Wednesday, May 30, 2007

თავი მესამე

შუა ბრინჯაოს ხანა საქართველოში
მესამე ათასწლეულის ბოლოდან საქართველოში იწყება საზოგადოების განვითარების ახალი საფეხური, შუა ბრინჯაოს ხანა, რომელიც დაახლოებით II ათასწლეულის შუა ხანამდე გაგრძელდა. ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ისე მეურნეობაში. ვითარდება მეტალურგია, ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, შემოდის დაკრძალვის ახალი, თავისებური წესი და სხვ. გვაროვნული საზოგადოების დაშლის პროცესი საკმაოდ შორსაა წასული. განსაკუთრებით დაწინაურებულან თრიალეთური კულტურის მატარებელი ტომები. ეს კულტურა პირველად გამოვლენილი იყო თრიალეთის მაღალმთიან ზოლში და თავისი სახელწოდებაც აქედან მიიღო. იგი, როგორც ჩანს, საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს მომიჯნავე რაიონებით.

მტკვარ–არაქსის კულტურის ბოლოსათვის შეიქმნა პირობები, რათა საზოგადოება განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ძვ. წ. III ათასწლეულიდან პატრიარქალურ-გვაროვნული საზოგადოება უკვე ყველა იმ ნიშნით ხასიათდება, რაც ხელს შეუწყობს დაწინაურებულ რაიონებში დიდი თუ მცირე ლოკალური კულტურის ცალკე გამოყოფას. სწორედ ამ პერიოდიდან იქმნება იმის საფუძველი, რომ გვაროვნული საზოგადოების წიაღში უნდა ჩამოყალიბებულიყო ტომთა დიდი კავშირები, რომელთა განვითარების შედეგად ეთნიკურად მონათესავე ტომთა ჯგუფებს კიდევ უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა შეძლებოდათ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში მიწათმოქმედი საზოგადოება გარკვეულ კრიზისს განიცდის. თანდათანობით იცვლება მეურნეობის ხასიათი. იზრდება მესაქონლეობის როლი, განსაკუთრებით მეცხვარეობისა. უფრო ინტენსიური ათვისება ხდება მთისწინა და მთის ზოლისა. ბარში მოსახლეობა თანდათანობით თხელდება. ძველი, მტკვარ–არაქსის დროინდელი ნასახლარი ადგილები მიტოვებულია. თრიალეთური კულტურის დაწინაურებას ხელი შეუწყო იმ ეთნო-კულტურულმა ურთიერთობამ ძველაღმოსავლურ სამყაროსთან, რომელიც კარგად შეინიშნება III ათასწლეულის ბოლოდან მოკიდებული. ადგილობრივი ტრადიციების განვითარებამ და წინა აზიასთან მჭიდრო კონტაქტმა საფუძველი შეუქმნეს თრიალეთური კულტურის მქონე საზოგადოების წინსვლას.

თრიალეთის კულტურა ძირითადად სამარხებიდან მომდინარე მასალების საფუძველზეა შესწავლილი. შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეუსწავლელია. სადღეისოდ უცნობია, თუ სად და როგორ ცხოვრობდა ის საზოგადოება, რომელმაც თრიალეთის კულტურა დაგვიტოვა. ჩვენს ხელთაა სამარხები და იქ აღმოჩენილი მასალა, თუმცა ამ მასალების საფუძველზეც კარგად ჩანს, რომ გვაროვნულ საზოგადოებას ამ პერიოდში განვითარების საკმაოდ მაღალი დონისათვის მიუღწევია.

თრიალეთის მაღალმთიან ზოლში, წალკის პლატოზე, შესწავლილი იყო შუა ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის რამდენიმე ყორღანული სამარხი1. ერთი ჯგუფი ყორღანებისა გამოვლენილია ფარავნის ტბისაკენ გადასასვლელ უღელტეხილთან, 2200მ სიმაღლეზე. დიდი ნაწილი ამ ყორღანებისა დაზიანებულია. მხოლოდ ერთ ყორღანში ყრილის ქვეშ აღმოჩნდა ხელუხლებელი სამარხი. მასში იპოვეს სპილენძის ბრტყელი, მოკლე სატევრისპირი, სპილენძის აბჯრის ნაწილები, ობსიდიანის ისრისპირი, ოქროს ფირფიტის სამი ცილინდრული გარსაკრავი, მშვილდისა და ჰემატიტის ლახტისთავი. ამ სამახრებში თიხის ჭურჭელი არ აღმოჩენილა.

მეორე ჯგუფი ყორღანებისა შესწავლილი იყო მდ. ქციისა და მის შენაკდთა ხეობებში. ეს ყორღანები წარმოადგენს ქვამიწაყრილიან, საკმაოდ დიდი ზომის ორმოებს. ერთ–ერთი ყრილის სიმაღლე უდრის 5მ–ს, დიამეტრი – კი 45მ-ს, სამარხის ორმო ზოგჯერ საკმაოდ ღრმაა, მრგვალია და დაახლოებით 3-4 მ დიამეტრის მქონე. მიცვალებულის ძვლები ცუდადაა შენახული. როგორც ჩანს, ფეხებმოკეცილი გვერდზე დაუწვენიათ. სამარხეული ინვენტარი ამ ყორღანებში ღარიბულია, აქა–იქაა თითო–ოროლა თიხის ჭურჭელი. ლითონის ნივთი სულ ორგანაა ნაპოვნი: ძლიერ დაშლილი სპილენძის იარაღის პირი და ოთხწახნაგა სადგისი. ერთ–ერთი ყორღანის ყრილში აღმოჩნდა ვერცხლის მასიური ხვია.

სოფ. ხადიკთან შესწავლილ ყორღანში რამდენიმე თიხის ჭურჭელი იდო. მიცვალებულის ძვლები აქ შედარებით უკეთ იყო შემონახული. ჩანს, მიცვალებული მარჯვენა გვერდზე დაუსვენებიათ, ძლიერ მოკუნტული იწვა და თავი აღმოსავლეთისაკენ ჰქონდა მიქცეული. ჩონჩხის ძვლებზე წითელი საღებავის (მუმია) ნაშთია შერჩენილი[2].

შუა ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის რამდენიმე ყორღანი აღმოჩნდა ქვემო ქართლის ვაკეზე, შულავერის მიდამოებში. ეს ყორღანები შედარებით მომცრო ზომის ქვამიწაყრილიანი ორმოებია. ფეხებმოკეცილი მიცვალებული გვერდზეა დასვენებული. ინვენტარი შედგება რამდენიმე თიხის ჭურჭლისაგან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა მოკლე, ფართოპირიანი და გრძელყუნწიანი სატევარი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სამგორში გათხრილი დიდი ყორღანი ”კოხრა გორა”. ზემოდან ყორღანს მიწის თხრილი ფარავდა, შიგნით კი - რიყის ქვის გუმბათისებური ყრილი. ყორღანის ცენტრულ ნაწილში ნაპოვნი იყო სწორკუთხა ფორმის ხის ძელური შენობა. შენობას ორმაგი კედლები ჰქონდა და მათ შორის სივრცე ამოვსებული იყო ღორღითა და მიწით. შენობის ერთ–ერთ უკეთ გადარჩენილ კუთხეს შემორჩენოდა მუხის მორების ხუთი რიგი, რომლებსაც ბოლოებზე ჭდეები ჰქონდა და ერთმანეთზე გადაბმული იყო ნახევარი ხით. შენობის მოტკეპნილ იატაკზე თიხის ჭურჭლის ნატეხები, სპილენძის ბრტყელპირიანი სატევარი და ცხვრის კოჭები ეყარა. მიცვალებულის ნეშტი არსად ჩანდა. იატაკის ზედაპირის აყრის შემდეგ შენობის ერთ ნაწილში აღმოჩნდა ორმო, რომელშიც ჩადგმული იყო თიხის ჭურჭელი. ჭურჭელში ფერფლის ნაშთი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიცვალებული დაუწვავთ და მისი ფერფლი მოუთავსებიათ თიხის ჭურჭელში, რომელიც იატაკის ქვეშ ამოღებულ სამალავ ორმოში ჩაუდგამთ[3].

ამავე პერიოდს მიეკუთვნება შიდა ქართლში, სოფ. ხოვლეს მახლობლად შესწავლილი ყორღანი, რომელშიაც რამდენიმე თიხის ჭურჭელი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპილენძის ბრტყელი, თავისებური ფორმის იარაღი.

თრიალეთური კულტურის ადრეული ჯგუფის ყორღანებში ნაპოვნი კერამიკა ჯერ კიდევ ახლო დგას მტკვარ–არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელ თიხის ნაწარმთან. აქაც გვხვდება უპირატესად შავპრიალა, ზოგჯერ ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭელი, ფართო ყელითა და ვიწრო ძირით, ხოლო გვერდებზე მიძერწილია ნახევარსფეროსებრი ყურები. მსგავსება ჩანს აგრეთვე ორნამენტშიც. ჭურჭელი ძირითადად შემკულია ამოკაწრული ორნამენტით, მაგრამ, მიუხედავად ამგვარი მსგავსებისა, თრიალეთის ყორღანული კულტურის ადრეული ჯგუფის კერამიკა ერთგვარად მაინც განსხვავებული ხასიათისაა.

თრიალეთის კულტურის ადრინდელ საფეხურზე ლითონის ნივთები შედარებით იშვიათად გვხვდება. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ფართო და მოკლეპირიანი, გრძელყუნწიანი სატევრისპირი. ისინი მიკვლეულია თეთრიწყაროს, სამგორის, შულავერის და სხვა ყორღანებში. ერთ–ერთ ყორღანში, აბჯრის ნაწილებთან ერთად, აღმოჩნდა განსხვავებული ფორმის სატევრისპირი, მოკლე, ფართო ყუნწით და ბოლოში ნახვრეტით. აქვეა ნაპოვნი ოთხწახნაგა სადგისები, რომლებიც რამდენადმე განსხვავდება მტკვარ–არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღისაგან. ესენი უფრო მოგრძო, ბიპირამიდალური ფორმისაა. თეთრიწყაროს ყორღანში აღმოჩენილი ფართოპირიანი და ყუამილიანი ცული ძალზე ახლო დგას შიდა ქართლში, სოფ. კარალეთში ნაპოვნ ცულთან. რამდენადმე უახლოვდება იგი აგრეთვე საჩხერეში, ცარცის გორაზე აღმოჩენილ ერთ ცულს. ამ ტიპის ცული განსხვავდება ჩვენში კარგად ცნობილი ვიწროტარიანი ყუამილიანი ცულებისაგან. ამავე ყორღანში ნაპოვნი ბრტყელი ცული ფართოპირიანია, რითაც განსხვავდება საჩხერული ცულისაგან, იგი თითქოს უფრო უახლოვდება წინამორბედ კულტურაში გავრცელებულ იმ ტიპის ცულებს, რომელთა ჩამოსასხმელი ყალიბები დღესდღეობით ცნობილია. სატეხი თეთრიწყაროს ყორღანიდან თითქმის სავსებით ისეთივეა, როგორიც ზეკარში იყო აღმოჩენილი. რამდენადმე უახლოვდება მას აგრეთვე საჩხერული იარაღი. ეს სატეხები ახლო დგას ჩრდილო კავკასიაში ე. წ. “ყუბანის დიდ ყორღანებში” გავრცელებულ ამგვარსავე იარაღთან. მსგავს სატეხებს ვხვდებით წინა აზიაში.

ამ პერიოდის სამარხებში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ძვირფასი ლითონის ნივთები. თრიალეთის ერთ ყორღანში ნაპოვნი იყო ოქროს ფირფიტის სამი გადასაკრავი, ხოლო მეორეში – ვერცხლის ხვია. ერთი ოქროს ხვია ნაპოვნია ამავე დროის საჩხერეში აღმოჩენილ ერთ–ერთ სამარხშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარეთაც, სტეპანაკერტისა და ხაჩანაგეტის ყორღანებში, სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა აგრეთვე დაახლოებით ამავე დროის რამდენიმე ოქროს ნივთი. როგორც ჩანს, ამიერკავკასიაში და, კერძოდ საქართველოში, III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან შეინიშნება ძვირფასი ლითონების დამუშავების ტრადიცია – ოქრომჭედლობა, რომელიც მომდევნო საფეხურზე უკვე საკმაოდ მაღალ განვითარებას აღწევს.

ადრეულ ყორღანებში დიდი რაოდენობით არც ქვის იარაღები შეინიშნება. აღსანიშნავია თრიალეთში აღმოჩენილი ჰემატიტის სამი ლახტისთავი. მარმარილოსაგან (?) დამზადებული მსგავსი ლახტისთავი აღმოჩნდა აგრეთვე შულავერის ერთ–ერთ ყორღანში. ჩანს, იგი წარმოადგენდა როგორც ძალაუფლების სიმბოლოს, ისე საბრძოლო იარაღსაც. ჩვენში ამ ტიპის იარაღი უკვე წინამორბედ კულტურაში ვლინდება. ტყვიავის ყორღანში ნაპოვნია ერთი ცალი ქვის ლახტისთავი, ხოლო ჰემატიტის ლახტისთავი ცნობილია სტეპანაკერტის ყორღანიდან. მათი მსგავსი აღმოჩნდა აგრეთვე წინა აზიაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თეთრიწყაროს ყორღანში მიკვლეული ფუძეამოღარული სხვადასხვა ზომისა და ფორმის შესანიშნავად ნაკეთები კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირები, რომელთა მსგავსი სხვაგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ისინი საგრძნობლად განსხვავდება როგორც დამუშავების ტექნიკით, ისე ფორმით ჩვენში კარგად ცნობილი ფუძეამოღარული ისრისპირებისაგან. ამავე ყორღანშია ნაპოვნი წაწვეტებულთავიანი და მკვეთრად გამოსახული, ყუნწიანი ძვლის ისრის პირები, რომლებიც პირველად ჩვენში აღმოჩნდა.

მიუხედავად მასალის სიმცირისა, თრიალეთური კულტურის ადრეული ჯგუფის ყორღანების შესწავლის შედეგად შესაძლებელი ხდება ერთგვარად მაინც წარმოვიდგინოთ იმდროინდელი საზოგადოების სოციალური სტრუქტურა. წინამორბედ ეპოქაში ყორღანული ტიპის სამარხები ძირითადად კოლექტიურია (ტყვიავის ყორღანი, საჩხერის ყორღანული სამარხები და სხვ.), ხოლო თრიალეთურ კულტურაში დასაფლავების განსხვავებულ წესს ვხვდებით. აქ უკვე თითოეული ყორღანი ერთი მიცვალებულისათვის არის განკუთვნილი. როგორც ჩანს, გვაროვნული საზოგადოების შიგნით არ შეინიშნება ქონებრივი უთანასწორობა. გვარის დაწინაურებულ და რიგით წევრთა სამარხული ინვენტარი ჯერ კიდევ ღარიბულია და არ გამოირჩევა ერთიმეორისაგან, თუმცა ბელადისა თუ სხვა დაწინაურებული წევრის უფრო მოზრდილ ყორღანში დასაფლავება, რომლის აგებაშიც ალბათ მთელი გვარი მონაწილეობდა, შესაძლოა, ამ პერიოდში თანდათან დაწინაურებული საგვარეულო არისტოკრატიის გამომსახველიც იყოს[4]. შემდეგში, შუა ბრინჯაოს ხანის განვითარებულ საფეხურზე, საგვარეულო არისტოკრატიის გაძლიერება და დაწინაურება იწვევს გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესს, რომელიც ამ პერიოდის ბოლოსათვის უკვე საკმაოდ შორსაა წასული.

ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი თრიალეთური კულტურის აყვავების ხანაა. მთელმა რიგმა ახალმა მოვლენებმა მეურნეობაში, ხელოსნობაში, მეტალურგიასა და საერთოდ ტექნიკაში ამ კულტურას თავისებური სახე მისცა. ცვლილებები ჩანს აგრეთვე საზოგადოებრივ ურთიერთობაში. ამიტომაცაა, რომ რიგმა მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ პერიდში ჩვენში უნდა მომხდარიყო როგორც კულტურის, ისე ეთნიკური ხასიათის ცვლილებები[5].

შუა ბრინჯაოს ხანის განვითარებული საფეხურის ძეგლები პირველად გამოვლენილი და შესწავლილი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ზოლში, რომელსაც ბ. კუფტინმა თრიალეთის “დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა” უწოდა. თრიალეთის დიდი ნაწილი ზეგანს წარმოადგენს და ზღვის დონიდან 1500–2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ, მაღალმთიან პლატოს ზოლში, დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ყორღანული სამარხები. ყორღანები სხვადასხვა ზომისა და ტიპისაა. უპირატესად გვხვდება ძალიან დიდი ზომის ქვაყრილიანი ყორღანი. ზოგიერთი მათგანი ორმოიანია. აქვეა აგრეთვე უორმო ყორღანები, სპეციალური დასაკრძალავი მოედნით მიწის პირზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყორღანები “დასაკრძალავი დარბაზით”. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში ჩადგმულია უპირატესად ფილაქვით მშრალად ნაგები შენობა[6]. ერთ-ერთ ასეთ ყორღანს თრიალეთში, ზურტაკეტის პლატოზე ერთი ჰექტარი ფართობი ეკავა. ქვაყრილის სიმაღლე 8 მეტრამდე აღწევდა. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა “დასაკრძალავი დარბაზი”, რომლის ფართობი 160 კვ მეტრს უდრიდა; დარბაზის კედლების სიმაღლე 6მ–ს აღწევდა. ყორღანს ხის გადახურვა უნდა ჰქონოდა. “დასაკრძალავი დარბაზი” სიგრძივ ხის სვეტებით სამად იყოფოდა, რომლებზედაც ალბათ ხის ძელები თუ იყო გადებული. აღმოსავლეთის მხრიდან, თითქმის ყორღანის კიდიდან, იწყებოდა შესასვლელი, დრომოსი, რომლის სიგრძე 40მ-ს უდრიდა. დრომოსის ორივე კედელი ფილაქვებით ამოუშენებიათ. ეს იყო საგანგებო გზა, საიდანაც “დასაკრძალავ დარბაზში” შეჰქონდათ მიცვალებული და სამარხეული ინვენტარი[7].

თრიალეთში ამ ტიპის რამდენიმე ყორღანია მიკვლეული. თითქმის ყველა მათგანი მდიდარ სამარხულ ინვენტარს შეიცავს. დარბაზის კედლების გასწვრივ ჩამწკრივებულია დიდი ზომის თიხის ჭურჭლები. მიცვალებული მოთავსებული იყო ცენტრალურ ნაწილში. საერთოდ ეს ყორღანები გამოირჩევა სიმდიდრით.

ორმოიანი ყორღანებიც საკმაოდ მოზრდილებია. ზოგიერთი ორმო ღრმა და სწორკუთხა ფორმისაა, რომლის სიგრძე 5მ–ს აღწევს. ამ ყორღანებსაც საგანგებო დრომოსი აქვს. მასში საკმაოდ მდიდრული ინვენტარი გვხვდება. თრიალეთის დიდ ყორღანებში მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩენილა. როგორც ჩანს, აქ წესად ყოფილა მიცვალებულის დაწვა და შემდეგ მისი ფერფლის შეტანა ყორღანში. კრემაცია თრიალეთის კულტურაში ძირითადად წარჩინებულ პირთა სამარხებში შეინიშნება. რიგით სამარხებში (ნული, ქვასათალი, შულავერი და სხვ.) ისევ ძველი წესისამებრ ასვენებდნენ გვერდზე მწოლარეს, ფეხებმოკეცილს. მიცვალებულის დაწვის წესი თრიალეთის კულტურაში ძველაღმოსავლურ სამყაროდან უნდა გავრცელებულიყო, სადაც კრემაცია საკმაოდ ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება[8]. დაკრძალვის ეს წესი, როგორც ეტყობა, ძირითადად ამ კულტურის მატარებელ ტომთა მმართველ წრეებში გავრცელდა.

თრიალეთის ყორღანებში მიცვალებულს ზოგჯერ ეტლთან ერთად ასაფლდავებდნენ. ზოგ ყორღანში აღმოჩნდა ხის ოთხთვალა ურმები, ზოგან კი – ურმის ნაკვალევი. როგორც ჩანს, ეს წესი ცნობილი უნდა ყოფილიყო ადრეული ჯგუფის ყორღანებშიც. ამ დროის ზოგიერთ ყორღანში ნაპოვნი ხის ურმის ნაკვალევით უნდა ვივარაუდოთ, რომ მიცვალებულის ნეშტი ანდა ფერფლი ყორღანში ხარებით შებმული ეტლით შეჰქონდათ. შესაძლოა, ამ ხარების ნაშთია ყორღანებში აღმოჩენილი მსხვილფეხა საქონლის ძვლები, რომლებიც მიცვალებულის სამარხში შეტანის შემდეგ დაუკლავთ, ხოლო ხორცი რიტუალის დროს გამოუყენებიათ[9].

თრიალეთის ყორღანებში დადგენილი დამარხვის წესი უახლოვდება ძველაღმოსავლურ სამყაროში გავრცელებულ დაკრძალვის რიტუალს. იგი ხეთურ საბუთებში აღწერილ მეფეთა დაკრძალვის წესს მოგვაგონებს. მიცვალებულის ეტლთან ერთად დასაფლავებაც გავრცელებული იყო წინა აზიაში[10]. ნიშანდობლივია, რომ ეს ეტლები კონსტრუქციულად ახლო იდგა თრიალეთურთან[11]. როგრც ჩანს, დაკრძალვის ეს წესი წინა აზიიდან ამიერკავკასიაში საკმაოდ ადრეულ ხანაში გავრცელდა. გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეტლი და ეტლზე დასაფლავების წესი, რომელიც აგრეთვე სტეპებში მცხოვრები ტომებისათვის იყო დამახასიათებელი, თრიალეთში და საერთოდ ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთიდან უნდა შემოსულიყო[12]. აღმოსავლეთ ევროპის სტეპების ზოლში მიცვალებულის ეტლთან ერთად დასაფლავება მართლაც ადრე ჩანს[13]. მაგრამ ეს წესი კავკასიის გზით აქ წინა აზიიდან უნდა გავრცელებულიყო. აქაური ეტლები ახლო დგას თრიალეთურ და აგრეთვე წინააზიურ ეტლებთან. ამიერკავკასიაში ეტლთან ერთად დასაფლავების წესს ვხვდებით სომხეთშიც, სევანის ტბის მიდამოებში შესწავლილ ლჩაშენის ყორღანებში, სადაც იგი საკმაოდ გვიანობამდე შემორჩა[14].

შუა ბრინჯაოს ხანაში ბორბლიან ტრანსპორტში გამწევ ძალად ისევ ხარია გამოყენებული. შინაური ცხენი ამ პერიოდში ამიერკავკასიაში და საერთოდ კავკასიაში ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ცხენი ამ ქვეყნებში შეიძლება II ათწლეულის პირველ ნახევარშივე იყო ცნობილი, მაგრამ რელიგიური თუ სხვა მიზეზის გამო, მისი ნაშთები სამარხებში არ გვხვდება[15]. ცხენი, როგორც ირკვევა, ამიერკავკასიაში ძველაღმოსავლური სამყაროდან შედარებით გვიან და ფართოდ გავრცელდა II ათწლეულის პირველ ნახევარში. გვიანბრინჯაოს ხანაში ცხენი უკვე დიდ როლს ასრულებს როგორც ყოფაში, ისე სამხედრო საქმეში. თავდაპირველად იგი აქ ძირითადად ცხენოსნობაში გამოიყენებოდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამიერკავკასიაში მხედარი უფრო ადრე იწყებს გარკვეული როლის შესრულებას სამხედრო საქმეში, ვიდრე წინა აზიაში[16]. კავალერია ძველ აღმოსავლეთში შედარებით გვიან ჩნდება. ცხენის გამწევ ძალად გამოყენება ამიერკავკასიაში გვიან ხანაში იწყება.

ვერ მოიკიდა ფეხი ჩვენში, როგორც ჩანს, ორთვალა საბრძოლო ეტლმაც. შესაძლოა ამის ერთ–ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ აქ ადრე გამოიყენეს სამხედრო საქმეში ცხენოსანი ჯარი, რადგან მისი გამოყენებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

თრიალეთის დიდი ყორღანების აგება ძალიან შრომატევადი იყო, დიდ დროს მოითხოვდა და, რა თქმა უნდა, ამგვარი სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობას იღებდა მრავალრიცხოვანი კოლექტივი. რადგან მშენებლობის წარომოება ერთი გვარის შესაძლებლობას აღემატებოდა, მასში ჩაბმული უნდა ყოფილიყო მთელი ტომი ან ტომთა კავშირი. ეს უზარმაზარი ყორღანები, ცხადია, დიდი ძალაუფლების მქონე ბელადებს ეკუთვნოდათ. უფრო მომცრო ყორღანები კი ცალკეულ ტომთა თუ გვარების ბელადების ან სხვა დაწინაურებულ წევრთა სამარხები იყო. ეს ზედა, დაწინაურებული ფენა ეკონომიურად უკვე საკმაოდ ძლიერი ჩანს. მისი უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობა იტომისა თუ გვარის შიგნით დიდად დაწინაურებულია. გაბატონებული, არისტოკრატიული ნაწილი პატივითაა მოსილი, რაზედაც ნათლად მეტყველებს სწორედ ყორღანები და აქ აღმოჩენილი სამარხეული ინვენტარი. თრიალეთური კულტურის ბოლოსათვის გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესი საკმაოდ შორს წასულა.

თრიალეთის “დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა” გამოირჩევა ოქრომჭედლური ტექნიკის მაღალი დონით. ყორღანებში აღმოჩენილი შესანიშნავი მხატვრული ხელოვნებით შესრულებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ხასიათის ნივთები, რთული და ფაქიზი ოქრომჭედლური ნაკეთობანი მაღალ ოსტატობას დაუფლებულ, დახელოვნებულ ხელოსანთა არსებობას მოწმობს. სწორედ ამ ხელოსანთა იშვიათმა გემოვნებამ და დიდმა ოსტატობამ ჩაუყარა საფუძველი ქართულ ოქრომჭედლობას, რომელმაც წინაფეოდალური ხანის მთელ მანძილზე შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებელი სახე. პროფესიონალურმა გამოცდილებამ და დახვეწილმა მხატვრულმა გემოვნებამ განაპირობა ძვირფასი ლითონების დამუშავების ტექნიკის და თავისებური მხატვრული სტილის ჩამოყალიბება. ოქროს ნივთების თვლებით შემკობა, ინკრუსტაცია, მარცვლოვანი სამკაულის, გავარსის ხშირი გამოყენება და სხვა, ის ზოგიერთი ნიშანია, რომელიც უძველეს ქართულ ოქრომჭედლობას ესოდენ თავისებურ სახეს აძლევს და, ჩანს, აქ უნდა იღებდეს თავის საწყისს ანტიკური ხანის მხატვრული მელითონეობაც.

მხატვრული ხელოსნობის მაღალი დონე შედეგი იყო იმ კულტურული, სამეურნეო და საზოგადოებრივი ცხოვრების აღმავლობისა, რომელიც შეინიშნება ჩვენში ძვ. წ. III–II ათასწლეულის მიჯნაზე. გვაროვნული საზოგადოების რღვევა და მეურნეობის სწრაფი დაწინაურება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ეკონომიურად ფეხმოდგმული წარჩინებულთა ფენის გამოყოფა, უთუოდ იწვევდა საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნილებას მხატვრული ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ნაწარმზე. შეიქმნა პირობები ცხოვრების კულტურული დონის საერთო ამაღლებისა. ძველი ფორმები უკვე ვეღარ დააკმაყოფილებდა საზოგადოების, უფრო კი, მისი დაწინაურებული არისტოკრატიული ნაწილის დახვეწილ გემოვნებას. ამ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ოსტატი ეძებს ახალ პლასტიკურ ფორმებს, მაგრამ მთავარ ყურადღებას მაინც მის გარეგან შემკულობას აქცევს. იგი იმუშავებს რთულ ორნამენტულ სახეებს, ფართოდ იყენებს ფერად ინკრუსტაციას, წვრილი მარცვლებით, გავარსით შემკობის წესს, რელიეფურ სახეებს და სხვ. ამის საფუძველზე ყალიბდება ახალი, სრულიად თავისებური, ფერადოვანი, დეკორაციული მხატვრული სტილი. ოქრო-ვერცხლის ნაწარმი სხვადასხვა დანიშნულებისაა და გამოირჩევა მრავალფეროვნებით, სირთულით და სხვადასხვაგვარი დამუშავების ტექნიკით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტექნიკური დამუშავების სირთულითა და მხატვრული საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, ერთ–ერთ ყორღანში აღმოჩენილი ოქროს სასმისი, რომელიც ფერადი ქვებით არის ინკრუსტირებული. იგი დამზადებულია სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისაგან. სასმისს აქვს ორმაგი კედელი, რომელიც თანდათანობით ვიწროვდება ძირისაკენ და დაბალ დაფანჯრულ ქუსლში გადადის. გარეთა კედელი შემკულია წვრილი, გრეხილი მავთულისაგან გაკეთებული სპირალებით, რომლებშიაც ჩასმულია სერდოლიკის, ლაჟვარდისა და კერამიკული მასის მრგვალი თვლები. ასეთივე თვლების ერთი რიგი დაუყვება სასმისის პირს, ორი კი – ქუსლს. ოქროს ფონზე ფერადი ქვებით ინკრუსტირებული სასმისი ძალზე მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასეთივე რთული ტექნიკაა გამოყენებული საკინძების ოქროს თავებისა და მსხვილი ბირთვისებური მძივების დასამზადებლად, რომლებიც აგრეთვე ინკრუსტირებულია ფერადი თვლებით. ასეთია მაგალითად, ერთ–ერთ ყორღანში აღმოჩენილი ოქროს ფირფიტის ბუდეში ჩასმული შესანიშნავი აქატის კულონი, რომელიც შემკულია გავარსითა და სერდოლიკის თვლებით. უნდა შევნიშნოთ, რომ თრიალეთური კულონი ძალიან ახლო დგას მესოპოტამიაში, ურუქში ნაპოვნ აქატის კულონთან. ოქროს მრგვალი მედალიონები შემკულია ზემოდან დადებული რელიეფური სპირალებითა და გრეხილი მავთულით. აღსანიშნავია აგრეთვე თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი ხის პატარა ყუთები, შემკული ოქროს ტიხრებში ჩასმული სერდოლიკისა და მოთეთრო ფერის ქვების სხვადასხვა ფორმის თვლებით. აქვეა ობსიდიანის თვლებით ინკრუსტირებული ხის ყუთი. როგორც ჩანს, ამ მიზნით ისეთი ქვები იყო შერჩეული, რომლებიც ოქროსთან ერთად ნაზ ტონალობას ქმნიდა. აქედან ცხადია, რომ ინკრუსტაციის ტექნიკა საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგარა. თავისი ტექნიკით ეს ნივთები ძალიან უახლოვდებიან მესოპოტამურ ნაწარმს (განსაკუთრებით ურიდან), რომელიც ცნობილია ფერადი ქვებით, ნიჟარებით, პასტითა და სხვ. შემკობის წესით[17].

ხშირია კვერვით ამოყვანილი რელიეფური გეომეტრიული ორნამენტით შემკული ფირფიტები, შტანდარტები და სხვ. აღსანიშნავია ერთი ამგვარივე ტექნიკით ნაკეთები ოქროს კონუსური შტანდარტი, შემკული დაბალი რელიეფით გამოყვანილი ლომის სტილიზებული გამოსახულებითა და მეანდრით. მოპოვებულია აგრეთვე ოქროს ფირფიტისაგან ნაკეთები მრგვალი ფიგურა ცხოველისა, ალბათ ირმისა, რომლის ტანი დიდი ოსტატობითაა გამოყვანილი. გვხვდება შედარებით მარტივი ტექნიკით დამუშავებული ნივთები: სადა, სფეროსებური მოყვანილობის მსხვილი მძივები, ზოგჯერ ორნამენტით შემკული. ნაპოვნია ოქროსა და ვერცხლის სადა სასმისები, რომლებიც გამოირჩევა სისადავით და კოხტა ფორმებით[18].

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვერცხლის ორი ჭურჭელი: სარწყული და სასმისი. სარწყული ვერცხლის ფურცლისაგანაა შეკრული, რომელსაც ძირსა და პირზე ოქროს სალტეები დაუყვება, ხოლო ნაკერზე – ოქროს წნული ზოლი. მთელ კორპუსზე გამოსახულია რიტუალური სცენა ნადირობისა. ცხოველები და მცენარეები შიდა პირიდან დაბალი რელიეფითაა ამოყვანილი. ხეებს შორის სხვადასხვა ცხოველი ამოიცნობა. ზოგ მათგანში ისრებია განწოლილი.

კიდევ უფრო საინტერესოა და მნიშვნელოვანი სასმისი, რომელიც აგრეთვე ვერცხლის მთლიანი ფირფიტისგანაა ნაკეთები. მას ცილინდრული მოყვანილობა და შემაღლებული ფეხი აქვს. ჭურჭლის ტანზე ორ რიგად განაწილებულია რთული კომპოზიციები, რომლებიც ზურგიდან დაბალი რელიეფითაა ამოყვანილი. ქვედა ფრიზზე გამოსახულია ერთმანეთის კვალდაკვალ მიმავალი ირმების ერთი რიგი, ზედაზე კი მოცემულია რთული რიტუალური სცენა. ერთმანეთის უკან დგას ოცდაორი ფიგურა ადამიანისა, რომლებიც ჩაცმულობითა და სახის ნაკვთებით თითქმის არ განირჩევიან ერთიმეორისაგან. ყველა მათგანს ხელში უჭირავს მაღალი სასმისი. ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია კიდევ ერთი ამგვარივე ფიგურა, მას ისეთივე ჩაცმულობა და სახის ნაკვთები აქვს და ხელში აგრეთვე სასმისი უკავია. იგი სკამზე ზის და წინ უდგას მაღალი სამფეხა საკურთხეველი. საკურთხეველს აქეთ–იქიდან ორი ცხოველი შემოსწოლია. უკან, ფრიზის მთელ სიმაღლეზე გამოსახულია სიცოცხლის ხე. საინტერესოა ამ ფიგურების ჩაცმულობა. ფეხთ აცვიათ ცხვირაწეული, ჭვინტიანი ფეხსაცმელი. სამოსი მოკლეა, ქულაჯისებური, ამოჭრილი საგულეთი. ეს სამოსი მართლაც გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ძველ აღმოსავლურ, კერძოდ, ასურულსა და ხეთურ ხელოვნებაში გავრცელებულ სამოსთან, მაგრამ ამავე დროს მას მთელი რიგი თავისებური ნიშნები აქვს. ხეთური ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია ფართო სარტყელი. თასზე მოცემულ გამოსახულებებს კი სარტყელები არ არტყიათ. ხეთურში არც საგულეა იმგვარად ამოჭრილი, როგორც ამას ჩვენ ფიგურებზე ვხედავთ და სხვ. თასის ზედა სარტყელზე მოცემული გამოსახულების შინაარსზე სხვადასხვა აზრია გამოთქმული. ზოგი მასში ხედავს რელიგური ხასიათის რიტუალს დაკავშირებულს ნაყოფიერების ღვთაების კულტთან; ზოგიერთი ფიქრობს, რომ თასზე მოცემულია მთავარ სატომო ღვთაების წინაშე შეკრებილი სათემო ღვთაებები და სხვ.[19].

თრიალეთის მდიდრულ ყორღანებში ლითონის იარაღი მეტად იშვიათია. რაც აღმოჩნდა, ისიც ძირითადად საომარია. სამეურნეო ხასიათის იარაღი თითქმის არ გვხვდება. სულ ნაპოვნი იყო რამდენიმე სატევრისა და ერთი შუბის პირი. მნიშვნელოვანია ერთ-ერთ ყორღანში მიკვლეული ვერცხლის სატევრისპირი და მხოლოდ ერთი ვერცხლის ოთხწახნაგა სადგისი ზურტაკეტის ერთ-ერთი დიდი ყორღანიდან. თრიალეთური სატევრისპირები სხვადასხვა ტიპისაა: ყუნწიანები, არამკვეთრი ქედით და სხვ. ისინი უკვე საგრძნობლად განსხვავდებიან წინამორბედი პერიოდის ბრტყელი, პრიმიტიული სატევრისპირებისაგან. ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა შესანიშნავი ბრინჯაოს მასრიანი შუბისპირი. მსგავსი იარაღი ცნობილია თრიალეთური კულტურის სხვა ძეგლებში. თრიალეთის ყორღანებში ხშირად გვხვდება ობსიდიანის სამკუთხა, ფუძემოღარული ისრისპირები, რომლებიც საერთოდ კარგადაა ცნობილი თრიალეთის კულტურაში.

თრიალეთის “დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურის” პერიოდში უპირატესად გავრცელებული იყო შავპრიალა კერამიკა, ზოგჯერ ვარდისფერსარჩულიანი, რაც ძველი ტრადიციებიდან უნდა მომდიანეობდეს, კერძოდ, შავპრიალა კერამიკის გავრცელების ხანიდან. მაგრამ ჭურჭლის ფორმა, მისი ორნამენტი უკვე საგრძნობლად განასხვავებს მას წინამორბედი კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლისაგან. სწორედ კერამიკული ნაწარმია ძირითადი, რომელიც ამ კულტურას თავისებურ სახეს აძლევს.

საერთო აღმავლობამ ტექნიკასა და ხელოსნობის სხვადასხვა დარგში სამეურნეო საქმის პროგრესიც გამოიწვია. ჩარხის უფრო სრულყოფილად გამოყენება, თიხის უკეთ დამზადება, კვალიფიციური ხელოსნების მომრავლება და სხვ. საფუძველს ქმნიდა მაღალხარისხოვანი თიხის ნაწარმის მიღებისათვის. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია სრულყოფილი, მრავალგვარი ფორმები ჭურჭლისა. თრიალეთის ყორღანებში ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ყელმაღალი და ყელდაბალი დერგები და ქილები, რომლებიც კეცის ხასიათითა და ზედაპირის დამუშავებით თითქმის არ განსხვავდებიან. ყელდაბალი ჭურჭელი ძირითადად შემკულია ამოკაწრული ორნამენტით, რომელიც უპირატესად ფაქიზადაა შესრულებული და მრავალგვარ ვარიანტში გვხვდება (ურთიერთმკვეთი ხაზები, ბადეები, რომბები, სამკუთხედები და სხვ.). იგი თავის საწყისებს, ჩანს, მტკვარ–არაქსის კულტურაში იღებს, სადაც ამოკაწრული ორნამენტი კარგადაა ცნობილი გვიანი ხანის კერამიკისათვის. ყელმაღალი დერგები შემკულია თავისებური წერტილოვანი ორნამენტით. გვხვდება რთული გეომეტრიული სახეებიც: სვასტიკა, ჯვარი, სამკუთხედები, რომბები და მრავალი სხვა, რომლებიც წვრილი, ფაქიზად დატანილი წერტილოვანი ხაზებითაა გამოყვანილი. ეს ორნამენტი დამახასიათებელი ნიშანთაგანია თრიალეთური კულტურისა და სხვაგან თითქმის არ გვხვდება. წერტილოვანი ორნამენტით შემკული კერამიკა ცნობილია შიდა ქართლშიც. აღსანიშნავია აგრეთვე კახეთში, ილტოს ხეობაში შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი შავპრიალა კერამიკის ფრაგმენტები წერტილოვანი ორნამენტით. მსგავსი თიხის ჭურჭელი ნაპოვნი იყო კიროვაკანის ყორღანსა[20] და ყარსის მხარეში[21]. თრიალეთური კულტურის გარეთ ძველაღმოსავლურ მასალებში მსგავსი წერტილოვანი ორნამენტი ცნობილი არ არის. მომდევნო, გვიან ბრინჯაოს ხანაში ამ ტიპის წერტილოვანი ორნამენტი აღარც ჩვენში ჩანს. თრიალეთური შავპრიალა კერამიკისათვის დამახასიათებელია პრიალა ორნამენტიც. იშვიათად, მაგრამ მაინც, გვხვდება რელიეფურიც. როგორც ცნობილია, ეს ორნამენტი, განსაკუთრებით სპირალი, დამახასიათებელია მტკვარ–არაქსის კულტურისათვის და, როგორც თავის დროზე აღნიშნა ბ. კუფტინმა, უნდა მიუთითებდეს ტრადიციულ კავშირზე წინამორბედ კერამიკასთან[22]; მტკვარ–არაქსის კერამიკასთან ურთიერთობაზე მეტყველებს აგრეთვე თვით კეცის ხასიათი (შავპრიალა “ვარდისფერი სარჩულით” და სხვ.). თრიალეთის კულტურის შავპრიალა კერამიკის ფორმა, მართალია, საგრძნობლად განსხვავდება უფრო ადრეულისაგან, მაგრამ გარკვეული კავშირის დანახვა მაინც შეიძლება. კერძოდ, თრიალეთური ყელმაღალი დერგები მსგავსებას იჩენს წინამორბედ კერამიკასთან (მაღალი ყელი, კვერცხისებური მოყვანილობის ტანი და სხვ.). ამიტომ უმართებულოა ზოგიერთი მეცნიერის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ თრიალეთის ყორღანული კერამიკა მთლიანად წყვეტს კავშირს წინამორბედი ხანის ჭურჭელთან[23].

თრიალეთის თითქმის ყველა დიდ, მდიდრულ ყორღანში შავპრიალა კერამიკასთან ერთად ძირითადად ორი ტიპის მოხატული ჭურჭელი აღმოჩნდა: ერთია – წითელი, შავი საღებავით მოხატული, მეორე კი – ღია, მოთეთრო – კრემისფერ ზედაპირზე მუქი საღებავით დატანილია მდიდრული ორნამენტი. მოხატული კერამიკა ამიერკავკასიაში საკმაოდ ადრინდელი პერიოდიდან მომდინარეობს. ვხვდებით მტკვარ–არაქსის კულტურის წინარე ხანებში ქვემო ქართლის ველის ადრეულ ნამოსახლარზე, ყარაბაღ–ნახჭევანის ადრეულ კულტურაში და სხვ.[24]. მტკვარ-არაქსის კულტურაში კარგადაა ცნობილი მოხატული ჭურჭელი[25]. როგორც ჩანს, მოხატული კერამიკა ჩვენში საკმაოდ ადრე ვრცელდება, მაგრამ სათანადოდ მაინც ვერ იკიდებს ფეხს. ადგილობრივი სტილი მოხატული კერამიკისა აქ თანდათანობით ყალიბდება და II ათასწლეულის დასაწყისისათვის, ე. ი. შუა ბრინჯაოს პერიოდში, ძირითადად წითელზე შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი იკიდეებს ფეხს. ნიშანდობლივია, რომ მოხატული ჭურჭელი ფორმით ახლო დგას შავპრიალა კერამიკასთან. შუა ბრინჯაოს ხანაში ამიერკავკასიაში კერამიკის რამდენიმე ჯგუფი გამოირჩევა: თაზაკენტის, სევან–უზერლიკის, ყიზილ–ვანქის, თრიალეთისა და სხვ.

მოხატული ჭურჭული საქართველოში თრიალეთის ყორღანების გარდა ცნობილია მხოლოდ სამგან: რუსთავში, მცხეთა-ნარეკვავში და ფრინევის გორაზე. სადღეისოდ წითელ ფონზე შავად მოხატული ჭურჭელი სომხეთსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაცილებით უკეთაა წარმოდგენილი. თრიალეთურ კულტურაში გავრცელებული წითელზე შავი საღებავით მოხატული კერამიკა უფრო ახლო დგას ნახჭევან–ყარაბაღის ჭურჭელთან. აღსანიშნავია, რომ ყარაბაღ-ნახჭევნის რაიონში სადღეისოდ გამოვლენილია ადრეული კულტურა მოხატული კერამიკით. ნიშანდობლივია, რომ ადრეულ ჭურჭელთან გარკვეულ ურთიერთობას ამჟღავნებს ბრინჯაოს ხანის მოხატული კერამიკა. განსაკუთრებით ეს ორნამენტის ხასიათში შეინიშნება. ეტყობა, ამ რაიონმა ადრიდანვე განიცადა წინააზიური სამყაროს გარკვეული გავლენა[26], რამაც ბიძგი მისცა მოხატული კერამიკის ადგილობრივი სტილის ჩამოყალიბებას. წინა აზიასთან ურთიერთობის შედეგი უნდა იყოს ისიც, რომ ამიერკავკასიაში ბრინჯაოს ხანის მოხატულ ჭურჭელზე შეინიშნება რიგი ორნამენტული სახეებისა, რომლებიც დამახასიათებელია ძველაღმოსავლური კერამიკისათვის. ორნამენტული სახეების სიახლოვის საფუძველზე მთელი რიგი მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ თითქოს მოხატული კერამიკა ამიერკავკასიაში წინააზიურ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად გავრცელდა[27], მაგრამ ამ დასკვნის გამოტანისას ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ თვით ჭურჭლის ფორმას და ორნამენტის სხვაობას. მართალია, ორნამენტში ჩანს გარკვეული მსგავსება ძველაღმოსავლურ კერამიკასთან, მაგრამ ჩვენ ჭურჭელზე წარმოდგენილი სახეები უფრო ღარიბულია, ერთფეროვანი, ძირითადად წითელ ფონზე შავად მოხატული, მონოქრომული. ამიტომ თრიალეთის ყორღანებში ნაპოვნი აღნიშნული მოხატული კერამიკა უფრო ახლო დგას აზერბაიჯანში (ნახჭევანში, მილის ველზე და სხვ.) აღმოჩენილ ჭურჭელთან, რომლისთვისაც არ არის დამახასიათებელი თაზაკენტის კერამიკის ორნამენტული სახეები (“ორმაგი ცულის” მოტივი, ურთიერთმკვეთი ხაზები, სამკუთხედები, ჭადრაკული ორნამენტი, სპირალი და სხვ.). თრიალეთის კერამიკას ძირითად მოტივად გამოყენებული აქვს ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად განლაგებული ტალღისებური ხაზები: შევრონები, ფართო ლენტები და სხვ. ეს დეკორატიული მოტივი საკმაოდ ადრე ჩანს წინა აზიაში, მაგრამ განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულა მცირე აზიაში II ათასწლეულის დასაწყისში[28]. ორნამენტული მოტივის მხრივ ახლო დგას თრიალეთურ ჭურჭელთან ირანის აზერბაიჯანში, ურმიის ტბის მახლობლად გათხრილი გეოითეფეს D ფენაში აღმოჩენილი კერამიკა შემკული სამკუთხა ქიმებით, რომლებიც ტალღოვანი ხაზებითაა ამოვსებული[29]. უნდა აღინიშნოს, რომ ამიერკავკასიაში მოხატულ კერამიკაზე დატანილი ტალღოვანი ხაზებით შექმნილი ორნამენტული სახეები მაინც ერთგვარად თავისებურია.

თრიალეთში ფრინველის გამოსახულებით მხოლოდ ერთი ჭურჭელია ნაპოვნი. მსგავსივე გამოსახულება აღმოჩნდა ზურნაბადის (აზერბაიჯანი) ჭურჭელზე[30].წითელ ფონზე შავად შეღებილ კერამიკაზე ცხოველური მოტივი იშვიათია. როგორც ცნობილია, ცხოველური ორნამენტი საკმაოდ ხშირია ძველ აღმოსავლეთში[31]. ასევე ადრეულ ხანას ეკუთვნის აქ ფრინველის გამოსახულებაც, მაგრამ ამიერკავკასიის ჭურჭლებზე ფრინველი მაინც თავისებურადაა გადმოცემული.

თრიალეთის ყორღანებშია მიკვლეული აგრეთვე ღია, კრემისფერზედაპირიანი მუქი საღებავით მოხატული ჭურჭელი. ამგვარი კერამიკა თრიალეთის ყორღანების გარდა სადღეისოდ ჩვენში და საერთოდ კავკასიაში, ცნობილი არ არის. ეს კერამიკა მდიდრულად არის მოხატული და ძირითად მოტივად ტალღოვანი ხაზები რჩება. გვხვდება სამკუთხედები, რომბები, სპირალები, ჭადრაკული მოტივი და სხვ. ამ მოხატული ჭურჭლის შესახებ გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ მათ სპარსული და საერთოდ წინააზიური პარალელები მოეძებნებათ[32]. კრემისფერი მუქი საღებავით მოხატული კერამიკა ადრე ჩნდება წინა აზიაში. სიახლოვე ჩანს ორნამენტულ სახეებშიც. მრავლადაა ჭადრაკული მოტივი, სამკუთხედები, ტეხილი ხაზი და სხვ. ეს ჭურჭელი ფორმითაც უახლოვდება ადგილობრივ, შავპრიალა კერამიკას.

ამრიგად, II ათასწლეულის დასაწყისიდან ჩვენში და საერთოდ ამიერკავკასიაში, მოხატული კერამიკა შედარებით უკეთაა წარმოდგენილი. ეს ის პერიოდია ძველ აღმოსავლეთში, როდესაც მოხატული კერამიკა ისევ ფართო გავრცელებას იწყებს. წინააზიურ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგი უნდა იყოს ისიც, რომ ამ პერიოდისათვის ამიერკავკასიაში შედარებით უფრო ფართოდ ვრცელდება მოხატული ნაწარმი. მართალია, ფორმით ეს ჭურჭელი ახლო დგას ჩვენში გავრცელებულ მოუხატავ კერამიკასთან, მაგრამ ორნამენტული მოტივების მხრივ ურთიერთობა ჩანს ირანთან, მესოპოტამიასთან, მცირე აზიასთან და სხვ.

ზურტაკეტის პლატოს დიდ ყორღანებში, რომლებიც თრიალეთის ყორღანთა შორის ყველაზე მოზრდილებია, “დასაკრძალავი დარბაზის” კედლების ზოგიერთ ქვაზე აღმოჩნდა სხვადასხვა სიძლიერით ნაკაწრი ნიშნები, რომლებიც განსხვავებული ხასიათისაა. ურთიერთმკვეთი ხაზებით შექმნილი ოთხკუთხედები, რომბები, სამკუთხედები, რთული გეომეტრიული ფიგურები, ტეხილი ხაზები, ფხური ორნამენტი და სხვ. გვხვდება აგრეთვე ცხოველის სქემატური გამოსახულება. ჯერჯერობით ძნელია გარკვევით იმის თქმა, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ეს ნიშნები. არ არის გამორიცხული რომ ზოგ მათგანს აღრიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ისეთი დიდი ყორღანების აგება, როგორიც ზურტაკეტისაა, უთუოდ ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი იყო და სწორ აღრიცხვას მოითხოვდა. ამ ყორღანების მშენებლობაში მონაწილეობდა ერთი ტომის სხვადასხვა გვარი და ზოგიერთი ნიშანი ალბათ ცალკეული გვარის ანდა ცალკეული პიროვნების აღმნიშვნელიც იყო. შესაძლოა, მათ აგრეთვე რიტუალური, მაგიური მნიშვნელობაც ენიჭებოდა. საფიქრებელია, რომ ზოგიერთ ნიშნიან ქვაზე უკვე აზრის გადმოცემის, დამწერლობის ცდასთან უნდა გვქონდეს საქმე და მათ ამ მხრივ პიქტოგრაფიული ან კიდევ იდეოგრაფიული მნიშვნელობა ექნება. გარკვეული ნიშნებით აზრის გადმოცემის ცდას ჩვენში უფრო ადრინდელ საფეხურზედაც ვხვდებით. თიხის ჭურჭელზე მოცემული გამოსახულებების შესახებ გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ აქ უძველესი დამწერლობის ცდასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოა, რომ წინა აზიასთან ურთიერთობის შედეგად სხვა მიღწევებთან ერთად შემოდის აგრეთვე დამწერლობის იდეაც. თრიალეთის კულტურაში, რომელიც განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, ვამჩნევთ საკუთარი დამწერლობის შექმნის ცდასაც. იგი ამ კულტურის ფარგლებში იყო გავრცელებული და ადგილობრივი მნიშვნელობა ენიჭებოდა. შემდეგში, როგორც ჩანს, ამ მოვლენის განვითარება შეფერხდა[33].

თრიალეთის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. ამ კულტურის სფეროში ექცევა ლორე (ტაშირი), სადაც იგი საკმაოდ შორს მიდის და კიროვაკანამდე აღწევს. კიროვაკანში გაითხარა ერთი ორმოიანი ყორღანი, რომელშიაც აღმოჩნდა თითქმის სავსებით ისეთივე მასალა, როგორსაც თრიალეთის ყორღანებში ვხვდებით. მიცვალებულის ძვლები არც აქ არის მიკვლეული. ნაპოვნია წითელ ფონზე შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი და წერტილოვანი ორნამენტით შემკული თრიალეთური შავპრიალა კერამიკა. აღსანიშნავია ოქროს სასმისი, რომელიც ფორმით ახლო დგას თრიალეთისა და, ოქროს სასმისთან. მასზე გამოსახული ლომები მოგვაგონებს თრიალეთის შტანდარტზე მოცემულ ამგვარსავე სურათებს. აქ აღმოჩენილი შუბისა და სატევრისპირები თითქმის სავსებით ემსგავსება თრიალეთურს.

კიროვაკანის ყორღანში აღმოჩნდა აგრეთვე ბრინჯაოს იარაღი: ბრტყელი ცული, კავი, სატეხი და ცული. უნდა აღინიშნოს, რომ ნაპოვნი ნივთები, გარდა ცულისა, ახლო დგას უკვე მომდევნო, გვიანი, ბრინჯაოს ხანის იმგვარსავე იარაღთან. ყორღანი, როგორც ჩანს, თრიალეთური კულტურის სულ გვიანდელ საფეხურს უნდა მიეკუთვნებოდეს[34]. რაც შეეხება ცულს, იგი თავისებური ფორმისაა და გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს სომხეთში სოფ. ნავურის მახლობლად აღმოჩენილ ორ ცულთან. სამი ასეთივე ცული ნაპოვნია საქართველოში: ერთი – თბილისში (ღრმაღელეში), მეორე – ბოდორნაში (დუშეთის რ-ნი) და მესამეც – სოფ. გუმბათთან (წალკის რ-ნი)[35]. როგორც ჩანს, თრიალეთური კულტურისათვის არ არის დამახასიათებელი ყუადაქანებული და ყუამილიანი ცულები. ამ კულტურაში გავრცელებული უნდა ყოფილიყო ღრმაღელეს ტიპის ცულები. შესაძლოა, მართლაც აქედან განვითარდა შემდეგში აღმოსავლურ-ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი ცული.

თრიალეთური ტიპის შავპრიალა და მოხატული კერამიკა ნაპოვნია ყარსის მხარეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთში სოფ. ილტოსთან აღმოჩენილი ნამოსახლარი, სადაც მტკვარ–არაქსის კულტურის ფენის ზემოთ აღმოჩნდა თრიალეთური შავპრიალა, წერტილოვანი და ამოკაწრული ორნამენტით შემკული კერამიკა. კარგადაა წარმოდგენილი ეს კულტურა შიდა ქართლში. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გათხრილია რამდენიმე ყორღანი, რომლებიც შეიცავს თრიალეთური ტიპის შავპრიალა კერამიკას და სხვა ინვენტარს. კარგადაა გამოვლენილი ეს კულტურა შიდა ქართლის ჩრდილო ზოლში, კერძოდ, წინამთის ნაწილში, დღევანდელი სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე. შესწავლილია რამდენიმე ყორღანი და სამარხი, სადაც ნაპოვნია წერტილოვანი ან ნაკაწრი ორნამენტით შემკული შავპრიალა ჭურჭელი. ერთ–ერთ ყორღანში (ფრინევის გორა) აღმოჩნდა აგრეთვე წითელი ფერის შავად მოხატული ჭურჭელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნულისა და ქვასათალის სამაროვნები[36].შუა ბრინჯაოს ხანის ეს სამარხები ძირითადად კოლექტიურია, დაახლოებით ათამდე მიცვალებულით. სამარხეული ინვენტარი შედგება ბრინჯაოს იარაღისა და სამკაულისაგან. ობსიდიანის ისრისპირები, ქვის ლახტისთავები, მძივები, კერამიკა მრავლადაა წარმოდგენილი. თიხის ჭურჭელი ძირითადად შავია. ზოგი მათგანი როგორც ფორმით, ისე შემკულობის ხასიათით თრიალეთურ კერამიკას უახლოვდება. აღსანიშნავია პატარა თიხის სასმისები, რომლებიც ფორმით ძალიან ახლოს დგანან თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილ ვერცხლის სასმისთან. აქვეა აგრეთვე ისეთი ფორმებიც, რომლებიც თრიალეთის სამარხებში არ გვხვდება.

თრიალეთის ყორღანებისაგან განსხვავებით ნულისა და ქვასათალის სამარხებში კარგადაა წარმოდგენილი ბრინჯაოს საომარი იარაღი: სატევრები და შუბისპირები. სატევრისპირები სხვადასახვა ტიპისაა. ზოგი მათგანი უახლოვდება თრიალეთურს. შუბისპირები მასრაგახსნილია და სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობისაა. აქ ნაპოვნი შუბისპირები თითქმის სავსებით ისეთივეა, როგორც თრიალეთისა და კიროვაკანის ყორღანებში აღმოჩენილი. უნდა შეინიშნოს, რომ მასრიანი შუბისპირი ჩვენში პირველად შუა ბრინჯაოს ხანაში იწყებს გამოჩენას. მანამდე აქ გავრცელებული იყო შუბისმაგვარი იარაღი, ტარზე დასაგები ღეროთი.

კარგადაა ამ სამარხებში წარმოდგენილი ბრინჯაოს სამკაული: სხვადასხვა ტიპის ქინძისთავები, სამაჯურები, საკიდები და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასაფეთქლე რგოლები, რომლებიც ფორმით შუმერში, ურის სამაროვანზე, დედოფალ შუბადის სამარხში აღმოჩენილ ოქროს სასაფეთქლე საკიდებს მოგვაგონებს. ჩვენში სადღეისოდ მსგავსი რგოლები სხვაგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ეს ტიპი საკიდებისა გვხვდება მომდევნო გვიანბრინჯაოს ხანაში ჩრდილო კავკასიაში, დაღესტნის ე. წ. კაიაკენტ – ხოროჩაის კულტურაში.

ნულისა და ქვასათალის სამარხებში მიკვლეულია აგრეთვე ქვის ლახტისთავები. იარაღის ეს ტიპი ჩვენში უფრო ადრინდელ პერიოდში ჩანს, მაგრამ ფორმით განსხვავებულია შუა ბრინჯაოს ხანაში ცნობილი ქვის ლახტისთავებისაგან. ნულისა და ქვასათალის ლახტისთავები მსხლისებური ფორმისაა. მარმარილოს მსგავსი ლახტისთავი ნაპოვნი იყო ქვემო ქართლის ვაკეზე გათხრილ ერთ-ერთ ყორღანში. როგორც ჩანს, შუა ბრინჯაოს ხანის ბოლოსათვის ჩვენში ქვის ლახტისთავებთან ერთად ჩნდება ლითონის ლახტისთავიც, რომელიც მომდევნო პერიოდში საკმაოდ ფართოდ ვრცელდება. ობსიდიანის ფუძემოღარული ისრისპირები თრიალეთის ფორმისაა.

ნულისა და ქვასათალის კოლექტიური სამარხები, როგორც ჩანს, საგვარეულო იყო და მასში რიგით წევრებს ასაფლავებდნენ. სამარხეული ინვენტარით ისინი თითქმის არ განსხვავდება ერთიმეორისაგან. აქ არ არის ის სიმდიდრე, ფუფუნება და რთული დამარხვის წესი, რაც დამახასიათებელია თრიალეთის დიდი ყორღანებისათვის.

მცხეთაში სამთავროს სამაროვანზე ყორღანული ტიპის ორი სამარხი აღმოჩნდა, ისინი დსაფლავების წესითა და სამარხეული ინვენტარით განსხვავებულია უძველესი ორმოსამარხებისაგან. აქ, თრიალეთის ყორღანების მსგავსად, გავრცელებული ყოფილა მიცვალებულის დაწვა. ჩატანებული ნივთებიც გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს თრიალეთურ მასალებთან. მართალია, თრიალეთური ტიპის შავპრიალა კერამიკა არ აღმოჩენილა, მაგრამ თიხის ჭურჭელი თრიალეთის ყორღანებში ნაპოვნ უხეშად ნაძერწ კერამიკას უახლოვდება, ოქროს საკიდები და მძივები გარკვეულად ემსგავსება თრიალეთურს. პატარა დანისპირი ახლო დგას თრიალეთის ყორღანში ნაპოვნ ამგვარსავე იარაღთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამთავროს ერთ-ერთ ყორღანულ სამარხში აღმოჩენილი გრძელი საძგერალი მახვილი. მისი მსგავსი ორი მახვილი ნაპოვნია ალავერდის რაიონში. ამ ტიპის იარაღი დაკავშირებული უნდა იყოს ეგეოსურ სამყაროსთან, სადაც იგი კარგად იყო ცნობილი ძვ. წ. II ათსაწლეულის პირველ ნახევარში. სამთავროს სამაროვნის ყორღანული სამარხები, ჩანს, გვარის წარჩინებულ პირს ეკთვნოდა[37].

სამწუხაროდ, სადღეისოდ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ თრიალეთური კულტურის ნამოსახლარ ადგილებს და ძირითადი მასალა სამარხებიდან მომდინარეობს. სად და როგორ ცხოვრობდა თრიალეთური კულტურის მატარებელი საზოგადოება, საბოლოოდ გარკვეული არ არის. სამარხების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სააღმშენებლო საქმე საკმაოდ დაწინაურებული უნდა ყოფილიყო. დიდი ყორღანების (“დასაკრძალავი დარბაზებით”) მშენებლობა, მათი გადახურვის სისტემა, ქვაყრილებში ნიშნების ამოყვანა და ა. შ., უთუოდ იმას მოწმობს, რომ უკვე გავრცელებულია არქიტექტურის ძირითადი ელემენტები. კარგად იყო ცნობილი აგრეთვე ხითხუროობა. თეთრწყაროში, ბედენის პლატოზე გათხრილ ყორღანში ჩადგმული იყო შესანიშნავი ხის ნაგებობა.

საფიქრებელია, რომ თვით სამოსახლო ადგილები მტკვარ-არაქსის კულტურის სოფელთან შედარებით განსხვავებული ხასიათისა უნდა ყოფილიყო: ნიშანდობლივია, რომ ამ კულტურის ნამოსახლარებზე თითქმის არსად გვხვდება შუა ბრინჯაოს პერიოდის ფენა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ბარის მოსახლეობის ერთგვარი “ათხელება” ხდება, რაც ეკონომიური ცენტრების გადანაცვლებას იწვევდა. ბარში ცხოვრების ერთგვარი შენელება იმითაც უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის დროს ბარის ინტენსიური ათვისება ტყის დიდი მასივების განადგურებას იწვევდა, რის გამოც ტყის ზოლი თანდათანობით უკან იწევდა და თავის მხრივ გავლენას ახდენდა კლიმატურ პირობებზე. ჰავის სიმშრალე და გვალვები აიძულებდა მოსახლეობას უფრო ზომიერი კლიმატის მქონე ადგილებში გადასულიყო და მთის წინა რაიონი აეთვისებინა. ცხოვრების დაწინაურებას ამ ადგილებში ხელი შეუწყო მიწის ხელოვნურად რწყვის შემოღებამ. კარგადაა ათვისებული ამ პერიოდში მთის წინა ზოლი შიდა ქართლში, მტკვრის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნაპირზე. ილტოს ნამოსახლარი კახეთში იმას მოწმობს, რომ იმ დროს აქაც წინა მთაა დასახლებული. ბარში ცხოვრება გრძელდება, მაგრამ არა წინანდელი ინტენსიურობით. მისი ხელახალი მძლავრი დასახლება უფრო გვიან ხდება, საირიგაციო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით[38].

კულტურის მძლავრ აყვავებას ამ ხანაში თავისი ეკონომიური საფუძვლები ჰქონდა. მეურნეობის ძირითადი დარგები: მიწათმოქმედება და მესაქონლეობა განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე ადის. ეს განსაკუთრებით მესაქონლეობას ეხება. მიწათმოქმედებამ ჩვენში საკმაოდ დაწინაურებულ დონეს უკვე წინამორბედ საფეხურზე მიაღწია. შუა ბრინჯაოს ხანაში ძლიერ ვითარდება აგრეთვე მეცხვარეობაც, რადგან მესაქონლეობის ამ დარგის დაწინაურებისათვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. ტყის თანდათანობით შემცირება, მთისწინა და მთის ზოლის ათვისება ხელს უწყობდა მეცხვარეობის განვითარებას. თრიალეთის კულტურის მქონე საზოგადოება ინტენსიურად ითვისებს საზაფხულო საძოვრებისათვის თრიალეთის მაღალმთიან ზოლს. შუა ბრინჯაოს ხანისათვის მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ დამკვიდრებული არ არის. ამ დროისათვის თრიალეთის მაღალმთიან პლატოებზე არსებობდა დროებითი სეზონური სამოსახლოები. საზამთრო საძოვრებისათვის გამოუყენებიათ ქვემო ქართლის ვაკე. აქ შესწავლილი პატარა ყორღანები მოწმობს, რომ იგი ადრინდელი პერიოდიდანვე იყო ათვისებული საძოვრებად, თუმცა განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებდნენ შუა ბრინჯაოს ხანაში. უთუოდ ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ აქ გვხვდება ყორღანები ბრინჯაოს ხანის დასაწყისიდან ვიდრე მის ბოლომდე. შესაძლოა, ეს იმ მწყემსების სამარხებია, რომლებსაც ცხვარი გადაჰყავდათ საზამთრო საძოვრებიდან საზაფხულოზე. სამარხები აქ ერთ ზოლად არის გაჭიმული და სავარაუდებელია, რომ გზაც სწორედ აქ გადიოდა. თრიალეთის ალპური საძოვრები, ერთი მხრივ, ათვისებული უნდა ყოფილიყო შიდა ქართლის ტომების მიერ, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემო ქართლის, კახეთისა და მომიჯნავე ტერიტორიაზე მოსახლე ტომების მიერ. რაც შეეხება თრიალეთის მაღალმთიან პლატოებზე აღმოჩენილ დიდ, მდიდრულ ყორღანებს, ისინი ეკუთვნოდა ტომის შიგნით გაბატონებულ წევრებს, რომელებიც უპირატესად მესაქონლეები იყვნენ და საზაფხულო საძოვრების საუკეთესო ნაწილი ეკავათ.

თრიალეთური კულტურის დაწინაურებასა და აყვავებას აპირობებდა აგრეთვე ისიც, რომ ამ პერიოდში შემდგომ განვითარებას განიცდის მეტალურგია. მთისწინა და მთის ზოლის ძირითადი მადნეულის საბადოების ათვისება ხელს უწყობდა მეტალურგიის აღმავლობას. ამ პერიოდშივე იწყება რთული შენადნობების მიღება და კალიანი ბრინჯაოს დამუშავება[39]. მეტალურგიული წარმოება ჩვენში მაღალ საფეხურზე ჯერ კიდევ წინამორბედ მტკვარ–არაქსის კულტურის დროს ადის, მაგრამ, თუ ამ პერიოდში იგრძნობა წინააზიური გავლენა, შუა ბრინჯაოს ხანაში მეტალურგიის აღმავლობასთან დაკავშირებით ყალიბდება ადგილობრივი იარაღ–საჭურვლის თავისებური ფორმები. დაიწყო რთული შენადნობების გამოყენება. გაუმჯობესდა თვით ლითონის ხარისხი. ისევ ფართოდ გამოიყენება დარიშხნიანი სპილენძი, ოღონდ ახლა უფრო გაუმჯობესებულია მისი თვისებები. თრიალეთის კულტურაში იარაღი ძირითადად დარიშხნიანი სპილენძისგანაა დამზადებული. გვხვდება აგრეთვე კალიანი ბრინჯაოს ნაკეთები იარაღ–სამკაულები. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთები გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. ამ პერიოდში გამოიყენება აგრეთვე დარიშხან–ანთიმონიანი ბრინჯაო, რომლისგანაც ძირითადად სამკაულს ამზადებდნენ. სამკაულისათვის ხმარობენ წმინდა ანთიმონსაც. საფიქრებელია, რომ თრიალეთის კულტურის მეტალურგიის ძირითადი ბაზა ქვემო ქართლსა და ალავერდში უნდა ყოფილიყო, რომელიც ახლაც მდიდარია ფერადი ლითონით.

უმჯობესდება ლითონის ნაწარმის ხარისხი. მელითონე ხელოსნებს, ჩანს, ათვისებული ჰქონიათ ლითონის დამუშავების რთული ტექნიკა. ეს ნაწარმი გაცილებით უკეთესია, გამძლე და დახვეწილი, ვიდრე წინამორბედ ეპოქაში იყო. სატევრისა და შუბისპირები, რომლებიც თრიალეთური კულტურის ძირითადი ნაწარმი უნდა ყოფილიყო, გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. გვხვდება მასრიანი შუბისა და ხელშუბისპირები, რომელთაც პირზე მკვეთრი შუაქედი გასდევს. ასეთივე ქედი უჩნდება აგრეთვე სატევრისპირსაც. ლითონის სამკაულიც ახლა გაცილებით უკეთესია, დახვეწილი, მრავალფეროვანი და უფრო ფაქიზი ფორმები აქვს. განსაკუთრებით მაღალ საფეხურზე ადის ძვირფასი ლითონების დამუშავების ტექნიკა. სწორედ თრიალეთურ კულტურაში ჩაეყარა საფუძველი ძველ ქართულ ოქრომჭედლურ ხელოვნებას. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ყალიბდება ჩვენში სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური ხელოსნების ინსტიტუტი (საიუველირო საქმის, მეთუნეობის, მელითონეობის და სხვ.). თრიალეთური კულტურის შემქმნელი საზოგადოება გამოირჩევა დახვეწილი, მაღალი ესთეტიკური გემოვნებით, შემოქმედების დიდი უნარით. ამ საზოგადოების გაზრდილი მოთხოვნილებაც უთუოდ მის დიდ ეკონომიურ დაწინაურებასა და სულიერ სიძლიერეზე მიუთითებს.

თრიალეთური კულტურის აღმავლობა შედეგი იყო იმ მჭიდრო კულტურული კავშირისა ძველაღმოსავლურ სამყაროსთან, რომელიც ჯერ კიდევ წინამორბედ საფეხურზე შეინიშნება. ურთიერთობა ჩანს როგორც შუმერთან, ისე ხეთურ, ხურიტულ და წინა აზიის სხვა ქვეყნებთან[40]. მაგრამ, მიუხედევად ამისა, თრიალეთურმა კულტურამ განვითარების საკუთარი გზა განვლო, რომლის საწყისებიც მტკვარ–არაქსის კულტურაშია საძებარი. იგი აღმოცენდა წინამორბედი კულტურის ტრადიციებზე და მისი დაწინაურება ძველაღმოსავლურ სამყაროსთან ახლო კონტაქტებმა განაპირობა. თრიალეთური კულტურის წინსვლას ხელს უწყობდა აგრეთვე მჭიდრო ურთიერთობა ამიერკავკასიის ამავდროულ კულტურებთან. კერძოდ, ახლო კავშირი ჩანს სევანის ტბის მიდამოებში აღმოჩენილ ლჩაშენის ყორღანებთან, უზერლიკთეფეს, ყიზილ–ვანქის და სხვა ძეგლებთან. ასეთივე ურთიერთობა შეინიშნება აგრეთვე საქართველოს ზოგიერთ კუთხეებში გამოვლენილ ამ პერიოდის ძეგლებთან, კერძოდ, ახლო კავშირი ჩანს რიონის ზემო წელზე გამოვლენილ მეტალურგიულ კერასთან. მაგრამ საქართველოს ვერც ერთ კუთხეში და თუნდ ამიერკავკასიაშიც, საზოგადოება ვერ ამაღლდა თრიალეთური კულტურის დონემდე.

ბ. კუფტინმა თრიალეთის “დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა” ძვ. წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებს მიაკუთვნა. იგი ძირითადად შუმერული კულტურის ანალოგიებს ემყარებოდა[41]. მისი აზრით, ყორღანების თარიღის უფრო ღრმად გადატანას ხელს უშლიდა ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი მასრიანი შუბისპირი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ბოლოს უნდა გამოჩენილიყო[42]. მასრიან შუბისპირს ძველ აღმოსავლურ სამყაროში II ათასწლეულის დასაწყისში ვხვდებით[43]. როგორც სანს, ბ. კუფტინის მოსაზრება, რომ მასრიანი შუბისპირი ჩვენში პირველად II ათასწლეულის შუა საუკუნეების მახლობლად ჩნდება, ძირითადად სწორი უნდა იყოს, მაგრამ ამ თარიღს ვერ გავავრცელებთ მთლიანად თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის განვითარებულ საფეხურზე. ზოგი ყორღანის თარიღი II ათასწლეულის დასაწყისისა უნდა იყოს, ზოგი – II ათასწლეულის პირველი ნახევრის შუა ხანებისა და ზოგიც – ამავე ათასწლეულის პირველი ნახევრის ბოლოსი.

რამდენადმე უფრო გვიანდელად მიიჩნევს თრიალეთის ყორღანებს ფრანგი არქეოლოგი კ. შეფერი. მისი აზრით, უფრო მართებული იქნება თუ თრიალეთის ყორღანულ კულტურას გვიანი ბრინჯაოს ხანას მივაკუთვნებთ და 1550 –1450 წლებს შორის მოვაქცევთ. ამ დებულების დასამტკიცებლად მას მოაქვს მთელი რიგი საბუთებისა (მასრიანი შუბისპირი, იარაღის იშვიათობა ყორღანებში, სპირალური მოტივი მოხატულ კერამიკაზე და სხვ.)[44].

თრიალეთის ყორღანული კულტურის თავისებური პერიოდიზაცია მოგვცა ინგლისელმა არქეოლოგმა ჩ. ბარნეიმ. მისი აზრით, თრიალეთის ყორღანებში ყველაზე ადრეულია VIII ყორღანი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 2100 წ. მიეკუთვნება. მას უშუალოდ მოსდევს XI და ის ჯგუფი ყორღანებისა, რომლებსაც ბ. კუფტინი ადრეულ ბრინჯაოს ხანას აკუთვნებს. ამ ყორღანებს იგი ძვ. წ. 2050-1950 წლებით ათარიღებს. ყორღანების შემდეგ ჯგუფს იგი ძვ. წ. 1900–1600 წლებში აქცევს[45]. ჩ. ბარნეის მიერ მოცემული პერიოდიზაცია მთლად მართებული არ უნდა იყოს. თრიალეთის ადრეული ჯგუფის ყორღანების მოთავსება XI და განსაკუთრებით VIII ყორღანის შემდეგ სწორი არ არის. VIII ყორღანი თრიალეთის “დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურის” დროინდელია და ამ რიგის ყორღანებში იგი მართლაც ადრეულია, ამიტომ შეიძლება II ათასწლეულის დასაწყისი ხანით დავათარიღოთ.

ა. იესენი თავის მოსაზრებას ძირითადად მოხატული კერამიკის საფუძველზე ამყარებს. მისი აზრით, თრიალეთის VII ყორღანი, სადაც წითელ ფონზე შავად მოხატული ფრინველის გამოსახულებიანი ჭურჭელი აღმოჩნდა, შეიძლება მიეკუთვნოს XVII საუკუნეს, ხოლო ღია, კრემისფერზედაპირიანი მოხატული კერამიკის შემცველი ყორღანები რამდენადმე უფრო გვიანი ხანისაა და ძვ. წ. XVI-XV საუკუნეებით თარიღდება[46]. ა. მარტიროსიანი სომხეთის შუა ბრინჯაოს ხანას სამ საფეხურად ყოფს. მისი აზრით, კიროვაკანის ყორღანი ბოლო, მესამე პერიოდისაა, რომელიც ძვ. წ. XVI-XV საუკუნეებს განეკუთვნება[47]. თრიალეთის “დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა” II ათასწლეულის პირველი ნახევრის მთელ მანძილზე არსებობდა.

მართებული არ უნდა იყოს ამ უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრება, რომ თითქოს მტკვარ–არაქსის კულტურის მქონე ტომთა ერთიანი გადასახლება ხდება სამხრეთით[48]. ინგლისელი არქეოლოგი ჩ. ბარნეი ფიქრობს, რომ კავშირი მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურებს შორის არ შეინიშნება და თითქოს ცვლილებები მოსახლეობის შემადგენლობაში ხდება. ახლად მოსულები თრიალეთში ჩრდილოეთის სტეპებიდან უნდა გამოჩენილიყვნენ ჯერ კიდევ ძვ. წ. 2100–2000 წლებს შორის. შესაძლოა, ეს ტომები ინდოევროპელებიც იყვნენ, რომლებიც შემდეგში უფრო სამხრეთით გავრცელდნენ50. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო გავრცელდა მოსაზრება წინა აზიაში ინდოევროპული ტომების ჩრდილოეთიდან კავკასიის გზით მოსვლის შესახებ51.მაგრამ სადღეისოდ არსებული მასალის საფუძველზე, ძნელია ვიფიქროთ, რომ III ათასწლეულში ისეთ ძლიერ მოძრაობას ჰქონდა ადგილი და რომ ეს ტომები III ათასწლეულში კავკასიის გზით შევიდნენ წინა აზიაში. ინდოევროპული ტომები ძველ აღმოსავლეთში ძირითადად ბალკანეთის გზით უნდა გავრცელებულიყვნენ52. ზოგიერთი მკვლევარი ქართველურში ინდოევროპული ელემენტების არსებობას ამ ტომების კავკასიის გზით გავრცელების საბუთად მიიჩნევს53.

ქართველურ და ინდოევროპულ ენათა შორის არსებული სიახლოვე, როგორც ფიქრობენ, შედეგი უნდა იყოს ამ ენების მატარებელ ტომთა მჭიდრო კონტაქტისა, რომელიც ქართველური ფუძეენის დაშლამდე უნდა მომხდარიყო54. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ მტკვარ–არაქსის კულტურის ხანაში ხორცილდება, რომელიც ფართო ტომთა კავშირის კულტურა იყო და რომელშიც ინდოევროპული და ქართველური ტომებიც შედიოდნენ. ეს კონტაქტები, ზოგი მკვლევარის აზრით, ინდოევროპული ტომების წინა აზიაში კავკასიის გზით შესვლის პროცესში ხდებოდა55.ზოგიერთი მკვლევარი კი ვარაუდობს, რომ მტკვარ–არაქსის კულტურა ინდოევროპული წარმოშობის ტომების კუთვნილება იყო, რომელთა ასიმილაცია მოახდინეს ქართველურმა ტომებმა, თუმცა, არ გამორიცხავს აგრეთვე შესაძლებლობას, რომ III-II ათასწლეულების მიჯნაზე ჩრდილოეთიდან მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასა შემოსულიყო, რომელიც შემდეგში ქართველურ მოსახლეობაში ითქვიფება56.

თრიალეთის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. ამ კულტურის მატარებელი ტომები საკმაოდ ახლო იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული და ჩანს, შექმნილი ჰქონდათ ცალკეული მსხვილი ტომობრივი გაერთიანებები. თავდაპირველად ეს კავშირი ალბათ ჯერ კიდევ არამყარი იყო, მაგრამ თრიალეთური კულტურის ბოლოსათვის ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო გამხდარა, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ საფეხურზე აღმოსავლურ-ქართული კულტურის მქონე ტომთა მსხვილი, მყარი ტომობრივი გაერთიანების შექმნას. საფიქრებელია, რომ თრიალეთის მაღალმთიან პლატოზე აღმოჩენილი დიდი, მდიდრული ყორღანები სწორედ ამ ტომთა კავშირების წინამძღოლების, ბელადების სამარხები უნდა ყოფილიყო57.

ამრიგად, საზოგადოებამ, რომელმაც თრიალეთური კულტურა დაგვიტოვა, განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწია. გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესი უკვე შორსაა წასული. გვაროვნულმა არისტოკრატიამ როგორც ქონებრივად, ისე ძალაუფლების მხრივ საკმაოდ დიდ სიძლიერეს მიაღწია. მეურნეობრივი ხასიათის ცვლილებებმა და წინააზიურ სამყაროსთან კავშირმა განაპირობა თრიალეთური საზოგადოების წინსვლა. თრიალეთური კულტურის შიგნით თანდათანობით იქმნებოდა პირობები საზოგადოების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისათვის, მაგრამ შემდეგში, II ათასწლეულის მეორე ნახევარში, თრიალეთური კულტურის წინსვლა ერთგვარად შენელდა. წინა აზიასთან ურთიერთობის შეფერხებამ, რაც ამ პერიოდში იქ მომხდარი ამბებით იყო გამოწვეული და ეკონომიური ცენტრების გადმონაცვლებამ თრიალეთის საზოგადოების განვითარება ერთგვარად შეანელა კიდეც. ბარის ხელახალი ინტენსიური ათვისება, ტომების ერთმანეთთან კიდევ უფრო დაკავშირება ცალკეულ კულტურათა შორის არსებული ზღვარის წაშლას, მათ ნიველირებას იწვევდა.

ახლა საჭიროა შევეხოთ შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებს საქართველოს სხვა რაიონებში, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში.

საქართველოს ტერიტორიაზე შუა ბრინჯაოს ხანის მძლავრი მეტალურგიული კერა გამოვლენილია რიონის ზემო წელზე, სოფ. ღების მიდამოებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ-ის სიმაღლეზე. მაღალმთიან ზოლს, როგორც ჩანს, III ათასწლეულის ბოლოს, ე.ი. შუა ბრინჯაოს ხანიდან ითვისებს ადამიანი. ამ პერიოდში აქ ცხოვრების დამკვიდრება ძირითადად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სამთამადნო წარმოების აღმავლობასთან და მეტალურგიის განვითარებასთან. უფრო ადრე ეს რაიონი ათვისებული უნდა ყოფილიყო დროებით, სეზონურ საზაფხულო საძოვრებად მეჯოგეთა მიერ მეცხვარეობის დაწინაურებასთან დაკავშირებით. შესანიშნავი საზაფხულო საძოვრები და განსაკუთრებით კი მადნის მდიდარი საბადოები ხელს შეუწყობდა აქ მოსახლე ტომების დაწინაურებას. ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოს ბართან,სადაც სამიწათმოქმედო ბაზები უნდა ყოფილიყო და აგრეთვე ქედსიქითა რაიონებთან, საიდანაც ეს გზა ჩრდილო კავკასიის ტრამალებში საძოვრებისაკენ მიემართებოდა58.

რიონის ზემო წელზე, მის სათავეში, სამთამადნო წარმოებისა და მეტალურგიის განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობები იყო. შუა ბრინჯაოს ხანაში ადგილობრივი მეტალურგიის სწრაფ აღმავლობასთან დაკავშირებით იზრდება მოთხოვნილება ლითონზე, რაც თავის მხრივ სამთამადნო წარმოების გაფართოებას იწვევს. როგორც ჩანს, ამ პერიოდში მადნის მოპოვება და მისი დამუშავება ერთმანეთისაგან გათიშული არ არის. მადნის დამუშავება მიმდინარეობდა საბადოების რაიონში. რიონის სათავეებში საამისოდ კარგი პირობები არსებობდა. ეს მხარე მდიდარი იყო როგორც საბადოებით, ასევე ტყეებით. მადნიდან ლითონის აღდგენა ხის ნახშირის საშუალებით ხდებოდა. გარდა ამისა, ხე–ტყე საჭირო იყო თვით მადნის მოპოვებისთვისაც. ფართოდ გაშლილი სამთამადნო წარმოება და მეტალურგია მაღალმთიან ზოლში მოსახლეობის რიცხვის ზრდას იწვევდა. ამას ხელს უწყობდა აგრეთვე კარგი პირობები მესაქონლეობის განვითარებისათვის. რიონის სათავეებთან გამოვლენილი ძველი წარმოების ნაშთები იმას მოწმობს, რომ აქ დიდი სამთამადნო წარმოება იყო. სხვადასხვა ზომის მღვიმეებში აღმოჩენილი იყო სპილენძის, ანთიმონისა და დარიშხნის გამონამუშავრები: ნახშირის სქელი ფენა, მაგარი ქვის უროები, ხის გობები და სხვ. როგორც ჩანს, მადნის ძარღვს ცეცხლით ახურებდნენ, შემდეგ შეასხამდნენ წყალს და ტემპერატურის მკვეთრი მერყეობის შედეგად ძარღვს დახეთქავდნენ, რის შემდეგადაც დანაპრალებულ ძარღვს ქვის უროებით დატეხდნენ და ხის გობებით, ტყავის პარკებითა და სხვ. საშუალებებით გამოიტანდნენ მაღაროდან59.

მადნის საბადოების მახლობლად ტყის ზოლში აღმოჩენილი იყო ხის ნახშირის სქელი ფენა, წიდის ნატეხები, როდინები, ლითონით გაჟღენთილი თიხის ჭურჭელი და სხვ. აქ ხდებოდა მადნის გამოწვა, მისი დაწურვა. როგორც ჩანს, ლითონის შემდგომი დამუშავება, მისგან საჭირო ნივთების ჩამოსხმა უშუალოდ სამოსახლო ადგილებში წარმოებდა, სადაც ალბათ სპეციალური, ძმლავრი სახელოსნოები უნდა არსებულიყო. მართალია, არც ამ სახელოსნოთა ნაშთები და არც ნამოსახლარი ადგილები რიონის ზემო წელზე აღმოჩენილი არ არის, მაგრამ მის სათავეებში სოფ. ღების მახლობლად ბრილში მიკვლეულია სამაროვანი, რომელმაც მნიშვნელოვანი მასალა მოგვცა. სამაროვანი მოქმედებაში ყოფილა დაახლოებით 2500 წლის მანძილზე ბრინჯაოს ხანიდან ვიდრე ახ. წ. III–IV საუკუნეებამდე. მისი ისტორია შემდეგნაირად წარმოგვიდგება: პირველი მიცვალებულები აქ შუა ბრინჯაოს ხანაში დაუმარხიათ. სამარხები ალბათ იმათ ეკუთვნოდათ, ვინც თავდაპირველად დაიწყო ამ მაღალმთიანი ზოლის ათვისება. შესაძლოა, სწორედ მათ მიაკვლიეს მადნეულის საბადოებსაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი იყვნენ მეჯოგეები, მწყემსები, რომლებიც აქ საზაფხულო საძოვრებისათვის ამოდიოდნენ. ბრილის სამაროვანზე ამ პერიოდის რამდენიმე სამარხი აღმოჩნდა. სამარხების ინვენტარი შედარებით ღარიბულია: პრიმიტიული სატევრისპირები, ვერძისთავებით შემკული ყუამილიანი ცულის მასრა, სამაჯურები, კაჟის ქუსლამოღარული ხელშუბისპირები, პასტის წვრილი მძივები და სხვ. სამარხები მიეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანას, კერძოდ, II ათასწლეულის პირველ ნახევარს. ამ მაღალმთიანი ზოლის ინტენსიური ათვისება ამ პერიოდის ბოლოს, II ათასწლეულის შუა ხანებში მომხდარა. როგორც ჩანს, ამავე წლებში იწყება მადნეულის საბადოების ფართო გამოყენება და ახლომახლო რაიონების დასახლება.

ბრილის სამაროვანზე აღმოჩენილ ამ დროის სამარხებში ნაპოვნია როგორც ქვაყუთები, ისე ორმოსამარხები. თითო სამარხში დაკრძალულია ერთი მიცვალებული. არის სამარხები, სადაც მიცვალებულთა რიცხვი სამს აღწევს. ნიშანდობლივია, რომ აქ დიდი რაოდენობით ვხვდებით ლითონის ნივთებს, იარაღსა და სამკაულს. ამ პერიოდის სამარხებში სრულებით არ ჩანს თიხის ჭურჭელი. ალბათ მათ მაგივრობას ხის ჭურჭელი თუ ასრულებდა. არც ქვის იარაღი გვხვდება.

ზოგიერთი სამარხი დიდი რაოდენობით შეიცავს ლითონის ნივთებს. მაგალითად, ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა შვიდი ცული, თოთხმეტი შუბისპირი, რვა სატევრისპირი, ოცდაექვსი საკინძი, თორმეტი სამაჯური და სხვ. ეს მდიდრული სამარხები გვარის წარჩინებულ პირებს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ლითონის ნივთების ამგვარი სიუხვე უთუოდ მეტალურგიის სწრაფი აღმავლობის შედეგი უნდა იყოს. მაღალ დონეს მიაღწია აგრეთვე ლითონის დამუშავებისა და ჩამოსხმის საქმემ. ფაქიზად ნაკეთები ლითონის იარაღ-სამკაული უთუოდ უკვე მაღალკვალიფიციურ ოსტატთა არსებობაზე მიგვანიშნებს.

ლითონის იარაღიდან აღსანიშნავია ყუამილიანი ცულები, სატევრისპირები და მასრაგახსნილი შუბისპირები. ცულები სხვადასხვა მოყვანილობისაა: ზოგს მოკლე მილი და შედარებით ფართო პირი აქვს, ზოგიერთი შედარებით მოგრძო ზომისაა და ბრტყელი ტანი გააჩნია. გვხვდება თავისებური ფორმის ყუამილიანი ცული, რომლის ყუას ვერძის თავების ქანდაკებები ამკობს და პრაქტიკული მიზნისათვის გამოუსადეგარია. ეტყობა, უფრო საკულტო–საზეიმო დანიშნულებისა უნდა იყოს.

სატევრიპირები შედარებით მომცრო ზომისაა, უპირატესად ფოთლისებური მოყვანილობის, ოდნავ შესამჩნევი ქედით. მაგრამ აქა–იქ გვხვდება ცალები, რომლებსაც უკვე კარგად გამოსახული შუაქედი აქვს. შუბისპირები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა, მასრაგახსნილია, გამოირჩევა ლამაზი ფორმით. სამკაულიდან აღსანიშნავია სხვადასხვაგვარი ქინძისთავები: დისკოიდალური თავით, პირამიდისებური, ქოლგისებური და სხვ. მრავლად გვხვდება სამაჯურები, რგოლები, სხვადასხვა ფორმის საკიდები: ვერძის თავი, აღმოსავლურქართული ცულის მოყვანილობის და ა. შ. აღმოჩნდა აგრეთვე ცხვრის ქანდაკებები.

ბრილის სამაროვანის ლითონის ნივთები ძირითადად ისევ დარიშხნიანი სპილენძისაგანაა ნაკეთები. აქვეა დარიშხან–ანთიმონიანი ბრინჯაოსაგან დამზადებული სამკაული და სარიტუალო დანიშნულების საგნები. დარიშხან-ანთიმონიანი ბრინჯაო სასიამოვნო ფერისაა, ბზინავს და ამიტომაც იყენებდნენ მას სამკაულისათვის. როგორც ჩანს, კარგად უნდა სცოდნოდათ რთული სხმულების მიღებაც. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება აგრეთვე კალიანი ბრინჯაო. მისგან დამზადებული ნივთები გამოირჩევა მოხდენილი ფორმებით.

ბრილის სამაროვნის მასალა გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს შიდა ქართლის ჩრდილო ზოლში აღმოჩენილ ძეგლთა მასალასთან, კერძოდ, ნულისა და ქვასათალის მასალასთან, ძალიან უახლოვდება ერთმანეთს ზოგიერთი სამკაული – კერძოდ, ქინძისთავები. მსგავსება შეინიშნება აგრეთვე შუბისა და სატევრისპირებში, თუმცა ამავე დროს მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაცაა. შიდა ქართლში და საერთოდ თრიალეთურ კულტურაში არ ვხვდებით ბრილისათვის დამახასიათებელი იარაღისა და სამკაულის ზიგიერთ ფორმებს60. კიდევ უფრო დიდ მსგავსებას ავლენს რიონის სათავეებში გამოვლენილი კულტურა, კავკასიის ქედის იქითა რაიონებთან, კერძოდ დიგორისა და ჩრდილო ოსეთის მასალებთან. აქაც ვხვდებით ისეთივე ფორმის ყუამილიან ცულებს, შუბისა და სატევრისპირებს, საკიდებს, სამკაულებს და სხვ. ამ ორი რაიონის ასეთი სიახლოვე გასაგებიცაა იმის გამო, რომ ისინი ეკონომიურად და აგრეთვე კულტურულადაც ახლო იდგნენ ერთმანეთთან. არ არის გამორიცხული, რომ აქაურ მოსახლეობას შორის ეთნიკური სიახლოვეც იყო. რიონის სათავეებში აღმოჩენილი მელითონე-მესაქონლე ტომების კულტურა, როგორც ჩანს, შუა ბრინჯაოს ხანის საკმაოდ გვიანდელი, უფრო სწორედ, შუა ბრინჯაოდან გვიან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ საფეხურს მიეკუთვნება. აქ უკვე ვხვდებით მთელ რიგ ისეთ ნიშნებს, რომლებიც უკვე ბრინჯაოს კულტურის გვიანდელი საფეხურისათვის უნდა იყოს დამახასიათებელი. ამიტომ საფიქრებელია, რომ იგი მიეკუთვნება XV–XIV საუკუნეებს ძვ. წ.

დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი ძლიერი მეტალურგიული კერა არსებობდა ყვირილას ზემო წელზე, რომელმაც II ათასწლეულის დასაწყისისათვის თანდათანობით დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. როგორც ცნობილია, აქ III ათასწლეულის შუა ხანებში და მის მეორე ნახევარშიც მძლავრი და დაწინაურებული კულტურა არსებობდა61. ეს რაიონი ამ პერიოდში შედიოდა მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების სფეროში და განირჩეოდა იმით, რომ აქ კარგად იყო წარმოდგენილი ლითონის ნაწარმი. ყვირილას ზემო წელზე, საჩხერის რაიონში მიკვლეული საგვარეულო სამაროვნები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არსებობდა და მიცვალებულები აქ უკანასკნელად II ათასწლეულის დასაწყისის ხანებში დაუკრძალავთ. როგორც ჩანს, მტკვარ–არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელმა კერამიკამ აქ უფრო დიდხანს შემოინახა თავი, ვიდრე ამ კულტურის გავრცელების ძირითად რაიონში. II ათასწლეულის დასაწყისში კერამიკა თანდათან იცვლება. გამოჩენას იწყებს აგრეთვე ლითონის ნივთების ახალი ფორმები, თუმცა მათ გვერდით ისევ ვხვდებით ძველ ტიპებსაც. საჩხერის ყორღანული სამაროვნების ზედა ფენების სამარხებში უკვე განსხვავებული თიხის ჭურჭელი გვხვდება. ერთ–ერთ სამარხში აღმოჩენილი იყო კასრისებური მოყვანილობის ორყურა ქილა, რომელიც ფორმით ახლო დგას ხოვლეს ყორღანში აღმოჩენილ ჭურჭელთან და გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს თრიალეთის კერამიკასთან. იგი უახლოვდება აგრეთვე ნაოხვამუსა და დიხა-გუძუბას კერამიკასაც. ამავე სამარხშია ერთი ცილინდრული ფორმის ჭურჭელი, რომელსაც ფხური ორნამენტი ამკობს. ორნამენტის ხასიათის მხრივ იგი ნაოხვამუს კერამიკას მოგვაგონებს62.

გვიანდელ სამარხებში აღმოჩენილ სატევრისპირებს უკვე უჩნდება შუა-ქედი. შუაქედიანი სატევრისპირები ჩვენში შუა ბრინჯაოს ხანიდან იწყებს გავრცელებას. აღსანიშნავია, აქ ე. წ. “ცხვრის რქისებური” თავდახვეული ქინძისთავები, რომლებიც საქართველოში შუა ბრინჯაოს ხანის დასაწყისიდან ჩნდება. ისინი ცნობილია ქვასათალიდან, კახეთიდან, გუდაუთიდან და სხვ. ვხვდებით აგრეთვე ჩრდილო კავკასიაშიც. როგორც ჩანს, ქინძისთავების ეს ტიპი ამიერკავკასიიდან უნდა გავრცელებულიყო. საერთოდ, ქინძისთავი ორმაგი სპირალური თავით ფართოდ იყო გავრცელებული ძველაღმოსავლურ სამყაროში. მას ვხვდებით ტროაში, ანაუში, ირანში და სხვ.

ამავე პერიოდის სამარხებში ცნობილია აგრეთვე T-ს მაგვარი ქინძისთავიც, რომელიც საჩხერის ყორღანული სამაროვნების დამახასიათებელი ნივთთაგანია. T-ს მაგვარი ქინძისთავი ჩვენში და საერთოდ ამიერკავკასიაში, საჩხერის გარდა სხვაგან არ არის ცნობილი. სამაგიეროდ, მას ვხვდებით შუა ბრინჯაოს ხანის ჩრდილო კავკასიაში. ეტყობა, ქინძისთავების ეს ტიპი აქ საქართველოდან გავრცელდა.

საჩხერეში ამ პერიოდში ისევ ფართოდ გავრცელებულია ძველი ფორმა ყუამილიანი ცულისა. აღმოსავლეთ საქარველოში ყუამილიანი ცული სადღეისოდ მხოლოდ ორია ცნობილი (შიდა ქართლი, სოფ. გუფთა). ამ ტიპის ორი ცული აღმოჩნდა აგრეთვე სომხეთშიც63.ყუამილიანი ცულები ჩრდილო კავკასიაში კარგადაა ცნობილი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში. მისი ადრეული ფორმები ფართოდ იყო გავრცელებული წინა აზიაში. სწორედ აქედან უნდა გავრცელებულიყო იგი ჩვენშიც, მაგრამ უკვე ადგილობრივი, საკუთარი ვარიანტით. შემდეგში ამ ვარიანტმა ჩრდილო კავკასიაში პოვა გავრცელება64.

ყუამილიანი ცული ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში შუა ბრინჯაოს ხანაშიც. მას ვხვდებით სვანეთში, ლეჩხუმში, იმერეთში და სხვ. კარგადაა იგი წარმოდგენილი რაჭაში, ბრილის სამაროვანზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურეკში აღმოჩენილი ერთი განძი, რომელიც, II ათასწლეულის შუა ხანებს, შუა ბრინჯაოს ბოლო პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. იგი შედგება სხვადასხვა ტიპის ცულისა და სამკუთხა მოყვანილობის, პირწაწვეტილი თოხებისაგან65.

ურეკის განძის ყუადაშვებულ–ყუამილიან ცულებს ერთგვარად თავისებური, უფრო განვითარებული ფორმა აქვს. დამახასიათებელია შეჭრილი ყუა და შედარებით მოკლე მილი. ტანი კოხტადაა გამოყვანილი, ოდნავ მოხრილია და შეინიშნება ექვსად დაწახნაგების ცდა. იგი თითქოს გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს საჩხერულ ცულებთან. თავისი ფორმით ძლიერ უახლოვდება პილენკოვოსთან (განთიადი) აღმოჩენილ ერთ ცულს.

ურეკის განძის დიდ ნაწილს შეადგენს სწორპირიანი, ორფერდა ყუის მქონე, მრგვალხვრელიანი ცული, რომლის მსგავსი ერთი ცული ნაპოვნია მახუნცეთში. ნიშანდობლივია, რომ იგი თავისი ფორმით ძლიერ უახლოვდება ჩვენში დღესაც გავრცელებულ ე.წ. “ქართულ ცულს”66. ამ განძში აღმოჩენილი ეს ორი ცული კარგადაა ცნობილი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში და მთელი რიგი ნიშნების მიხედვით კოლხური ცულის პროტოტიპად არის მიჩნეული67. ურეკის განძში აღმოჩენილია სამკუთხაპირიანი თოხები, რომელთა მსგავსი მოიპოვება მახუნცეთსა და მელექედურში68. როგორც ჩანს, ასეთი თოხები გავრცელებული ყოფილა დასავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში.

საფიქრებელია, რომ მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან მომძლავრებას იწყებს ჭოროხის აუზის მეტალურგიული კერა, რომელიც მომდევნო ხანაში, კოლხური კულტურის პერიოდში ერთ-ერთ დაწინაურებულ და წამყვან მეტალურგიულ ცენტრად იქცა. ურეკის განძის ნივთები დამზადებულია დარიშხნიანი სპილენძისაგან. საერთოდ ცნობილია, რომ ჭოროხის მეტალურგიული ცენტრიდან გვიანბრინჯაოს ხანაშიც ძირითადად დარიშხნიანი სპილენძის ნაწარმი მზადდებოდა69.

კოლხეთის დაბლობი საკმაოდ ადრინდელი პერიოდიდან ყოფილა ათვისებული და მჭიდროდ იყო დასახლებული. ენგურისა და რიონის ორმდინარეთში დიდი რაოდენობით გვხვდება ნამოსახლარი ბორცვები70. ჯერჯერობით ამ ტიპის სულ რამდენიმე ძეგლია ნაწილობრივ შესწავლილი. როგორც ჩანს, კოლხეთის დაბლობის დასახლება უფრო ინტენსიურად ბრინჯაოს ხანაში მომხდარა და ამ ადგილებში ჩამოსახლება შემდეგ პერიოდშიც გაგრძელებულა71. შემდეგში, ალბათ ბუნებრივი პირობების შეცვლის გამო, ცხოვრება თანდათანობით ჩამქრალა და მისი საზღვრები მთისწინა ზოლისაკენ გადაწეულა. ამის გამოა, რომ დღეს უძველესი ნამოსახლარები ძნელად მისადგომ ადგილებში გვხვდება. ამის ერთ–ერთი მიზეზია ალბათ კოლხეთის დაბლობის დაწევა, დაჭაობება და სხვ.72 ეს ბორცვები ჩვეულებრივ ჯგუფებადაა განლაგებული. თითოეულ მათგანს ირგვლივ არხი უვლის, რომელიც მდინარესთანაა შეერთებული. დაჭაობებულ ადგილებში არხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა: დრენაჟის, მელიორაციის, თავდაცვითი და, რაც მთავარია, სამიმოსვლო. ჭაობიანი და ტყიანი კოლხეთის დაბლობში არხები მიმოსვლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა73.

ამ ტიპის ნასახლარი ერთი ბორცვი ნაწილობრივ შესწავლილია სოფ. რეკის (ცხაკაიას რ-ნი) ადგილ ნაოხვამუში. ბორცვის სიმაღლე დაახლოებით 1,5 მ-ს აღწევს, დიამეტრი კი 80,0 მ-ს, ირგვლივ შემოვლებული აქვს ფართო თხრილი. ამგვარ თხრილებს ვხვდებით კოლხეთის დაბლობზე გამოვლენილ თითქმის ყველა ნამოსახლარ ბორცვზე. ამ თხრილს უმთავრესად თავდაცვითი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.

ბორცვი შედგება რამდენიმე ფენისაგან. ქვედა ძირითადი ფენა მიეკუთვნება II ათსწლეულის პირველ ნახევარს, შუა ბრინჯაოს ხანას, შუა ფენა – გვიან ბრინჯაოს, ზედა კი – უკვე რკინის ხანას. ქვედა, ძირითადი ფენის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა ხის ნაგებობა. მასში ნაპოვნია ძვლის იარაღები, ხელსაფქვავები. აღსანიშნავია მსხლისებური ქვის ლახტისთავი, რომელიც თავისი ფორმით თრიალეთის კულტურაში ცნობილ ამგვარსავე იარაღს (ნული, შულავერი და სხვ.) უახლვდება. ლითონის ნივთები ამ ფენაში არ აღმოჩენილა. კარგადაა წარმოდგენილი თიხის ჭურჭელი: ჯამები, სასმისები, ტოლჩები, ქილები და სხვ. ამ კერამიკისათვის დამახასიათებელია ე.წ. პარკეტული ორნამენტი, სავარცხლისებური მოტივი, წიწვოვანი ორნამენტი და ა.შ. აქვეა ჭურჭლები ორკაპა ყურებით. ამგვარი ყურები განსაკუთრებით დამახასიათებელია შუა ფენისათვის.

მეორე ბორცვი, დიხა-გუძუბა მდ. ენგურის ხეობაში, ანაკლიის მახლობლად ასევე ნაწილობრივ გაითხარა. იგი დაახლოებით 2,0 მ სიმაღლისაა და მისი დიამეტრი ას მეტრამდე აღწევს. ირგვლივ შემოვლებული აქვს ფართო თხრილი. დიხა-გუძუბა რამდენიმე ფენისაგან შედგება. იგი ნაოხვამუზე უფრო ადრეულია, მისი ზედა ფენები ნაოხვამუს თანადროულია. ჩანს, ეს ბორცვი დასახლებული ყოფილა ბრინჯაოს კულტურის ადრინდელ საფეხურზე. ცხოვრება გრძელდებოდა თითქმის მთელი ბრინჯაოს ხანის მანძილზე და შეწყდა გვიანბრინჯაოს პერიოდში.

დიხა-გუძუბას გათხრებისას აღმოჩენილი მასალა ძირითადად კერამიკისაგან შედგება. უნდა აღინიშნოს, რომ თიხის ჭურჭელი ნაოხვამუს თანადროული ფენებიდან ერთგვარად განსხვავებული ხასიათისაა. აქ ნაკლებად გვხვდება ნაოხვამუსათვის დამახასიათებელი ჭურჭელი, პარკეტული ორნამენტი, ორკაპა ყურები და სხვ. ზედა ფენებში ჩაღარული ორნამენტის ნაცვლად ჩნდება სავარცხლისებური ორნამენტი. აქვეა მოზრდილი ჭურჭლები, ღრმა ჯამები, ტოლჩები და სხვ. აღსანიშანვია დიხა-გუძუბას ბორცვზე აღმოჩენილი ხის ნაგებობები. ქვედა ფენებში ხის შენობებს რვაწახნაგას ფორმა აქვს, ზედა ფენებში კი ნაგებობა ოთხკუთხა მოყვანილობისაა. როგორც ჩანს, ხის მორებისაგან ნაგები სახლები კოლხეთის დაბლობში საკმაოდ ადრინდელი პერიოდიდანაა ცნობილი. ნესტიან და ხე-ტყით მდიდარ კოლხეთში ხის ნაგებობა ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა.

ზედა ფენებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა სამზარეულოს ნარჩენები, ცხოველების ძვლები, მცენარეული ნაშთები, ბათქაში. ცხოველებიდან გვხვდება რქამოკლე ხარის, თხის, ღორის და სხვ. ძვლები. გარდა ამისა, ნაპოვნია აგრეთვე გარეული ცხოველების ნაშთები, თევზის ძვლები. მრავლადაა დელფინის ნაშთები. ამ პერიოდში აქ ისევ რქამოკლე ტიპის ხარია გავრცელებული, რომელიც კოლხეთის დაბლობზე საკმაოდ ადრინდელი პერიოდიდან ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ კოლხეთის დაბლობში მესაქონლეობის განვითარებისათვის, კერძოდ მეცხვარეობისათვის, სათანადო პირობები არ უნდა არსებულიყო. ხშირი ტყე და ჭაობი მეურნეობის ამ დარგის განვითარებისათვის ნაკლებად ხელსაყრელი იქნებოდა. შედარებით უკეთესი პირობები უნდა ყოფილიყო მეღორეობისათვის, რომელსაც ხელს შეუწყობდა ტყის ნაყოფი. დიხა–გუძუბას ფენებში მრავლად გვხვდება წაბლის, რკოს, კაკლისა და სხვათა ნაშთები.

კარგადაა ცნობილი აგრეთვე კულტურული მცენარეულობის ნაშთებიც: ხორბალი, ფეტვი და სხვ. აღსანიშნავია ენდემური ჯიშის მახას აღმოჩენა, რაც კოლხეთის დაბლობში მიწათმოქმედების ადრეულ განვითარებაზე მეტყველებს.

ამრიგად, II ათასწლეულის პირველ ნახევარში, კოლხეთის დაბლობი, რიონ–ენგურის ორმდინარეთი, ინტენსიურადაა დასახლებული მიწათმოქმედი ტომებით. ამ პერიოდისათვის, როგორც ჩანს, რიონ–ენგურის კულტურას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. ცხოვრება შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობდა. როგორც ნაოხვამუს მასალებიდან ირკვევა, შუა ბრინჯაოს ხანაში ჯერ კიდევ გრძელდება რიონის დაბლობის ათვისება და დასახლება. გვიანბრინჯაოს ხანაში, კოლხური კულტურის დროს, ცხოვრება ისევ ინტენსიურია, მაგრამ ამ პერიოდის ბოლოსათვის იგი თანდათანობით ქრება და ზოგიერთ ნასახლარზე უკვე მერმინდელი არსებობის კვალი არ ჩანს.

ეს კულტურა გრძელდება აგრეთვე ენგურის ზევითაც, ზღვისპირა ზოლზე, მაგრამ აქ მას თავისებური ხასიათი მიუღია, რამაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინა, რომ ენგურიდან ადლერამდე სხვა კულტურა უნდა ყოფილიყო გავრცელებული73. ერთგვარად განსხვავებული პირობების გამო ეს კულტურა კოლხეთის დაბლობთან შედარებით რამდენადმე თავისებურ ელფერს იღებს. აფხაზეთის ზღვისპირა ზოლში გავრცელებული კულტურა, რომელიც აღმოჩენილი იყო ოჩამჩირეში, გუმისთაში, მაჭარაში, ადრეულ დოლმენებში და სხვაგან ახლო დგას კოლხეთის დაბლობის ნამოსახლარებზე გამოვლენილ კულტურასთან. ცხოვრება ძირითადად აქაც ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურებიდან იწყება და თითქმის ამ პერიოდის მთელ მანძილზე გრძელდება.

გულრიფშის რაიონში სოფ. მაჭარასთან შესწავლილი იყო ერთი ნამოსახლარი, რომელიც რამდენიმე ფენისაგან შედგებოდა. ეს ნამოსახლარი მდებარეობდა ზღვის პირზე. მესამე ფენა ადრედან შუა ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ ფენის კერამიკა უახლოვდება ოჩამჩირის ნამოსახლარზე და აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნასახლარ ბორცვებზე აღმოჩენილ ჭურჭელს. მაჭარის ნამოსახლარის მესამე ფენა III ათასწლეულის ბოლოსა და მეორის დასაწყისს მიეწერება და ოჩამჩირის ნამოსახლარზე უფრო ახალგაზრდაა74. მაჭარის ნამოსახლარის სინქრონულია გუმისთას ნამოსახლარიც75.

მაჭარის ნამოსახლარის ზედა, მეორე ფენა შუა ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. აქ მრავლად აღმოჩნდა ქვის იარაღი: ხელსაფქვავები, თოხები, სატეხები, საწაფები და სხვ. თიხის ჭურჭელი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველი – შავი და რუხი ზედაპირით ძალიან ახლო დგას მესამე ფენის კერამიკასთან, მეორეა – მონაცრისფრო, ბრტყელძირიანი ჭურჭელი. გვხვდება აგრეთვე ქსოვილიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ორკაპა ჭურჭლის ყურები, რომლებიც დამახასიათებელია ნაოხვამუს და დიხა–გუძუბას ზედა ფენისათვის76.

ბრინჯაოს ხანის კულტურა, განსაკუთრებით მისი ადრე და შუა საფეხურები, კარგადაა გამოვლენილი აფხაზეთის დოლმენებში. სამარხის ეს ტიპი სადღეისოდ ჩვენში მხოლოდ აფხაზეთშია აღმოჩენილი. სამხრეთით გავრცელების უკიდურესი პუნქტი ჯერჯერობით ოჩამჩირის რაიონზე გადის77. კარგადაა ცნობილი დოლმენები ჩრდილო კავკასიაში, უმეტესად კი მის დასავლეთ ნაწილში. ადრეული დოლმენები შედარებით მომცრო ზომისაა და აქ გამოვლენილი მასალები უკავშირდება დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის კულტურას78.

შუა ბრინჯაოს ხანაში გვხვდება კარგად ნაგები შედარებით უფრო დიდი ზომის დოლმენები. როგორც ჩანს, დოლმენების არსებობის მთელ მანძილზე არ იცვლება დასაფლავების წესი. გვიანდელ დოლმენებში ისევ გვხვდება დაკრძალვის კოლექტიური წესი. შესაძლოა, თითოეული მათგანი საგვარეულო სამარხს წარმოადგენდეს. შუა ბრინჯაოს ადრეულ დოლმენებში აღმოჩენილი ნივთები ჯერ კიდევ ახლო დგას წინა პერიოდის დოლმენების ინვენტართან. ყუადაქანებული ცულები უფრო მასიურია და პირიც შედარებით ფართო აქვს. სრულყოფილია აგრეთვე აქ გავრცელებული სატევრისპირებიც.

შუა ბრინჯაოს ბოლოს, II ათასწლეულის შუა ხანებისათვის დოლმენების აგების ტრადიცია შეწყდა. შემდგომ ხანაში დოლმენებს უკვე აღარ აგებენ, თუმცა დასაფლავებისათვის უფრო გვიანაც იყენებენ79. ამიტომაა, რომ ზოგიერთ დოლმენში რამდენიმე ფენა გვხვდება80. მაგალითად, ერთ–ერთ დოლმენში დადგენილი იყო ოთხი ფენა. ძირა ფენა ადრე ბრინჯაოს ხანისა იყო, მეორე – შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნებოდა, მესამე – გვიანი ბრინჯაოს და ზედა ფენა კი (ანტიკური) კარგად თარიღდებოდა კოლხური მონეტებით. შუა ბრინჯაოს ხანის გვიანდელი დოლმენები ზომით ყველაზე დიდი და კარგად ნაგებია.

სამარხეული ინვენტარი ამ დოლმენებში უკვე საგრძნობლად განსხვავებულია. ძირითადად აქ ბრინჯაოს სამკაულები გვხვდება. ბევრია სხვადასხვა ფორმის ლითონის მძივები, მოდიდო ზომის ბირთვისებური, ბიკონუსური, კასრისებური და სხვ. დამახასიათებელია ნახევრადსფეროსებური მოყვანილობის დაფანჯრული საკიდები. გვხვდება სხვადასხვა ტიპის საკინძები: დაფანჯრული თავით, ბრტყელი ფორმის ორად განტოტილი და ჩახვეული თავით და სხვ. ბევრია სპირალურად დახვეული მილაკები, სასაფეთქლე რგოლები, სხვადასხვა სახის საკიდი და ა.შ. იარაღებიდან ამ დოლმენებში გვხვდება მხოლოდ ბრტყელი სატევრისპირები. რაც შეეხება აქ აღმოჩენილ კერამიკას, უნდა აღვნიშნოთ, რომ თიხის ჭურჭელი დოლმენების არსებობის მთელ მანძილზე თითქმის არ იცვლის სახეს.

დოლმენებში აღმოჩეილი კერამიკა თავისებურია. იგი ხელითაა ნაძერწი, უფრო ტლანქად არის დამზადებული და თხელკედლიანია, რომელსაც უპირატესად მოწითალო ან მოშავო ფერი დაჰკრავს. გამოირჩევა პატარა ზომებით, რის გამოც პრაქტიკული დანიშნულებისათვის ნაკლებად გამოსადეგია. გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ამ სახის საგნები მიცვალებულისათვის იყო გამიზნული. აქვეა ქოთნები, ჯამები და სასმისები81.

ირკვევა, რომ შუა ბრინჯაოს ხანაში ჯერ კიდევ გრძელდება კოლხეთის დაბლობის ათვისება. ცხოვრება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და კულტურა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ერთგვარად სუსტდება ურთიერთობა აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ამავდროულ თრიალეთის კულტურასთან. უფრო ადრე, მტკვარ-არაქსის კულტურის ხანაში, კონტაქტი დასავლეთ საქართველოსთან საკმაოდ ძლიერია და დაბლაგომი ამ კულტურების შეხვედრების რაიონს წარმოადგენს. აფხაზეთის ადრეულ დოლმენებში შეინიშნება კავშირი ყვირილას ზემო წელის მეტალურგიულ კერასთან. ამ პერიოდში, ფიქრობენ, რომ უნდა მომხდარიყო მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომების ექსპანსია დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რაიონებში. II ათასწლეულის დასაწყისში, თრიალეთური კულტურის ხანაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობა სუსტდება. არ ჩანს კავშირი ძველაღმოსავლურ სამყაროსთანაც. აქ ჩვენ დაახლოებით ისეთივე სურათი გვაქვს, როგორც ჩრდილო კავკასიაში, სადაც II ათასწლეულის დასაწყისის ხანებიდან წყდება კავშირი წინა აზიასთან. როგორც ჩანს, ეს ერთი და იგივე მოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდში ისევ გრძელდება ახლო ურთიერთობა ყუბანისპირეთთან. განსაკუთრებით კარგად შეინიშნება ეს აფხაზეთის ზღვისპირა ზოლში აღმოჩენილ ძეგლებზე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ კოლხეთის დაბლობის კულტურა აქ თავისებურ ელფერს იღებს.

II ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყება ინტენსიური ათვისება მთისწინა და მთის ზოლისა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეგებ ისიცაა, რომ დაბლობში ცხოვრებისათვის სულ უფრო და უფრო არახელსაყრელი პირობები იქმნება. მეურნეობრივი ხასიათის ცვლილებები, კერძოდ, მესაქონლეობის დაწინაურება მოითხოვდა საძოვრებისათვის უკეთესი ადგილების ათვისებას. ძველაღმოსავლურ სამყაროსთან კონტაქტების შესუსტებამ, ერთი მხრივ, და მთის ინტენსიურმა ათვისებამ, მეორე მხრივ, ბიძგი მისცა ადგილობრივი მეტალურგიის განვითარებას. II ათასწლეულის შუა ხანებისათვის ძლიერი მეტალურგიული კერა ვითარდება რიონის ზემო წელზე. ჩნდება მეტალურგიის ახალ-ახალი ცენტრები. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყის ხანებში ვითარდება ძლიერი მეტალურგიული ცენტრი ჭოროხის აუზში. როგორც ჩანს, ამ ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის ჩამოყალიბების საქმეში. ამ დროისათვის იქმნება აქ მძლავრი ტომობრივი გაერთიანება82, რომელმაც შემდეგში თავისი ჰეგემონობა უფრო ჩრდილოეთითაც განავრცო.

No comments: