§2. დასავლეთ საქართველოს კულტურა
დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე დამოწმებული გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა, მართალია, მეტად თავისებურია, მაგრამ, როგორც ზემონათქვამის მიხედვითაც ჩანს, მოწყვეტილი არ არის მაშინდელი კავკასიის სხვა კულტურებისაგან, თუმცა მისი ცალკეული ელემენტები, ზოგჯერ ადგილობრივ მკვიდრთა გემოვნების მიხედვით გარდაქმნილი, შეიძლება სამ დანარჩენ კულტურაშიც შეგვხვდეს. დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი კომპლექსები თუ მათი ნაწილები ხშირად სტერეოტიპურად მეორდება მომიჯნავე მხარეებში და უფრო შორს. ასეთია, მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილო ოსეთი და ყაბარდო-ბალყარეთი მთავარი ქედის მიღმა, აღმოსავლეთ საქართველოს ვრცელი ზოლი მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით, მესხეთიდან ვიდრე არაგვის ხეობამდე, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ჭოროხის აუზში და უფრო დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ქალაქ ორდუმდე მაინც. აღარაფერს ვამბობთ ჩვენთვის საინტერესო ტიპის ცალკეულ ნივთებზე, რომლებიც აღმოჩენილია სომხეთის ტერიტორიაზე (ახტალა-ლალვარის მიდამოები, გოლოვინო, პარკარი, ლენინაკანი) და ურმიის ტბის რაიონში. შეუძლებელია დასავლეთ საქართველოს ტიპის არქეოლოგიური კულტურის შემუშავებისა თუ განვითარება-გავრცელების საქმეში ყველა ზემოხსენებული მხარისათვის ერთნაირი მნიშვნელობის მინიჭება. როგორც არაერთ მკვლევარს აღუნიშნავს, თვით დასავლეთ საქართველო ამ კულტურის ძირითადი ბუდე უნდა იყოს1. მართლაც იმ დროს ამ ადგილებში არ გვხვდება რომელიმე სხვა კულტურის თუნდაც მცირე ნაკადიც კი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ საგნებს, შეტანილს სატომთაშორისო ვაჭრობის გზით, ანდა სამხედრო კონფლიქტების შედეგად ხელთგდებულ სიმდიდრეს. ერთადერთი კელტურა იქ მხოლოდ დასავლურქართული (როგორც მას ხშირად ეძახიან - კოლხური) კულტურაა. თითქმის ასეთივე სურათი გვაქვს ჩრდილო კავკასიის მთიანეთშიც: იქ განუყოფლად ბატონობდა დასავლეთ საქართველოს ტიპის კულტურა, ოღონდ მხარის გეოკლიმატური პირობების კვალობაზე რამდენადმე გარდაქმნილი. აღმოსავლეთ საქართველოს ზემოხსენებული ჩრდილო ზოლიც მდიდარია დასავლეთ საქართველოს კულტურის კომპლექსებით, მაგრამ მაინც გამოირჩევა პირველი ორი მხარისაგან. აქ დასავლური კულტურის ძეგლებთან ერთად ბატონობას ინაწილებს ადგილობრივი, აღმოსავლეთ საქართველოს კულტურა. ამასთან კარგად შეიმჩნევა, რომ დასავლური ელემენტი თანდათანობით მცირდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მაშინ, როცა აღმოსავლური ელემენტი კლებულობს ჩრდილოეთისაკენ. ერთი სიტყვით, აღნიშნული ზოლი არის შერეული კულტურის გავრცელების ცენტრალური თემი, სადაც, ს. ჯანაშიას სიტყვით რომ ვთქვათ, “ერთმანეთს ხვდებოდა და თავის გამოცდილებას უზიარებდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა”[34]. რაღა შეიძლება ითქვას ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო რაიონზე? აღვნიშნავთ, რომ ახლა თურქეთის საზღვრებში მოქცეული ეს ქვეყანა არქეოლოგიურად სუსტადაა შესწავლილი. ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, რა ტიპის კულტურას ჰქონდა უპირატესობა გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ამ მხარეში. ის, რაც უეჭველად კავკასიურ კულტურებთანაა დაკავშირებული, ამ ვრცელ ტერიტორიაზე ჯერჯერობით ცნობილია ოთხი შემთხვევითი მონაპოვრის სახით, კერძოდ, ბრინჯაოს ნივთებისაგან შედგენილი განძები, რომელთაგან ერთი ნაპოვნია ქ. ორდუსთან შავი ზღვის სახრეთ ნაპირზე[35], ხოლო სამი – ჭოროხის აუზში ისტორიული ტაო-კლარჯეთის მიწა-წყალზე (ართვინი[36], მეხჩის ციხე[37], საჩაჩყალე[38]). განძებში შემავალი მასალები უპირატესად დასავლეთ საქართველოს კულტურის დამახასიათებელ ფორმებს წარმოადგენს, მაგრამ მათთან ერთადაა ან წმინდა აღმოსავლურამიერკავკასიური, ან კიდევ ორივე მხარისათვის ტიპიური საგნები; ერთ შემთხვევაში (ართვინის განძი) დამოწმებულია იარაღი, რომელშიც თითქოს არეკლილია დასავლურქართული და შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროს “კიმერიული” კულტურის საწარმოო ტრადიციათა თვისებები. საჭიროა ითქვას, რომ ეს განძები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათი პოვნის რაიონს მტკიცედ განსაზღვრული ადგილი მივაკუთვნოთ დასავლეთ საქართველოს კულტურის სისტემაში. განძებში შემავალი საგნები რომ ნაპოვნი ყოფილიყო სამარხებში, ან ნასოფლარ-ნამოსახლარებზე, მაშინ უფრო დამაჯერებლად შეიძლებოდა დაგვედგინა, თუ რამდენად ორგანულად არის დაკავშირებული ეს ფორმები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასთან, განეკუთვნება ტაო-კლარჯეთის საწარმოო კერის პროდუქციას, თუ შემოტანილია მეზობელი რაიონებიდან ხელახლა გადასადნობად ან სხვა საჭიროებისთვის.ახლა ჩვენ შევუდგებით დასავლეთ საქართველოს კულტურის შემადგენელ ელემენტთა დახასიათებას.
უნდა ითქვას, რომ დასავლეთ საქათველოს კულტურის შემადგენელ არქეოლოგიურ ძეგლთა ფრიად დიდი ნაწილი შემთხვევით მონაპოვარია და, ამდენად, მეცნიერული ღირებულების მხრივ ნაწილობრივ მაინც ცალმხრივი და შეზღუდულია, რადგან ზოგჯერ ჩვენთვის უცნობია ასეთი მასალების აღმოჩენის ზუსტი ადგილი და პირობები, არ ვიცით, თუ რისთვის იყო ჩაფლული ან რამდენად სრული სახით მოაღწია სამეცნიერო დაწესებულებებამდე იმან, რაც არასპეციალისტის ხელითაა ამოთხრილი. ეს მდგომარეობა გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის არა მარტო აღნიშნული კულტურის ყველა ელემენტის გასათვალისწინებლად, არამედ აგრეთვე ძეგლთა ცალკეული ტიპებისა და სახეების ტერიტორიული გავრცელების სურათის შესამუშავებლად. ამას ისიც ემატება, რომ მცირერიცხოვანი მეცნიერულ-გეგმაზომიერი გათხრა, რომელიც ამ კულტურის შესასწავლადაა ჩატარებული, ყველა რაიონსა და ყველა ტიპის ძეგლს არ შეხებია და, მაშასადამე, დასავლეთ საქართველოს კულტურის კვლევის დღევანდელ დონეზე უფლებაც არა გვაქვს საბოლოოდ დაზუსტებულად მივიჩნიოთ მასთან დაკავშირებული ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, აღმოცენების პერიოდი, ლოკალური კულტურების რაოდენობა და გავრცელების საზღვრები, დასახლებისა და საცხოვრებელ ნაგებობათა ტიპები, სამარხთა რაგვარობა და დაკრძალვის წესები მთელ საკვლევ ტერიტორიაზე და სხვ. ეს, რასაკვირველია, სულაც არ ნიშნავს, რომ გარკვევით არაფერი ვთქვათ ჩვენთვის საინტერესო კულტურაზე; მხედველობაშიც რომ არ იქნეს მიღებული მეცნიერული გათხრით მოპოვებული მასალები, ისე უხვადაა შემთხვევითი ნაპოვნები, რომ მარტო მათი გათვალისწინება მოგვცემდა საშუალებას თუნდაც ზოგადად მოგვეხაზა ამ კულტურის არსებითი თვისებები და მისი კონკრეტული გამოვლინებები ცალკეულ ძეგლებში. უამრავი განძი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი, წარმოგვიდგენს კულტურის ბევრი ელემენტის სავსებით გარკვეულ სახეს, მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების რამდენიმე დარგს და, საერთოდ, ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებას. საილუსტრაციოდ შეიძლება დასახელდეს ო. ჯაფარიძის ერთ-ერთი ნაკვლევი, რომლითაც ავტორმა, თითქმის მხოლოდ განძებში თავმოყრილი მასალების საფუძველზე შესაძლებლად სრულად დაახასიათა დასავლეთ საქართველოს მიწათმოქმედება[39]. განძების გარდა აღმოჩენილია უამრავი ცალკეული ჭურჭელი, იარაღ-საჭურველი სამკაული და საწესჩვეულებო საგანი. გვაქვს ზოგიერთი სანდო ცნობა სამარხეულ ნაგებობათა ტიპებზე, რომელთა შეპირისპირება გეგმაზომიერი გათხრების გზით მოპოვებულ მასალებთან გარკვეულად გვაახლოებს ჩვენთვის საინტერესო კულტურის ხასიათის ჭეშმარიტ გაგებასთან.
სამოსახლოები და შენობები. დასახლებისა და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ტიპები არქეოლოგიური კულტურის განუყრელი ნაწილია, თუმცა მან მხოლოდ განსაზღვრული, მაგრამ არა გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს ძეგლთა ეთნიკური კუთვნილების დასადგენად. ეს იმიტომ, რომ დასახლებისა და საცხოვრებელ შენობათა ტიპებს ხშირად აპირობებს არა მარტო მოსახლეობის ეთნიკური წარმოშობა, არამედ სოციალურ-პოლიტიკური და სამეურნეო ვითარება და აგრეთვე, მხარის გეოკლიმატური თავისებურება. მაგალითისათვის შეიძლება მივუთითოთ კავკასიის მთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სინამდვილეს, რომელშიც დავინახავთ, რომ არაქართული წარმოშობის ოსებს, ჩაჩნებსა და ქისტებს პრინციპულად ისეთივე სოფლები და სახლები აქვთ, როგორიც ქართველ ფშავ-ხევსურებს, სვანებსა და მთა–რაჭველებს. მეორე მხრივ, შეიძლება ისიც მოხდეს, რომ განსხვავებულ ბუნებრივ გარემოსა და სოციალურ პირობებში ერთი და იმავე მოდგმის ხალხის სხვადასხვა შტოს სულ სხვადასხვანაირი დასახლებისა და საცხოვრებლის ტიპი ჰქონდეს. შორს რომ არ წავიდეთ, ასეთ სურათს თვით საქართველოშიც ვნახავთ: მთის სოფლები უმთავრესად გაშენებულია სტრატეგიულად ხელსაყრელ ფერდობებზე ან წყალთაშუა ტერასებზე და წარმოადგენს მთელი ადგილობრივი საზოგადოების, ზოგჯერ გვარის, ანდა ცალკე ოჯახის ციხე-სიმაგრეთა კომპლექსს, რომლის საშენებლად უმეტესად ნახმარია ქვები, ხოლო დასავლეთ საქართველოს ბარში ტიპიურად უნდა ჩაითვალოს საკმაოდ გაფანტული დასახლება ხის, უფრო იშვიათად კი ქვის არქიტექტურით[40]. რამდენად შორს, ისტორიის სიღრმეშია ფესვგადგმული ასეთი დასახლების ტიპი და ხუროთმოძღვრული წესები, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ ზოგიერთი არქეოლოგიური დაკვირვება მიგვანიშნებს ერთობ ხანგრძლივ ტრადიციასა და გარემო პირობების შესატყვისად ერთხელ შემუშავებული წესის მემკვიდრეობით გადაცემას თაობიდან თაობაზე, ცხადია, ისტორიულად გამართლებული ცვლილებებით.
დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური სამოსახლოების დახასიათების პიონერებად გ. ნიორაძე და ნ. ხოშტარია უნდა ჩაითვალონ[41]. მათ შემდეგაც არაერთი შრომა გამოქვეყნდა ამ საკითხზე[42], მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგად ხაზებშია გადაჭრილი, რადგან არც ერთი სამოსახლო ბოლომდე არაა გათხრილი ან მეცნიერულად შესწავლილი. სადღეისოდ ცნობილი მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კოლხეთის დაბლობზე ისახება დასახლების სამი უმთავრესი ზოლი და მათი შესაბამისი ტიპები. პირველია ზღვის მიმდგომი ვიწრო დიუნების ზოლი, რომლის საცხოვრებელ ნაგებობათა ტიპებზე, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით. მეორე, უფრო ფართო ზოლს ზღვის დაჭაობებული სანაპირო წარმოადგენს, რომელზედაც ნაწილობრივ გამოკვლეულია რამდენიმე სამოსახლო. ასევე სუსტად ვიცნობთ ზღვის დონესთან შედარებით საკმაოდ ამოწეულ დაბლობს მისთვის დამახასიათებელი შემაღლებებით და სერ-ზეგნებით. რომ არაფერი ვთქვათ დიუნებზე, სადაც ნ. ხოშტარიას დაკვირვებით, ყოველ შეთხვევაში, ერთ ადგილას მაინც (ყულევის სამხრეთით, მდ. ცივაზე) შეიმჩნევა სამოსახლოდ განკუთვნილი ხელოვნური ბორცვი[43], ორი დანარჩენი ზოლის სამოსახლოები მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის ზრუნვას ხიფათისაგან თავის დასაცავად, ე.ი. სამოსახლო ადგილების შერჩევას და მომზადებას მარჯვე თავდაცვისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კოლხეთის დაჭაობებული ზოლი, რომელიც ასეთსავე მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო საკვლევ ეპოქაზე გაცილებით უფრო ადრე. ნ. ხოშტარიას აზრით[44], მოსახლეობა ამ ადგილებში გაჩენილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში და მისი ცხოვრება გრძელდებოდა ახ. წ. პირველ საუკუნეებშიც, რის შემდეგაც მთიანი ზოლისათვის მიუციათ უპირატესობა. რაკი ჭაობში არც სახლი დაიდგმება და სხვა მხრივაც დიდ სიძნელეს წააწყდება კაცი, ამიტომ იქ სამოსახლოდ ამოუყვანიათ მიწის ხელოვნური გორაკები, ჯგუფ-ჯგუფად ან გაფანტულად, ერთმანეთის მოშორებით. მიწის ხელოვნური ყრილის სახით წარმოდგენილ ამ გორაკებს ანუ ბორცვებს ირგვლივ უვლის ფართო და ღრმა თხრილი, რომელიც ზოგჯერ სხვა თხრილებით აერთებს რომელიმე მახლობელ მდინარესთან. ყველა თხრილში თავის დროზე წყალი იყო მიშვებული და, გ. ნიორაძის აზრით[45], ეს არხები თავდაცვას, სანაოსნო მიმოსავლასა და მოსახლეობის თევზით მომარაგებას ემსახურებოდა. ამგვარი სამოსახლო კომპლექსის მომზადება, განსაკუთრებით ადრინდელი ლითონის ხანის გარიჟრაჟზე, როცა სამუშაო იარაღი უმთავრესად ქვისა და ხის უნდა ყოფილიყო, მოითხოვდა არაჩვეულებრივად დიდ ფიზიკურ ძალასა და შრომის სანიმუშო ორგანიზაციას. ასეთივე ბორცვები ამოუყვანიათ ან ჭაობში ნაწილობრივ ჩაძირული ძველი მიწაყრილები აუმაღლებიათ გვიანდელ ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაშიც, როცა პრიმიტიული ტექნიკა შეცვალა საკმაოდ განვითარებულმა ლითონის იარაღმა14
კოლხეთის დაბლობის ბორცვები ახლა სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: დიხა, დიხა–გუძუბა, დიხა–ზურგა, ნაჯიხუ, ნამდევუ, ნაოხვამუ, ნაციხვარა და სხვ.15. ზოგიერთი განმარტავს ამ ძეგლების გარეგან სახეს (მაგალითად, დიხა–გუძუბა – ამობურცული მიწა), ზოგი გვამცნობს მათ ხელოვნურ წარმოშობას (მაგალითად, ნაზონარე – მიწანაყარი), ზოგი - კუთვნილებას (ნამდევუ – დევების ნამყოფი), სხვები კიდევ ოდინდელ დანიშნულებას (ნაოხვამუ – ნაეკლესიარი, ნაჯიხუ – ნაციხვარი).
შეუძლებელია, რომ ეს სახელწოდებები ზუსტად ასახავდეს ბორცვების ნამდვილ შინაარსს, მაგრამ ისინი, რომ მკვეთრად შესამჩნევია კოლხეთის მიწა-წყალზე და ხალხი მათ გარდასულ თაობებთან აკავშირებს, ეს კი სავსებით ცხადია. მართლაც, ზოგიერთი მათგანის არქეოლოგიურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ დღეისათვის ველად ქცეული ბორცვების სხვადასხვა ფენა კულტურის უამრავ ნაშთს ინახავს, ასეთებია თიხის ჭურჭლეულის ნატეხები, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობასთან დაკავშირებული საგნები, ნაგებობათა ნანგრევები და სხვ. განსაკუთრებით დიდი მეცნიერული მნიშვნელობის ნაშთებია მიკვლეული ნაოხვამუს ბორცვის დაუმთავრებელი გათხრისას სოფ. რეკასთან მდ. ცივას ნაპირზე ცხაკაიას რაიონში16. ნაოხვამუს დროგამოშვებით თხრიდნენ 1933 წლიდან 1949 წლამდე, მაგრამ მისი გამოკვლევა არ დასრულებულა. ბორცვზე დამოწმებულია მიწის სტერილური შრეებით გათიშული ორი კულტურული ფენა და აგრეთვე ხის შენობათა ნანგრევები. ერთი დიდი ნაგებობა, რომლის საძირკველი თიხის ბათქაშით ყოფილა შელესილი17, ზღუდესავით ერტყმოდა ბორცვს, დანარჩენი შენობები მის შიგნითაა მოქცეული. რაკი მათი გათხრა–გამოკვლევა ბოლომდე არაა მიყვანილი და არც ნაშთების დაცვა შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, ამიტომ ძნელია განისაზღვროს ხის კონსტრუქციების ტიპი, მაგრამ, ფიქრობენ, რომ მათი სახით საქმე უნდა გვქონდეს კოლხურ ჯარგვალებთან, რომელთა მშენებლობის წესი აღწერილი აქვს რომაელ ხუროთმოძღვარ ვიტრუვიუსს.
გ. ნიორაძე ვარაუდობდა, რომ ნაოხვამუ წარმოადგენს სამოსახლო ბორცვს18 და, მაშასადამე, აღნიშნული შენობებიც საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულებისა უნდა იყოსო. ბ. კუფტინი არ გამორიცხავდა ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ იმასაც ვარაუდობდა, რომ იგი უფრო კრომლეხით შემოზღუდულ პრიმიტიულ, სამიწათმოქმედო კულტის სალოცავს წააგავს19. მართალია, ტოპონიმი “ნაოხვამუ” ნასალოცავარს ანუ ნაეკლესიარსა ნიშნავს, მაგრამ გათხრას ჯერ არ მოჰყოლია ბ. კუფტინის მოსაზრების მხარდამჭერი მასალების აღმოჩენა, მაშინ, როცა კულტურულ ფენებში ამოთხრილი თიხის ჭერჭლის ნატეხები, ცხოველების ძვლები, მცენარეული ნაყოფი და თესლი, ქვისა და ლითონის საგნები თუ მათი ნატეხები თამამად შეიძლება მიეწეროს ნამოსახლარს.
ასეთ მასალათა დაკვირვების საფუძველზე გ. ნიორაძეს მიაჩნდა, რომ ნაოხვამუს ქვედა ფენა წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგიდან, ხოლო ბ. კუფტინი მას იმავე ათასწლეულის შუა ხანებს მიაწერდა, მაშინ, როცა ზედა ფენას ასევე ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის კუთვნილებად (გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ვიდრე კოლხეთში ბერძნული კოლონიზაციის ეპოქამდე, რაც დაახლოებით ძვ. წ. VI-V საუკუნეებზე მოდის) თვლიდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოსახლოს აღწერილი ტიპი და მასში შემავალი შენობები ერთი რომელიმე მოკლე ისტორიული პერიოდის მოვლენად არ ჩაითვლება. ის დამახასიათებელია კოლხეთის ისტორიის თითქმის 3000 წლის მონაკვეთზე. სადღეისოდ გამოკვლეულ ასეთ ბორცვთა შორის ყველაზე უძველესია ანაკლიის მახლობლად 1935 და 1936 წლებში გათხრილი სამოსახლო, რომელსაც დიხა–გუძუბას უწოდებენ. მისი ქვედა ფენა ძვ. წ. III ათასწლეულისა უნდა იყოს, ხოლო ზედა ფენებში აღმოჩენილი მასალა ნაოხვამუსდროინდელია20. ნაოხვამუს და დიხა–გუძუბასდროინდელი კერამიკული მასალები და ხის შენობის ნანგრევები ჩანს სოფ. ნოსირში მდებარე ერთი ბორცვის ფერდზე, რომელიც მასზე მომდგარი ტეხურის ტალღებს ჩამოურეცხავს. ამ ბორცვის გამოკვლევა 1968 წ. დაიწყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა. ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანების ბორცვები და შიგ მდგარი ხის შენობების ნაშთები ნაწილობრივ გათხრილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ მდ. რიონის ორთავ ნაპირზე: საქორქიოსა და ჭალადიდის მიდამოებში21. იქვე დამოწმებულია უფრო გვიანდელი მასალებიც.
აქ შეიძლება სიტყვა აღარ გავაგრძელოთ არქეოლოგიური დაზვერვის დროს მიკვლეულ უამრავ ბორცვზე, რომლებიც ჯერჯერობით ან სულ არ გათხრილა, ან კიდევ მხოლოდ მოსინჯულია საცდელი თხრილებითა და შურფებით. ამის გაუთვალისწინებლადაც ბევრია დაგროვილი, მართალია, მეტად განსაზღვრული, მაგრამ მეტყველი მასალა ზღვისპირა ზოლის დასახლებისა და სამოსახლოს ტიპის დასადგენად. ამ ძეგლების მკვლევართა მასალებზე და გათხრის დროს შემჩნეულ მოვლენებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ დაჭაობებულ ზოლში ტიპიურ სამოსახლოს წარმოადგენდა განცალკევებით ან ჯგუფ-ჯგუფად აღმართული ერთი ანდა რამდენიმე არხშემოვლებული და არხითვე მდინარესთან დაკავშირებული ბორცვი, რომლებზედაც ხის საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები იდგა. სამოსახლოს აღნიშნული ტიპი წარმოქმნილია, ყოველ შემთხვევაში, არაუგვიანეს ძვ. წ. III ათასწლეულისა და, როგორც ჩანს, არსებობდა მთელი ანტიკური პერიოდის გასულამდე. ძნელია ეჭვქვეშ დავაყენოთ მოსაზრება, რომ ტრადიციის ასეთი ხანგრძლივი შემონახვა დაკავშირებული უნდა იყოს საუკუნეთა განმავლობაში კოლხეთის დაბლობის მოსახლეობის ეთნიკურ სამყაროსთან.
რაც შეეხება კოლხეთის დაბლობის შედარებით ამოწეულ ნაწილს, სადაც უხვადაა სტრატეგიულად მოხერხებული ბუნებრივი გორაკები, ქედები და ზეგნის ტიპის ადგილები, შეიძლებოდა ადამიანის უშიშრად დასახლება, თუ საჭიროების შემთხვევაში ხელოვნურ სიმაგრეებსაც ააგებდა. სამწუხაროდ, ამ ზოლში ჯერჯერობით ვერ შევხვდებით ნანგრევების ნაშთებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ თიხის ბათქაშის ნატეხებს, რომლებზეც შემონახულია ხის წნულის ანაბეჭდი22, რაც აგრეთვე ხის შენობებს ან ლასტისებურ მის ცალკე ნაწილებს გვაგულისხმებინებს. სოფ. დაბლაგომში (სამტრედიის რაიონი)23 და “ქუთაისის ქვეყნის” არაერთ გორაკზე (ფარნალის გორა, დათეშიძეების გორა, ჭოგნარი და სხვ.) გამოვლენილია ფრიად მძლავრი კულტურული ფენა, ზოგჯერ ნაცრისა და ხის ნახშირის შრეებით24, რომლებიც ვარაუდით გადამწვარი ხის სახლების ნაშთი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, თუ არა ეს მასალა, სხვა არაფერი გამოდგება ამ ზონაში ხის სახლების არსებობის მაჩვენებლად, ვინაიდან “ქუთაისის ქვეყნის” გეოკლიმატური პირობები გამორიცხავს ჩვენთვის საინტერესო დროის ორგანული ნაშთების (ხე) დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შემონახვას.
კიდევ უფრო ცოტა მასალა გვაქვს დაგროვილი კოლხეთის მაღალმთიანი მოსახლეობის დასახლების ტიპისა და საცხოვრებელთა შესასწავლად. ეს მასალა სულ ორი ადგილიდან წარმოდგება. ერთი მათგანია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლისა და ბათქაშის ნატეხები, რომელთაგან ამ უკანასკნელზე შემონახულია ხის ძელების ანაბეჭდი. ნატეხები აღმოჩენილია, 1964 წ. ზემო სვანეთში სოფ. ეცერის ბუნებრივ ბორცვზე საცდელი თხრილის გავლებისას (გ. გრიგოლია, გ. ცქიტიშვილი). ერთ არქეოლოგიურ ფაქტს კანონზომიერების უფლება რომ ჰქონოდა, მაშინ ადვილად შეგვეძლო ხის სახლების ბატონობის დამტკიცება მთაში. სხვა რიგის წყაროების გათვალისწინება არ გამორიცხავს ხე–ტყით მდიდარ მთის რაიონებში ასეთი მტკიცების უფლებამოსილებას, რადგან ცნობილია, რომ სულ ახლო წარსულში სვანეთშიც და მთარაჭაშიც ქვის ნაგებობებთან ერთად ხშირი იყო ხის სახლებიც. ამას გარდა, ქსენოფონტეს ცნობით, შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთი სანაპიროს მთიელ ქართველ ტომებს, კერძოდ, მოსინიკებს ხის კოშკები და ციხე–სიმაგრენი ჰქონდათ25. ეცერის ბორცვის ტოპოგრაფია სწორედ შესაფერისია ციხე–სიმაგრისათვის ან რომელიმე მთავარი კულტისათვის, რის გამოც შესაძლებელია, რომ სწორედ ერთ-ერთი მათგანის ნაშთებთან გვქონდეს საქმე. არც კოლხეთის ზოგიერთ ხელოვნურ ბორცვებზე უნდა იყოს მოულოდნელი ხის თავდაცვითი ან საკულტო ნაგებობის აღმოჩენა, რომელთა ოდინდელი არსებობის კვალი თავს უნდა იჩენდეს ისეთ სახელწოდებებში, როგორიცაა “ნაჯიხუ”, “სიმაგრე” და “ნაოხვამუ”.
დასავლეთ საქართველოს მთიანეთის მეორე ადგილი, სადაც ძველი ნამოსახლარ-ნასახლარია მიკვლეული, სოფ. ღების დასავლეთით მდებარე ბრილის წყალთა შუა ტერასაა. ძველი სამაროვნის ახლოს ბუნებრივად გამაგრებულ ამ ვაკეზე გათხრილია ქვის დიდი, მრავალოთახიანი შენობის ერთი მოზრდილი ნაწილი, სახელდობრ, ქვის საძირკველი. მართალია, განათხარში აღმოჩენილია დანახშირებული ქვის ძელების ნატეხებიც, მაგრამ ისინი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ დამხმარე ნაწილების ან შიდა მოწყობილობის გასამართად, რადგან, როგორც იქვე გაწმენდილი ქვების დიდი გროვა მოწმობს, კედლები ქვისა უნდა ყოფილიყო. ეს შენობა რკინის ფართოდ ათვისების ხანისაა, მაგრამ იქვე გამოკვლეულია გაცილებით მეტი უფრო ძველი აკლდამები, რომლებიც სწორედ ისეთივე ქვის ნაგებობებს წარმოადგენს, როგორიცაა საცხოვრებლად მიჩნეული ძეგლი.
ამგვარად, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლოები მთელ კოლხეთში, ხელოვნურად, ან ბუნებრივად გამაგრებული საცხოვრებელი კომპლექსების სახით გვევლინება. ბარში განუყოფლად ბატონობდა ხის სახლები, მთაში, როგორც ჩანს, მათთან ერთად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქვის ნაგებობანიც.
თითქმის სულ არაფერი ვიცით შენობათა ცალკეულ ნაწილებსა და გამართულობაზე. ერთადერთი, რაც გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ მაშინ და უფრო მეტად მომდევნო პერიოდში, გავრცელებული ყოფილა სახლების ორფერდა გადახურვა. გვიანდელი ანტიკური ხანის ორფერდსახურავიანი სახლის ოქროს გამოსახულება26 ნაპოვნია ხაიშში ან, როგორც 1964 წ. სვანეთში დაგვიზუსტეს, ნენსკრის ხეობაში. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ გადახურვის აღნიშნული ტიპი მხოლოდ ანტიკური დროის ნაყოფია, მაგრამ ორფერდა სახურავის გამოსახულება გვაქვს აგრეთვე დასავლეთ საქართველოს კულტურის თანადროულ და ტიპიურადაც მსგავს ჩრდილოკავკასიურ (ყობანურ) მასალებში27, ამიტომ უეჭველია, რომ ამნაირი გადახურვის წარმოშობის ფესვები კიდევ უფრო ღრმად დევს ქართულ-კავკასიურ სამყაროში. ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ ამგვარად ყოფილა დახურული ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგის ბედენის აკლდამა თეთრიწყაროს რაიონში28. გვიანდელი ანტიკური ხანის აღმოსავლეთ საქართველოს ხუროთმოძღვრებაში ორფერდა გადახურვის ჩვეულებრივობას მოწმობს მცხეთის სადგურთან გათხრილი აკლდამა და არმაზის ხევისა და სამთავროს არაერთი სარკოფაგი თუ ქვის ფიცრებისაგან შედგენილი სამარხები29, რომლებიც ცადაქნილ სახურავიან საცხოვრებელ შენობათა მინაბაძად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული ტიპის სახურავი კავკასიის ამ მხარეებში, რომლებშიც ბევრი ნალექი იცის, უეჭველად გარკვეული წინსვლა იყო ხუროთმოძღვრებაში. მის გვერდით ალბათ ბანურსახურავიანი სახლებიც არსებობდა.
სამარხთა ტიპები. მიცვალებულთა განსასვენებელი ანუ სამარხი ზოგჯერ შეიძლება ხუროთმოძღვრული ძეგლიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს თამამად ითქმის როგორც ბრინჯაოს ხანის აფხაზეთის დოლმენებზე, ისე შუა ბრინჯაოს ხანის ბრილის აკლდამაზე, რომელიც იმ დროის “ქვით ხუროობის”30 განვითარების გარკვეული დონის მაჩვენებელია. რაც შეეხება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მთელ დასავლეთ საქართველოს, იქ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი სამარხები, რომლებიც შეიძლებოდა გაგვეხილა როგორც მშენებლობის ხელოვნების ნიმუშები. საერთოდაც, იმ პერიოდის სამარხები ცოტაა აღმოჩენილი და მეცნიერულად შესწავლილი. ჩვენი ცოდნა ამ მხრივ ამოიწურება მხოლოდ რამდენიმე ძეგლით, რომლებიც გათხრილია ზემო რაჭაში და აფხაზეთში.
სოფ. ღებთან ბრილის იმავე ტერასაზე, რომელზედაც აღმოჩენილია ზემოხსენებული სახლის ნანგრევები, მდებარეობს საკმაოდ დიდი და ძველი სასაფლაო. აქ გათხრილ უამრავ სამარხთაგან მხოლოდ 3 ეკუთვნის გვიანდელი ბრინჯაოს ხანის დამდეგს. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამივე სამარხი სხვადასხვანაირი ტიპისაა: ერთი ორმოსამარეა, მეორე ქვის ფიცრებით შეუკრავთ, ხოლო მესამე წარმოადგენს ხრეშით ავსებულ ვიწრო თხრილით მოზღუდულ ვრცელ მოედანს, რომელზედაც მრავალი ათეული გვამი დაუწვავთ31.
აფხაზეთში ბევრ ადგილასაა აღმოჩენილი ცალკეული სამარხები, ხოლო სოფ. ყულანურხვასა (გუდაუთის რ-ნი) და ეშერში (სოხუმის ახლო) გათხრილი უნდა იყოს მოზრდილი სამაროვნების გადარჩენილი ნაწილები. რადგანაც განცალკევებული სამარხები ტიპოლოგიურად რაიმე სიახლეს არ იძლევა, დავკმაყოფილდებით უმთავრესად ყულანურხვის და ეშერის ძეგლთა მოკლე დახასიათებით. ყულანურხვაში32 მ. ტრაპშს გაუთხრია 12 სამარხი, რომელთაგან ერთი ცხენის, ხოლო 11 ადამიანის ჩონჩხებს შეიცავდა. ყველა მათგანი წაგრძელებული ორმოს მოყვანილობისაა. შენიშნული არ ყოფილა მოპირკეთების არავითარი ნაშთი. ერთი ასეთი სამარხი იმავე მ. ტრაპშს გამოუკვლევია სოხუმის მთის ერთ-ერთ წვერზე33, ხოლო უფრო ადრე ა. ლუკინს სოფ. მუგუძირხვის ადგილ ააგსტაში (გუდაუთის რ-ნი)34. ა. ლუკინი ფიქრობს, რომ ასეთივე სამარხი უნდა ყოფილიყო დანგრეული სოფ. პრიმორსკოეშიც (მაშინდელი პეტროპავლოვკა, რომლის ინვენტარი ვ. სტრაჟერმა გამოსცა)35, თუმცა იქვე ნაპოვნი ჭურჭლის ნატეხები ზოგიერთ სხვა მკვლევარს საფუძველს აძლევდა, რათა იგი ჭურსამარხად მიეჩნია36.
რაც შეეხება ამ უკანასკნელთ, მათი არსებობა დადასტურებულია ქვემო ეშერში, სადაც 3 ასეთი სამარხი შემთხვევითი სამუშაოების დროსაა მიკვლეული და დანგრეული37, ხოლო მეოთხე გამოკვლეულია საგანგებო არქეოლოგიური ძიებისას ი. მეშჩანინოვის თაოსნობით38. შემონახულია ცნობა გალის რაიონში კიდევ ერთი ასეთი ძეგლის შემთხვევითი აღმოჩენის თაობაზე39, მაგრამ, რადგან ამ სამარხში ინვენტარი არ ყოფილა, უსაფუძვლო იქნებოდა მისი მიკუთვნება მაინცდამაინც გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის, მით უფრო, რომ მიცვალებულთა დასაკრძალად ჭურებს ანტიკურ ხანაშიც იყენებდნენ.
მართალია, არქეოლოგებს საკვლევი დროის სამარხები, რაჭისა და აფხაზეთის გარდა, დასავლეთ საქართველოში არსად არ უთხრიათ, მაგრამ, როგორც სოფ. ზვარეს (ხარაგოულის რ-ნი) საშუალო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის ჩანაწერი მოწმობს, ამ სოფელში მიწის დამუშავებისას განადგურებულა ქვის სამარხის ისეთივე ტიპები, როგორიც ბრილშია გათხრილი. სწორედ გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ინვენტარია, რომელსაც თან ახლავს ელინისტური პერიოდის კერამიკაც. იგი ახლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ სექტორში ინახება.
ამგვარად, თუ თავს მოვუყრით დასმულ საკითხთან დაკავშირებულ მწირ ცნობებს, დავინახავთ, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში ოთხი ტიპის სამარხები სცოდნიათ, სახელდობრ, ორმოსამარხები, ქვის სამარხები, საკრემაციო მოედნები და ქვევრსამარხები. თუ რამდენად საყოველთაო მოვლენა იყო ეს, ამას მომავალი არქეოლოგიური მუშაობა გაარკვევს, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ქვევრსამარხები მხოლოდ აფხაზეთის ლოკალური კულტურის ნიშანია, ხოლო ორმოები, და ქვის სამარხები იმერეთსა და რაჭაშია გავრცელებული, თუმცა ორმოსამარხები არც აფხაზეთშია უცხო. ჩვენი ცოდნის დღევანდელ დონეზე ფრიად საეჭვო იქნებოდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტიპის ამ სამარხებისათვის სათანადო კულტურის ეთნიკური კუთვნილების განმსაზღვრელი მნიშვნელობა დაგვეკისრებინა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვეშვა, რომ ერთ პატარა ტერიტორიულ მონაკვეთზე (მაგალითად, გუდაუთის რ-ნი) ანდა მცირე ტერასაზე (ბრილი) ორი-სამი ეთნიკური ერთეული სახლებულა, რაც ძალიან ნაკლებ სავარაუდოა. ამიტომ, ეგებ უფრო სწორი უნდა იყოს ეს მოვლენა ერთი და იგივე ტომის შიგნით არსებული იდეოლოგიური განსხვავებით ავხსნათ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება (მაგალითად, ქვის სამარხების და ორმოსამარხების თანაარსებობა) დაკრძალულთა ჭირისუფლის ქონებრივ მდგომარეობასა და სამარხისათვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობის ხარისხზეც მიუთითებდეს.
ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას იმ ჭურების ან ქვევრების თავდაპირველ დანიშნულებაზე, რომლებშიც მიცვალებულთ უპოვნიათ საუკუნო ბინა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ჭურჭელი მიუთითებს მისი გავრცელების მხარეებში მევენახეობა–მეღვინეობის დაწინაურებას. შესაძლოა, ზოგადად აღნიშნული ვარაუდი დაშორებული არ იყოს ჭეშმარიტებისაგან, მაგრამ ზემოხსენებული შემთხვევები ალბათ ასეთი საბუთების მნიშვნელობას არ ატარებს. ეშერში აღმოჩენილი ოსუარიების ზომა (სიმაღლე 0,765–1 მ-მდე, მუცლის დიამეტრი 0, 672-0,85 მ, ყელის დიამეტრი 0, 24–0,25 მ, ძირის დიამეტრი 0,22–0,40 მ)40. რასაკვირველია, არ გამორიცხავს (მხედველობაში გვაქვს ძირის სიფართე) მეღვინეობაში მათ გამოყენებას, მაგრამ ტანთან შედარებით ძალიან თხელი (1 სმ-მდე სისქის) კედლები და მდიდრული ორნამენტი41, უფრო შესაფერისი უნდა იყოს არა მიწაში ჩასაფლავ, არამედ შენობაში დასადგმელ და, ეგებ, მარცვლეულის შესანახი ჭურჭლისათვის.
მიცვალებულთა დაკრძალვის წესების დასადგენად საჭირო მასალების ნაკლებობა გაცილებით უფრო საგრძნობია, ვიდრე ეს სამარხთა ტიპების მიმართ ვნახეთ. ჩვენი ცოდნა ამ მხრივ ემყარება აფხაზეთსა და რაჭაში გამოკვლეულ ათიოდე სამარხს, რომლებშიც, სამწუხაროდ, ყოველთვის როდის ჩანს, თუ რა წესებს მიმართავდნენ მიცვალებულის დაკრძალვისას.
შედარებით დამაკმაყოფილებელი სურათია ყულანურხვას განათხარში, სადაც 11 სამარხიდან ჩონჩხების მდებარეობა კარგად განისაზღვრა 5 სამარხში. ჩანს, რომ მიცვალებულები ზურგზე გაშოტილ მდგომარეობაში დაუკრძალავთ, სამ შემთხვევაში თავი სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ორში - ჩრდილო–დასავლეთით აქვს დამხრობილი42. ძვლების მცირე ნატეხების განლაგების მიხედვით ფიქრობენ, რომ ასევე ზურგზე გაშოტილი, ოღონდ თავით აღმოსავლეთისაკენ მიქცეული უნდა ყოფილიყო სოხუმის მთაზე დაკრძალული გვამი43. მუგუძირხვაში, ზემოხსენებულთაგან განსხვავებით, გვამი დაუსვენებიათ გვერდზე და ხელ-ფეხ მოკეცილად44. ამ უკანასკნელი სამარხის თავისებურებას ისიც შეადგენს, რომ გარდა ჩვეულებრივი “საიმქვეყნო” საჩუქრისა, მკვდრისათვის ჩაუყოლებიათ ყვითელი მინერალური საღებავი – ოქრა.
რაც შეეხება ეშერში მეცნიერულად გათხრილ ერთადერთ ჭურსამარხს, აქ დამოწმებული დაკრძალვის წესი არსებითად განსხვავდება ყველა იმისაგან, რაც ჩვენ ზემოთ ვნახეთ. ჩონჩხი წესიერ ანატომიურ მდგომარეობაში არ ყოფილა და, გარდა ამისა, აკლია ზოგიერთი ძვალი45. მართლაც, ჭურის ყელის სიფართე (40 სმ) ისეთია, რომ შიგ ვერ ჩაუშვებდნენ მოზრდილი ადამიანის გვამს დაუნაწევრებლად. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მიცვალებულის გვამი ჰაერზე დიდხანს იხრწნებოდა და ძვლები მხოლოდ გვიან მოუთავსებიათ ჭურში46.
თუ ახლა ბრილის სამაროვანს გადავხედავთ, იქ ასეთი სურათი გვაქვს: გვიანდელი ბრინჯაოს სამი სამარხიდან მხოლოდ ორში შენახულა მიცვალებულის დაკრძალვის წესის დასადგენად საჭირო მასალები. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია არასრული ჩონჩხის ნაწილები, რომელთა განლაგებას ერთნაირი დამაჯერებლობით შეუძლია მიგვითითოს როგორც კიდურებმოკეცილ, დამჯდარ, ან დანაწევრებულ (ასო-ასოდ აქნილ) გვამზე, ისე რბილი ნაწილების გახრწნის შემდეგ ხელახლა დაკრძალულ ძვლებზე, როგორც ეს ეშერის ჭურსამარხების შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. მეორე სამარხი ეჭვს არ წვევს, რომ ბრილელებს გვამების დაკრძალვასთან ერთად წესად ჰქონიათ არასრული კრემაციაც იმავე მოედანზე, სადაც გვამებთან ერთად დაუწვავთ და დაუმარხავთ უამრავი “საიქიო” საჩუქარი. ნეშტთა დაცულობის ცუდი ხარისხი და ფერფლი საშუალებას არ იძლევა ზუსტად განისაზღვროს დამწვარ გვამთა რიცხვი მოედნის თუნდაც მარტო ქვედაფენაში, მაგრამ სულ რომ შევამციროთ, ის ერთ ასეულამდე მაინც უნდა ყოფილიყო. ჩანს, ეს ჩვეულება აქ ხანგრძლივ არსებობდა, ამას მოწმობს არა მარტო ბრინჯაოსა და რკინის ხანის ასეთივე მოედნები, არამედ აგრეთვე ზოგიერთი კრემაციული ნაშთებიც, რომლებშიც დამოწმებულია შუა ბრინჯაოს დასასრულის დამწვარი ქინძისთავები და საკიდები.
ამრიგად, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის დასავლეთ საქართველოს კულტურის მატარებელთ წესად ჰქონიათ: 1. მიცვალებულის დაკრძალვა ორმოსამარხებში გაშოტილ ან მოკეცილ მდგომარეობაში, თანაც გვამის დამხრობა ნებისმიერი მიმართულებით; 2. ქვის სამარხებში, მოკეცილ ან ზოგჯერ მჯდომარე მდგომარეობაში; 3. მეორედ დამარხვა ჭურებში და 4. გვამის დაწვა ინვენტართან ერთად საგანგებო მოედანზე, რომელიც ამავე დროს კრემაციის ნაშთთა საუკუნო განსასვენებელიც იყო. დაკრძალვის რიტუალში შედიოდა უამრავი “საიმქვეყნო” საჩუქრების და, როგორც ერთი მაგალითი მოწმობს, ყვითელი საღებავის ჩატანება.
ახლა დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული ყველა აღნიშნული წესი; როცა დასავლეთ საქართველოს სამაროვნებს უფრო სრულად აეხდებათ ფარდა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შემოწმება, თუ რომელ კუთხეში რომელი წესი პირველობდა.
მ. ივაშჩენკო და ბ. კუფტინი ამტკიცებდნენ, რომ ეშერის სამარხებში შესრულებულია მიცვალებულის მეორედ დაკრძალვის წესი47, რომელშიც იგულისხმება მხოლოდ ძვლების მოთავსება თიხის, ან ქვის ოსუარიებში48 მას შემდეგ, როცა გვამის რბილი ნაწილები გაიხრწნება ჰაერზე, ანდა მხეცებისა და ონავარი ფრინველების ლუკმა გახდებოდა. გვამისადმი ასეთი მოპყრობა დიდხანს იყო ჩვეულებად სხვადასხვა ხალხებში49, სხვათა შორის, მაზდეანური რელიგიის მატარებლებშიაც, რომელნიც მკრეხელობად მიიჩნევდნენ მიწის გაბინძურებას გვამის დაფვლით. წერილობითი წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ასეთივე წესს მისდევდა, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ტომი მაინც ძველ კოლხეთში, საფიქრებელია, ჯერ კიდევ არგონავტთა შემოსვლის პერიოდიდან. მაგალითად, ძვ. წ. III ს. ავტორი აპოლონ როდოსელი გვამცნობს, რომ, როცა არგონავტები კოლხეთში გადმოსულან, უნახავთ ხის კენწეროებზე ჩამოკიდებული მიცავლებულთა გვამები. ავტორს ამ სურათმა გაახსენა მისი დროის კოლხეთში გავრცელებული ასეთივე წესი50, სადაც მკრეხელობად მიაჩნდათ მამაკაცთა გვამის დაწვა ან დამარხვა და ზედ ყორღანის დადგმა; ხარის ნედლ ტყავში შეხვეულ გვამს ქალაქიდან მოშორებით ხეზე ჰკიდებდნენ გასახრწნელად; დედაკაცის გვამებს კი- განაგრძობს ავტორი, - მამაკაცთა გვამებისაგან განსხვავებით მიწაში მარხავენო51.
აღნიშნულ ცნობებს კიდევ უფრო სარწმუნოდ ხდის გვიანდელი წყაროები და, კერძოდ, ვახუშტი ბატონიშვილის და აფხაზეთის მკვიდრის ს. ზვანბაიას ეთნოგრაფიული ხასიათის ჩანაწერი. ვახუშტის მიხედვით, აფხაზები “არა დაჰფვლენ მკვდართა თვისთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსელითა შსთადებენ კუბოთა შინა და შესდგამენ ხეთა ზედა”52. როგორც ს. ზვანბაია გვამცნობს, ეს წესი XIX საუკუნის მიწურულის აფხაზებში მხოლოდ გადმონაშთის სახით შემონახულა და მეხის დაცემით დაღუპულთა მიმართ გამოიყენებოდა. მეხდაცემულის გვამი მანამდე უნდა ყოფილიყო მაღალი კოშკის თავზე, სანამ ძვლებს ხორცი არ შემოეცლებოდა, რის შემდეგ ძვლებს ჩვეულებრივი წესით აბარებდნენ მიწას53. ესაა მეორედ დაკრძალვის ჩვეულება, თითქმის ზუსტი შესატყვისი იმ წესისა, რომელიც აღდგენილია ეშერის “ოსუარიების” საფუძველზე. ამ ძეგლებში აღმოჩენილია სწორედ ვაჟკაცის (და არა დიაცის) სამკაულ-იარაღი და შესამოსელის ნაფლეთები, რომლებსაც მოიხსენიებს ვახუშტი და რომელიც ივარაუდება ანტიკური წყაროების ცნობების მიხედვითაც.
მაგრამ უმართებულო იქნებოდა ამ ცნობების გავრცელება ყველა კოლხურ ტომზე და თუნდაც ერთ ტომში შემავალ ადამიანთა ყველა ჯგუფზე, რადგან “ოსუარიების” დროის ყულანურხვისა და ზოგ სხვა სამარხებში გვამის მეორადი დაკრძალვის არავითარი კვალი არ ჩანს. ანტიკური წყაროების ცნობებით ფრთხილად სარგებლობის აუცილებლობას მიგვითითებს იმავე აპოლონ როდოსელის ნაშრომის იმ ადგილის შედარება არქეოლოგიურ მასალასთან, რომლის მიხედვითაც კოლხები თურმე მკრეხელობად თვლიან მამაკაცის გვამის დაფვლას ანდა დაწვას. თვით ყულანურხვის ინჰუმაციურ სამარხთაგან, მ. ტრაპშის სამართლიანი თქმით54,. ზოგიერთი დედაკაცისაა, ზოგიერთი კი მამაკაცის, ისე რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ამით უკვე დასტურდება დაკრძალვის ორნაირი წესი.
უფრო მეტიც, თუმც აპოლონ როდოსელის ცნობით, კოლხეთში გვამის კრემაცია თითქოს მიჩნეული იყო მკრეხელობად, მაგრამ ეს რომ მთლად სწორი არაა, დასტურდება უამრავი არქეოლოგიური მაგალითით. ჯერ ერთი, როგორც ამ ავტორისდროინდელ, ისე გაცილებით უფრო ადრინდელ და აგრეთვე გვიანდელ აფხაზეთში არაერთგანაა დადასტურებული კრემაციული სამარხები55; გათხრილია ისინი სვანეთშიაც ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანების და მომდევნო პერიოდის ლარილარის სამაროვანზე ნენსკრის ხეობაში56. უკვე ითქვა, რომ ასეთი წესი ფრიად დამახასიათებელი იყო ზემო რაჭაშიც უკვე შუა ბრინჯაოს ხანის გასულიდან.
გვამის კრემაციას, რომელიც, როგორც ზოგიერთ ხალხს მიაჩნდა, გამოგონილია იმისათვის, რომ ცეცხლმა რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს სული საპყრობილისაგან (ე.ი. სხეულისაგან), მიმართავდნენ აქა-იქ ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქის ევროპაში და სხვა ქვეყნებშიც. რადგანაც ის ადრეულ ევროპაშიც და დღევანდელ ინდოეთშიც დაკრძალვის ერთადერთ წესს წარმოადგენს, ფიქრობდნენ, რომ არიელთა მოგონილი რიტუალი არის57. მაგრამ იმავე წესის არსებობა სემიტებში და აგრეთვე არაინდოევროპულ აზიელ ხალხებში მიუთითებს, რომ აღნიშნული მოსაზრება სინამდვილეს დაშორებულია58.
საიდან მომდინარეობს ბრილში მიცვალებულთა კრემაციის წესი, ჯერ კიდევ კვლევას საჭიროებს. თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის ზოგიერთ გორასამარხში ადამიანთა ჩონჩხის ნაშთების არარსებობის ფაქტები, განხილული ბოღაზქოიში აღმოჩენილი თიხის ფირფიტების საფუძველზე, რომლებზედაც შემორჩენილია ნაწყვეტები ხეთის მეფის, ან დედოფლის დაკრძალვის წესებიდან, ბ. კუფტინს აფიქრებინებდა კრემაციის რიტუალის არსებობას თრიალეთშიც59.
საგულისხმოა, რომ კრემაციული სამარხების ან მათი არსებობის ნიშნები მტკვარ-არაქსის კულტურაშიცაა შენიშნული60.
დაკრძალვის წესებზე საუბარი რომ დავასრულოთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას მუგუძირხვას სამარეში აღმოჩენილ მინერალურ საღებავზე. წითელი და ყვითელი ოქრას გამოყენებას სამარხებში სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ძველად. ზოგიერთის აზრით, ამ საღებავს იმიტომ ათავსებდნენ სამარეში, რომ მიცვალებული წესიერ მდგომარეობაში მისულიყო “საიქიოს”61, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ წითელი ფერი სისხლისა და მაშასადამე მარადიული სიცოცხლის ნიშანი უნდა იყოს. ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო სწორი ახსნა მოგვცა ვ. გოროდცოვმა, რომლის მიხედვით ასეთი მინერალური საღებავი სამარხებში ყოვლის გამწმენდ და მანათობელ ცეცხლსა ცვლიდა62. აღნიშნულ ჩვეულებას სხვადასხვა მხარეში ქვის ხანიდან დაწყებულს მიმართავდნენ. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ადრინდელი ლითონის ხანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მას შუა ბრინჯაოს პერიოდის გასულამდე ხვდებიან ჩრდილო კავკასიის სამარხებში63. ძველ აღმოსავლეთში შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება64. მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენის მიხედვით ჩანს, რომ საფლავებში ოქრას ჩატანების წესი დამკვიდრებულა არაუგვიანეს ძვ. წ. VII ათასწლეულისა (ნეოლითი)65, რაც ამიერკავკასიაში დამოწმებულია ნახჭევნის ქიულთეფეს ენეოლითურ ფენაში და შემდეგ უფრო გვიანდელ სამარხებში. მუგუძირხვის გარდა, საქართველოში ოქრიანი სამარხების აღმოჩენის ორი შემთხვევაა დადასტურებული – ერთი – თრიალეთში ხადიკის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გორასამარხში და მეორე – თეთრიწყაროს რაიონში შუა ბრინჯაოს ხანის დამდეგის ბედენის აკლდამაში. მუგუძირხვის მონაპოვარი შეიძლება ჩაითვალოს ოქრას ჩატანების რიტუალის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მხოლოდ უკანასკნელ, დასკვნით რგოლად.
მეურნეობა.ნასახლარებსა და სამარხებში, აგრეთვე ე.წ. მდნობელთა განძებში66 აღმოჩენილია უამრავი მასალები, რომლებიც საფუძვლად ედება ჩვენს წარომდგენას გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობისა და ყოფა-ცხოვრების ხასიათზე, მიუთითებს აგრეთვე მეურნეობის საერთო რთულ პროფილიანობას, რომელიც მნიშვნელოვანწილად განვითარებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის ცალკეული მხარეების ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. ბარში წამყვან როლს ასრულებდა მიწათმოქმედება, მთაში – მესაქონლეობა, ხოლო სადაც სათანადო წიაღისეული არსებობდა სამთამადნო - წარმოება. რაც შეეხება მეტალურგიას და ლითონდამუშავებაში შემავალ ხელოსნობის დარგებს, ისინი ერთნაირად განვითარებულა ორივე ზონაში, რადგან სატრანსპორტო საშუალებანი და აღებ-მიცემობის დაწინაურების დონე საამისო შესაძლებლობას იძლეოდა. მეტალურგიული წარმოების პროდუქცია ღრმად შეიჭრა მეურნეობასა და ყოფა-ცხოვრებაში, მან უდიდესი როლი შეასრულა საარსებო საშუალებათა მარაგის ზრდისა და, მაშასადამე, მოსახლეობის კეთილდღეობის აღმავლობის საქმეში. ამიტომ მეურნეობის დახასიათება უნდა დავიწყოთ სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების ძეგლების გაცნობით.
სამთამადნო და მეტალურგიული წარმოება. დასავლეთ საქართველოს ბევრი რაიონი მდიდარია ძველი მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვანაირი მადნეულის საბადოებითა და ხე-ტყით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ რაჭა, სვანეთი და აფხაზეთი. ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამოყენება ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა საფეხურზე გაარკვია ა. იესენმა, რომელმაც თავი მოუყარა კავკასიის სამთამადნო და მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებულ იმ დროისათვის ცნობილ ყველა მასალას და საბუთს67.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ჩატარებული ძიების შედეგად გამოირკვა, რომ რიონის ზემო წელი, უმთავრესად ღებისა და ურავის სანახები, ბრინჯაოს ხანაში სამთამადნო წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კერა68 იყო. სადღეისოდ იქ აღრიცხულია ასეულამდე ძველი მაღარო ანუ მღვიმე, რომლებშიაც ითხრებოდა სპილენძის, ანთიმონის და დარიშხნის მადნეული, შესაძლოა აგრეთვე ღებულობდნენ ცოტაოდენ კალას, ოქროსა და ვერცხლს, ე.ი. იმ ლოთონებს, რომლებიც მცირე ოდენობით შედის პოლიმეტალურ მადნებში. ზოგიერთი მინერალი საკუთრივ მეტალურგიულ წარმოებას ხმარდებოდა, ხოლო ანთიმონის მადანს საღებავის დასამზადებლადაც იყენებდნენ.
ღების მიდამოებში მიკვლეული მღვიმეების ერთი ნაწილი საძიებო-სადაზვერვო ხასიათისაა, სხვები კი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საექსპლოატაციო მაღაროებია, თანაც მეტად რთული პროფილისა, ზოგჯერ ორ-სამიარუსიანი გვერდითი დერეფნებით, შტრეკებით, გეზენკებით და საჰაერო-სავენტილაციო ხვრელებით. მათი გამოკვლევის შედეგები მოწმობს, რომ სამთამადნო ძიება და საბადოთა დამუშავების საქმე თავისი დროის კვალობაზე ფრიად დაწინაურებული უნდა ყოფილიყო.
მაღაროებში და მათ მახლობლად აღმოჩენილია მემთამადნეთა უამრავი იარაღი და სხვა მასალა, რომლებიც მადნის თხრისა და დამუშავებისათვის სჭირდებოდათ. ესენია მაგარი ქვის მძიმე უროები, როდინები, სახეხები, ხის ბიჯგები, გობები, როპები კვარის ნაპობები, ნახშირი, შეშის ნარჩენები და სხვ. მისთ., ზოგიერთი მაღაროს შედარებით რბილ კედელზე შემორჩენილია ლითონის სამუშაო იარაღის პირის კვალი. ყველაფერი ეს უძვირფასესი მასალაა იქაური სამთამადნო წარმოების მასშტაბისა და, უპირველეს ყოვლისა, ტექნიკის დონის გათვალისწინებით.
მადნის სათხრელად მაგარ ქანში ცეცხლს, წყალს, ქვის უროებს და ხის კეტებსაც ხმარობდნენ, ხოლო რბილ ქანებში – ლითონის წაკატს ანდა წერაქვს. ცეცხლით გახურებულ ქანებს წყლის მიშვებით შლიდნენ და ამის შემდეგ ანგრევდნენ უროებით. წვრილ ნაფხვენებს ხის ხოპებით აგროვებდნენ და დიდ ლოდებთან ერთად ორსახელურიანი გობებით გამოჰქონდათ გარეთ, სადაც ქვის იარაღებითვე წარმოებდა მადნის პირველადი გამდიდრება ანუ ფუჭი ქანებისაგან სასარგებლო მინერალთა განთავისუფლება. მაღაროების განათებისათვის კვარს ხმარობდნენ, თუმცა სავარაუდოა, რომ იმავე მოვალეობას ასრულებდა ქონიანი ჭრაქი და არყის ხის ქერქი, რომელსაც ახლო წარსულამდე ნავთსა სცვლიდა ღებში. შრომის უსაფრთხობა ღრმა მაღაროში უზრუნველყოფილი იყო, ერთი მხრივ, გასანიავებელი ხვრელების არსებობით, მეორე მხრივ, სუსტი კედლებისა და ჭერის საიმედო გამაგრებით, რისთვისაც იყენებდნენ ქვის ყორეებს, თხრის დროს კლდეში შეგნებულად დატოვებულ მელანებს ანუ სვეტებს და აგრეთვე ხის შვეულ და ჰორიზონტალურ ბიჯგებს, რომლებმაც მუდმივგამდინარე წყალში ყოფნის მეოხებით, ზოგჯერ დაუზიანებლად მოაღწია დღემდე.
მაღაროებიდან არცთუ ძლიერ მოშორებით გამოკვლეულია მადნის შემდგომი დამუშავების პროცესში წარმოქმნილი მძლავრი ნაყარები, რომლებშიც ფუჭი ქანების ნატეხებთან ერთად აღმოჩენილია ხალასი ანუ თვითნაბადი სპილენძის ნაჭრები, დაზიანებული ქვის იარაღები, მადნის სანაყი როდინები და სახეხები. ერთი ასეთი ნაყარის ახლოს იყო სადნობ ღუმელთა ნაშთები, რომელიღაც იარაღის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი და ალბათ ასეთივე ყალიბის დასამზადებლად მოტანილი ქვიშაქვის ფილები. ნაყარის ღრმა ფენაში აღმოჩენილია თითქოს საგანგებოდ ჩაგდებული (რათა ჩვენი დროის არქეოლოგებმა შეცდომა არ დაუშვან დათარიღებაში) ბრინჯაოს მშვენიერი სატევარი, რომელიც აღნიშნული ყრილის წარმოშობის დროს ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით განსაზღვრავს.
ზემოთ მოკლედ აღწერილი ძეგლები თითქოს საკმაოა, რათა გავითვალისწინოთ წარმოების პროცესი მაღაროს საექსპლოატაციოდ მომზადებიდან და მადნის თხრიდან დაწყებული ვიდრე მის დაწურვამდე და ლითონის დაყალიბებამდე, მაგრამ ბედნიერმა შემთხვევამ ჩვენს დრომდე შემოინახა მოზრდილი მონაკვეთი საუღლე ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზისა, რომელიც მთის მკვეთრად დაქანებული ფერდის ძირში იწყება, მაღაროების ქვემოთ, მორენებში გადის და ნაყარისაგან წარმოქმნილ გორასთან მთავრდება. ეს აღმოჩენა უტყუარად მიუთითებს ურემში ან მარხილში შებმული გამწევი საქონლის როლს სამთამადნო-მეტალურგიულ წარმოებაში და გვავარაუდებინებს მესაქონლეობის განვითარების სათანადო დონეს საქართველოს მთაში.
მაკასპილენძის მადნის დამუშავებისა და დაწურვის კვალი დამოწმებულია ბევრგან. საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჩხალთის (აფხაზეთი) პარტიიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტში შემოსულია ღებური ტიპის ქვის იარაღები და აგრეთვე მადნის ნიმუშები, რომლებიც აღმოჩენილია ძველ მაღაროებში, ამის გარდა, წარმოების ნაშთებს აღნიშნავენ ქვემო რაჭაში69, ლეჩხუმში, ზემო სვანეთში70, გურიაში71 და ბევრ სხვაგან. გამოთქმულია ფრიად სარწმუნო მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს კულტურის ერთ-ერთ ძირითად სამთამადნო-მეტალურგიულ ცენტრს წარმოადგენდა ჭოროხის აუზი72, რომელიც მადნეულითაც მდიდარია. მის ქვემო წელზე და საერთოდ აჭარაში აღმოჩენილია აღნიშნული კულტურის უამრავი ძეგლი. ე.წ. “მდნობელთა განძების73” დიდი რიცხვის არსებობა და მათში შემავალი სპილენძის ზოდები, რომელთა საერთო წონა ხშირად 80-100 კილოგრამამდე აღწევს, რაც მეტალურგიისა და ლითონდამუშავების დაწინაურებასა და დიდ მასშტაბს მოწმობს.
დასახელებული ფაქტების ანალიზი მიუთითებს რომ მეტალოგენური რაიონების მოსახლეობა ამზადებდა იმაზე მეტ ლითონს, ვიდრე ეს საჭირო იყო საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის. ჭარბი ნაწარმი გადიოდა სამიწათმოქმედო ბარსა და უმადნო მთის ხეობებში ზოდებისა და მზა საგნების ანდა ჯართის სახით74. შეტანილი ლითონის ბაზაზე იქმნებოდა ადგილობრივი სამსხმელო და ლითონდამმუშავებელი კერები, სახელოსნოები, სადაც მზადდებოდა ნაირ-ნაირი იარაღი, საჭურველი, სამკაული, საწესო და საყოფაცხოვრებო ინვენტარი. მართალია სადღეისოდ არ არსებობს პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთები, მაგრამ ამ დროის ცხოვრებისა და ტექნიკის განვითარების დონე გვავარაუდებინებს არა მარტო ლითონის ზოდების, არამედ აგრეთვე გამდიდრებული მადნეულის გადატანას სამთამადნო რაიონებიდან შორ მანძილზე, სადაც მისი დაწურვისათვის ხელსაყრელი პირობები იყო.
წარმოების, აგრეთვე მისი პროდუქციის უშუალო მომხმარებლამდე მისი მიტანის ეს რთული პროცესი არ განიხილება შრომის დანაწილებისა და თუნდაც ჩანასახ მდგომარეობაში არსებული პროფესიონალიზმის გარეშე. უნდა ვიფიქროთ, რომ თვით ისეთ უხეშ სამუშაოზეც კი, როგორიც სამთამადნო საქმეა, იქნებოდნენ ცალ-ცალკე მადნის მთხრელები, მადნის მზიდავები და მადნის გამამდიდრებელნი, რომ არაფერი ვთქვათ კიდევ უფრო “წვრილმან საქმეთა” შესრულებლებზე, შეშის მჭრელებზე, გზის გამყვანებზე და სხვ. მისთ. სათანადო დახელოვნებას მოითხოვდა მადნის წურვა, განსაკუთრებით სამსხმელო ყალიბების კეთება და თვითჩამოსხმა, ვინაიდან ამ დროის მხატვრული სხმულების დამზადება და შემდეგ ამოკვეთილი სახეებით დამშვენება წარმოუდგენელია მაღალი კვალიფიკაციის ხელოვანთა მონაწილეობის გარეშე. რა თქმა უნდა, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მოხეტიალე მეტალურგნი, რომლებიც თავის ნაწარმს საკუთარი ზურგით ატარებდნენ საარსებო პროდუქტებზე გასაცვლელად, ახლა მხოლოდ მოგონებად დარჩნენ. პირველი მოთხოვნილების საგნად ნაწარმის გადაქცევამ წარმოშვა მწარმოებელ კოლექტივსა და მომხმარებელს შორის მდგარი, ან მათი დამაკავშირებელი საგანგებო ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მალე პროფესიულ ვაჭრებად გადაიქცნენ. ამ ეტაპზე გვაროვნულ წყობილებაში გაჩნდა ისეთი დიდი ბზარი, რომლის ამოვსებას ისტორიული პროცესის მიმდინარეობა აღარ აპირებდა. თხმორის განძის მაგალითზე კარგად შეინიშნება ამ დროის დიდ ოჯახებში მიმდინარე პროცესები, დაკავშირებული რთულპროფილიანი მეურნეობის ნიადაგზე აღმოცენებულ შრომის დანაწილებასთან75.
მეურნეობის სხვა დარგები. განვითარების ასე მაღალ საფეხურზე ასულ მეტალურგიულ წარმოებას, ცხადია, მეურნეობის სხვა დარგების დაწინაურებაც უნდა მოჰყოლოდა და ნამდვილად ასეც მოხდა. შეიძლება საგანგებოდ არ შევჩერდეთ კოლხეთის დაბლობის ძველ სამოსახლო ბორცვებზე აღმოჩენილი პურის, ქერისა და ფეტვის ნარჩენებზე, ხელსაფქვავებსა და კაჟის ნამგლისპირებზე, ვინაიდან ისინი ახალს არაფერს გვეუბნება, რადგან მათი წინამორბედები მრავლადაა ცნობილი ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალებში. იმ ადრინდელ საფეხურზე სპილენძის ნამგლის ცალკეული ნიმუშებიც იყო, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში ამ საგნის რიცხვმა იმატა და თვით ნამგალს მოყვანილობაც შეეცვალა. ამ დროს აქაურ და აღმოსავლეთ საქართველოს მელითონე ხელოსნებსაც უკეთებიათ უყუნწო ნამგალი, რომელსაც ტარს დაუმაგრებდნენ ერთი ან ორი მანჭვლის მეშვეობით76 ამას გარდა, მკვლევართ მიაჩნიათ, რომ დასავლეთ საქართველოს ხორბლეულის ენდემური ჯიშების სამკელად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დიდხანს დარჩენილი “შნაკვი”77.
მიწის მოსახვნელ–დასამუშავებელ იარაღთა შორის ვარაუდობენ პრიმიტიული სახვნელის არსებობას78, თუმცა მისი ნაშთი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზემო სვანეთში ნენსკრის ხეობაში აღმოჩენილ რკინის მომცრო სახნისს, რომელიც შედარებით გვიანდელ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს79.
სამიწათმოქმედო იარაღად ჩაითვლება აგრეთვე დასავლეთ საქართველოსათვის ფრიად დამახასიათებელი ბრინჯაოსა და რკინის თოხთა მრავალი სახეობა, რომელთაგან ზოგიერთი აღმოსავლეთ საქართველოშიაც გვხვდება. დასავლურქართული ტიპის თოხის ერთ–ერთი ვარიანტი, რომელსაც გ. ნიორაძე ხელეჩოდ მიიჩნევდა, კიდევაც რომ გამოვრიცხოთ სამიწათმოქმედო იარაღებიდან, მის გარდა კიდევ რჩება თოხის ოთხი თუ ხუთი სხვა ნაირსახეობა, დაკავშირებული მიწისა და ნათესების დამუშავებასთან. მკვლევართა სამართლიანი მოსაზრებით, თოხის მოყვანილობის ეს სიმრავლე მოასწავებს, ერთი მხრივ, მიწათმოქმედების მრავალპროფილიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, მეურნეობის ამ დარგში მეტად მაღალ კულტურასა და ხანგრძლივ ტრადიციას, რომელიც მოსახლეობას უბიძგებდა საგანგებო იარაღი შეერჩია ამა თუ იმ თვისებების მქონე მიწის ნაკვეთის და სხვადასხვა ნათეს-ნარგავების დასამუშავებლად80. ამიტომაც, ხრეშოვან-ქვიშნარ და რბილ მიწაზე, უყსა და ნახნავ ნიადაგზე, ბაღ-ბოსტანსა და ვენახში, სამარგლავად და სათოხნად, ბელტის გასაფხვიერებლად და ახოში მცენარეთა ფესვების ამოსაძირკვავად სხვადასხვანაირ თოხს ხმარობდნენ. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს გაირკვა, რომ ერთგვარ გაორებულ იარაღს, რომელსაც “ცულნამგალას” უწოდებდნენ, სინამდვილეში ბუჩქნარიან და ეკალ-ბარდიანი ფართობების გასაწმენდად იყენებდნენ81. ზოგიერთი მეცნიერი თოხებივით ფართო გავრცელებულ სეგმენტურ იარაღს, რომლის ნამდვილ დანიშნულებასაც ალბათ მომავალი ბედნიერი აღმოჩენა განგვიმარტავს, ბარნიჩბად82, ზოგიერთი ხის ქერქის გასაცლელ83 ან მეტყავის84 დანად, ზოგიც ორფა ცულის ერთ ნაწილად85 აღიარებს. ამ იარაღის რამდენიმე სახესხვაობიდან ზოგიერთი მართლაც მოგვაგონებს ტყავის საჭრელ-დასამუშავებელ დანას, მაგრამ მკვლევართ სამართლიანად ეპარებათ ეჭვი: თუ ასეა, მაშინ რატომაა ის უმთავრესად სამიწათმოქმედო ბარში და სულ არ გვხვდება კოლხურთან ახლო მდგომ ჩრდილოკავკასიურ ყობანის კულტურაში, სადაც მესაქონლეობა მეურნეობის ძირითადი დარგი უნდა ყოფილიყო86.
ტყის მიწათმოქმედებისათვის, ცხადია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხე-ტყის საკაფ იარაღს - ცულს87. დასავლეთ საქართველოს კულტურაში ბრინჯაოს ორი ტიპის ცული გვხვდება, რომელთაგან ერთი ახლანდელი წალდის წინაპარია და სხვაგან არსად ყოფილა ხმარებაში, მეორე კი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიიდან ვიდრე შავი ზღვის სამხრეთ ნაპირამდე. ცულის ეს უკანასკნელი ტიპი ბრინჯაოს ხანის მსოფლიოში ცნობილ ცულთა შორის ერთ-ერთ ულამაზეს და მარჯვე იარაღად შეიძლება ჩაითვალოს. მისი, როგორც ერთიანი ტიპის დამახასიათებელი ნიშნებია ოვალური სატარე ნახვრეტი, რომელიც უზრუნველყოფს ტარის უძრაობას და დაწახნაგებული ტანი. ზოგიერთი ცული ორჯერ მოხრილია, სხვა მთლად სწორტანიანი, ზოგის ყუა კვერისებრ შემსხვილებულია, ზოგისაც სოლის მსგავსია და სხვ. მკვლევართა უმრავლესობა ამ ნიშნებს ტიპოლოგიური კლასიფიკაციის საფუძვლად მიიჩნევს და, ჩვენი აზრით, მრავალგვარობაში გამოხატულ ამ ერთიან ტიპში რამდენიმე ტიპს და ქვეტიპს ხედავს88. ძალიან ბევრი ცული შემკულია ჩამოსხმის შემდეგ ამოკვეთილ-ამოჭრილი გეომეტრიული ორნამენტით, რომელსაც ხშირად ემატება ჯიქისა თუ რომელიღაც სხვა ონავრის სტილიზებული გამოსახულება და აგრეთვე რქამაღალი ირმის, გველის, თევზისა და ციურ მნათობთა სურათები. ყობანში ნაპოვნ ერთ ცულს მშვილდ-ისრით გველებზე მონადირე ანთროპომორფული არსების გამოსახულება ამკობს89. გრაფიკული ორნამენტის გარდა, საქართველოში აღმოჩენილი ზოგიერთი ცულის თავზე დასკუპებულია ამა თუ იმ ცხოველის ქანდაკება90. ორნამენტაციის ეს უკანასკნელი წესი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ შუა ბრინჯაოს ხანაში შემუშავებული ტრადიციის გაგრძელებად. უმართებულო იქნებოდა, რომ მხატვრულად ასე დახვეწილი ცული ხე-ტყის საჭრელ იარაღად ჩაგვეთვალა; უეჭველია, რომ ამ ფუნქციას მხოლოდ ზოგიერთი, შედარებით უფრო მძიმე და ტლანქი ნიმუშები ასრულებდა, მაშინ, როცა დანარჩენებს იყენებდნენ საბრძოლო და საზეიმო- საკულტო იარაღად, სწორედ ისე, როგორც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს უძველესი ცივილიზაციის ხალხებს კულტის საგნად და სიმბოლოდ ორპირიანი ცული ჰქონიათ91. ცულისადმი განსაკუთრებული მოწონება იმის მიხედვითაც ჩანს, რომ ძალიან დიდხანს მისი მინაბაძი ქინძისთავები და საკიდები თავსაბურველსა და ტანსაცმელზე სატარებლად მზადდებოდა. ბრინჯაოს ცულის ერთხელვე გამომუშავებული ადვილად სახმარი ტიპი ისე მყარად დამკვიდრდა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში, რომ უფრო გვიან, როცა ბრინჯაოს იარაღმა თავისი დრო მოჭამა, რკინისაგან იწყეს მისი დამზადება. ზემოაღწერილი ცულის გარდა, დასავლეთ საქართველოს კულტურაში გვხვდება ბრინჯაოს ე.წ. ბრტყელი ცული და სატეხი, რომლებიც ხმარებაში სხვა მხარეებშიაც იყო. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ამიერკავკასიისათვის დამახასიათებელი ნახევარმთვარისებურპირიანი სამეურნეო და საომარი ცულის არაერთგზისი აღმოჩენა დასავლეთ საქართველოში92. აქვეა ნაპოვნი მისი ჩამოსასხმელი ქვის ყალიბის ნახევარი93. საქართველოს ორივე ნაწილში აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს ტიპის ცულის ბრინჯაოსა და ქვის არაერთი სასხმელი ყალიბი94.
ზემოთ მოკლედ აღწერილი, ან უბრალოდ ჩამოთვლილი, იარაღ-ხელსაწყოები ნათლად მიუთითებს მეურნეობის ისეთ დარგთა დაწინაურებას, როგორიცაა მიწათმოქმედება, ხე-ტყის წარმოება და დურგლობა. არქეოლოგიურ ნაპოვნებში არის აგრეთვე საფეიქრო საქმის გასათვალისწინებლად საჭირო მასალები – კვირისტავები, ქსოვილთა ნაფლეთები და მათი ანაბეჭდები თიხის ჭურჭლეულზე და რკინის იარაღ-საჭურველზე. ქსოვილებში ხშირად ვხვდებით სელის ძაფით ნაქსოვ ტილოს. ამის მიხედვით ჩანს, რომ “ისტორიის მამის” ჰეროდოტეს ცნობა, რომელიც კოლხეთსა და ეგვიპტეში სელის წარმოების მაღალ დონეს გვაუწყებს95, ასახავს არა მარტო ანტიკური დროის, არამედ აგრეთვე წინამავალ პერიოდთა ვითარებას. ბრილის სამაროვანზე, ტილოს გარდა, ნაპოვნია შალის სხვადასხვანაირი ქსოვილების ნაფლეთები – მეტყველი მასალა იქაური მოსახლეობის მეურნეობაში მეცხვარეობის როლის დასადგენად.
მეცხოველეობა. ასეთივე დიდი მნიშვნელობისაა ბრილის კრემაციულ და ინჰუმაციურ სამარხებში აღმოჩენილი ვერძისა და ვერძისთავთა ბრინჯაოს უამრავი ქანდაკება. ზოგიერთი მათგანი რეალისტური ხელოვნების ნიმუშია, ზოგიც მეტად სტილიზებული და თანაც ჰიპერტროფიული. საყურადღებოა რკინის ხანის სამარხებში ნაპოვნი ნარევ არსებათა რამდენიმე გამოსახულება, რომლებიც მოქანდაკეს ვერძის თავითა და ფრინველის ტანით აღუჭურავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვანის ეს ჩანაფიქრი ოცნებას ჰგავს და არა სინამდვილეს; ჩანს, მას სურდა, რომ გზა კავკასიის ქედის საზაფხულო იალაღებიდან ზამთრის შორეულ საძოვრებამდე ცხვრების ფარას უვნებლად და სწრაფად გაევლო. კიდევ უფრო თვალსაჩინოდ იკითხება მეცხვარეთა ეს ოცნება უფრო ადრინდელი ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებშიაც შეიძლება ვნახოთ ერთმანეთთან შერწყმული ვერძისთავი, ფრინველის გაშლილი ფრთები, საომარი ცული და მზე, ე.ი. ყველა ის ელემენტი96, რასაც მაშინდელი კაცი ინატრებდა ხიფათით სავსე გზის წარმატებით დასაძლევად. ცხვრის ქანდაკებების სიმრავლე (როგორც ბრილში, ისე დასავლეთ საქართველოს კულტურის გავრცელების სხვა ადგილებშიც) და ამ ცხოველის კულტი ეჭვს არ იწვევს, რომ ცხვარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო იყო მოსახლეობის საზრდოსა და ქსოვილების მარაგის შევსებაში. მასთან შედარებით შეიძლება უფრო ნაკლებ მოუშენებიათ თხა, მაგრამ მასაც მიუპყრია ხელოვანთა ყურადღება. შეიძლება ეს დავასკვნათ რკინის ხანის ბრილში აღმოჩენილი ვაცის თავის ქანდაკებისა და ბრინჯაოს სარტყლის მიხედვით, რომელზედაც გამოსახულია ფარეხიდან გამომავალი (შეად. აფხაზეთის აწანგვარა97) და ტყეში მიმავალი თხების მწკრივი. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ცხვარს მხოლოდ მოქანდაკეთა ყურადღება მიუპყრია, ხოლო თხა გრაფიკაშიც აისახა.
მეცხვარეობა რომ მწყემსური ხასიათისა იყო, ამას უეჭველად მოწმობს დასავლურქართული კულტურის ბევრ სხვა ნივთებთან ერთად ამ ცოტა ხნის წინ სოფ. გამდლიწყაროში მიკვლეული განძი, რომელშიაც აღმოჩნდა ბრინჯაოს ერთი მშვენიერი ნივთი - ფარეხის, მწყემსებისა და ძაღლების გამოსახულება98. მწყემსთა ერთგული თანაშემწისა და ცხვრის ფარის დარაჯის –მყეფავი ან დაწოლილი ძაღლის – ქანდაკებები ნაპოვნია ბრილის, თლის, ყულანურხვის და სხვა სამარხებში99.
მესაქონლეობა არ შემოფარგლულა მარტო ცხვრის ფარების მოშენებით. სამარხებსა და ნამოსახლარებზე აღმოჩენილია მსხვილფეხა რქოსანის, აგრეთვე ღორის უამრავი ძვლები. დიდი და ლამაზრქებიანი ხარის მრავალი ქანდაკება აღმოჩენილია ცალკეც100. ამ ცხოველის თავი ხშირად ამკობს სწორედ დასავლურქართული ტიპის კომპლექსებში ნაპოვნ ქინძისთავებს თლიში101 (ჯავის რ-ნი); ხარის მთელი ქანდაკებით შემკულია იჟორის ბრინჯაოს ცული102. იმავე იარაღის გრაფიკულ ნახატთა შორის ჯიქის ან სხვა ონავრის ადგილი აქვს დათმობილი ცხენის სტილიზებულ გამოსახულებას, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს წინამორბედის ცალკეულ ნიშნებს. თლის ბრინჯაოს სარტყელზე ვხედავთ ირმებზე, თხებსა და ფრინველებზე მონადირე მხედრებს103. ლეჩხუმსა და ბრილში აღმოჩენილია ბრინჯაოს მხედართა ორი ქანდაკება104. ცხენის თავები უნდა იყოს გამოსახული აფხაზეთში ძლიერ გავრცელებულ კონუსურ ბალთებზე105. ალბათ, ცხენის დაცქვეტილი ყურებია დასავლურქართული ტიპის სიტულების სახელურზე106.
ჭურჭელი. განვითარებული მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის პროდუქტების (მარცვლეული, ბოსტნეული, ღვინო, ხორცი, რძის ნაწარმი) გადამუშავებისა და დაცვის საჭიროებანი შინამეურნეობის და ხელოსნობის ისეთი დარგის დაწინაურებას მოითხოვდა, როგორიც მეჭურჭლეობაა. ამ დარგს საქართველოში დიდი ტრადიცია ჰქონდა. დახასიათებულ სიახლეთა წყალობით, ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში ის კიდევ უფრო გაიფურჩქნა. ძალიან ბევრი მზადდებოდა ბრინჯაოს სიტულები, კარდლები ქვაბ-ქოთნები, ტოლჩები და ლითონის სხვა ჭურჭელი. ბევრი ნიმუში აღმოჩნდა ბრილში, თლიში, ზვარეში და სხვაგან. ზოგიერთი განძის შესანახად აგრეთვე სიტულები უხმარიათ. მიუხედავად სიმრავლისა, ამ ჭურჭელს მომჭირნეობით იყენებდნენ, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ ერთხელ გატეხილი ადგილები ხელახლა დაუკერებიათ და ისე ჩაუდგამთ სამარხებში. ეპოქის დასაწყისში სიტულების ძირი ჯამის ფორმის მასიური სხმული იყო, უფრო გვიან ძირიც ლითონის ისეთივე თხელი ფურცლისაა, როგორითაც დამოქლონებულია თვით კედლები. ე. კრუპნოვმა წამოჭრა კავკასიის შიგნით სიტულების წარმოების ცენტრის მოძებნის საკითხი და უპირატესობა ჩრდილო კავკასიას მიანიჭა107. არსებული მასალები იმას მოწმობს, რომ ამ ჭურჭელს სხვადასხვა საწარმოო კერები ამზადებდა, ხოლო თუ რიცხობრივ მონაცემებს ამ საკითხში მნიშვნელობას მივანიჭებთ, მაშინ ცენტრად დასავლეთ საქართველო ჩაითვლება.
სამოსახლოებსა და სამარხებში კიდევ უფრო მრავლად ჩნდება თიხის ჭურჭელი. ზოგი მათგანი სიტულის მინაბაძს ან, პირიქით, მის წინაპარს წამროადგენს108, მაგრამ, ამის გარდა არის უამრავი სხვა ფორმები. ამ დროის კერამიკას აქვს ლეგა ან შავი ზედაპირი, თუმცა წითლად გამომწვარი კეციც გვხვდება. თიხის ცომს ხშირად ქარსი ურევია; გამოწვა უმრავლეს შემთხვევაში მაღალხარისხოვანია, რაც საგანგებო ღუმელების არსებობას მიუთითებს. ჭურჭლის ზედაპირი შემკულია სველ თიხაზე დატანილი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით. დაბლა გომში (სამტრედიის რ-ნი) ცნობილია კერამიკა ზედ გამოსახული ცხოველებით109 ბრილის საკრემაციო მოედანზე აღმოჩენილია ირიბი ღარებით შემკობილი მეტად მოხდენილი, ქუსლიანი სასმისები და უქუსლო ჯამები. მათი ორეულები ან მიახლოებითი ფორმები გვხვდება კოლხეთის დაბლობსა და ხშირად შიდა ქართლშიც. დანიშნულების მიხედვით კერამიკაში შეიძლება ამოვიცნოთ სამზარეულო და სუფრის ჭურჭლეული, სადღვებლები, წნილის ჩასადები დერგები და ქოცოები, ეგებ საღვინე ჭურები და სხვ. მისთ.
საჭურველი. უკვე ნახსენები ბრინჯაოს ცულებისა და რკინის მინაბაძების გარდა, შემტევ საჭურველში შედიოდა ნაირ-ნაირი სატევრები, შუბები, მშვილდ-ისრები და ქვის ან ბრინჯაოს ლახტები. სატევარს ხის ან ძვლის ტარს უკეთებდნენ; ზოგჯერ ტარიცა და პირიც ბრინჯაოსი იყო. პირის მოყვანილობის მხრივ გაირჩევა წელში გამოყვანილი და მაღალი სამკუთხედისებური სატევრები. ორივეს დაუყვება მკვეთრი ანდა ბრტყელი წიბო, რომელიც დიდ სიმაგრეს მატებს. ტარში ორი მანჭვლით ჩასამაგრებელი ყუნწი ან მარტივი ღეროსებურია, ან სამკუთხედს მოგვაგონებს. პირზე ზოგჯერ ამოკვეთილია “ზენური” ხვიები და გველის გამოსახულება, ალბათ სწრაფი მოქმედებისა და გესლის განსახიერება. ჩრდილო ოსეთში ნაპოვნ ერთ სატევარს ტარზე აზის სკულპტურული ჯგუფი110. ეშერის სამარხებში გვხვდება თრიალეთის კულტურასთან დაკავშირებული სატევრის და შუბისწვერის ნიმუშებიც111. საძგერებელი იარაღის ეს უკანასკნელი სახეობა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით დასავლეთში უფრო იშვიათი მოვლენაა. ყველა მათგანი მასრაგახსნილია, პირი ზოგს წელში აქვს გამოყვანილი, ზოგსაც ფოთლისებური; ამათთან ერთად ეშერში აღმოჩენილია საკმაოდ ბევრი შუბისწვერი, რომელთა სახმარი პირი ტოლფერდა სამკუთხედს მოგვაგონებს112. კიდევ უფრო ცოტაა ადგილობრივი ტიპის ბრინჯაოს ისრისწვერთა აღმოჩენის შემთხვევები, მაგრამ რომ მშვილდ-ისარს არცთუ მცირე ადგილი ეკავა დასავლეთ საქართველოს ტომთა საჭურველში, ამას მოწმობს მისი გამოსახულება სარტყელსა და ცულზე113. ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგ საუკუნეებში საქართველოს ორივე ნაწილში გაჩნდა რკინის სატევარი და შუბისწვერი. ძვ. წ.VII საუკუნიდან ძალიან გავრცელდა სატევრის ახალი ტიპი - აკინაკი114, რომელიც სკვითებისა და სპარსელების საყვარელ საომარ იარაღად ითვლებოდა. აქ ჩნდება ბრინჯაოს და რკინის ჩუგლუგების - შერეული ანუ კომბინირებული ტიპის ამ საკმაოდ ეფექტური საჭურვლის – სხვადასხვანაირი ვარიანტი. მას ცალი პირი სატევარს ან წერაქვს უგავს, მეორე კი – ცულს, ანდა ხელკვერს115. წერილობითი წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ჩუგლუგი ანტიკური და ფეოდალური დროის ქართველ მეომრებსაც უხმარიათ116. შემტევ იარაღთან ერთად არსებობდა ბრინჯაოს ფურცლის მრგვალი ანდა ოთხკუთხედი ფარი, რომლის ზედაპირზე ამოტვიფრულია საფეხურებიანი პირამიდისებური ბურცულები, რომლებიც სათანადო ნახვრეტებით გადაკრული უნდა ყოფილიყო რომელიღაც სხვა მასალის ჩონჩხზე ან სარჩულზე. ჰეროდოტემ დაგვიტოვა ძვ. წ. VI-Vსს. ქართველ ტომთა შემტევი და თავდაცვითი საჭურვლის დახასიათება, რომელსაც საკმაოდ ახლო შეესატყვისება ზემოხსენებული საომარი იარაღის ბევრი ტიპი.
ტანსაცმელთან დაკავშირებული საგნები და სამკაული. ტანსაცმლისა და თავსაბურავის რაგვარობის სრული დახასიათებისათვის, სამწუხაროდ, მასალა არ შენახულა. ტანსაცმელზე ნათელი წარმოდგენის შესამუშავებლად ანთროპომორფული არსებების სურათებიც ცოტა რამეს გვაძლევს. ვიცით მხოლოდ, რომ მასალად გამოყენებული იყო სელისა და შალის ქსოვილები, ქეჩა, ზოგჯერ ბეწვი. ყველაფერი ეს დაშლილა. სამარხებში შეინახა მხოლოდ ტანსაცმლისა და თავსაბურის ლითონის ცალკეული ნაწილები. მათგან აღსანიშნავია ბრინჯაოს თხელი ფურცლისაგან გამოჭრილი ფართო სარტყელები და ხშირად მათთან დაკავშირებული მასიური აბზინდები. სარტყელების სარჩული ტყავის ანდა მჭიდრო ქსოვილისა უნდა ყოფილიყო. ბრინჯაოს სარტყლები წარმოადგენს იმდროინდელ ქართველ-კავკასიელ ტომთა ჭედური ხელოვნების უძვირფასეს ძეგლებს, რომლებზედაც ხშირად გამოსახულია საწესო (საკულტო), მითოლოგიური, ნადირობის ანდა საყოფაცხოვრებო სცენები და სურათები. უხეში ნატურალიზმისაგან განთავისუფლებული რეალიზმი, უშუალობა და დინამიზმი, წარმოდგენილი როგორც ამ სარტყელზე, ისე უამრავ სხვა ნაირ-ნაირ ნივთზე მხატვრული ნიმუშების დამახასიათებელ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს. სარტყლის სწორკუთხედი მოყვანილობის დიდ აბზინდებს ანუ ბალთებს საჭრეთლით ამოჭრილი და ზოგჯერ რკინით ან მინისებური მასით შევსებული გეომეტრიული სახეები და ცხოველთა სურათები ამკობს117. ტანსაცმლის შესაკრავად უხმარიათ აგრეთვე მოგვიანო მიკენური ტიპის მშვილდისებური საკინძები118, რომელთაგან უძველეს ნიმუშებში მშვილდის სისქე ყველა ნაწილში თითქმის ერთნაირია, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან დაწყებული მის პარალელურად არსებობდა წურბელასავით რკალშემსხვილებული ნიმუშებიც. თავსაბურავებთან და ტანსაცმელთან იყო დაკავშირებული ნაირ-ნაირი ქინძისთავები, დასაკერებელი ბალთები, ღილები, დედალ-მამალი დუგმები, ჯვრისებური და ზოომორფული საკიდები, რომლებსაც “ავი თვალის” საწინააღმდეგო მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი საყელურებად ანდა “ხატის უღლებად” მიიჩნევდა ბრინჯაოს ანდა კალის თავებმოგრაგნილ მძიმე რგოლებს119, მაგრამ უფრო გვიანდელ სახესხვაობების აღმოჩენის პირობები (მაგალითად, ბრილში) მოწმობს, რომ ისინი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო თავსაბურავთან, როგორც გვირგვინი ან ჯიღა. სამკაულთა რიცხვს ეკუთვნის ასევე მძიმე საკანჭური120, რამდენიმე ტიპის სამაჯური, მძივებით ან ძეწკვებით შედგენილი ყელსაბამი და სხვა მისთ. ადრინდელი პერიოდის მთელი დასავლეთ საქართველოს კულტურისათვის დამახასიათებლად ჩაითვლება შუანაწილგაფართოებული სამაჯური, რომლის ზურგსაც სიგრძივ სამი მკვეთრი წიბო და ორი ღრმა ღარი გასდევს, ხოლო წვრილი ბოლოები დასრულებულია თითო-თითო ხვიით. ჯერჯერობით მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთის სამაროვნებშია ნაპოვნი ოთხი ირგვლივი წიბოთი შემკობილი მძიმე ცილინდრული სამაჯურის ტიპი, რომელიც შესაძლოა არა მარტო სამკაული, არამედ თავდაცვითი იარაღიც ყოფილიყო121; ასეთივე დანიშნულებისა უნდა იყოს ყულანურხვაში მიკვლეული ფიგურული სამაჯური122, ძვ. წ. VI ს. გაჩნდა და საკმაოდ დიდხანს შეინახა თავი სამაჯურის სხვა ტიპებმა. ერთი მათგანი ბრინჯაოს წვრილი ღეროსაგანაა ნაკეთები და მისი ბოლოები გველის თავის სქემატურ გამოსახულებას მოგვაგონებს; მეორე შეიძლება იყოს ბრინჯაოსი, ან ვერცხლის ფურცლის, უხვად შემკობილი ჭრილითა და ნაჩხვლეტი ორნამენტით, დაბოლოებული გრაგნილებით ან “ურჩხულის” თავკისერით123; მესამე ტიპი რკინის მარტივ რგოლებს წარმოადგენს.
პირსაფარეშო ნივთებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბრინჯაოს ფურცლისაგან გამოჭრილი მაშა, რომლის ფრთებზე ზოგჯერ ამოკვეთილია “ზენური” ხვიები, გველი, ირემი და ჯიქი124, ე.ი., ისეთივე სურათები, როგორსაც ჩვეულებრივ ვხედავთ სარტყლის აბზინდებზე, ცულებსა და ზოგიერთ სხვა საგანზე. ბრინჯაოს სავარცხლის აღმოჩენის არაიშვიათი შემთხვევები გვაქვს საქართველოს ორივე ნაწილში.
ამით შეიძლება დავასრულოთ დასავლეთ საქართველოს კულტურისათვის დამახასიათებელი ინვენტარის არასრული მიმოხილვა.
1 comment:
How to Make a Spinning Stone from Titanium Glass - The Technavio
A titanium wedding band sets piece of glass in a stainless steel construction ford fusion titanium 2019 is a very pure titanium earrings simple matter of time. The process of making a spinning titanium mug glass titanium easy flux 125 amp welder is simple
Post a Comment