ არის გამორიცხული, რომ ახალციხის ამირანის გორასა და ოზნის ადგილობრივ ჭურჭლებზე გამოსახული ზოგიერთი პიქტოგრამული ნიშანიც, რომლებიც გარკვეულ ცნებებს გამოხატავს, სამხრეთული ქვეყნებიდან შემოტანილი პიქტოგრამული ნიშნების მინაბაძს წარმოადგენს. იმპორტული ნივთების ნაკლოვანება ალბათ დაკავშირებულია იმ ახალ ძვრებთან, რომლებიც მტკვარ–არაქსის კულტურის განვითარებას მოჰყვა. ამ ხანაში სამხრეთ კავკასიაში ტომთა შორის არამშვიდობიან ურთიერთობას უკვე სტაბილური ხასიათი აქვს. თანდათანობით იშლება და მძაფრდება შედარებით მშვიდობიანი ბინადარი ცხოვრება. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მტკვარ–არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი დასახლების ტიპების თავისებურებანი. ხშირია შემაღლებული და შედარებით “მიუვალი” ადგილის შერჩევა დასახლებისათვის. გარდა ამისა, გვხვდება ქვის გალავნით გამაგრებული სამოსახლოებიც (შენგავითი, კიროვაკანი და სხვ.). ზოგან კი ასეთი თავდაცვითი საშუალების ნაცვლად ვხვდებით თხრილებსა და აგურ-ალიზიან ზღუდეებს (გუდაბერტყა). სხვა შემთხვევაში პატარ–პატარა საგვარეულო სამოსახლოები, რომელთა მკვიდრნი ძველებურად ძირითადად ბინადარ მიწათმოქმედებას მისდევდნენ (ქვაცხელები, ხიზანაანთგორა), თავდამსხმელებისაგან თავს სათანადოდ ვერ იცავენ. დატაცების მთავარ ობიექტს ალბათ ნასახლარის გარეთ არსებული დოვლათი (ნახირი, სახნავ–საძოვარი) წარმოადგენდა.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ბორბლიან ტრანსპორტს, რომელიც ხელს შეუწყობდა საცხოვრებლისაგან მოშორებულ ადგილზე მეცხვარეობაზე გადასული ტომების გადაყვანას და მათ დროებით დაბანაკებას. ამის ერთგვარ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს ის გარემოებაც, რომ მტკვარ–არაქსის კულტურაში დასაბამს პოულობს ე. წ. ყორღანული კულტურაც. ასეთი სამარხები (მათ შორის ურმის შემცველი ყორღანებიც) ყოველთვის იმავდროული სამოსახლოებისაგან მოშორებით შეინიშნება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულს ეკუთვნის მდიდრული ინვენტარის შემცველი დიდრონი ყორღანები, რომლებსაც წარჩინებული პირების დასაკრძალავად აგებდნენ. ყოველივე ეს გვაგულისხმევინებს, რომ გვაროვნული საზოგადოება თანდათანობით დაშლის გზაზე დგება და ქონებრივი უთანასწორობა თავის გამოხატულებას უკვე დაკრძალვის რიტუალშიც პოულობს.

მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებელი ტომების მიერ შემუშავებული საკულტო–სარიტუალო სხვა წეს-ჩვეულებათა მიხედვითაც შესაძლებელია მრავალი საყურადღებო საკითხის გაშუქება.

ადრეული ბრინჯაოს ხანაში ძველი სამიწათმოქმედო კულტების გართულება შეიმჩნევა. ამის გამოხატულებაა სახლის “შინაური” სარიტუალო ჩვეულებათა მნიშვნელობის ზრდა. კერასთან და მის უკან შემაღლებაზე მოთავსებული შეწირულობანი გვანიშნებენ,რომ სახლი და მისი კერა პატრიარქალური ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი. სწორედ აქაა მოთავსებული ღვთაებრივი ატრიბუტებით (რქებით ან სხვა ნიშნებით) აღჭურვილი კერპების გამოსახულებები, სხვადასხვაგვარი სარიტუალო ზესადგრები. მათ შორის აღსანიშნავია კერის განაყოფიერების გამომხატველი მამაკაცის ქანდაკება–ზესადგარი ახალციხის ამირანის გორადან.

ფალოსით აღჭურვილი ზესადგრები, კერის ფილაზე გამოსახული მფრინავი წეროები და სხვ. ასეთი სიმბოლოები მიგვითითებენ, რომ ბუნების აღორძინებას და ამასთან დაკავშირებით წარმოებულ საქმიანობას იმ პერიოდშიაც დიდ მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდნენ.

უფრო მეტია ამ რიგის ნივთიერი ძეგლები სამოსახლოების ტერიტორიაზე ან მის გარეთ მდებარე საკულტო ადგილებში; სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებზე, რომლებიც, შესაძლოა, საქონლის სადგომებიც უნდა ყოფილიყო, ხშირად ჩნდება გადასატანი კერები, ზესადგრები და სხვა სარიტუალო ნივთები. ახალციხის ამირანის გორაზე, ე. წ. გრძელ ნაგებობებში, დადასტურებულია ჩვილ ბავშვთა უინვენტარო დაკრძალვა, რაც ალბათ მსხვერპლშეწირივის აქტს გამოხატავს.

აღნიშნულთან ერთად დიდმნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი ახალი და უფრო რთული სარიტუალო ჩვეულებანი, რომლებიც უფრო თვალსაჩინოდ გამოხატავენ გვაროვნულ საზოგადოებაში მომხდარ ძვრებს. აქ იგულისხმება სამსხვერპლოების არსებობა სამოსახლოების გარეთ, სადაც საგვარეულო დოვლათის დაგროვება–შეწირვა (ახალციხის ამირანის გორა, ბაბა-დერვიში, იანიკთეფე და სხვ.) ხდებოდა.

მტკვარ–არაქსის კულტურა ხასიათდება სხვადასხვაგვარი სიმბოლური ნიშნებითა და “ორნამენტალური” გამოსახულებით, რომლებიც შინაარსობრივად ერთმანეთს უკავშირდება და ხშირად ასტრალური ნიშნების გარემოცვაშიაც ექცევა. ასეთი სიუჟეტური კომპოზიციები გვხვდება კერამიკაზე, რომლებზედაც თითქოს გადიდებულად ძველ საჭედავებზე მოცემული სახეებია განსახიერებული. აქ წარმოდგენილია სპირალები – მზის სიმბოლო, სიცოცხლის ხე ან რქებდაგრეხილი ვერძის თავი, წეროები, გველი, ქალის სქემატური გამოსახულებანი და სხვ. ეს სახეები მოქცეულია არა მარტო ჭურჭლის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას – მის გამობერილ ნაწილზე, ან კიდევ ყელთან, არამედ ყურს ქვემოთ, რაც უფრო მეტად გამოხატავს გამოსახულების საგანგებო დანიშნულებას, ე. ი. სარქველებზე გამოხატული ირმების, ან საბეჭდავით დატანილი ანაბეჭდის მსგავსად ამ ჭურჭლისა და მასში მოთავსებული დოვლათის ხელშეუხებლობას.

მეტალურგიის სწრაფმა განვითარებამ მტკვარ–არაქსის კულტურაში კიდევ ახალი კატეგორიის სიმბოლოების გამოჩენაც განაპირობა. იწყება კერამიკის “შემკობა”. ლითონის სხვადასხვა ნივთის გამოსახულებით ჭურჭლებზე დაძერწილია არამარტო ლითონის სატევარი ან კიდევ რქებდაგრეხილი თავით შემკული საკინძი, არამედ ახალი მთვარის გამომსახველი საკიდებიც, რომლებსაც საგანგებო მაგიურ ძალას ანიჭებდნენ.

მესაქონლეობის განვითარებასთან დაკავშირებით იცვლება ძველი სიმბოლური შინაარსიც – ვერძის რქებით შემკულია კერის შვერილები, რომლებსაც ფალოსის მოყვანილობა აქვს (ქარაზი). ფალოსის კულტი, რამდენადაც ცნობილია, ჩვენში სამიწათმოქმედო კულტურისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი, ამიტომაც იტიფალური ქანდაკებები სხვა შემთხვევაშიაც ძირითადად მესაქონლეობის განვითარების საფუძველზე იჩენს თავს.

ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სიმბოლოს ურთიერშერწყმას. ბეშთაშენის ერთ-ერთ ჭურჭელზე ერთ მწკრივში მოქცეულ წეროებს შორის პირველს თავი უკვე სპირალის სახით აქვს გამოსახული. მთვარისებური ნიშანი კი ყოველთვის ასოცირებულია ვერძის ან ხარის რქებთან. ამრიგად, ჩანს, რომ ნაყოფიერების კულტი მოიცავს არამარტო მზის და მასთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, არამედ მთვარესთან დაკავშირებულ იმ ახალ მოვლენებს, რომლებიც მესაქონლეობის, მეტალურგიისა და ამდენად უკევე საკუთრივ პატრიარქალური საზოგადოების განვითარებას უნდა მოჰყოლოდა. ამ სიმბოლოებს შორის ზოგი მათგანი მთავარ ღვთაებებსაც უნდა გამოხატავდეს (მთვარე).

ამ მონაცემებთან ერთად ანგარიშგასაწევია აგრეთვე “პიქტოგრამული” ნიშნების გამოჩენა მტკვარ–არაქსის კულტურაში. მათი არსებობა მხოლოდ სამხრეთ კულტურებთან მჭიდრო კავშირითა და ადგილობრივად განვითარებული მაღალი კულტურით შეიძლება აიხსნას. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მობინადრე ტომები თავიანთი კულტურით მჭიდროდ უკავშირდებიან წინა აზიის მომიჯნავე რაიონებს, სადაც აღნიშნულ ხანაშიც მტკვარ-არაქსისეული კულტურა ვითარდებოდა. აქაც, ისევე როგორც სამხრეთ ქვეყნებში, ახალი ნიშნებით წარმოდგენილი ეს კულტურა არსებითად ეპოქალურ ძვრებს გამოხატავს, რის გამოც მტკვარ-არაქსისეული კულტურის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე ცალკეული ლოკალური რაიონების მკვეთრად გამოყოფა ძნელდება.

აღნიშნული კულტურა, რომელიც მესაქონლეობისა და მეტალურგიის განვითარების შედეგად თითქმის ყველა რაიონში ერთნაირად აღწევს აღმავლობას, ნივთიერი ძეგლების საშუალებით თავიდანვე მკვეთრად აწყდება წინამავალ ენეოლითურ საფეხურს.

ჩანს, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარება შეპირობებული იყო იმ საფუძვლებით, რომლებიც ძვ. წ. V–IV ათასწლეულებში ამავე ტერიტორიაზე თანდათანობით ყალიბდებოდა. მეორე მხრივ, ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან მტკვარ-არაქსის კულტურის სამოსახლოების მიტოვების ტენდენცია შეიმჩნევა. საქართველოსა და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეტად მცირეა იმ სამოსახლოების რიცხვი, რომლებზედაც მომდევნო ძვ. წ. II ათასწლეულის კულტურული ფენებია დადასტურებული. III ათასწლეულის მეორე ნახევარი და II ათასწლეულის პირველი ნახევარი წინა აზიას და აღმოსავლეთ ევროპის ფართო ასპარეზზე მთიელი მეჯოგე ტომების კულტურების გამოჩენის ხანაა106. ამიერკავკასიაშიც იწყება, მესაქონლეობისა და მეტალურგიის შემდგომი განვითარების ბაზაზე, ბარის მოსახლეობის მიერ მთის ინტენსიური ათვისება და, მეორე მხრივ, მეჯოგე ტომების ბარში ჩამოსვლა.

No comments: